სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემეცნებითი შეხვედრა და პედაგოგის წერილი ჰაგიოგრააფიის სწავლების საკითხზე - იფარის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა
29-02-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლე- ახალგაზრდობისა და მასწავლებელთა ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „ჰაგიოგრაფიის სწავლებისათვის“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ირმა ივანიაძემ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას წერილი წარუდგინა. 

პედაგოგის მოხსენების შემდეგ, თითქმის ყველამ გამოხატა თავისი აზრი, რომელიც, ფაქტობრივად, ზედმიწევნით იმეორებდა წერილის შინაარსს.

სკოლა გვიზიარებს წერილს უცვლელი სახით:

Ჰაგიოგრაფიის სწავლების საკითხისათვის თანამედროვე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

         ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები უკვე კარგა ხანია, ისწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეებში, საჯარო თუ კერძო სკოლებში. ჯერ კიდევ საბჭოთა სკოლა ამ საკითხს წყვეტდა, ასე რომ ვთქვათ, ჰაგიოგრაფიის სასარგებლოდ. ცალკე თემაა, სწავლების რომელ საფეხურზე შეეთავაზებოდა იგი მოსწავლეს, მაგრამ მთავარია, რომ მას ეკავა საკმაოდ სოლიდური ადგილი ლიტერატურის გაკვეთილებზე და ასე მოვყვებით დღემდე.
          უკანასკნელ ხანს დაისვა კითხვის ნიშანი მის მიმართ და ითქვა, რომ უმჯობესია, შეიცვალოს მისი სწავლების ფორმა და, საერთოდაც, გადაეხედოს მას, რაც, ბ.ნ გია მურღულიას განმარტების მიხედვით, ალბათ გულისხმობს მის შემცირებას. ვთქვათ, თუ ისწავლება, სიტყვაზე, სამი ნაწარმოები, ისწავლებოდეს ორი, ანდა ისწავლებოდეს სამივე მათგანი, ოღონდ შეკვეცილი სახით, ანუ შემოკლებით.
          მარტივად რომ აღვწეროთ საქმის ვითარება, თუ საერთოდ რატომ დადგა საკითხი ასე, მიზეზთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ჯერ ერთი, რთულია ძველი ქართული ენით შედგენილი ტექსტების გაგება- გააზრება; მეორეც, ახლანდელი მოსწავლის აზროვნება, გნებავთ, მისი ოცნება- მისწრაფებები თუ შეხედულებები სულ სხვაა და ისინი თანხმობაში აღარ მოდის ჰაგიოგრაფიასთან...; მესამეც, ახლა ოცდამეერთე საუკუნეა- უკეთესი იქნებოდა მათი ჩანაცვლება უფრო თანამედროვე ტექსტებით.
          ყოველივე ამასთან დაკავშირებით გამოვთქვამთ სრულიად განსხვავებულ შეხედულებას: ჯერ ერთი, ძველი ქართული ენა არაა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენისგან იმდენად დაშორებული, რომ ის ვერ გაიგოს ქართული სინამდვილით გარემოცულმა მკითხველმა, ამ შემთხვევაში, მეათე კლასელმა მოსწავლემ, თავის მასწავლებელთან ერთად, მით უფრო, რომ სახელმძღვანელოებში არსებობს ცალკეულ სიტყვათა მნიშვნელობითი თარგმანებიც. ამასთან, თვითონ ტექსტების ადაპტირებული ვერსიებიც, თუ ეს მაინცდამაინც საჭიროდ ჩაითვლება, არ იქნება ძვირადღირებული სიამოვნება ქართულის გაკვეთილებზე. ერთი სიტყვით, ენის არქაულობის გამო სირთულის მომიზეზება არასაფუძვლიანი მაგალითია ამ ტექსტებზე უარის სათქმელად. აქვე ხაზგასმით დავსძენთ, რომ სწორედ ეს ე.წ. ენის სირთულე ქმნის ჰაგიოგრაფიას ესოდენ მიმზიდველს. მისით საშუალება ეძლევა მკითხველს, კარგად დაინახოს ენის განვითარების მრავალსაუკუნოვანი სურათი მთელი თავისი სისავსით- გრამატიკული აგებულება, ზმნის სიძლიერე ამ ენაში და კიდევ სხვა თავისებურებანი დაწყებული სწორედ ცურტაველით და დამთავრებული ნებისმიერი თანამედროვე ქართველი ავტორით. ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს არსებული ქრონოლოგიური ხაზი უწყვეტად წარმოსადგენია ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე ქართულ სკოლებში; მეორეც, თანამედროვე მოსწავლეც, ღრმად გვწამს რა, რომ იგი ჯერ კიდევ მყარად დგას თავის ფესვებზე, ნამდვილად გულისყურით მოეკიდება ჰაგიოგრაფიის შესწავლის საკითხს, თუკი, მას, რაღა თქმა უნდა, კარგად, მართებულად, პედაგოგიური ოსტატობით გადავცემთ ყოველივეს, როცა გაკვეთილი არ იქნება არც მოსაწყენი და არც უმიზნო ან უინტერესო მისთვის; მესამეც, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ლიტერატურისათვის დამახასიათებელი მრავალწახნაგოვნება კვლავ თანამედროვედ წარმოაჩენს ადრეული შუასაუკუნეების თუნდაც ამ ჰაგიოგრაფიის პერსონაჟებს, და რადგან ამაზე დაწვრილებით საუბარი სიტყვას ძალზედ განგვივრცობს, მოკლედ მოგახსენებთ, რომ არც უნდა არსებობდეს, უბრალოდ, არსობრივად ძველი და ახალი ტექსტები. ვიმეორებთ, არსობრივად და არა ქრონოლოგიურად. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მაინც უმჯობესია თანამედროვე ტექსტები, – კი, ბატონო, მაგრამ არა ქართული ლიტერატურის გარიჟრაჟის დაბნელებით!. შესაბამისად, გამოინახოს სხვა გზები და საშუალებები ამ თანამედროვე ტექსტების გაცნობისა და შესწავლის სურვილის შემთხვევაში, რაშიც, რა საკვირველია, ჩვენც დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას.
          დასასრულ, ვინც მაინც ამბობს, რომ რთულია ძველი ქართული ტექსტები, საპასუხოდ კიდევ ერთს მოგახსენებთ: ვისთვის ,,შუშანიკის წამება“ არის ,,წამება“ და სირთულე..., ვისთვის ფიზიკა..., ვისთვის ქიმია..., ვისთვის წერა..., ვისთვისაც მათემატიკა..., ვისთვისაც კიდევ სხვა რამ და რა ვქნათ მაშინ?!.  - ცხადია, სისულელეა საკითხის ასე დაყენება!
          ქართული ენისა და ლიტერატურის საკეთილდღეოდ დავტოვოთ ჰაგიოგრაფია ისე, როგორც აქამდე იყო. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, თვით კომუნისტებმაც კი თავის დროზე რატომღაც არ ახლეს ხელი ამ ქრისტიანულ ძეგლებს და, სულ ცოტა, უხერხულია, ახლა, ჩვენს დროში, მისი რაღაცნაირად ხელყოფა თუ უგულებელყოფა.

   მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ირმა ივანიაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება