TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კავშირი გულთა შორის - ყველაზე საპასუხისმგებლო გაკვეთილი“ ბარდნალის სკოლის დირექტორმა გერმანიაში ქართველ მოსწავლეებს მშობლიური ენის გაკვეთილი ჩაუტარა
04-04-2025
-
+


„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო“... - ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს ამ პროფესიის მნიშვნელობასაც და დანიშნულებასაც.  თითოეული პედაგოგის მოღვაწეობისას, დგება ის ერთი, განსაკუთრებული დღე, როდესაც მართლა ცვლის სამყაროს, ისე, როგორც ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის, ბრადნალის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის - მთვარისა ახვლედიანის შემთხვევაში.

კარლსრუეს ქართულ საკვირაო სკოლაში ჩატარებულ ქართულის გაკვეთილს ქალბატონი მთვარისა საკუთარი ორმოცწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს უწოდებს და გვიამბობს ამ განსაკუთრებული მისიის დეტალებს.

„კავშირი გულთა შორის "... ჩემი ყველაზე საპასუხისმგებლო და სამახსოვრო ქართულის გაკვეთილი

დადგა დღე, რომელსაც მთელი კვირა განსაკუთრებული მღელვარებით ველოდი(თ)...  
ჩემი ორმოცწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი მქონია: გაკვეთილი სად და ვისთან აღარ ჩამიტარებია: პატარებთან, მოზრდილებთან, სტუდენტებთან,
გარე თუ შიდა დამკვირვებლებთან... ღია გაკვეთილები კოლეგებსა და მშობლებთან, პროექტ-გაკვეთილები პოეტისა თუ მწერლის სახლ-მუზეუმსა თუ პანთეონებში, მაგრამ დღევანდელ გაკვეთილს მაინც სხვა დატვირთვა ჰქონდა; 

დღეს  ქართულის  ღია გაკვეთილს  გერმანიაში, კარლსრუეს ქართულ საკვირაო  სკოლაში ვატარებდი ჩვენს პატარა თანამემამულეებთან.

ეს სკოლა თავისი საოცარი მოსწავლეებითა და მასწავლებლებით წინა კვირას გავიცანი, ნინიკოს წყალობით და ეს შემოთავაზებაც სკოლის დირექციისაგან მაშინ მივიღე.

გაკვეთილის თემაზე ბევრი არც მიფიქრია, ვუთხარი, რომ  საქართველოსა და ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი იქნებოდა.

და მართლაც ასე ჩავატარე, თანაც - გაერთიანებული გაკვეთილი სკოლის ყველა მოსწავლესთან.
(ეს მრავალრიცხოვნება ზოგადად, მიყვარს, დღეს კი  განსაკუთრებით მახარებდა).

მოზღვავებულ ემოციას ისიც იწვევდა, რომ ორი ჩემი ნამოწაფარი, ნინო და ნესტანი, ამ ბავშვების მასწავლებლები არიან. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვები საკმაო ცოდნასაც ავლენენ და, რაც მთავარია, მონდომებულნი და მოტივირებულნიც არიან, რაც, უპირველესად, მათი მშობლების დამსახურებაა.

გაკვეთილზე ერთგვარი ტელეხიდიც მოვაწყვე და ჩემი მეხუთეკლასელი მოსწავლეებიც ჩავრთე, სამ დღეში ონლაინ ჩართვით რომ ორი ლექსი მოვამზადებინე, რასაც მშვენივრად გაართვეს თავი (ტყუილად ხომ არ არიან საქართველოს ჩემპიონები!), რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია;

სულგანაბულნი ისმენდნენ მათ მისალმებასა და წაკითხულ ლექსებს.

ბოლოს,  სიურპრიზად ერთგვარი ლექს-გამოცანა შევთავაზე, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვეს. მისი შექმნის სურვილი წინა კვირას,  პირველივე გაკვეთილზე დასწრების შემდეგ გამიჩნდა. მელოდიაც შევურჩიე და  დღეს მუსიკის მასწავლებელ ქალბატონ მაკასთან ერთად  გაიმღერეს კიდეც.

დირექციამ და პედაგოგებმა გადაწყვიტეს, ლექსი სასკოლო ჰიმნადაც გამოიყენონ.
ჩვენი ქართულის  გაკვეთილს მუსიკის გაკვეთილი ებმოდა, რომელზედაც  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც შემოგვიერთდნენ, მათ შორის -  ჩემი ლუკაც, რომელსაც ისე უყვარს ყველაფერი ქართული, ჯერ თავით ჩაერთო სიმღერაში, „...რა ფერი და ლურჯი“;  გულზე ხელი დაიდო და ყველას გვაჩვენა, თეთრ ზედაზე ლურჯად წარწერილი „თავისუფლება“, მერე საქართველოს დროშაც ჩაიხუტა, რამაც, სიხარულის ცრემლი მომაყენა თვალზე.

წინა კვირასაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ: უთბილესი გარემო შეუქმნიათ ქალბატონ პირიმზესა და მის პროფესიონალ გუნდს ამ მართლაც საოცარი ბავშვებისათვის. რაც ყველაზე მთავარია, მათ ნამდვილ ქართველებად ზრდიან.

სკოლისთვის შერჩეული სახელი „ფესვები“ მართლაც რომ ამართლებს სახელს!

როგორც ქართველმა, ქართულის მასწავლებელმა და ქართული სკოლის ხელმძღვანელმა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ პირიმზეს, ასევე მის უპოზიტიურეს კოლეგა ქალბატონებს: სოფოს, მაკასა და სხვებს.

მიხარია, რომ მათ შორის ორი ჩემი ნამოწაფარი და ჩვენი, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო, სკოლის აღზრდილია.

მეც საოცარი სითბო მაგრძნობინეს შეხვედრის პირველივე წუთიდან, ბავშვებმაც და მასწავლებლებმაც, თანაც წამოსვლის წინა დღეს ისევ ამავსეს საოცარი ენერგიით, რასაც სამშობლოშიც გამოვიყოლებ.

ვისაც უყვარს სამშობლო, 

წერა, კითხვა, ლექსები,

უთუოდ ეყვარება

ჩვენი სკოლა „ფესვები“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება