სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„მხოლოდ დიპლომის აღებით არ განისაზღვრება ჩვენი პროფესია! ჩვენ მასწავლებლები ვართ!“ - დონალდ ძაგანია, ბანძის საჯარო სკოლის დირექტორი
27-10-2022
-
+


ოთხ ათეულ წელზე მეტია მომავალი თაობების განათლების სამსახურში დგას; ისტორიის წამყვანი მასწავლებელია და ბანძის საჯარო სკოლასაც ხელმძღვანელობს. Etaloni.ge-ს ესაუბრება, თუ როგორ შეიცვალა მიდგომები განათლების სისტემაში და იმასაც დასძენს, რომ უმთავრესი სწორედ მოსწავლეთა ინტერესებია; სხვათა შორის, ამის გამო კოლეგებიც გაუნაწყენებია, მაგრამ პრიორიტეტები არ შეუცვლია და აცხადებს, ყველაზე რთული ქცევის მოსწავლესთანაც ჭრის მშვიდი საუბარიო.

დიახ, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლაში „მისი უდიდებულესობა“ - მოსწავლეები გახლავთ, რომლებიც ყოველ წელს დიაგნოსტიკურ ტესტირებას გადიან და შესაბამისად, პედაგოგიურმა საზოგადოებამ ზუსტად იცის, თუ რა მიმართულებით უნდა შეუწყოს ბავშვებს ხელი.

აკმაყოფილებს თუ არა დირექტორის ახალ სტანდარტს? რატომ აღარ აპირებს გამოცდაზე გასვლას და როგორ უწყობს თაობათა ცვლას ხელს ბანძის საჯარო სკოლაში? - ხელმძღვანელი დონალდ ძაგანია etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობს.

- ბატონო დონალდ, როგორ შეეგუვნენ მოსწავლეები ყოველდღე სკოლაში სიარულს? პანდემიამ ამ მხრივ ბავშვები ცოტა გააზარმაცა, არ მეთანხმებით?

- ახალს არაფერს ვიტყვი - დისტანციურს ყოველთვის სჯობს პირისპირ სწავლება და დასწრებითი ფორმატი სწავლების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია! ფაქტია, საგაკვეთილო პროცესისას დგინდება მოსწავლის საჭიროებები, რასაც ონლაინები ართულებს. მოსწავლეც, მასწავლებელიცა და მშობელიც კმაყოფილია, სასწავლო წელი სრულად დასწრებით ფორმატში რომ მიმდინარეობს.

- თუმცა, მანამდე დიაგნოსტიკური ტესტირება უნდა ჩატარებულიყო სასწავლო დანაკარგების დასადგენად, რაც ტექნიკური საკითხების გამო გადაიდო. რეალურად, დგას საქართველოს სკოლებში მსგავსი ტესტირების აუცილებლობა?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენს სკოლაში რამდენიმე წელია, ტრადიციულად, ვატარებთ დიაგნოსტიკურ ტესტირებას; როდესაც კლასიდან კლასში გადადის მოსწავლე, მასწავლებელმა უნდა იცოდეს, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მასთან, რათა დავსახოთ სწავლების ეფექტიანი გზები. სექტემბერშიც ჩავატარეთ ტესტირება და აქედან გამომდინარე, ჩვენთან ყველა მასწავლებელმა იცის, როგორი მოსწავლეები სხედან კლასში; სამუშაო გეგმებიც ისეა აგებული, როგორც ამას მოითხოვს მოსწავლეთა ინტერესები თუ საჭიროებები.

- და რა სურათი მიიღეთ, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა - როგორი მოსწავლეები სხედან ბანძის საჯარო სკოლაში, მერხებთან?

- ამ ორი წლის განმავლობაში გარკვეული შეფერხებები ჩანს, თუმცა არა იმდენად, რომ გამოსწორება არ შეიძლება; სიმართლე გითხრათ, გაგვიკვირდა, ბევრი მიმართულებით იმაზე უკეთესი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა, ვიდრე ველოდით და გამოდის, ჩვენს კოლექტივს ძალიან კარგად უმუშავია ონლაინების დროს. მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში არსებულ დანაკლისს აუცილებლად შევავსებთ.

- სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სიახლეებს - ჭადრაკის გაკვეთილებს, საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფას, პროექტებით სწავლებას როგორ აფასებთ და ზოგადად, საქართველოს სკოლების რეალობიდან გამომდინარე, შედეგისმომტანი თუ იქნება მსგავსი ინიციატივები?

- ჭადრაკის სწავლება ნეტა უფრო ადრეც ყოფილიყო სავალდებულო ხასიათის... შევნიშენთ, რომ მოსწავლეთა აზროვნების განვითარებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ჭადრაკის სწავლებას და მართალია, სპეციალისტთან დაკავშირებით შეგვექმნა მცირე პრობლემა, მაგრამ შევძელით კვალიფიციური კადრის მოძიება; რაც შეეხება პროექტებს - ინტერესით ეკიდებიან მოსწავლეები და მჯერა, უდავოდ, გაამართლებს.

- თავდაცვის გაკვეთილებიც ხომ არ ტარდება თქვენთან?

- არჩევით საგნად გვაქვს, რადგან, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მიმაჩნია, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია; პირადად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ბავშვები ეროვნული ინტერესების დამცველებად გაიზარდონ და იცოდნენ სამშობლოს სიყვარული.

- იზრდება პატრიოტი თაობა, ბატონო დონალდ?

- იცით, რა მახარებს? მე კომუნისტების პერიოდშიც დირექტორი გახლდით და დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან თავისუფალი, ლაღი ახალგაზრდობა მოდის, რომელსაც მივესალმები. ადრე ბავშვები ისე დაუსჯიათ, მათი ღირსება შელახულა, მაგრამ დღეს ყველაფერი შეცვლილია და მას შემდეგ, რაც ბავშვების ინტერესების მაქსიმალურად დაცვა დავიწყეთ, უკეთეს შედეგებს მივაღწიეთ.

არიან ცელქი ბავშვები, წესრიგის დარღვევისკენ მიდრეკილები, მაგრამ მათ შემთხვევაშიც კი ჭრის საუბარი; არ არის საჭირო ზედმეტი სადამსჯელო ფორმების გამოყენება, ასეთ დროს, გამოდის, უპატივცემულობას გამოვხატავთ ბავშვის მიმართ, რაც მიუღებელია.

დაცულია ჩვენს სკოლაში ბავშვის უფლებები და თითოეულმა მათგანმაც ზედმიწევნით იცის საკუთარი უფლებების შესახებ, რომელსაც ვერავინ დაარღვევს - ჩვენ, ყველა, ერთობლივად ვიცავთ მოსწავლის უფლებებს.

- გამოდის, უზენაესია მოსწავლის უფლებები თქვენს სკოლაში...

- დიახ და ეს ძალიან კარგია; მსგავსი მიდგომა გვეხმარება ბავშვების თავისუფალ აღზრდაში და ჩვენი სიტყვაა მხოლოდ საჭირო, რათა ბავშვი დავაჯეროთ.

- სულ მოსწავლეების უფლებებზე საუბრობთ და ამ დროს სადაა პედაგოგების უფლებები, ბატონო დონალდ? ოქროს შუალედი გაქრა?

- მესმის თქვენი კითხვის არსი, მაგრამ ჩემი პასუხი ასეთია: ის არის ბავშვი, აღსაზრდელი, ჩვენ კი ვართ მასწავლებლები! ჩვენი ვალია, განვუვითაროთ ბავშვებს დადებითი თვისებები და ის, რაც ნაკლებად მოსაწონია, გავხადოთ მოსაწონი - ჩვენ უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა! არ დაგიმალავთ, ზოგიერთი ჩემი კოლეგის წყენაც კი დამიმსახურებია - ზედმეტად იცავთ ბავშვებსო, თუმცა დრო რომ გასულა, თავადვე უღიარებიათ, რომ მართალი ვიყავი. თავადაც პედაგოგი ვარ, ისტორიის წამყვანი მასწავლებელი...

- სტატუსით თუ ვიმსჯელებთ, მასწავლებელთა გამოცდის წინააღმდეგი არ უნდა იყოთ...

- მხოლოდ დიპლომის აღებით არ განისაზღვრება ჩვენი პროფესია. ჩვენ მასწავლებლები ვართ და განვითარება გვჭირდება - 40 წელზე მეტია პედაგოგი ვარ და ახლაც, თუ არ მოვემზადე, გაკვეთილზე ვერ შევალ! ხომ არ შევრცხვები ბავშვების წინაშე? მოსწავლეები ჩემგან ელოდებიან „ახალს“ და აუცილებლად უნდა მიიღონ ეს.

- როგორც დირექტორი, ახალ სტანდარტს თუ აკმაყოფილებთ?

- ყველა მოთხოვნას ნამდვილად არ ვაკმაყოფილებ, მაგრამ ძალიან გამიხარდა, სკოლის მართვაში თანამედროვე მიდგომები რომაა გათვალისწინებული; დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს ყველა ნიუანსს, სკოლის სუსტ და ძლიერ მხარეებს, აბა, სხვაგვარად ვერ იქნები ლიდერი!

თვითონ დირექტორი უნდა იძლეოდეს დისციპლინირებულობის, სამართლიანობის, ობიექტურობის, ზნეობრიობის მაგალითს!

- აპირებთ გამოცდაზე გასვლას?

- არა! ასაკი არ მიწყობს ხელს და დროა, ჩემი წასვლის...დაე, მოვიდეს ახალგაზრდა... მივესალმები, მხარში დავუდგები და საკუთრ გამოცდილებასაც სიამოვნებით გავუზიარებ

- თაობათა ცვლა სკოლაში საკმაოდ მტკივნეული პროცესია, ბატონო დონალდ.

- მე მხოლოდ მივესალმები... მივიღე სკოლაში ახალგაზრდები, მათემატიკის მასწავლებელი ქუთაისიდან ბანძაში დავასახლე, რომ არ გამქცეოდა... ზოგადად, დღევანდელ განათლების სისტემაში, გასული საუკუნის 80-იან წლებთან შედარებით, ბევრი რამაა შეცვლილი და მე ეს ძალიან მომწონს.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ...

- პრაქტიკაზე დაყრდნობით გეტყვით: შეიცვალა დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ, შეიცვალა გარემო, ცხოვრების პირობები... გული მწყდება, რომ ბავშვების უმრავლესობა დილას არ საუზმობს, თუმცა ესეც ცხოვრებამ მოიტანა... ჩვენ, პედაგოგებმა თავად დავინახეთ ცვლილებების საჭიროება.

- მათ შორის დასჯის მეთოდების მხრივაც ხომ?

- თუნდაც... ფაქტია, დასჯის ის მეთოდები, ახლა არ მოქმედებს... კი, ბატონო, ვიცით, „აკაკის თავგადასავლიდან“, როგორ სჯდინენ ბავშვებს, გაიზარდა აკაკი, მაგრამ ახლა მოსწავლეს ფართო გასაქანი უნდა მივცეთ, რათა ნიჭი განავითაროს და შეძლოს წარმატებების მიღწევა... ამ ყველაფრის ფონზე კი ერთი რამ მაინც დარჩა უცვლელი - ადრეც და ახლაც, ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ, იყვნენ სამშობლოს მოყვარულები... უყვარდეთ მრავალტანჯული ჩვენი ქვეყანა, იყვნენ სამართლიანები, ობიექტურები და არასოდეს უსურვონ სხვას ის, რასაც სხვისგან თვითონაც არ მოისურვებდნენ.


კომენტარები


ეტალონი
გთავაზობთ ქალაქ თბილისის კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

იხილეთ  მეორე ეტაპის მონაწილეთა სია
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სიახლეები
ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაცია საკვირაო სკოლების წლიურ სამოქმედო სასწავლო გეგმას გაეცნობა
საგნობრივი სტანდარტების რევიზია აპრილში დასრულდება
პიროვნება
სკოლები
ექსკურსიის დასკვნითი ეტაპი მოიცავდა ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სტუმრობას
აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ საჭირო უნარებს სძენს
მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბეკურიშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა
ღონისძიებებს მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედობითობით მოიხიბლნენ
მეხუთეკლასელებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით ხოტბა შეასხეს შემოდგომის მშვენიერებას
საინტერესო
მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს სხვა ბავშვების უხამსი ფოტოების შესაქმნელად იყენებენ - ბრიტანეთში სკოლებს ქმედებისკენ მოუწოდებენ
საინტერესოა, როგორია შეფასების სისტემა საზღვარგარეთ? -  წარმოგიდგენთ, 4 ქვეყნის გამოცდილებას
დედამ ბიჭისთვის თმის შეჭრა გადაწყვიტა, რადგან შეეშინდა, რომ მის შვილს სკოლაში საყვედურს გამოუცხადებდნენ
ბავშვები კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ
სიახლეები
საზოგადოება