მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. ტრადიციულად, საზეიმო ატმოსფეროს ეროვნული ჰიმნის შესრულება, მოსწავლეთა სადღესასწაულო მიღება და შემოქმედებითი ღონისძიება ქმნის.
სასწავლო პროცესის გასაახლებლად საგულდაგულოდ მომზადება დირექტორის - ჯუმშუდ გულმამედოვის დიდ პროფესიულ პასუხისმგებლობას ასახავს.
„ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, პედაგოგებთან ერთად ვადგენთ სასწავლო გეგმას, ცხრილს, ვეცნობით განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს და ვნერგავთ ჩვენს სკოლაში.
ყოველთვის განსაკუთრებული მიღება გვაქვს, ტრადიციულად, ღონისძიებას ხსნის საქართველოს ჰიმნი, ღონისძიებაში ჩართულია მთელი სასკოლო საზოგადოება -პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. სკოლაში ბევრი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე გვყავს, რომლებიც საზეიმო ნომრებს ასრულებენ, შემდგომ მივმართავ დამსწრე საზოგადოებას, ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებ წარმატებებს სწავლაში და ვახსენებ, რომ ჩვენი სკოლის კედლებში ბევრი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა, რომელთა მიღწევები საამაყოა როგორც სკოლისთვის, ისე ქვეყნისთვის. ეს ერთგვარი მოტივაციაა ბავშვებისთვის მეტი ინტერესით მოეკიდონ სწავლა-განათლებას. შემდეგ საზეიმო ვითარებაში გადავცემ ჩვენს საყვარელ პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილ კომპიუტერებს, პატარებს საკლასო ოთახში სიურპრიზები ელოდებათ, რომელსაც კლასის დამრიგებელი გადასცემს. ოთახები მოწყობილი და გაფორმებულია საზეიმოდ, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი.
ტალავერის N1 საჯარო სკოლაში სწავლა ორ - ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სექტორზე მიმდინარეობს. სულ დარეგისტრირებულია 391 მოსწავლე, 15 სექტემბერს კი სკოლის კარი 35-მა პირველკლასელმა შეაღო.
„სკოლა ოპტიმიზირებულია და გვაქვს, როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურები. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს ორ სმენაში უწევთ სწავლა. დიდი სოფელია და არ იყო ქართული სკოლა. ბევრი ვიშრომე, იმისთვის რომ ქართული სექტორი დაგვემატებინა. 7 წლის წინ დავიმატეთ, ახლა 60 მოსწავლე სწავლობს ქართულ სექტორზე და სხვა სოფელში აღარ უხდებათ გადასვლა, ამას საამაყო მიღწევდ მივიჩნევ“, - ამბობს ჯუმშუდ გულმამედოვი.
სკოლის პედაგოგიური გუნდი 44 სერტიფიცირებული და პროფესინალი მასწავლებლისგან შედგება. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს მისცენ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ჩამოუყალიბონ პასუხისმგებლობა და ქვეყნის სიყვარული და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები აღუზარდონ.
„სკოლაში 44 სერტიფიცირებული, პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს. არცერთი არ არის უსტატუსო, ერთი კი მენტორია. ძალიან დიდი ყურადრებას ვაქცევ სწავლების ხარისხს. ვატარებთ უამრავ აქტივობებს, რათა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს სწავლის პროცესი. ამასთან მიმაჩნია, რომ სკოლის მოვალეობაა აღზარდოს არა მხოლოდ განათლებული ადამიანები, არამედ ღირსეული მოქალაქეები. პედაგოგებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს თავისი ცოდნა და გამოცდილება გადასცენ, ბოლომდე იხარჯებიან და შედეგებიც საუკეთესო გვაქვს, წელს სკოლა 32-მა მოსწავლემ დაამთავრა და 16 ჩაირიცხა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულები 1+4 პროგრამით აგრძელებენ სწავლას. გვიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს შრომასა და მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებით, კურდამთავრებულებიდან გვყავს ბევრი პროფესორი, დოცენტი, ლექტორი და სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანი“, - აღნიშნავს ჯუმშუდ გულმამედოვი, რომელიც მოსწავლეთა განათლებას ნახევარ საუკუნეზე მეტია ემსახურება.
მისი თქმით, სკოლა მისთვის მეორე ოჯახია, რომლის კეთილდღეობისა და წარმატების საფუძველი ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია.
„განათლების სისტემაში 52 წელია ვმუშაობ, აქედან 26 წელი დირექტორის თანამდებობაზე. ამავე სკოლის კურსდამთავრებული ვარ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ჩემს სოფელში გამანაწილეს. ვმუშაობდი პედაგოგად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდი ახალი თაობის აღზრდას. მახარებს, რომ სკოლა ერთი დიდი ოჯახია, პედაგოგთან პედაგოგი ვარ, პირველკლასელთან პირველკლასელი. ეს მეგობრული და თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება მაძლევს იმ შედეგს, რომ სკოლაში სრული ჰარმონია, პატივისცემა და სიყვარული სუფევს. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, მთავარია კაცთმოყვარე იყო. თუ ადამიანები არ გიყვარს, არ შედექი პიროვნებად, აქ მთავრდება ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელი მრავალმხრივ განვითარებული და საქმის კარგი მცოდნე უნდა იყოს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას.
„ყოველ ოთხშაბათს შევდივარ ქართულის გაკვეთილზე ლექსიკონით და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს, მიხარია, რომ მშვენივრად თარგმნიან და ფლობენ სახელმწიფო ენას“,- გვეუბნება დირექტორი და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ახალგაზრდებს კი უსურვებს საკუთარი ცოდნითა და განათლებით ასახელონ სკოლა, სოფელი და ქვეყანა.
„ჩემთვის ახალგაზრდები სიხარულის, სიყვარულის და მომავლის სიმბოლოები არიან. მინდა, იყვნენ ჯანმრთელები, წარმატებულები, უყვარდეთ ის სამოთხე რასაც საქართველო ჰქვია და გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას თავიანთი ღირსეული მომავლით“,- დასძენს ჯუმშუდ გულმამედოვი.
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
მშობელს ბავშვის დოკუმენტაცია უკან დაუბრუნეს და მისი სხვა „სპეციალიზებულ ბაღში“ გადაყვანისკენ მიუთითეს. შედეგად, არასრულწლოვანს იძულებით დაატოვებინეს სკოლამდელი დაწესებულება.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალის ხილვა და რეგისტრაცია შესაძლებელია
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 142 მოსწავლე ირიცხება
სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი