სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

პედაგოგის პროფესიის პოპულარობა ანაზღაურებასა და სკოლების დეცენტრალიზაციაზეა დამოკიდებული - დირექტორები მოსწავლეებში პროფესიის პოპულარობაზე საუბრობენ
10-02-2023
-
+


მოსწავლეები მომავალი პროფესიის არჩევისას სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ, იქნება ეს: საქმის სიყვარული, ანაზღაურება, სამომავლო პერსპექტივა თუ განვითარების შესაძლებლობა. 

შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისთვის სხვადახვა რამ გაკეთდა. არის უფასო ფაკულტეტები, მაღალმთიან რეგიონში დასაქმებულებს მეტი ანაზღაურება აქვთ, თუმცა მასწავლებელბის ნაწილი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. მათი თქმით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ახალგაზრდებში მასწავლებლობა პოპულარული არ არის. 

ჩვენ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და მათი აზრი მოვისმინეთ - არის თუ არა მოსწავლეებში მასწავლებლის პროფესია პოპულარული, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ არსებული მაჩვენებლის გასაზრდელად და თავად რატომ გადაწყვიტეს პედაგოგობა. 

მანანა ღლიღვაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩემი აზრით, უფრო პოპულარული მიმართულებებია იურიდიული, სამედიცინო, ბიზნესი და ა.შ. რაც შეეხება მასწავლებლობას, ვფიქრობ, ბავშვები ხედავენ, რომ მასწავლებელი ძალიან ბევრს შრომობს, ანაზღაურება კი შედარებით ნაკლებია. იმისთვის, რომ მოსწავლეებში პედაგოგის პროფესია უფრო პოპულარული გახდეს, წვლილის შეტანა სკოლასაც შეუძლია. კერძოდ, ჩვენ მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყოთ და ეტალონად უნდა ვიქცეთ, რომ ბავშვებს ეს კეთილშობილური საქმიანობა შეუყვარდეთ. თავის დროზე, როდესაც მე პროფესიას ვირჩევდი, ეს მასწავლებლებმა განაპირობეს. დედა მყავდა პედაგოგი და პირველი მაგალითის მომცემი ის იყო.

დავით ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებში მასწავლებლის პროფესია პოპულარული არ არის, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ესაა ანაზღაურება, რომელიც ბოლო წლებში დაბალი არ არის, მაგრამ მაინც მეტია სასურველი. გარდა ამისა, მასწავლებელს კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა არ აქვს. ის ნახევარი საუკუნე პედაგოგი უნდა იყოს და ამიტომაც არც თუ ისე მიმზიდველია. ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ძალიან კარგია, თუმცა არჩევანს მხოლოდ ამის გამო არ აკეთებენ. ამ ვითარების გამოსწორება თავად სკოლას არანაირად არ შეუძლია. გამოსავლი დეცენტრალიზაციაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებს რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების უფლება უნდა ჰქონდეთ. სამინისტრომ გააკონტროლოს, მაგრამ სკოლას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს. დირექტორის მოვალეობა მხოლოდ იმით არ უნდა შემოიფრაგლებლოდეს ლურჯი ცარცი იყიდოს თუ თეთრი. არადა, სკოლის პერსონალმა შეიძლება ძალიან კარგად იცოდეს, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა. ამ მხრივ, ნდობა, არ იქნებოდა ურიგო. მასწავლებლის პროფესია რომ მიმზიდველი გახდეს, ამითვის მთელი რიგი საკითხებია გასათვალისწინებელი - ხელფასები მაღალი უნდა იყოს, გარდა ამისა, შედეგების შესაბამისი პრემიებიც უნდა გაიცემოდეს. სხვა კუთხითაც დასაფიქრებელია, თუ რა არის საჭირო.

დავით ეცადეიშვილი, ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესია, სირთულიდან გამომდინარე, ნაკლებად პოპულარულია. თუმცა, უნდა აღინიშოს, რომ ანაზღაურების მატებასთან ერთად, მსურველთა რაოდენობაც გაიზარდა. სკოლას რაც შეუძლია, ამ ინტერესს აღვივებს, მაგრამ დანარჩენი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, ხელფასებს - ამან პრესტიჟი უფრო გაზარდა. მე როდესაც მასწავლებლობა გადავწყვიტე, მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი სურვილი და მოწოდება იყო. მაშინ ანაზღაურება მინიმალური იყო.

გრიშა გიგაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვერ გეტყვით, რომ ამ მიმართულებას მოსწავლეთა 100% ირჩევს, თუმცა მიმაჩნია, რომ 50%-ს ნამდვილად აინტერესებს. ამას თავად კონკრეტული ადამიანების სურვილი, მოწოდება და მოტივაცია განაპირობებს. პირადად მე, ბავშვები, მათთან ურთიერთობა და ჩემი პროფესია მიყვარდა. მე სხვაგანაც ვმუშაობდი, თუმცა როგორც კი შანსი მომეცა, პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე და სკოლაში დავიწყე მუშაობა.

ნანა მიქავა, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

უმრავლეს შემთხვევაში, მოსწავლეები პედაგოგობაზე ფიქრობენ. მშობლებისგანაც გამიგია, რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს სახლშიც კი აქვთ პატარა საკლასო რვეულები და მასწავლებელს ბაძავენ. რაც შეეხებათ მაღალკლასელებს, ვერ გეტყვით, რომ დიდ ნაწილს მასწავლებლის პროფესიას უნდა გაჰყვეს. პირადად მე, მასწავლებლობა ბავშვობიდან მიტაცებდა. მინდა გითხრათ, რომ დღეს პედაგოგები ძალიან დაფასებულები არიან. მათ განვითარების შესაძლებლობა აქვთ, ტარდება ტრენინგები, გადამზადება. მასწავლებელი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს, ასე არიან ჩემი პედაგოგებიც. ყურადღება უნდა გავამახვილო, რომ ძალიან აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს. ახლა სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის „ეტალონი“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილად ეტალონია, ამიტომაც მთელი გუნდის სახელით, მადლობას გიხდით.

შორენა ღუდუშაური, თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მოსწავლეებში ეს პროფესია მეტ-ნაკლებად პოპულარულია. დაინტერესება იმხელა არ არის, რასაც ვისურვებდით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება და უფრო მეტი მსურველი ჩნდება. ჩემი აზრით, ეს იმან განაპირობა, რომ მასწავლებელი, სახელმწიფოს მხრიდან, უფრო დაფასებულია. შესაბამისად, ეს მოსწავლეებზეც მოქმედებს. ადრე უფროსკლასელებში გამოიკვეთებოდა ხოლმე სურვილი, ისინი საკუთარ თავს მომავალში მასწავლებლად ხედავდნენ. მაშინ ხელფასი მაღალი არ იყო. ახლა კი ორივე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. ამიტომაც, მსურველი უფრო ბევრია. ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტთან გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული და არაერთი ძალიან კარგი პრაქტიკანტი მოდის.

ნატო ოდიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ თემაზე ბავშვებს არ გავსაუბრებივართ, უბრალოდ, მათი სამომავლო მიზნების შესახებ დაახლოებით ვიცით. მათ საკუთარი თავი სხვა დარგებში უფრო წარმოუდგენიათ. ამის მიზეზი, ალბათ, თავად მათვე უნდა ჩავეკითხოთ. თითქოს, ეს პროფესია მათთვის საინტერესო აღარაა. რაც შემეხება მე, მასწავლებლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, ინფორმაციის მოძიება. მასწავლებლის დავალების გარეშეც დავდიოდი ბიბლიოთეკებში და ვიკვლევდი ისეთ მასალებს, მაგალითად, როგორიც უძველესი ცივილიზაციების ცხოვრება იყო. ამის ბიძგს კი მასწავლებელი უფრო გაძლევს. მოსწავლეები ახლა უფრო სხვა დარგებისკენ არიან მიდრეკილი.

ნოდარ გოგმაჩაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის დირექტორი:

ბოლო პერიოდში, ვინც მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, დაახლოებით, მესამედი მასწავლებელია. ეს ალბათ მოსწავლეების მიმართ პედაგოგების კეთილგანწყობამ და დამოკიდებულებამ გამოიწვია. ჩემი სკოლის მასწავლებლების 70% ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ასევე, მზარდია მასწავლებლობის მსურველების რაოდენობა.

პლატონ ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: 

რაც უფასო ფაკულტეტები მოქმედებს, ამან პრესტიჟი ცოტა უფრო აწია. ამის გამო ბევრი აბარებს. სკოლას შეუძლია, რომ მოსწავლეებს ამ პროფესიისადმი ინტერესი გაუღვივოს. მასწავლებელი ბავშვებთან სიყვარულით მიდის და შეუძლია, რომ თავისი საქმიანობა უფრო პრესტიჟული გახადოს. ეს აუცილებელია, რადგან, ზოგადად, მაღალმთიან რეგიონებში კადრების დეფიციტია. საჭიროა, რომ ახალგაზრდები ამ პროფესიით დაინტერესდნენ. ზოგჯერ ხდება ისე, რომ რაღაცას დაამთავრებენ და მერე ცდილობენ მასწავლებლობას. ასეთ შემთხვევაში, სჯობს, რომ თავიდანვე ამ მიმართულებით ისწავლონ.

მიხეილ გრიგოლია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის დირექტორი: 

მე პირადად, მასწავლებლობისადმი ინტერესი მხოლოდ გოგონებში შემიმჩნევია. ამის მიზეზი ალბათ ძალიან კომპლექსურია და ასე ცალმხრივად ვერაფერს ვერ დააბრალებ. პედაგოგობა მოსწავლეებში პოპულარული პროფესია არ არის. ბავშვები რომ დაინტერესდნენ, როგორც ჩანს, მასწავლებლები ისეთი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდნენ, როგორც მოსწავლეებს მოსწონთ და ეოცნებებათ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება