სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ ზიანდება თავის ტვინი“ - ინფექციონისტები „ნიპას“ ვირუსზე, გადაცემის გზებსა და სიმპტომებზე საუბრობენ
05-02-2026
-
+


„ნიპას“ ვირუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელად ითვლება, გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში დაფიქსირდა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ხუთი ინფიცირებულის შესახებ, თუმცა 27 იანვარს ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ორ ადამიანს დაუდასტურდა, ინდოეთის მეზობელი ქვეყნების ნაწილმა კი, უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყო. ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ვირუსის გავრცელების მხრივ? - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ნიპას“ ვირუსი „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი. არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით და მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.

„რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს, ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს.

ჯანმო-ს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე და დასძენს, რომ საჭიროება, საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს“.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზიის ზოგიერთ აეროპორტში „ნიპა“ ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია. ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით. ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს. ჯანმოს მიერ „ნიპა“ ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები“, - წერს ბუწაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლთა მოხატულ-მოჩუქრურთმებული ქართული ანბანი შთამბეჭდავი სანახავია

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით შექმნეს კალიგრაფიის ულამაზესი ნიმუშები

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება