სიახლეები
სიახლეები

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ლოცვა - რჩევები მასწავლებლებს მართლმადიდებლური სკოლის დირექტორისგან
29-05-2023
-
+


ლოცვა ბავშვის შინაგან სამყაროს სიხარულს გვრის, შინაგან სამყაროს უწესრიგებს და გარე სამყაროც უფრო კეთილი და ლაღი ხდება - ამბობს etaloni.ge-სთან ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გაბრიელ ჟღენტი.

სასულიერო პირი, რომელიც სკოლას ხელმძღვანელობს, მასწავლებლებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ლოცვა.

- მამა გაბრიელ, რა მოაქვს ლოცვას ბავშვებისთვის და რა რჩევები გექნებოდათ მასწავლებლებისთვის, როგორ შევაყვაროთ მოსწავლეებს ლოცვა?

- ბავშვისთვის გონებრივი, აზრობრივი, შინაგანი განწყობა იცვლება ლოცვის დროს, რადგან ბავშვი ყველაზე სწორად და კარგად ლოცულობს. ბავშვი არის ყველაზე გულწრფელი, სუფთა და ნამდვილი. პატარას ლოცვა მის შინაგან სამყაროს სიხარულს გვრის. მთავარია, მსუბუქად, ეს თავის ენაზე მივაწოდოთ და თავისივე სიტყვებით შეძლოს ლოცვა. ლოცვის სიღრმეები რომ ბავშვს ავუხსნათ და მივახვედროთ, შეუძლებელია. მარტივი ახსნა, მარტივი მიწოდება...

ლოცვა დიალოგია ღმერთთან, რომელიც პატარებს უნდა ვასწავლოთ თავისივე სიტყვებით. ჩვენ გვაქვს იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ნაშრომი „საღმრთო ისტორია“. როცა ბავშვები უკვე ისწავლიან კითხვას და წერას, უნდა მივაწოდოთ ეს საყმაწვილო წიგნი. ბავშვები რასაკვირველია, იქ აღმოაჩენენ გმირებს, მაგალითად, აბრაამს, შემდეგ ვასწავლით შობას, ქრისტეს ისტორიას... ამის შემდგომ ჩნდება სურვილი ლოცვისა, თორემ ბავშვი პირდაპირ რომ დააყენო და უთხრა, ილოცოს, ასეთი მიდგომა არასწორია და ვერც ვერაფერს მივაღწევთ. ლოცვა უნდა იყოს ბავშვის გულიდან ამოსული. მერე კი ვასწავლოთ „მამაო ჩვენო“ და „ღვთისმშობელო ქალწულო“. ლოცვა უფროსებს უჭირთ და ბავშვებს, მით უმეტეს. მე-9-მე-10 კლასში კი უკვე უნდა ვასწავლოთ ფსალმუნთა გალობა, წავუკითხოთ სახარება, საღვთო ისტორიები და ა.შ.

მასწავლებელმა პირადი მაგალითი უნდა მისცეს ბავშვებს. აუცილებლად უნდა წააკითხოს მათთან ერთად სწავლის წინა ლოცვა, გადაიწეროს პირჯვარი და ამის მერე დაიწყოს გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილის დასრულებისას მადლობა უნდა გადაუხადოს ღმერთს, რომ კეთილად დასრულდა ყველაფერი. ამაზე დიდ მაგალითს მასწავლებელი ბავშვს ვერ მისცემს. ამ მაგალითით მისი ინტერესის სფერო შეივსება და დასვამს კითხვას - რატომ ვიქცევით ასე. ამ დროს უნდა ავუხსნათ - ამას იმიტომ ვაკეთებთ, მადლი ღვთისა რომ მოვიწვიოთ.

ასე ყველა საქმის დაწყების წინ ლოცვას მიეჩვევა და გამოუმუშავდება მადლიერება. მადლიერებას კი მოჰყვება ლოცვის შინაარსის გაგება, განმარტების ცოდნა. ვერ შეიმუშავებთ რაიმე წესს - ასე ვასწავლო ბავშვს ლოცვაო, მხოლოდ პირადი მაგალითით შეგიძლიათ ამას მიაღწიოთ, დანარჩენს კი ღმერთი გააღვივებს მასში და კითხვებსაც ამის მიხედვით დასვამს. შეგიძლიათ, დაგეგმოთ, როგორ ჩაატაროთ ისტორიის თუ გეოგრაფიის გაკვეთილი, მაგრამ ლოცვის სწავლას და შეყვარებას, ვერ დაგეგმავთ. ლოცვით დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, კეთილად გვირგვინდება, რამეთუ ღმერთი ყველაფრის კეთილად მომაწყობელია.

- მასწავლებელს უფრო დიდი როლი აქვს ამ შემთხვევაში, ვიდრე მშობელს?

- ორივეს ერთად. პედაგოგი ასწავლის ლოცვას, პირჯვრის გადაწერას... ამ დროს თუ სახლში სუფრას ისე მიუსხდებიან, რომ ლოცვას არ წარმოთქვამენ და არც დილით ილოცებენ, არაფერი გამოვა.  

ჩვენ მუდმივად ვხვდებით ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს და ვმუშაობთ ამ კუთხით. კერძო სკოლაშიც რთულია ამ საკითხზე მუშაობა და საჯაროში, მით უმეტეს. ღვთის წყალობით, გარკვეულ პროცენტში ვახერხებთ, რომ მშობლებმა ასე გააგრძელონ ცხოვრება, თუმცა ყველა მშობელთან იმის მიღწევა, რომ აღმსარებელ-მაზიარებლები იყვნენ და ლოცულობდნენ, შეუძლებელია.

აქაც პედაგოგს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ბავშვის მშობელს შეიძლება უთხრას - იქნებ კვირა დღეს მიიყვანოთ ბავშვი ეკლესიაში, მეც იქ ვიქნები. ეკლესიაში კი მშობელს უთხრას, ჩვენ, პედაგოგები ვცდილობთ, რომ აღსარება ჩავაბაროთ, ვეზიაროთ და იქნებ თქვენც მოსინჯოთო... ეს იქნება სულიერი კუთხით მიცემული საშინაო დავალება, რაც უმნიშვნელოვანესია, რათა უფრო მეტად გაეხსნათ ბავშვებს გონება სწავლის დროს და გამოადგეს ის ნასწავლი შინაგანი სამყაროს მოწესრიგებისთვის, რომ გარე სამყაროც უფრო კეთილი და ლაღი გახდეს და ა.შ.

-კეთილი და ლაღი განწყობები კი, ალბათ, იმ აგრესიის დათრგუნვაშიც დაეხმარებათ, სამწუხაროდ, დღეს მოსწავლეებშიც სადოზით რომ გვხვდბა...

- რა თქმა უნდა?! ყველაზე დიდი შეცდომა რელიგიის გაკვეთილების ამოღება იყო სასკოლო პროგრამიდან. ადამიანი, რომელიც სწავლობს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ბუნებრივია, მეტად თავდაჭერილი და მოწესრიგებულია. აგრესია კი აფუჭებს ყველა ურთიერთობას. აგრესიის დამთრგუნველი ერთადერთი გზა თავმდაბლობაა. ადამიანებს სჭირდებათ ღმერთთან საუბარი. მე რომ მეგობრებთან ვსაუბრობ, მათგან ენერგიას ვიღებ, ვისვენებ. ფსიქოლოგიის მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული და იქ გვასწავლიდნენ, რაოდენ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგთან საუბარი. სხვა ადამიანთან ურთიერთობით იღებ ენერგიას, სხვადასხვა რჩევას, დარიგებას, ივსები და წარმოიდგინეთ, ღმერთთან ურთიერთობით რაოდენ სისავსეს გრძნობს ადამიანი და როგორ იხსნება მისი გონებრივი არეალი, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელიც არ ლოცულობს. ღმერთთან დიალოგი ადამიანს აწესრიგებს, გონებას ხსნის. გახსნილი გონება კი ბევრ რამეზე ფიქრობს - ენა წინ არ უსწრებს, ჯერ ფიქრობს და მერე ამბობს.

- როდესაც კლასში მხოლოდ ქრისტიანები არ არიან? როგორც ვიცით, რელიგიის სწავლება სკოლებიდან ამ მიზეზით ამოიღეს...  

- ჩვენ ხომ ვერ შევცვლით დავით აღმაშენებლის თუ თამარის ისტორიას? როგორ შეიძლება, ასწავლო თამარ მეფეზე და ქრისტიანობაზე არ ისაუბრო? თუმცა სკოლა ამ დროს ვალდებულია, თუ კლასში 10 ბავშვიდან ორი სხვა კონფესიის წარმომადგენელია, მათი რელიგიის მასწავლებელი მიიყვანოს და ისე ჩაუტაროს გაკვეთილი.

ჩვენ  საპატრიარქოს სკოლა ვართ და თუ ჩვენთან მოდის სხვა კონფესიის წარმომადგენელი, ეს უკვე გააზრებული აქვს. ყველა მართლმადიდებლურ სკოლაში ისწავლება, რომ ჩვენი მტერი არ არსებობს, ყველა კონფესიის ადამიანს პატივი უნდა ვცეთ და ვემეგობროთ. პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ მუსულმანებთან ერთად, ერთ ოთახშიც ლოცულობდნენ და ერთმანეთის სიყვარული ჰქონდათ. თუ ბავშვებს ერთმანეთი ეყვარებათ, დამიჯერეთ, ლოცვა არავის დააზიანებს.

ჩვენს სკოლაში ბევრი მუსულმანი და სხვა კონფესიის წარმომადგენელი ბავშვი გვყავდა და გვყავს ახლაც. მათი მშობლები გვეუბნებიან, იმიტომ ვაკეთებთ თქვენს სკოლაზე არჩევანს, რომ თქვენი ბავშვები ზნეობრივები და კულტურულები არიანო. ლოცვასაც ესწრებიან ეს ბავშვები, მოძღვართანაც ურთიერთობენ. საერთო ფორუმებზეც ვყოფილვართ ერთად სამშობლოს კეთილდღეობისათვის, ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მასალებს ერთად ვეცნობით. მათ მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს... ბუნებრივია, ჩვენ მათ თავზე არაფერს ვახვევთ. ბევრს გასჩენია სურვილი და მონათლულან მართლმადიდებლებად როგორც შვილები, ისე მშობლები. ამ სივრცეში შეზღუდვები არ შეიძლება, პირიქით, მეტი სიყვარული, მეტი ურთიერთობა და პატივისცემა გვმართებს ყველა კონფესიის მიმართ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია
მოსწავლეებმა შექმნეს ბროშურები, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია და საზოგადოებას დედამიწაზე ზრუნვისკენ მოუწოდეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება