სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„სკოლა „ცოცხალი“ ორგანიზმია, რამდენი ბავშვიცაა, იმდენი საზრუნავი გაქვს “- მარიამ გარაშვილი, სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი 
24-02-2023
-
+


„სკოლაში არის რაღაცები, რასაც პირდაპირ - სამართლებრივად უნდა შეხედო და არის რაღაცები, რასაც მორალით უნდა მიუდგე“, - ამბობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გარაშვილი. ის ამ პოზიციას 2014 წლიდან იკავებს, იმავდროულად, პედაგოგია და ასწავლის სამოქალაქო განათლებასაც.

სანამ სკოლაში მივიდოდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო. როგორც ამბობს, წარსული სამუშაო გამოცდილება სკოლაში გამოადგა. აღნიშნავს, რომ რესურსცენტრიდან სკოლის მუშაობა სხვანაირი ჩანს და აწ უკვე დირექტორი, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. 

ახლა სართიჭალის N2 საჯარო სკოლის შენობა რემონტდება, ამიტომაც ისინი, დროებით, სხვა სკოლაში არიან შეკედლებულები. მეორე ცვლაში სწავლობენ და იმედი აქვთ, რომ აპრილისთვის საკუთარი სკოლის ერთ კორპუსში მაინც გადავლენ. 

მარიამ გარაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა მაინც ის არის, რომ მოსწავლეები კარგად სწავლის მნიშვნელობას ვერ ხედავენ. როგორც დირექტორი ამბობს, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სკოლაში ბევრს მუშაობენ. 

სკოლის, საკუთარი თავის, მოსწავლეების, პედაგოგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მარიამ გარაშვილი Etaloni,ge-ს ესაუბრა.

- რამდენი ხანია, რაც სართიჭალის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებთ?

- ამ სკოლის დირექტორი 2014 წლიდან ვარ, პარალელურად, სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს საქმე ძალიან საინტერესოა, მე ჩემი სფერო ვიპოვე. არ ვარ ის დირექტორი, რომელიც მუდამ კაბინეტში ზის. ჩემთვის მოსწავლეებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია - მინდა, რომ თითოეული მათგანი გავიცნო. სკოლაში მოსვლამდე კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი.

- წარსული სამუშაო გამოცდილება სკოლაში რამდენად გამოგადგათ?

- საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადმოსახედიდან, სკოლის მუშაობა სხვანაირი ჩანდა და აქ სულ სხვა რამ დამხვდა. სკოლაში მუშაობა ბევრად დამღლელია. წარსული გამოცდილება იმაში წამადგა, რომ ადმინისტრაციულ საკითხებში ბევრად მობილიზებული ვიყავი, სამართლებრივ ურთიერთობებსა და მიმოწერაში დიდი გამოცდილება მქონდა. სკოლა სრულიად სხვა ორგანიზმია, ძალიან „ცოცხალია“, რამდენი ბავშვიცაა, იმდენი საზრუნავი გაქვს.

- აღნიშნეთ, რომ რესურსცენტრიდან რაღაცები განსხვავებულად ჩანდა. კონკრეტულად, რა ჩანდა და რა რეალობის წინაშე აღმოჩნდით?  

- რესურსცენტრში შემოდიოდა დავალებები, რასაც სკოლებს ვთხოვდით. მაგალითად, მოვიდოდა კონკრეტულ საკითხზე მომჩივანი და ამას ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში ვუყურებდით, სწორხაზოვნად მივდიოდით. სკოლაში რომ შემოხვალ, იმდენნაირი პრობლემა და სირთულეა, რომ არის რაღაცები, რასაც პირდაპირ - სამართლებრივად უნდა შეხედო და არის რაღაცები, რასაც მორალით უნდა მიუდგე. ძალიან რთული მექანიზმი აღმოჩნდა სკოლა. რამდენი ბავშვიცაა, იმის უკან იმდენი ოჯახი, სიხარული, ტკივილი, სოციალურად დაუცველობა, სიმდიდრეა. ყველაფერი, რაც ყოველდღიურად ცხოვრებაში გვხვდება და ეს ძალინ რთულია.

- მაინცდამაინც სკოლაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

- ამის მოწოდება ყოველთვის მქონდა, ბავშვებთან ურთიერთობა მომწონდა. სკოლის ასაკიდანვე ასეთი ვიყავი, არ მიყვარდა უსამართლობა, მას ვებრძოდი. ყოველთვის მეგონა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიქნებოდი, დაჩაგრული აღარავინ იქნებოდა და ყველაფერი ბევრად სამართლიანად წარიმართებოდა, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, ამის კეთება ძალიან რთულია.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეთ?

- ნაწილობრივ კი. მე მცნობენ, იციან, რომ არავის არ მივემხრობი, საკითხს ობიექტურად განვიხილავ. ამ მხრივ, მაქვს ნდობა და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, მაგრამ ზოგადად, ცხოვრებისეული ავ-კარგის გარჩევა და მარტო სკოლის კედლებში სამართლიანობის მიღწევა ძალიან რთულია.

- რა გამოწვევებს წააწყდით სკოლაში მუშაობის განმავლობაში?

- მოსწავლეებთან მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დღევანდელი თაობა, რატომღაც, კარგად სწავლის აზრს ვერ ხედავს. მე პირადად, სულ ამაზე ვფქრობ, მასწავლებლებმა ისეთი გაკვეთილები ჩაატარონ, მოსწავლეები განათლების ფასს მიხვდნენ. ეს სერიოზული გამოწვევაა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ჩვენ განათლების სისტემიდან გვერდში დგომაც ძალიან გვჭირდება. მაგალითად, საშუალო დონის მოსწავლეს იმედი აქვს, რომ მე-10, მე-11 კლასში წავა რეპეტიტორთან და ეროვნულ გამოცდებზე მინიმალურ ზღვარს მაინც თავისუფლად გადალახავს. ამას მართლა ახერხებენ. უნივერსიტეტშიც ვაუჩერიზაცია სტუდენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ბარიერი დაბალი აქვთ, დაინტერესებულები არიან, რომ სასწავლებელში ბევრი სტუდენტი მიიყვანონ. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსწავლეთა ამ დამოკიდებულების შეცვლას ვცდილობთ.

- შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტულად რას აკეთებთ ამისთვის?

- მე, როგორც ვთქვი, სამოქალაქო განთლების პედაგოგი ვარ და ვცდილობ, მოსწავლეებს შევაგნებინო, რომ პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესია და დღეს, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საკუთარი შესაძლებლობებით კეთილდღეობას შეიქმნის. ვეუბნები, რომ რას სფეროსაც აირჩევენ, იმის პროფესიონალები უნდა იყვნენ. მე მყავს სკოლის დამლაგებელი - პატიოსანი, საკუთარი საქმის პირნათლად შემსრულებელი. ის მოსწავლეებთან ყოველთვის მაგალითად მომყავს, ვეუბნები - მე რომ კერძო კომპანია გავაკეთო, აი, ჩვენი დამლაგებლებიდან ვის წავიყვანდი სამუშაოდ და ვუსახელებ კრიტერიუმებს. არჩევანს თვითონაც მასზე აჩერებენ. ვცდილობ, დავანახო, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენონ და ძლიერი მხარეები აღმოაჩინონ.

- რა გესახებათ მდგომარეობიდან გამოსავლად?

- უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ცოტა უფრო მაღალი მოთხოვნები და თამასა უნდა დაწესდეს. ამასთანავე, ხელს გვიშლის მენტალიტეტი, რის გამოც მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებს არ ირჩევენ.

- თქვენი აზრით, პროფესიული სასწავლებლებისადმი ასეთი მიდგომა მოსწავლეებს უფრო აქვთ თუ მშობლებს?

- თავდაპირველად, მშობლებს, ამბობენ - ჩემი შვილი პროფესიულში რატომ უნდა წავიდესო. შემდეგ კი ბავშვებიც მათი გადმოსახედიდან ზომავენ. ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა, რასაც ჩვენ, მცდელობის მიუხედევად, სამწუხაროდ, ვერ ვშველით. არადა ხშირად ხდება, რო უნივერსიტეტს ამთავრებენ, შემდეგ კი ხელობა უფრო გამოადგებათ ხოლმე და ამ კუთხით მუშაობენ. სკოლაში ამის ბევრი მაგალითი მოგვყავს.

- თქვენ რეპეტიტორებზეც ისაუბრეთ, ამ მხრივ, რას შეცვლიდით?

- ჩემი ნება, რომ იყოს რეპეტიტორობას საერთოდ გავაუქმებდი. ეს მასწავლებლები შრომობენ და მესმის, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც პედაგოგი სკოლაში სრულყოფილად იხარჯება, ბევრად უკეთესი შედეგი აქვს. რა თქმა უნდა, ხელფასი საკმარისი არასდროს შეიძლება იყოს, მაგრამ ანაზღაურება გაიზარდა და მაქსიმალური დატვირთვით ისეთი დაბალიც აღარ არის.

- თქვენ თავად რამდენი მასწავლებელი გყავთ სკოლაში?

- 47 პედაგოგი გვყავს, ყველა სერტიფიცირებულია. ერთი მენტორი, 4-5 წამყვანი და დანარჩენი უფროსი მასწავლებლები არიან. ისინი პროფესიული ზრდისთვის შრომობენ.

- მინდა პედაგოგთა გამოცდებზე გკითხოთ, რამდენად მოგწონთ ფორმატი?

- გამოცდები ცუდი არ არის. როდესაც პროფესიონალი ხარ, პირიქით, რაღაცას იხსენებ, რაღაცას ახლებურად უდგები. მე ამ გამოცდებს, პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, ცუდად არ ვუყურებ. ის მასწავლებლებს კიდევ უფრო ააქტიურებს. პროფესიონალ ადამიანს რა გამოცდაც უნდა ჩაუტარო, ჩააბარებს, რა პრობლემაა.

- მსგავსი დამოკიდებულება გაქვთ დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებითაც?

- დიახ, დირექტორებმაც უნდა ჩააბარონ გამოცდები. მე ახლა სამინისტროს მიდგომა ძალიან მომეწონა. ვებინარები ყველა იმ საკითხსა და მიმართულებაში ჩაატარეს, რაც დირექტორების გამოცდისთვის იქნებოდა გამოსადეგი. რატომ არ უნდა მოესმინათ და ჩაებარებინათ?!  პირადად მე, ამ ეტაპზე არ მიწევდა, სერტიფიკატი მაქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა ვებინარს მოვუსმინე და ბევრი საინტერესო რამ გავიგე.

- როგორი იყო 2022 წელი თქვენი სკოლისთვის?

- ძალიან კარგი და ნაყოფიერი. „ჩხირკედელაში“ ვიყავით ჩართულები. წელი ნორმალურად დავამთავრეთ, გვიხაროდა, რომ სკოლა რემონტდებოდა. იმედია, საჭირო რესურსები და ინტერნეტიც გვექნება, რათა სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერად წარვმართოთ. ახლა სხვა სკოლის მდგმურები ვართ, რემონტიც დროულად მთავრდება და ამ მხრივ, პრობლემა არ შეგვქმნია.

- თქვენი სკოლის შენობაში გადასვლას როდის გეგმავთ?

- სხვა სკოლაში წელს გადმოვედით, ჩვენ მეორე ცვლა ვართ, ისინი რომ ამთავრებენ, მერე მოვდივართ. ჩვენს სკოლაში 2 კორპუსი გვაქვს, მომდევნო სასწავლო წლისთვის ორივე ესწრება, თუმცა ახლა იმედი გვაქვს, რომ აპრილის დასაწყისში ერთ კორპუსში მაინც გადავალთ.

- მოსწავლეებზე უნდა გკითხოთ, რამდენად აქტიურები არიან?

- ახლა სკოლაში 830-მდე მოსწავლე გვყავს. მათ ნებისმიერ აქტივობაში ჩართვა უხარიათ. სკოლის ბაზაზე გვაქვს კლუბები, მოსწვლეთა თვითმმართველობაც ძალიან აქტიურია. ამ ეტაპზე, მუშაობა ცოტა შეგვეზღუდა და ერთი სული გვაქვს ჩვენს სკოლაში როდის გადავალთ. მეც აქტიური მუშაობის მომხრე ვარ, ბავშვებს იდეები აქვთ, არ ეზარებათ. გადასვლისასაც ვგეგმავთ, რამე გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გავმართოთ.

- ასევე, მაინტერესებს, კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება, რამდენად ეფექტურია?

- კომპლექსური დავალებები ჩვეულებრივი დავალებაა. ამ დროს მოსწავლეს თავისუფალ ნებას აძლევ - უნდა სიუჟეტს გადაიღებს ან ესსესა და პიესას დაწერს. ბავშვს, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახით შეუძლია დავალების შესრულება. მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც ამას ითვალისწინებს. თავიდან რაღაცნაირად აიტაცეს მშობლებმა - ამბობდნენ, ამდენი კომპლექსური როგორ ვწეროთო. ახლა უკვე, როდესაც მივეჩვიეთ და გაიგეს, რომ ჩვეულებრივი დავალებაა, რომლის დიდ ნაწილსაც კარგად მომუშავე მასწავლებელი და ბავშვი კლასშივე ასრულებენ, მსგავსი პრეტენზია აღარაა.

- ბოლოს, რას ურჩევდით მასწავლებლებს, როგორ წარმართონ სასწავლო პროცესი საინტერესოდ და ეფექტურად?

- პირველ რიგში, ყველა ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელს უყვარს. პედაგოგებს ვურჩევდი, რაც შეიძლება საინტერესო, აქტიური გაკვეთილები ჩაატარონ, რესურსები გამოიყენონ და ბავშვებს საკითხის შესწავლის საჭიროება დაანახონ. როდესაც საგაკვეთილო პროცესი ასე მიმდინარეობს, მოსწავლეები ძალიან ჩართულები არიან. არის ასეთი ტერმინი - მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა და სწორედ ასე უნდა მოიქცნენ მასწავლებლები.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
სკოლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შეხვედრებს ჩაატარებენ
პიროვნება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს

მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა გამოვსულიყავი ისეთი მასწავლებელი, როგორიც იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
პიპილეთის საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდა თაობაში პოეზიის მიმართ სიყვარულს გაზრდის
მოსწავლეებმა ნახეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება