სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

19 წლის სტუდენტი საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს
05-10-2023
-
+


„ბავშვობაში ჭადრაკის თამაში ყოველთვის მიყვარდა. მინდოდა, ეს სპორტი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის შემესწავლებინა“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ანრი ლომიძემ, რომელიც თბილისის N118 საჯარო სკოლაში 1-ელი და მე-2 კლასების მოსწავლეებს ჭადრაკს ასწავლის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვობის ოცნება უკვე აიხდინა.

ამ ისტორიაში მთავარი „უცნაურობა“ კი ისაა, რომ ანრი ლომიძე თავადაც სწავლობს - მეორე კურსის სტუდენტია ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით და ალბათ ერთი წლის წინ, როდესაც თბილისის N118 სკოლა დაამთავრა, ვერც წარმოიდგენდა პედაგოგად თუ დაბრუნდებოდა და უზომოდ მადლიერია დირექტორის, ასეთი შესაძლებლობისთვის;

საკუთარ მასწავლებლებს კოლეგებად ახლაც ვერ მოიხსენიებს, სამაგიეროდ, პირველ-მეორე კლასელებისთვის უსაყვარლესი „ანრი მასწავლებელია“. სასკოლო გარემოსა და ჭადრაკის სიყვარულით სკოლაში დაბრუნებული ანრი ლომიძე etaloni.ge-ს ესაუბრება. 

- მასწავლებლად მშობლიურ სკოლაში დაბრუნდით და იმ პედაგოგების კოლეგა გახდით, ვინც სულ რაღაც ორი წლის წინ გასწავლიდნენ, რა გრძნობა იყო ეს? 

- სკოლაში მუშაობა წელს, 15 სექტემბრიდან, დავიწყე. დასაქმებამდე ჭადრაკის თანრიგები უნდა დამედასტურებინა. ჭადრაკი ძალიან კარგად ვიცი, ოსტატობის კანდიდატი ვარ, ამიტომაც ჩემთვის რთული არ ყოფილა. დავადასტურე, რომ ჭადრაკში კომპეტენტური ვიყავი. ახლა მოწვეულ მასწავლებლად ვითვლები.

რაც შეეხება მშობლიურ სკოლაში დაბრუნებას, ნამდვილად ვერ წარმომედგინა...  ძალიან გამიხარდა ჩემი ძველი პედაგოგების ნახვა, მომილოცეს და თბილად მიმიღეს... მათ კვლავ ასე მივმართავ და მგონი, ვერასოდეს გადავეჩვევი.

- პედაგოგობაზე ბავშვობაში მაინც გიფიქრიათ? მაინტერესებს, ამ გადაწყვეტილებამდე როგორ მიხვედით...

- ბავშვობაში ჭადრაკის თამაში ყოველთვის მიყვარდა. მინდოდა ეს სპორტი მესწავლებინა და შემდეგ, როდესაც სკოლაში ეს საგანი დაამატეს, გამიხარდა. მივხვდი, რომ დასაქმება და სტაჟის დაგროვება შემეძლო.

- თქვენთვის ჭადრაკი გატაცებაა? 

- ჭადრაკი ჩემთვის მაინც ერთ-ერთი საყვარელი სპორტი იყო, 7 წლიდან ვთამაშობდი და ტურნირებში ყოველთვის ვმონაწილეობდი - სკოლის სახელითაც გამოვდიოდი. ოსტატობის კანდიდატის წოდება მაქვს და 3 წლის განმავლობაში, გლდანის ჩემპიონიც ვიყავი. 

- როდესაც ჭადრაკი სავალდებულო საგნად დაემატა, შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო - რამდენად დაძლევდნენ ბავშვები ამ საგანს. თქვენ, როგორც მასწავლებელმა, რა შეგიძლიათ თქვათ, ხომ არ არის პირველ და მეორეკლასელებისთვის რთული და მოსაბეზრებელი საგანი? 

- ჩემი აზრით, ადამიანი სკოლაში ჭადრაკს არა როგორც საგანს, არამედ, როგორც თამაშს ისე უნდა მიუდგეს. გაკვეთილზე ბავშვი თამაშით უნდა გაერთოს და რაღაც-რაღაცები ნელ-ნელა სწორედ ასე ისწავლოს. დავალებებისგან ტვინის გადახურება საჭირო არაა. ეს ხომ ჭადრაკია და მოსწავლეებს შეუძლიათ თამაშით გაერთონ. ვფიქრობ, მათთვის ეს საგანი საინტერესოა. მასწავლებელიც უნდა ეცადოს, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავოს და გაკვეთილი მოსაბეზრებელი არ გახდეს.

- სულ რაღაც 3 კვირაა, რაც სკოლაში ასწავლით, ამ დროის განმავლობაში, რა გამოწვევებთან გქონდათ შეხება? 

- ძირითადად, მაინც ის არის, რომ შეიძლება ბავშვს ჭადრაკი არ აინტერესებდეს. პატარები არიან და შეიძლება ვერ ხვდებოდნენ, რისი თამაში უყვართ და რისი არა. ზოგიერთს სხვა რამ აინტერესებს, ეს შეიძლება პრობლემას ქმნიდეს, მაგრამ მოგვარებაც შესაძლებელია. უნდა დააინტერესო, სახალისოდ თუ აუხსნი, უფრო მოეწონება. მეც ვცდილობ, დავაინტერესო, გამხიარულდნენ და თამაშით ისიამოვნონ. სხვათა შორის, კლასის უმეტესობას აინტერესებს. როდესაც ვიკითხე, მათი საყვარელი თამაში რა იყო, რამდენიმემ ჭადრაკი დაასახელა. 

- თქვენთვის რამდენად საინტერესო აღმოჩნდა პატარა მოსწავლეებთან მუშაობა?

- ჩემთვის მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ჯერ პირველ-მეორე კლასელები არიან. ზოგს შეიძლება საგანი არ აინტერესებდეს, მაგრამ დღის ბოლოს თამაშს სწავლობენ და დიდი ალბათობით, ამით მაინც არ იღლებიან. ეს საგანი მათთვის შედარებით გასართობია.

- პირველ გაკვეთილზე ხომ არ ნერვიულობდით?

- არა, არ ვნერვიულობდი, ვიცი, რაზეც მოვაწერე ხელი, რაც უნდა გამეკეთებინა და დიდად არ ვნერვიულობდი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. შეიძლება ითქვას, მენტალურად მოვემზადე. 

- როგორ ფიქრობთ, თავად მოსწავლეებს თუ მოსწონთ ახალგაზრდა მასწავლებლები? 

- სკოლაში ჩემი ასაკის კოლეგები არ მყავს, ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ. სტუდენტი ვარ და მეც მიხარია, როდესაც ლექციაზე ახალგაზრდა ლექტორი შემოდის - მათთან უფრო ღრმა კავშირს ვგრძნობ და ჩემი აზრით, მოსწავლეებთანაც იგივე მდგომარეობაა. ახალგაზრდა მასწავლებელს რომ ხედავენ, უფრო უხარიათ. ფიქრობენ, რომ ეს მასწავლებელი მათ გაუგებს.

- როგორი გრაფიკი გაქვთ, უნივერსიტეტში სიარულსა და სკოლაში სწავლებას ერთმანეთს როგორ უთავსებთ

- სკოლაში მუშაობა უნივერსიტეტში სიარულში ხელს არ მიშლის, კარგად მაქვს საქმე გადანაწილებული. კვირის განმავლობაში, პირველკლასელებთან 5, ხოლო მეორეკლასელებთან 4 გაკვეთილს ვატარებ. ძალიან დატვირთული არ ვარ.

- სტუდენტებისთვის სკოლაში დასაქმება, გრაფიკისა და ანაზღაურების მხრივ, რამდენად ხელსაყრელია, არის ეს ე.წ. სტუდენტური სამუშაო? 

- იმით დავიწყებ, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს, დროის განაწილებაში ეხმარება. ჩემი აზრით, მეორე და მესამე კურსი ასეთი სამსახურისთვის იდეალურია. ახალგაზრდებმა უკვე კარგად იციან სხვადასხვა სპეციალობა, მოსწავლეებთან ურთიერთობაში კი კიდევ უფრო იხვეწებიან. შეიძლება სტუდენტური სამსახურიც ეწოდოს, რადგან ძირითადად უნივერსიტეტზე ვარ ორიენტირებული და ეს სამუშაო იმაშიც მეხმარება, რომ სტუდენტური ცხოვრება მქონდეს.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სულ სხვა მიმართულებით სწავლობთ, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, სკოლაში დარჩენას ხომ არ ფიქრობთ?

- დიახ, შესაძლებელია გეგმები სკოლას დაუკავშირდეს, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული მაინც არ ვარ და არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტი ნამდვილად არის, რატომაც არა. მომეწონა, რაც სკოლაში დამხვდა, როგორც მასწავლებელს. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან

ვისთვის იქნება სავალდებულო სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა - დეტალები ბრძანებით განისაზღვრა

პიროვნება
„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

 წესის საჯარო სკოლაში III და IV კლასის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს 

სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი
 

სკოლის ეზოში ბავშვებს მიესალმნენ საყვარელი მულტფილმების გმირები

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება