სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სკოლის დირექტორობის კანდიდატებს გასაუბრებასა და არჩევნებზე - ინტერვიუ გამოცდილ ხელმძღვანელებთან
01-02-2023
-
+


სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პირველი ეტაპი ტესტირებაა, მეორე - გასაუბრება. მერე კი არჩევნებზე გასვლა მოუწევთ, რომელსაც იმ კონკრეტული სკოლის სამეურვეო საბჭო ატარებს, სადაც დირექტორობის კანდიდატებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.

რა სახის იქნება დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება და რისთვის უნდა იყვნენ მზად ისინი, ვისაც ტესტირება გასულ წლებში აქვს ჩაბარებული ან ახლა გადალახავს სავალდებულო ზღვარს, ჯერ არავინ იცის. მოგეხსენებათ, გასაუბრების ეტაპის გავლა ყველას ევალება, ვისაც დირექტორობა სურს.

რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ დირექტორების მსურველებს გასაუბრებაზე, ამის გასაგებად etaloni.ge იმ ამჟამინდელ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს ესაუბრა, ვინც ტესტირება წინა წლებში ჩააბარა და გასაუბრებაც გაიარა.

თბილისის 192-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნატო გოჩალეიშვილი დაწვრილებით გვიამბობს იმ ეტაპების შესახებ, რაც 2014 წელს გაიარა და იმედი აქვს, რომ სკოლის დირექტორად მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

ნატო გოჩალეიშვილი: გასაუბრებაზე უნდა დაგვესახელებინა სკოლები, სადაც მუშაობა გვინდოდა და უნდა წარგვედგინა ამ სკოლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, ანუ როგორ ხედავდი იმ სკოლის განვითარებას. სამი სკოლის ჩაწერის უფლება გვქონდა, თუმცა შეგეძლო, მხოლოდ ერთი მიგეთითებინა. თუ სამი სკოლა გეწერა, სამივე სკოლაზე უნდა გქონოდა შესაბამისი განვითარების გეგმა, რას და როგორ ფიქრობდი.

თუ ეს ის სკოლა იყო, სადაც მანამდე მუშაობდი, უნდა დაგეწერა, რა გქონდა გეგმაში, დაძლიე თუ არა ეს გეგმა, რა გააკეთე, რა დაგრჩა გასაკეთებელი, რას ფიქრობდი - ამოწურე თუ არა შენი თავი და შესაძლებლობები, თუ კიდევ დაგრჩა რაიმე განსახორციელებელი.

თუ სხვა სკოლა გქონდა მითითებული, შორი დისტანციიდან, რაც შეგეძლო, უნდა შეგესწავლა იმ სკოლის შესახებ ინფორმაცია, სხვადასხვა მონაცემები და დაგეწერა, რას ფიქრობდი, როგორც შეიძლებოდა ამ სკოლის განვითარება - რა კუთხით გააძლიერებდი ან დახვეწავდი რაიმეს. ანუ ფაქტობრივად სწავლობდი იმ სკოლას, რომელსაც წარადგენდი და წერდი, რას გააკეთებდი იქ.

- თავად რამდენი და რომელი სკოლები დაასახელეთ?

- სამი სკოლა წარვადგინე - ერთი ის, სადაც დირექტორი ვიყავი, მეორე - უფრო მეტკონტინგენტიანი და მესამე - „კომაროვის“ სკოლა. თავად მაქვს „კომაროვის“ სკოლა დამთავრებული და ვთვლიდი, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ მომეცემოდა იმ სკოლაში მუშაობის შესაძლებლობა, რომელიც დღესაც ძალიან მეამაყება. დავწერე, როგორ ვხედავდი ჩემს თავს იქ, რა შესაძლებლობები მქონდა და ა.შ. შედარებით მეტკონტინგენტიან სკოლაზე ვფიქრობდი, რომ რადგან მცირეკონტიგენტიანში თავი გავართვი, ვეცდებოდი, ახლა უფრო დიდ გამოწვევას შევჭიდებოდი. რაც შეეხება იმ სკოლას, სადაც დირექტორი ვიყავი, წარვადგინე ის დოკუმენტაცია, რაც გავაკეთე, რაშიც თავს წარმატებულად ვგრძნობდი და რა ვერ შევძელი, კვლავ იქ დარჩენის შემთხვევაში რას გავაკეთებდი. სულ ეს იყო ჩვენი გასაუბრება.

- ამ სამიდან რომელ სკოლაში დაინიშნეთ საბოლოოდ?

- სამინისტრო დასახელებული სკოლებიდან მხოლოდ ერთში წარგადგენს. რომელ სკოლაშიც გამიშვეს არჩევნებზე, იქ სამეურვეო საბჭომ მე არ ამირჩია. გამოვიდა, რომ ამ სამი სკოლიდან არც ერთში ამირჩიეს. მერე კი უცბად, „დისკრეციის წესით“ დამნიშნეს 192-ე საჯარო სკოლაში. ისე მოხდა, რომ სასწავლო წელი იწყებოდა, სკოლები დირექტორების გარეშე იყვნენ დარჩენილი და სწრაფად იყო გადაწყვეტილებები მისაღები. ეს იყო 2014 წლის სექტემბერი.

განათლების სამინისტრომ წარმადგინა იმ სკოლაში, რომელიც მე მქონდა მითითებული და იყო იმაზე მეტკონტიგენტიანი, სადაც მანამდე ვმუშაობდი. მერე კი იმავე სიდიდის სკოლაში დამნიშნეს, როგორიც ეს დიდკონტინგენტიანი იყო. აქ რომ მოვედი, დაახლოებით 1 100 ბავშვი ირიცხებოდა, ახლა კი 2 400-სს გადავცდით.

- როგორ ფიქრობთ, სამეურვეო საბჭო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და რამდენად კომპეტენტურია?

- ვერც ერთ არჩევნებზე გავექეცით იმას, რომ სამეურვეო საბჭოზე დიდი ზეგავლენა აქვს მოქმედ დირექტორს და მის ნებას. თუ იმ სკოლაში მოქმედი დირექტორი გამოცდაჩაბარებულია, სერტიფიცირებულია და კენჭს იყრის, მასთან ერთად სხვა კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში, სხვებს ფაქტობრივად შანსიც არ აქვთ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. კი, იყო ისეც, რომ მოქმედი დირექტორი არ აირჩიეს, მაგრამ ამის შანსი ძალიან დაბალია. თუ მოქმედი დირექტორი მოსწონს კოლექტივს, უმეტეს შემთხვევაში ისევ მას ირჩევენ. თუ კონფლიქტური სიტუაცია და არეულობაა სკოლაში, ამ შემთხვევაში შეიძლება პირიქით, არ აირჩიონ.

თუ ხდება ისეთ სკოლაში წარდგენა, სადაც კანდიდატები თანაბრად უცნობები არიან იმ სკოლისთვის, სამეურვეო საბჭო მართლა ისმენს და ცდილობს, ობიექტური იყოს. ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში არიან მონაწილეები და იმის მიხედვით ხდება არჩევა, რა შთაბეჭდილებასაც მოახდენს დირექტორი სამეურვეო საბჭოზე. თუმცა, მთელი რიგი ნიუანსებია და არც არჩეულ კანდიდატს უჩნდება უსამართლობის განცდა. ბევრი დეტალია ამ პროცესში...

- გასაუბრება ვისთან გაიარეთ, ცენტრალიზებული იყო ეს პროცესი?

- ორივე გასაუბრება, 2007 წელსაც და 2014 წელსაც, განათლების სამინისტროში გავიარე. იქ იყო შექმნილი რამდენიმე კომისია. დანომრილი იყო კომისიები და იცოდი, რომ მაგალითად, ნომერ მეორე კომისიასთან უნდა გაგევლო გასაუბრება ამა და ამ საათზე, იცოდი შენი შესვლის დრო. იმ კონკრეტულ საათს შეიძლება წუთები გადასცილებოდა, თუმცა საკმაოდ ორგანიზებული იყო ყველაფერი.

ამ კომისიაში შემთხვევით შეიძლება ვიღაცას იცნობდე ან მისი სახელი და გვარი იცოდე. მაგალითად, მინისტრის მოადგილე რომ დაგხვდება, კი იცი, რომ მინისტრის მოადგილეა, თუმცა მაინც არ იცნობ. კომისიაში, თუ არ ვცდები, ხუთი ადამიანი იყო. გეკითხებიან, რატომ გინდა, იმ სკოლის დირექტორობა. საუბრის დროს სხვა შეკითხვაც უჩნდებათ კომისიის წევრებს, რაღაცების დაზუსტებას გთხოვენ. შეიძლება, სიტუაციური მაგალითიც მოგცენ - ასეთ პრობლემურ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდი და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდი. ან პირდაპირ მაგალითი შემოგთავაზონ - ამა და ამ სკოლის დირექტორმა ასეთ სიტუაციაში ასეთი რამ გააკეთა და როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო მისი ქმედებაო.

ყველა სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს. რომ გგონია, ერთნაირი სკოლაა, მათაც ინდივიდუალური სპეციფიკა აქვთ და შენ თუ კარგად არ გაქვს ის სკოლა შესწავლილი, რომელზეც აცხადებ, რომ მისი დირექტორობა გინდა, შეიძლება, კომისიის რომელიმე წევრმა გკითხოს, იცით, რომ ამ სკოლას ეს პრობლემა აქვს ან ამა და ამ საკითხში ძალიან ძლიერია, მაგალითად, მათემატიკაში და ამ დროს შენ უცხო ენების გაძლიერება გიწერია შენს გეგმაში... თუ არ იცნობ სკოლას და მხოლოდ ყველა სკოლაზე რაღაც მორგებული გეგმით გადიხარ, არ გამოგივა.  

- კიდევ გსურთ დირექტორობა? რა მოლოდინები გაქვთ?

- არ ვიცი, როდის გვექნება გასაუბრება. ჯერ უნდა გაირკვეს, რამდენმა ჩააბარა გამოცდა და მერე მოგვიწევს განაცხადების შევსება, სადაც მივუთითებთ, რომელი სკოლები გვინდა და დაინიშნება გასაუბრებები. სასურველია, ახალი სასწავლო წლის დასაწყისამდე მოესწროს ეს ყველაფერი. წინაზე, ჩემი დანიშვნა მოხდა უშუალოდ სწავლის დაწყების წინ, რაც ძალიან მოუხერხებელი იყო, რადგან ფაქტობრივად ვერაფრის დაგეგმვა მოვასწარი და რაც დამხვდა, იმით უნდა გამეგრძელებინა. 15 სექტემბერს რომ სწავლა იწყება და შენ 11-ში დაგნიშნავენ, ვერაფერში ჩარევას ვერ ასწრებ. კარგი იქნება, თუ ზაფხულის პერიოდში გაირკვევა, რომ დირექტორს საშუალება ჰქონდეს, ნახოს, რა ხდება სკოლაში და ა.შ.

- ახლა რომელ სკოლებზე შეაჩერებთ არჩევანს ?

- შენს სკოლას ხარ შეჩვეული, რაღაც დაწყებული გაქვს და ბოლომდე არ არის მიყვანილი. გინდა, ამ შენი გეგმის მუშაობის შედეგი დაინახო, თუმცა კანონში ჩადებულია, რომ დირექტორი ერთ სკოლაში მხოლოდ ორი ვადით უნდა აირჩეს და ეს იმიტომ, რომ შეჩვევა მთლად კარგი არ არის. ზოგჯერ ეჩვევი ისე, რომ ვეღარც კი ხედავ რაღაც მინუსებს, რასაც უცხო თვალი ძალიან ადვილად დაინახავს. მესმის, რომ არ სიამოვნებთ უკვე მორგებული სიტუაციის შეცვლა, ეს არ არის იოლი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ამიტომ, მე განვითარების გეგმას შევადგენ ჩემი სკოლისთვისაც და სხვა სკოლასაც მოვიფიქრებ. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვარ ჩაფლული საქმეში, რომ სხვაგან სად ვხედავ ჩემს თავს, ამაზე ჯერ არ დავფიქრებულვარ, თუმცა ალბათ უნდა დავფიქრდე, უკვე დროა.

დირექტორობის გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა - გაიგეთ, სად ნახავთ ტესტის შედეგებს

2014 წელს სკოლის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრების ამბავს იხსენებს, თბილისის ნოდარ ახალკაცის სახელობის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მარინა გიგაურიცდა ამბობს, რომ ისევ იმ სკოლის დირექტორობა სურს, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს.

მარინა გიგაური: როგორც მახსოვს, გასაუბრებაზე მკითხეს სკოლის სტრატეგიულ გეგმაზე, ხედვაზე, გამოცდილებაზე - რა მომცა ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებამ და ა.შ. უნდა აღმენიშნა, როგორ მესახებოდა სკოლის ხელმძღვანელობა, რას და როგორ გავაკეთებდი. მახსოვს, ძალიან კმაყოფილი გამოვედი გასაუბრებიდან.

მანამდეც ვასრულებდი დირექტორის მოვალეობას და როცა გამოცდა ჩავაბარე და გასაუბრება გავიარე, მერე უფრო გავიმყარე პოზიციები. გასაუბრება განათლების სამინისტროში ჩატარდა. დაბარებულები ვიყავით სხვადასხვა დროს, კონკრეტულ საათზე. ინდივიდუალურად ხდებოდა გამოძახება.

- სტრატეგიული გეგმა დაწერილი სახით გქონდათ წარდგენილი?

- ამის ვალდებულება არ გვქონდა, თუმცა, რომ დამხმარებოდა ამ გასაუბრებაზე ჩემთვის მქონდა მონიშნული მნიშვნელოვანი ინფორმაციები. ოფიციალურად არაფერი წარგვიდგენია.

უამრავი რამ მქონდა წაკითხული დირექტორების გამოცდილებებზე. სპეციალური წიგნებიც კი გამოიცა იმ პერიოდში და მე აბსოლუტურად ყველაფერს გავეცანი. ვკითხულობდი თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობებზე, როგორ უნდა წარმართოს დირექტორმა სასწავლო პროცესი და ა.შ. როდესაც საქმე გიყვარს და პროფესიონალი ხარ, ყოველთვის გამოგივა ყველაფერი და სიყვარულსაც დაიმსახურებ - პედაგოგების, ბავშვების სიყვარულს...

სამი სკოლა მქონდა ჩაწერილი. მერე კი ერთ-ერთში გამიშვეს არჩევნებზე. თუ არ ვცდები, ეს იყო სომხურ-რუსულისკოლა. კოლექტივზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე, მაგრამ მათ შორის ბევრმა არ იცოდა ქართული ენა და მითხრეს, როგორ მოახერხებ კომუნიკაციასო. ვუპასუხე, ხომ არიან პედაგოგები, რომლებმაც კარგად იციან ქართული და არ უნდა იყოს პრობლემა, რომ მათ გამიწიონ დახმარება-მეთქი. მერე კი სამინისტროდან თვითონ გამომიძახეს და დამნიშნეს. ასე რომ, დანიშნული დირექტორი ვარ. იმ სკოლაში კი, სავარაუდოდ, ენის პრობლემის გამო არ ამირჩია სამეურვეო საბჭომ. ბრძანებით რომ დავინიშნე მე-9 საჯარო სკოლაში, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ მაინც არ გამიჭირდა.

სიმართლე გითხრათ, თავიდან პროტესტსაც ჰქონდა ადგილი, რადგან იქ დირექტორად ერთი პირი თითქმის ოცი წელი იყო და პედაგოგებს გაუჭირდათ ახალ კადრთან შეგუება, მაგრამ მერე, რომ ნახეს, მმართველობის როგორი სტილი მქონდა, ყველაფერი შეიცვალა და ახლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

- ისევ მე-9 სკოლის დირექტორობა გსურთ, თუ სხვაგან წასვლას გეგმავთ? ფიქრობთ, სამეურვეო საბჭო მხარს დაგიჭერთ ?

- არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ყველასთან და ვნახოთ. დღემდე იმდენად გულითადად ვაკეთებდი ყველაფერს... ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი პროფესია. მოსვლის დღიდან, თუკი რამე შეიძლებოდა... მართლა, აგური აგურზე დავდე. სკოლაში ბევრი რამ დამხვდა გასაკეთებელი. თითქოს კარგ მდგომარეობაში იყო ვიზუალურად, მაგრამ რომ ჩავუღრმავდი, ბევრი რამ იყო გასარემონტებელი, რაღაც დასახვეწი და მე ეს შევძელი. ჰაერზე არ მოდის კეთილდღეობა - წინდახედულება, გათვლები და სიფრთხილე უნდა. დამოკიდებულებებს აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა, პირველ რიგში, კანონმორჩილი უნდა იყო.

ახლაც მივმართე ინფრასტურქტურის სააგენტოს რემონტთან დაკავშირებით, რომ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით იყოს სკოლა აღჭურვილი და გაკეთებული. სწავლის ხარისხი შესანიშნავი გვაქვს და მომყვებიან ბავშვებიც, მშობლებიც. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი ისევ გვჭირდება. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

იხილეთ ასევე:

საჯარო სკოლის ხელმძღვანელები დირექტორობის სერტიფიცირებაზე საუბრობენ


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება