სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ყველა მასწავლებელს თავისი ინდივიდუალიზმით, რაღაც ახალი შეაქვს სასწავლო პროცესში“ - ეთერ წილოსანი, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
26-07-2023
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ეთერ წილოსანი მრავალი წელია, რაც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს. 2014 წლიდან კი, როგორც არჩეული დირექტორი, ამაყად მართავს დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას. როგორც თავად გვეუბნება, დირექტორობა დიდი პასუხისმგებლობაა, ცდილობს იყოს სკოლის ღირსეული ლიდერი და განათლების სისტემაში, ერუდირებული თაობის აღზრდით თავისი კვალი დატოვოს.

როგორი იყო გზა დირექტორობამდე? როგორ აფასებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმას? რატომ არის სკოლებში გენდერული დისბალანსი? და საერთოდ, რა გამოწვევაა იყო სკოლის მმართველი? - ამ კითხვებზე Etaloni.ge-სთან ჩოხატაურის N1 სკოლის სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი საუბრობს.

- ქალბატონო ეთერ, მოგვიყევით, როგორი იყო გზა მოსწავლეობიდან დირექტორობამდე?

- საკმაოდ საინტერესო გზა გამოვიარე დღემდე. წარმატებული მოსწავლე ვიყავი, დავამთავრე სოფლის სკოლა, მყავდა ძალიან საინტერესო პედაგოგები, სწორედ მათი დამსახურება იყო ჩემი პროფესიული არჩევანიც. ძალიან მიყვარდა ფიზიკა, ჩავაბარე ფიზიკა-მათემატიკურზე და ვთვლი, რომ თუკი რაიმე კარგი არის ჩემში, სწორედ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა. თავიდან მაღალმთიან სოფელში ფიზიკის მასწავლებლად ვმუშაობდი, შემდეგ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, ჩემს მშობლიურ სკოლაში. მეთოდისტადაც ვიმუშავე, განათლების განყოფილების გამგის მოადგილეც ვიყავი და 2006 წელს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დავინიშნე. 6 წელი ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი, შემდეგ კი დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, 2014 წელს უკვე სკოლის არჩეული დირექტორი გავხდი და მას შემდეგ მოვდივარ, როგორც ამ სკოლის ხელმძღვანელი.

ეს იყო საკმაოდ საინტერესო გზა, უამრავი რეფორმის მომსწრე ვარ და ამ რეფორმის კვალდაკვალ, მეც ვიცვლებოდი და ვვითარდებოდი. გამომდინარე აქედან არ ყოფილა განათლების სისტემაში რაიმე ცვლილება, რომელიც საკუთარ თავზე არ გამომიცდია. მეც ვმუშაობდი ჩემს მასწავლებლებთან ერთად, ბევრ რაღაცას ვსწავლობდი და ახალ გამოცდილებას ვიღებდი, რაც სკოლის ხელმძღვანელობაში ძალიან დამეხმარა და ვფიქრობ, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდი საინტერესო იყო ჩემთვისაც, ჩემი გუნდისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.

- აღნიშნეთ, რომ მრავალი ცვლილების მომსწრე ხართ... რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი ცვლილებები და რამდენად სწორი კუთხით იცვლება განათლების სისტემა?

- საერთოდ, საგანმანათლებლო სისტემა ცივილიზებულ სამყაროს უნდა უწყობდეს ფეხს და უნდა იყო ყველა გამოწვევისთვის მზად. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ვართ მზად ამ ცვლილებებისთვის და რამდენად სწორად ვნერგავთ სკოლებში სიახლეებს. ჩემს სკოლაში არაერთი თაობის მასწავლებელი მუშაობს, ყველა თაობას ინდივიდუალური მიდგომები აქვს, სიახლეებს სხვანაირად გადაამუშავებს და სხვანაირად მიაქვს მოსწავლეებამდე. ეს განსხვავება, რაც ძველ და ახალ მიდგომებშია, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დღეს თანამედროვე მასწავლებელი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ყოველგვარი სიახლე მიიღოს, გადაამუშაოს და მოსწავლემდე მიიტანოს. თუ ადრე მასწავლებელი თავის საგანში აკადემიურად მუშაობდა, ახლა ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს არაერთი საინტერესო ალტერნატივა შესთავაზონ მასალის დამუშავებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს თავადაც აქვთ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა ინტერნეტის საშუალებით და განვითარდნენ თავიანთი ინტერესის მიხედვით. არიან მოსწავლეების კატეგორია, რომლებიც კარგად ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და მათ განათლების კუთხით საკმაოდ კარგად იყენებენ, არიან მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ და ასევე არიან მოსწავლეები, რომლებიც ძირითადად საგანზე ორიენტირებულნი არიან.

- აღნიშნეთ, რომ სკოლაში გყავთ თანამედროვე და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები... რა განსხვავება ძველი და ახალი თაობის მიდგომებს შორის?

- მე უკვე მე-3 თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად მუშაობა მომიწია, ვიცნობდი პირველსაც და მეორესაც. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე ეროვნული სასწავლო გეგმა მასწავლებელს სრულ თავისუფლებას აძლევს, მასწავლებელი არ არის დოგმირებული, ანუ მას შეუძლია ასწავლოს ისე, როგორც სურს, მთავარია გავიდეს სტანდარტის შესაბამის შედეგებზე. ეს არის ძალიან კარგი, პედაგოგებს არ აქვს ზუსტად განსაზღვრული პროგრამა, რაც უნდა დაასრულონ, აქვთ თავისუფლება თავადვე შეიმუშაონ კურიკულუმები, სასწავლო პროცესი თავიანთი ინტერესების მიხედვით დაგეგმონ და ეს იყოს ეფექტური და თავის მოსწავლეებზე მორგებული. თუ ამას ახერხებს მასწავლებელი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გვყავს დღეს ასეთი პედაგოგები, ვფიქრობ, რომ ამ სასწავლო გეგმას, სკოლებში დანერგვა არ გაუჭირდება.

- პედაგოგების საქმიანობას შევეხეთ... როგორ ფიქრობთ, რამდენად შედეგიანია მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების წესი?

- მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელი მთელი ცხოვრება უნდა სწავლობდეს, თუ მასწავლებელი ყოველდღიურად არ ვითარდება და სიახლეებს ფეხს არ უწყობს, ის ვერ იქნება სრულფასოვანი მასწავლებელი. პედაგოგი, რომელიც ამას აკეთებს, საკმაოდ მოთხოვნადი და კარგია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მასწავლებლები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე ამის გადოკუმენტებას ახერხებენ, ამიტომ ექმნებათ მათ პრობლემა პორტფოლიოების წარმოებისას. რადგანაც ჩვენ ყოველდღიურად ვემზადებით საგაკვეთილო პროცესისთვის და გვინდა სწავლებაში სიახლეების დანერგვა, იმდენად დატვირთული გამოდის დღე, რთულია ყველაფრის წერა შეძლო, ეს პრობლემაც სწორედ ამით არის გამოწვეული, ბოლოს მასწავლებლებს უწევთ დასხდნენ და ერთდროულად ბევრი დოკუმენტი აწარმოონ. მაგრამ მგონია, რომ გამოცდა უნდა ჩააბაროს ყველამ, მასწავლებელი, რომელიც ასწავლის, თავის საგანს 10 ქულაზე უნდა ფლობდეს, არ ვეთანხმები, რომ პედაგოგები დაბალი ქულებით იღებდნენ კატეგორიას.

- თანამედროვეობამ თავის მხრივ ახალი მოთხოვნილებები წარმოშვა... რამდენად შეესაბამება ამ მოთხოვნებს მასწავლებელთა უნარები?

- როგორც გითხარით, ჩემს სკოლაში არიან როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები, ასევე ახალგაზრდებიც. თანამედროვეობა პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიებთან, ამიტომ ახალი თაობის მასწავლებლები, კომპიუტერებთან თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, მათთვის ყველანაირი რესურსი ხელმისაწვდომია, შესაბამისად მათი გაკვეთილი მეტად მრავალფეროვანი და ეფექტურია. ძველი მასწავლებლები ნაკლებად ფლობენ ტექნოლოგიებს, თუმცა მათი გაკვეთილები იმდენად მაღალი დონისაა აკადემიურად, რომ ერთი სიამოვნებაა დასწრება, პირადად მე, ამ სიჭრელეს მივესალმები, ყველა მასწავლებელს თავისი ინდივიდუალიზმით, რაღაც ახალი შეაქვს სასწავლო პროცესში. დღეს სკოლები კადრების ნაკლებობას განიცდიან და დარღვეულია გენდერული ბალანსი, მამაკაცი მასწავლებლები ძალიან ცოტანი არიან, საერთოდ მასწავლებელი საუკეთესო მოდელია ბავშვისთვის და სასურველია, რომ მამაკაცებს გაუჩნდეთ სკოლაში მუშაობის სურვილი. მასწავლებლის უნარებს, რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით შემიძლია ვისაუბრო, რომ მყავს ძალიან ძლიერი ასაკოვანი და ახალგაზრდა მასწავლებლები. მასწავლებელი, რომელიც ჭეშმარიტად მასწავლებელია, ყოველთვის უწყობს ფეხს თანამედროვეობას.

- გენდერული დისბალანსი ახსენეთ, რა იწვევს მამაკაცთა დაბალ ინტერესს?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს მასწავლებლობა საინტერესო პროფესიათა რიცხვში შედის, ამიტომ ახალგაზრდა ბიჭები ნაკლებად ირჩევენ. თითქოს გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიული მამაკაცი შემოვიდეს სკოლაში და თავისი მინიმალური მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. თუმცა თუკი ვინმემ გაბედა და შემოვიდა არა მგონია, რომ უკმაყოფილო იყოს, იმდენად საინტერესოა მოსწავლეებთან და ახალ თაობასთან მუშაობა.

- რამ გამოიწვია, ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი პროფესიისადმი ინტერესის დაკარგვა?

- თქვენ წარმოიდგინეთ არასდროს ყოფილა მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია. მე ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, ყველაზე დიდი თანხა უნდა ჩაიდოს განათლებაში და პედაგოგობამ უნდა დაიკავოს საუკეთესო პროფესიათა რიცხვში პირველ ადგილი. მასწავლებელი ზრდის ყველა პროფესიის ადამიანს. მე მოხარული ვარ, რომ ჩემი სკოლის 8 მოსწავლემ აირჩია პედაგოგიური და ვფიქრობ საუკეთესო ცვლა იქნება ჩვენი თაობის.

- დირექტორების არჩევის წესზე რას იტყვით?

- ჩემი მუნიციპალიტეტის სინამდვილიდან გამომდინარე გეტყვით, რომ დირექტორობის მსურველი ძალიან ცოტაა. ამის მთავარი მიზეზი კი, დაბალი ანაზღაურებაა, მასწავლებლებს ურჩევნიათ ორ სხვადასხვა სკოლაში იმუშაონ, ვიდრე იყვნენ სკოლის დირექტორები. დღეს დირექტორს მენტორი მასწავლებლის ხელფასიც კი არ აქვს. დირექტორებს, რომლებსაც 1000-მდე მოსწავლე ჰყავთ, საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ და ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, რომელიც ამდენი ბავშვის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, მეტად დაფასებული უნდა იყოს.

- აღნიშნეთ, რომ მრავალი რეფორმის მომსწრე გახდით... იზრდება ქვეყანაში განათლების დონე?

- განათლების ხარისხის ზრდა ხდება სკოლაში, მაგრამ ასე: მოსწავლე სწავლობს იმას, რაც სჭირდება და არა ისე, როგორც ჩვენ ვსწავლობდით - ყველა საგანს, თითქმის ერთ დონეზე. ახლა მოსწავლეები ირჩევენ იმ კონკრეტულ საგნებს, რაც თავიანთი სამომავლო პროფესიებისთვის გამოადგებათ. ვფიქრობ თუ გვინდა, რომ კარგი მოსწავლეები აღვზარდოთ, უნდა მოხდეს დიფერენცირება საშუალო საფეხურზე, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მიმართულებით, თუ ასე იქნება ვთვლი, რომ სამივე მიმართულებით მივიღებთ აკადემიურად მომზადებულ თაობას.

- რეალურად რას აძლევს სკოლა მოსწავლეებს?

- მოსწავლეებს სკოლა ძალიან ბევრ რაღაცას აძლევს, მათ შორის სოციალურ და დემოკრატიული უნარ-ჩვევები უვითარებს, შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და ინდივიდუალურად ახერხებენ გადაწყვეტილების მიღებას, ეს ყველაფერი კი, სწორედ სკოლიდან იწყება. მოსწავლეები არაერთ პროექტში არიან ჩართულები და მათ ეს აძლევს შესაძლებლობას, „ჭრელ“ საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრონ.

- და ბოლოს, რას ნიშნავს იყოთ სკოლის მმართველი?

- ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი იყოს კარგი ლიდერი, ასევე უნდა იყო მაძიებელი, უნდა უყვარდეს მოსწავლე, მასწავლებელი, იყოს კომუნიკაბელური, საუბრისა და მოსმენის კულტურა ჰქონდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროს დირექტორობაზე.

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება