| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს, 2 დეკემბერს გააცნო საზოგადოებას.
გთავაზობთ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის სრულ დოკუმენტს:
1. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. საქართველოში ზოგადმა განათლებამ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მრავალი სტრუქტურული ცვლილება განიცადა – დაემატა ახალი საგნები, ინოვაციური მოდულები, ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და სხვა. თუმცა, განათლების მთავარი მისია – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე და აქტიური მოქალაქის აღზრდა – გამოწვევად დარჩა. სწავლა-აღზრდის ერთიანი პროცესი, პრაქტიკულად, აღარ ითვალისწინებს აღმზრდელობით კომპონენტს. გადატვირთული სასწავლო გეგმების, საათობრივი წნეხისა და აკადემიური შეფასების დომინირების ფონზე, სკოლას აღარ რჩება რესურსი ბავშვის პიროვნული, ღირებულებითი და სამოქალაქო განვითარების უზრუნველსაყოფად.
დღეს გამოწვევად რჩება სასწავლო შინაარსების არათანაბარი გადანაწილება, ჭარბი აკადემიური დატვირთვა, ნაკლები ინტერაქცია და პრაქტიკული გამოცდილება. სკოლის საბაზო საფეხური ყოველთვის ვერ ფუნქციონირებს როგორც ფუნდამენტური გარემო, სადაც მოსწავლე იღებს აუცილებელ ცოდნასა და ზოგად უნარებს. ვერ ხდება მოსწავლის
პროფესიული ორიენტაცია, შესაბამისად, მოსწავლეს უჭირს საშუალო საფეხურზე საკუთარი ინტერესებისა და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, რაც ხელს უშლის სკოლის მხრიდან მისი პროფესიული ან აკადემიური არჩევანის მხარდაჭერას.
2. სასწავლო რესურსები. თავისუფალმა საბაზრო მექანიზმებმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზო ცოდნას, განუვითარებს სისტემური აზროვნებისა და ღრმა გაგების უნარს. დღეს სახელმძღვანელოთა ნაწილი მოსწავლეს მხოლოდ ფრაგმენტულად აწვდის სასწავლო მასალას. სასწავლო რესურსები მოკლებულია შინაარსობრივ მთლიანობასა და სისტემურ თანმიმდევრობას, რაც ვლინდება საფეხურებსა და საგნებს შორის სუსტი კავშირებით და ინტეგრაციის დაბალი ხარისხით. სახელმძღვანელოები უმეტესწილად ჩამოშორებულია სახელმწიფოებრივი ხედვისა და ეროვნული იდენტობის ღირებულებით საფუძვლებს. ამასთან, ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე საგანში გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთიან მიდგომას და ვერც სწავლის საერთო ხარისხს.
3. სასკოლო ცხოვრება. თანამედროვე სკოლაში სასწავლო პროცესი უმეტესწილად ორიენტირებულია სასწავლო გეგმის შესრულებაზე, საათობრივ ნორმებსა და შეფასების პროცედურებზე. მიუხედავად ცალკეული ინიციატივებისა, სასკოლო ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, ვერ სცდება კლასის სივრცეს და სრულყოფილად ვერ პასუხობს ბავშვის ინტერესებს, შემოქმედებით პოტენციალსა და სოციალური უნარების განვითარებას. შედეგად, განსაკუთრებით მაღალ საფეხურებზე, მოსწავლეთა მოტივაცია იკლებს, სწავლა აღიქმება როგორც ვალდებულება და არა პიროვნული თვითშეცნობის პროცესი. ამასთანავე, მოსწავლეების დიდი ნაწილი სკოლის გარეთ ეძებს თვითრეალიზაციის სივრცეს. ეს მომსახურება ხშირად ფინანსურად და გეოგრაფიულად არ არის ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის, რაც ზრდის სოციალურ უთანასწორობას.
4. კავშირი განათლების საფეხურებს შორის. ქართული განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევაა ურთიერთკავშირის ნაკლებობა განათლების სხვადასხვა საფეხურს – სკოლამდელ აღზრდასა და სკოლას, სკოლასა და პროფესიულ თუ უმაღლეს განათლებას შორის. ეს ქმნის ფრაგმენტულ სისტემას, სადაც განათლება აღარ არის უწყვეტი პროცესი.
ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს სკოლამდელ და დაწყებით საფეხურებს შორის უწყვეტობის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პროცესი იწყება სკოლის ეტაპამდე და მოითხოვს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა თუ სასკოლო მზაობის დიაგნოსტირებას, პრაქტიკაში ეს მიდგომა ხშირად ვერ ხორციელდება.
დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლაში სწავლას იწყებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ საკმარისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის შესაბამისი უნარი ან სასწავლო პროცესისთვის საჭირო თვითდისციპლინა. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ართულებს სწავლა-სწავლების პროცესს, აფერხებს მოსწავლის ადაპტაციას სკოლაში, აქვეითებს მოსწავლის თვითშეფასებას და ზრდის სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებების ფორმირებას.
სასკოლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება საშუალო საფეხურზე, სადაც მოსწავლე უნდა ემზადებოდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მისაღებად. სწორედ ამ ეტაპზე მოსწავლის მხრიდან სპონტანურად გადაწყვეტილების მიღების პრობლემა წარმოიქმნება. დამამთავრებელ კლასებში სწავლების პროცესი ხშირად კარგავს სკოლასთან კავშირს. გამოწვევაა ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო პროგრამების თანხვედრა, რის გამოც მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლის მიღმა იწყებს ცოდნის მიღებას. ამასთანავე, სკოლა ვერ სთავაზობს მოსწავლეს პროფესიული განათლების მხარდამჭერ მექანიზმებს: არ არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროფორიენტაციის სისტემა, კარიერის დაგეგმვის სერვისები, ინდივიდუალური კონსულტაციები ან პროფესიული პრაქტიკის გამოცდილება.
5. მასწავლებელთა კვალიფიკაცია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა, მიუხედავად მისი მასშტაბურობისა, ბოლომდე ვერ პასუხობს რეალურ საჭიროებებს. მასწავლებელთა რესურსის თვალსაზრისით, ქვეყანაში შეიმჩნევა საკადრო სიჭარბე გარკვეული დისციპლინების მიმართულებით, მაშინ როდესაც ზოგიერთ დისციპლინაზე ხშირად კადრების დეფიციტია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებული პროგრამები და გადამზადების მექანიზმები ხშირად ვერ პასუხობს ვერც მასწავლებლის და ვერც სკოლის საჭიროებას. საგნობრივი გადამზადებები, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მექანიზმები უმეტესწილად მორგებულია მოკლევადიან საჭიროებებზე და არ არის ორიენტირებული გრძელვადიან პროგნოზებსა და შრომის ბაზრის ანალიტიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი საგნების დანერგვასა და ამ მიმართულებით მასწავლებლების გადამზადებას, მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლები სისტემური მხარდაჭერა აქვს ფუნდამენტურ საგნებს – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას.
6. სასწავლო გარემო. ბოლო წლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ასობით პროექტის მიუხედავად, სწავლისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დიდ ქალაქებში სკოლები ხშირად გადატვირთულია მოსწავლეებით. სოფლებსა და მცირე დასახლებებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული რესურსი კლებულობს დემოგრაფიული შემცირების, მოსახლეობის ურბანულ ცენტრებში გადინების პარალელურად. ამასთანავე, სისტემაში მწვავედ დგას სპორტული ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიების, ბიბლიოთეკების, კვების ობიექტების, კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებისა და ადაპტირებული გარემოს დეფიციტი, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხზე, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობასა და მასწავლებელთა სამუშაო გარემოზე. ეს, თავის მხრივ აფერხებს
სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ვერ ქმნის იმ სივრცეს, რომელიც სრულყოფილად შეუწყობს ხელს ბავშვის აკადემიურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებას. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის არსებობის მიუხედავად, კვლავაც სახეზეა ბულინგის პრევენციისა და მოსწავლეთა შესაბამისი ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის სერვისების
გაუმჯობესების საჭიროება.
7. სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა. ინკლუზიური სწავლების კონცეფციის დანერგვამ, სამართლებრივი და ადმინისტრაციული საფუძვლების გაჩენამ, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გაზარდა განათლების ხელმისაწვდომობა. თუმცა, განათლების სისტემამ ვერ უზრუნველყო საჭირო რაოდენობისა და კვალიფიკაციის სპეციალისტთა მოზიდვა და ეფექტიანი განაწილება, რაც აუცილებელია ინკლუზიური განათლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის. სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ქცევისა და მეტყველების თერაპევტები და სხვა სპეციალისტები, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთანავე, პროფესიული მხარდაჭერის, სუპერვიზიისა და კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმები ფრაგმენტულია და საჭიროებს სისტემატიზაციას.
8. მართვისა და დაფინანსების სისტემა. სკოლების მხარდაჭერის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რომლებიც ამ ეტაპზე სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფენ რაიონულ დონეზე სკოლების პროფესიულ მხარდაჭერას და საჭიროებენ ინსტიტუციურ გაძლიერებას. დღევანდელი სასკოლო დაფინანსების სისტემა არსებითად ეფუძნება ერთ პრინციპს – სკოლები ვაუჩერულ დაფინანსებას მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. თეორიულად, ეს უზრუნველყოფს სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, თუმცა, პრაქტიკაში სრულფასოვნად არ ასახავს საჯარო სკოლის რეალურ საჭიროებებს. შედეგად, სკოლების ნაწილი ფუნქციონირებს მინიმალური რესურსებით და ვერ ახერხებს მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებას, მათ შორის, არაფორმალური განათლების მიმართულებით. ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, ზოგადი განათლების სისტემის
რეფორმის განსახორციელებლად განისაზღვრა შემდეგი კონკრეტული ამოცანები:
1. ფუნდამენტურ და ღირებულებით ცოდნაზე დამყარებული სასწავლო შინაარსი. ზოგადი განათლების შინაარსის განვითარების პროცესში სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთერთი უმთავრესი მიმართულება იქნება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ვინაიდან ისინი ასრულებენ ძირეულ როლს ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო ენის სწავლება გახდება არა მხოლოდ ლინგვისტური უნარების, არამედ კულტურული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განმტკიცების მექანიზმი. საკვანძო მიმართულება ასევე იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის – სწავლების გაძლიერება.
სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მოსწავლეებში ჩამოყალიბდება კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლები. სკოლის საბაზო საფეხურზე (I-IX კლასები) სწორად გადანაწილდება სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქტიური სწავლითა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებით, რაც სრულად უზრუნველყოფს 9-წლიან პერიოდში ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარებას. სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან. სასწავლო შინაარსი სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნულ გამოცდებთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, მე-11 კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს.
ამასთან, მე-12 კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. მე-12 კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი.
2. სისტემური და განახლებადი რესურსები. განხორციელდება სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა, რაც გულისხმობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან სახელმძღვანელოების შემუშავებას, იმ პრინციპით, რომ უზრუნველყოფდეს ცოდნის სიღრმეს, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს.
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის – გარანტირებულად გაზრდის ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს სწავლის საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე მიღწეული შედეგების შედარებითობას. ვინაიდან ცოდნის მოცულობა და ტექნოლოგიები დინამიკურად იცვლება, სასწავლო პროცესი უფრო მეტად შეიძენს ინტერაქტიურ, შემოქმედებით და მრავალმხრივ კომუნიკაციურ ხასიათს. გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ბეჭდური სახელმძღვანელო, არამედ ვიდეო რესურსები, ციფრული სიმულაციები, კვლევითი ამოცანები, მონაცემთა რეალური ანალიზი, ვირტუალური პლატფორმები და სხვა თანამედროვე შესაძლებლობები.
3. მრავალფეროვანი სასკოლო კულტურა. არაფორმალური განათლება ინტეგრირდება არა დამატებით, არამედ სასკოლო ცხოვრების ორგანულ ნაწილად. მოსწავლის ინტერესების, შემოქმედებითი უნარების, სოციალური პასუხისმგებლობისა და პიროვნული თვითგამოხატვის განვითარების უზრუნველსაყოფად, სკოლებში სისტემურად წახალისდება და მხარდაჭერილი იქნება სასკოლო კლუბები, მათ შორის ღირებულებითი განათლების მიმართულება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება სკოლის მიღმა არსებული სპორტული და შემოქმედებითი მომსახურებების კონცენტრირებას სკოლის შიგნით, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. აქცენტი გაკეთდება სასკოლო ბანაკების, თემატური შეკრებებისა და პროექტების სისტემურ განვითარებაზე, რაც მოემსახურება კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, ემპათიისა და ისტორიული თვითშეგნების გაღრმავებას.
4. განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა. გადაიხედება სასკოლო მზაობის კურიკულუმი, რომელიც უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს ბავშვის განვითარების იმ მინიმალურ კომპეტენციებსა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია სასკოლო პროცესში ჩართვისთვის. ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მისი სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის გათვალისწინებით, სკოლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი.
„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება
„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება
სკოლებში 5 წლის ბავშვებს აღარ მიიღებენ - „წავლენ მხოლოდ ისინი, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდება“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა
გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები