სიახლეები
სიახლეები

დამრიგებლების ვალდებულებები სხვადასხვა საფეხურზე - რით განსხვავდება დაწყებითისა და უფროსი კლასის დამრიგებლის მოვალეობები?
18-02-2023
-
+


დამრიგებლობა რომ საპასუხისმგებლო საქმეა, ამაზე ყველა თანხმდება. სწორედ კლასის ხელმძღვანელს ევალება სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისთვის ყურადღების მიქცევა, მშობლებთან შეხვედრა, მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება, ბავშვების ქცევის, სკოლიდან გაპარვისა და დაგვიანების კონტროლი, სასწავლო წლის ბოლოს თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის გაანალიზება და მოკლე დახასიათების დაწერა. ეს ყველაფერი მცირე ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რასაც დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობები გულისხმობს.

etaloni.ge დაინტერესდა, განსხვავდება თუ არა დამრიგებლების ვალდებულებები სხვადასხვა საფეხურზე? რა მოვალეობები აქვთ დაწყებითებისა და უფროსი კლასების ხელმძღვანელებს? - ამის გასარკვევად საჯარო სკოლების დამრიგებლებს გავესაუბრეთ.

I-IV კლასის ხელმძღვანელების კომენტარები:

„დაწყებითი კლასების დამრიგებლობა რატომღაც მარტივი ჰგონიათ, პირველკლასელი ბავშვის დამორჩილებას რა უნდაო, ხშირად გამიგია. რეალურად, სწორედ დაწყებითი კლასების მართვაა რთული. გარდა წერა-კითხვის სწავლებისა, თუ პირველი კლასიდანვე არ შეაჩვევ ბავშვს სკოლაში ქცევის წესებს, იმ ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: მერხთან სწორად ჯდომა, დასვენების დროს უსაფრთხოდ თამაში, გაკვეთილზე დროულად გამოცხადება, წესრიგის და სისუფთავის დაცვა, შემდეგ ამ ყველაფრის სწავლება დაგვიანდება. დაწყებით კლასებთან მუშაობა დიდ ენერგიას მოითხოვს თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებთან კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ყოველდღეა აუცილებელი“,- ნინო.

„დაწყებით კლასებში არც სწავლებაა მარტივი და არც დამრიგებლობა. ჯერ მარტო განმავითარებელი შეფასებების წერა მოითხოვს დიდ შრომას, მითუმეტეს თუ კლასს რამდენიმე საგანს ასწავლი. დაწყებითი კლასის დამრიგებელი ვალდებულია, მუდმივად განაახლოს საკლასო ოთახი, შექმნას სასწავლო რესურსები, დაგეგმოს ზეიმები და გასვლითი ღონისძიებები, მაღალი კლასებისგან განსხვავებით მშობლებს ყოველდღიურად უნდა მიაწოდო ინფორმაცია შვილის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ. ასევე ხშირად უნდა ჩაატარო სადამრიგებლო საათი და განიხილო სხვადასხვა აუცილებელი საკითხი. დაწყებითი კლასის დამრიგებელი გაკვეთილების შემდეგაც კი ვერ მიდის სახლში თუ მშობელი ბავშვის წასაყვანად დროულად არ მივა სკოლაში და თქვენ გგონიათ ეს იშვიათად ხდება? მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების უმრავლესობა სკოლაში მშობელს დაჰყავს, მათ უმეთვალყურეოდ ვერ მიატოვებ და ვერ წახვალ შენს საქმეზე, როდესაც მშობელი იგვიანებს სხვადასხვა მიზეზით. გარდა კანონში გაწერილი ვალდებულებებისა, დაწყებითი კლასის დამრიგებლებს მორალური ვალდებულებებიც გვაქვს“,- ეკა.

V კლასის დამრიგებელი:

„რომელ საფეხურზეც გინდა ასწავლიდე, დამრიგებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაგალითად, ჩემს სკოლაში დამრიგებლობა არავის უნდა, რადგან შრომატევადია და ამავე დროს, დაუფასებელი. V კლასი ჯერ მაინც დაწყებით საფეხურად ითვლება თუმცა, ამ ეტაპიდან ბავშვებს ახალი დამრიგებელი ჰყავთ. V კლასისა და პირველი კლასის დამრიგებლობა, გარკვეულწილად, ერთმანეთს ჰგავს იმ მხრივ, რომ ორივე შემთხვევაში ნულიდან უნდა გაარკვიო ყველაფერში ბავშვები. მე-5 კლასელს ყველა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის და ეს ერთგვარ ქაოსს იწვევს, ერთ მასწავლებელს შეჩვეულებს უჭირთ ახალ გარემოში გადასვლა, უნდა სდიო ყველა ნაბიჯზე და რომ იტყვიან - ასი თვალი და ასი ყური გქონდეს, რომ არაფერი გამოგეპაროს“,- ელისო.

IX კლასის დამრიგებელი:

„ვინც მე-8 და მე-9 კლასებს ასწავლის, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ ასაკში ბავშვები განსაკუთრებულად აქტიურები და კონფლიქტურები არიან, რის გამოც ხშირად მიწევს მანდატურებთან თანამშრომლობა. მუდმივად დაძაბული ვარ, რომ არ იჩხუბონ, უხეშად არ ითამაშონ, ერთმანეთი არ დაჩაგრონ, ვითომ თამაშით არ დააზიანონ. ამას ემატება სწავლის სირთულეები. მოგეხსენებათ, დამრიგებლები მოსწავლეთა ქულებსაც ვაქცევთ ყურადღებას, თუ რას იღებენ სხვადასხვა საგანში, რამდენად ძლევენ პროგრამას. მე-9 კლასის დასრულების შემდეგ კი გადიან სკოლიდან, ვისაც არ უნდა სწავლა, მაგრამ იქამდე ძალიან ძნელია სკოლაში ისეთი ბავშვის მართვა, ვისაც რთული ქცევა ახასიათებს და თან არც სწავლა აინტერესებს“,- ია.

X კლასის ხელმძღვანელი:

„დამრიგებლობა უკვე ძალიან დამამცირებელი მგონია. ეს განსაკუთრებით იკვეთება საბაზო და საშუალო საფეხურზე. მაღალი კლასების დამრიგებლობა ნიშნავს, რომ საგნების მასწავლებლებს სთხოვო, იქნებ ცოტა მოუმატონ ქულა მოსწავლეს, რადგან ყველა საგანს თანაბარი ინტერესით ვერ სწავლობენ და გეცოდებიან, რომელიმე ერთი საგნით რომ „ქულა გაუფუჭდეთ“. აღარც ბავშვებს აქვთ ის პატივისცემა მასწავლებლის მიმართ,  რაც ადრე იყო, ცალკე მშობელია მუდმივად უკმაყოფილო, ცალკე კოლეგებისგან იღებ უამრავ შენიშვნას სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ქცევისა და უსწავლელობის გამო. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, დაუფასებელი შრომაა. გინდა ყველაფერი მოაგვარო, მაგრამ არც ბავშვი გემორჩილება და ვერც მშობელს აგებინებ. ყველა დასვენებაზე საპირფარეშოებს ვამოწმებ ან ჩხუბი არ მოხდეს ან სიგარეტი არ მოწიონ. ყოველდღე გასარკვევი გაქვს მიზეზი, თუ რომელიმე სკოლაში არ მოვიდა - რატომ. ფეხდაფეხ დასდევ, არავინ გაიპაროს. რომელი ერთი ჩამოვთვალო. თუ მასწავლებლის დანევროზება გინდა, სადამრიგებლო კლასი უნდა მისცე“,- მარინა. 

XII კლასის დამრიგებელი:

„გარდა ძირითადი მოვალეობებისა, ჩემი ყოველდღიურობაა უკვე ყველა მოსწავლესთან  ხვეწნა, რომ სკოლა არ გააცდინონ, არ გაიპარონ და არები არ დაიგროვონ. მე-12 კლასში უკვე დიდები არიან, როგორც მოსწავლეებს, ისეც ვეღარ აღიქვამ. ზრდასრულები სხედან გაკვეთილზე. X და XI კლასთან შედარებით წელს ბევრად მშვიდად ვარ. ბავშვური სიცელქე ამ ასაკში აღარ ახასიათებთ, საუბრით იგებენ და ითვალისწინებენ. ერთადერთი პრობლემა რაც არის, ესაა სკოლის მეორე ხარისხოვნობა. სკოლაში მეთორმეტეკლასელები ხათრით მომყავს. ძირითადად, ყველა რეპეტიტორებთან დადის და სკოლაში სიარულის მიზანს ვეღარ ხედავენ“,- მაყვალა.

როგორც მასწავლებლების საუბრებიდან ირკვევა, კლასის ხელმძღვანელობა ყველა საფეხურზე შრომატევადია. სირთულეები კი  მოსწავლეთა ასაკის მიხედვით განსხვავდება.


იხილეთ ასევე: არის თუ არა დამრიგებლობა ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული? - პედაგოგები საუბრობენ, რაში და რატომ იხარჯება კუთვნილი ანაზღაურება სკოლაში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება