სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

სკოლები სმარტფონების გარეშე - რა კონტროლის მექანიზმები არსებობს მსოფლიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?
01-02-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. ჯერჯერობით უცნობია, ექნებათ თუ არა მოსწავლეებს სკოლაში ტელეფონების შეტანის უფლება, ან რა კონტროლის მექანიზმები იარსებებს - ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასწავლო პროცესის დროს მობილურს მოსწავლეები ვეღარ გამოიყენებენ. 

მობილური ტელეფონის გამოყენებაზე შეზღუდვები 60-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს. 

ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში იუნესკომ მსოფლიოს ყველა სკოლას მოუწოდა, გაკვეთილებზე სმარტფონების გამოყენება აეკრძალათ. „მობილურ მოწყობილობასთან ახლოს ყოფნაც კი სკოლის მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს“,- თვლიან ორგანიზაციაში. სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ელექტრონული მოწყობილობების გამო მოსწავლეთა მოსწრება უარესდება.

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ასეთი კანონი მიიღეს იტალიაა - ქვეყანაში ნორმა ჯერ კიდევ 2007 წელს გაჩნდა. ქვეყანაში აკრძალვა მკაცრია როგორც კანონით, ისე კონკრეტული კონტროლის მექანიზმებით. სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალულია როგორც გაკვეთილის განმავლობაში, ისე ზოგადად სასკოლო საათებში - დაწყებით, საშუალო და მაღალ კლასებში. კომპიუტერები, ტაბლეტები და სხვა მოწყობილობები მხოლოდ მასწავლებლის მითითებით ან სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად არის დაშვებული. 

როგორ ხდება აკრძალვის კონტროლი? 

მთავრობის ოფიციალური რეკომენდაციაა ტელეფონების გამორთვა და უსაფრთხო ადგილას შენახვა. ბევრ სკოლაში წესები მკაცრია. მოსწავლეები ხშირად ვალდებულები არიან გაკვეთილების დაწყებამდე ჩააბარონ ტელეფონები, რომლებიც თავსდება სპეციალურ, ყუთებში ან ინდივიდუალურ სივრცეში, რომელსაც თითოეულ კლასი/სკოლა გამოყოფს. ასეთი პრაქტიკა საშუალებას იძლევა, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებისვის ტელეფონი ხელმისაწვდომი აღარ იყოს. 

10 წელიწადში იტალიას შეუერთდა საფრანგეთიც, სადაც თავდაპირველი პირობა იყო მოსწავლეებს კლასში შესვლამდე გაეთიშათ ტელეფონები, თუმცაღა, რადგან მოსწავლეები ფარულად აგრძელებდნენ გაჯეტების გამოყენებას, აკრძალვის გამკაცრება გადაწყდა. დღეს თუ მოსწავლეს ტელეფონის გამოყენებისას შეამჩნევენ, მოწყობილობას მთელი დღით ჩამოართმევენ, განმეორების შემთხვევაში მოსწავლე შეიძლება სკოლიდანაც კი გარიცხონ

საინტერესოა ბრიტანეთის მაგალითი. 2024 წლის მონაცემებით, იქ სკოლების 11%-ში ტელეფონების გამოყენება სრულად აკრძალულია. მაგალითად, სასწავლო დღის დაწყებამდე მოსწავლეები ტელეფონებს სპეციალურ კარადებში მალავენ. ბრიტანული სკოლების 52%-ში ტელეფონების ზურგჩანთაში დატოვება შეიძლება, მაგრამ მათი გამოყენება აკრძალულია. სკოლების ბოლო, სიდიდით მესამე ჯგუფში ტელეფონების გამოყენება შესვენებების დროს ან სკოლის სასადილოში დაშვებულია.

ტელეფონებთან დაკავშირებით შეზღუდვები ასევე მოქმედებს ნიდერლანდებში, უნგრეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ჩინეთში, აშშ-ის 50 შტატიდან 35-ის სკოლებში.

ნიდერლანდებში, განათლების გარდა სხვა მიზნებისთვის სმარტფონების გამოყენება 2024 წლის იანვარში აიკრძალა დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის. აკრძალვა ეხება ჭკვიან საათებსა და პლანშეტებსაც, რადგან ამ მოწყობილობებმა შეიძლება გამოიწვიოს მოსწავლეებში ცუდი აკადემიური მოსწრება და კონცენტრაციის პრობლემები. ნიდერლანდებში ტელეფონების ჩაბარება სასწავლო პროცესის დაწყებამდე ხდება. გაკვეთილის ბოლოს კი მოწყობილობა მოსწავლეს უბრუნდება. 

უნგრეთში რეგულაცია 2024 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდა და მიზნად ისახავადა მობილური ტელეფონების და სხვა სმარტ მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვას სკოლებში - როგორც გაკვეთილზე, ისე სასწავლო საათებში. თუ მოსწავლეს ტელეფონი სკოლაში მიაქვს ის მას პედაგოგთან ან ადმინისტრაციაში აბარებს. ტელეფონები მთელი სასწავლო დღის მანძილზე ინახება და მოსწავლეებს მხოლოდ დღის ბოლოს უბრუნდებათ. ეს შეზღუდვა ეხება როგორც დაწყებით, ისე საშუალო და პროფესიულ სკოლებს. არსებობს გამონაკლისი და ტელეფონის სასსწავლო მიზნებით გამოყენებას ეხება, მაგრამ ნებართვის მისაღებად საჭიროა მასწავლებლის ან დირექტორის ნებართვა და მკაფიო საფუძველი.

ლუქსემბურგი იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, სადაც სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და სისტემურად დარეგულირებული საკითხია. ქვეყნის განათლების პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს, რომ სასწავლო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი ყურადღების გამფანტავი ციფრული მოწყობილობებისგან, განსაკუთრებით მცირე ასაკის მოსწავლეებისთვის.

ლუქსემბურგში მიდგომა განსხვავდება განათლების საფეხურის მიხედვით. დაწყებით სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება ფაქტობრივად სრულად აკრძალულია. მოსწავლეებს არ აქვთ ტელეფონის გამოყენების უფლება მთელი სასწავლო დღის განმავლობაში - არც გაკვეთილებზე და არც შესვენებებზე. აკრძალვა ვრცელდება მთლიანად სკოლის ტერიტორიაზე. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, როგორიცაა სასწავლო მიზნები, მასწავლებლის ზედამხედველობით ან სამედიცინო საჭიროება, რაც შესაბამისი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს. წესის დარღვევის შემთხვევაში სკოლას აქვს უფლება ტელეფონი დროებით ჩამოართვას მოსწავლეს და ამის შესახებ მშობელს აცნობოს.

საშუალო და ლიცეუმის საფეხურზე მიდგომა შედარებით მოქნილია, თუმცა მაინც მკაცრ ჩარჩოებში რჩება. მოსწავლეს არ შეუძლია ტელეფონის გამოყენება გაკვეთილებზე, ხოლო მოწყობილობა უნდა განთავსდეს მოშორებით - მაგალითად, ჩანთაში,  სპეციალურ სათავსოში ან სკოლის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას. სახელმწიფომ სკოლებს მიანიჭა ავტონომია, თავად განსაზღვრონ აღსრულების კონკრეტული ფორმა, ამიტომ ზოგიერთ სკოლაში ტელეფონები მხოლოდ გაკვეთილებზე იკრძალება, სხვაგან მოსწავლეები ტელეფონებს დილით აბარებენ და მხოლოდ სასწავლო დღის დასრულების შემდეგ იღებენ უკან.

ყველაზე მკაცრი მიდგომა კი ჩინეთშია. აქ სკოლაში სმარტფონის შეტანა მხოლოდ მშობლების წერილობითი ნებართვით არის დაშვებული.

2021 წლიდან ჩინეთის განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაადგინა, რომ დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ მობილური ტელეფონები. რეგულაცია გულისხმობს არა მხოლოდ გაკვეთილზე გამოყენების აკრძალვას, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში - ტელეფონის სკოლაში შეტანის მკაცრ შეზღუდვასაც.  მოსწავლეს შეუძლია ტელეფონის სკოლაში მიტანა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, რაც, როგორც წესი, მოითხოვს მშობლის წერილობით თანხმობას. ასეთ შემთხვევაშიც კი, ტელეფონი უნდა იყოს ჩაბარებული სკოლის ადმინისტრაციაში და მოსწავლისთვის ხელმიუწვდომელია სასწავლო დღის განმავლობაში.  ტელეფონის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სკოლის მიერ მკაფიოდ განსაზღვრულ დროს და ზედამხედველობის ქვეშ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ცნობილია, მანდატურის სამსახური რომელ რეგიონში რამდენ კადრს დაასაქმებს - საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა დეტალები

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - რა გაუქმდა დოკუმენტის მიხედვით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება