სიახლეები
სიახლეები

სკოლის დირექტორები დასწრებითი სასწავლო პროცესისთვის ემზადებიან - „ნამდვილად საპასუხისმგებლო მომენტის წინაშე ვართ“
08-09-2022
-
+


საქართველოში ახალი სასწავლო წელი მალე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, სკოლებში აქტიური სამზადისია - გეგმავენ ღონისძიებებს, აწესრიგებენ გარემოს და მოსწავლეებს მოუთმენლად ელიან.

Etaloni.ge დაინტერესდა, კონკრეტულად როგორ ემზადებიან სკოლებში მოსწავლეებთან შესახვედრად, მიიღეს თუ არა პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები - ამ საკითხებზე საჯარო სკოლების დირექტორებმა გვიპასუხეს.

შორენა ახვლედიანი, იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის განახლებისთვის აქტიურად ვემზადებით. უკვე მივიღეთ სახელმძღვანელოები და პირველკლასელთა ბუკები. ჩვენი სკოლა ათასწლეულის პროექტით გარემონტდა და ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია, ხელის შევლებაც კი არ სჭირდება. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ. ვემზადებით, რომ წელს სკოლამ ავტორიზაცია გაიაროს. ამისთვის აქედანვე აქტიურად ვმუშაობთ.

ახლა კლასის ხელმძღვანელების შერჩევა მიმდინარეობს. ადრე ჩვენთან ასე იყო, რომ მასწავლებელი კლასს მეხუთე კლასში რომ ჩაიბარებდა, მერე სულ ის იყო დამრიგებელი, თითქოს ეს პოზიცია მემკვიდრეობით ერგო. ახლა ეს შეცვლილია, დამრიგებლებს ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ იმუშავა გასულ სასწავლო წელს. თუ იყო ისეთი კლასის ხელმძღვანელი, რომელსაც რაღაცები ეზარებოდა და საქმეს საკმაო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდა, იმ მასწავლებელმა, ფაქტობრივად, თავისი სათქმელი თქვა - თქვა ის, რომ არ იმუშავებდა, ეზარებოდა. ამიტომაც შერჩევითი წესი შემოვიღეთ, პედაგოგმა პროგრამა წინასწარ უნდა წარმოადგინოს. ახლაც ამას ვაკეთებთ, პროგრამებს ვამოწმებთ.

რუსიკო მუმლაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ცოდნის ზეიმი ყველა სკოლაში ტარდება და ანალოგიურად იქნება ჩემთანაც. ჩვენ პატარა სკოლა გვაქვს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის და ღონისძიება მაინც იქნება.

პირველკლასელთა ბუკები და წიგნებიც უკვე მივიღეთ. ასევე, სადეზინფექციო საშუალებებიც. ახლა სკოლის დასუფთავება მიმდინარეობს და ყველანაირად ვემზადებით.

მზია კაპანაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის დასაწყებად ვემზადებით. სკოლაში პირველკლასელთა კომპიუტერები უკვე მივიღეთ. ახლა ბუკებს მასწავლებლებისთვის ველოდებით. რაც შეეხება, მე-10 კლასის ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, გუშინ მიიღეს, ახლა ანაწილებენ და ჩვენც მოგვიტანენ. სხვა წიგნები ყველაფერი მიღებული გვაქვს.

ჩვენი სკოლა თვითშეფასების კითხვარზე მუშაობას ახლა იწყებს და სერიოზული სამუშაოები გვაქვს, ნამდვილად საპასუხისმგებლო მომენტის წინაშე ვართ.

სწავლის დაწყებას, სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზეიმოდ შევხვდებით.

ნინო მეგენეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში პირველი დღისთვის, როგორც წესი, ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. სკოლაში ამ წუთსაც ბავშვები, მუსიკის მასწავლებლები და დაწყებითი კლასების პედაგოგები არიან. ისინი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან.

სწორედ ახლაა ის პერიოდი და ჟრიამული, როდესაც სკოლები განსაკუთრებით ემზადებიან. ესაა ცოდნის დღესასწაული - ასე ვეძახით ამ ღონისძიებას. სასწავლო წლის განახლების დღეს იქნება არამხოლოდ სიმღერები, ცეკვები და ლექსები, არამედ მზად ვართ, რომ დავაფასოთ წარმატებული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები. ჩვენ მათ სიგელებითა თუ დიპლომებით დავაჯილდოვებთ. განათლების სამინისტროდანაც ყოველთვის განებივრებულები არიან ბავშვები. ამ დღეს გადაეცემათ მათ კომპიუტერები, ახალი წიგნები.

სასწავლო წლის განახლების დღე, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ლამაზია და დამრიგებლები ცდილობენ, რომ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზონ.

მაია ხარაიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის პირველი დღისთვის, რა თქმა უნდა, ღონისძიება იგეგმება. ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია იქნება, ცოდნის დღესასწაული, მასში ჩემთან ერთად, მონაწილეობას მასწავლებლები და მოსწავლეები მიიღებენ. მე-10 კლასელთა ახალი წიგნები უკვე მოსულია და სკოლაში, სავარაუდოდ, ხვალ მოვიტანთ. ბუკები და პირველკლასელთა წიგნები ადგილზეა. ამასთან ერთად, სკოლის თვითშეფასების კითხვარს ვავსებთ, მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ამისთვის სამუშაო ჯგუფიც შევქმენით, დღეს პედაგოგიური საბჭოს სხდომა გვქონდა. კათედრებმა ინფორმაცია წარმოგვიდგინეს, 15-მდე ყოველი დღე ძალიან დატვირთულია. 

თეა წიკლაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ხვალისთვის პედსაბჭო გვაქვს დანიშნული და სწორედ იქ გადაწყდება სასწავლო წლის განახლების დღეს ღონისძიება გაიმართება თუ არა. ჩვენსსკოლას ქარმა სახურავი მოხადა, მერე წვიმამ გააფუჭა, შეიძლება ითქვას, რომ ცუდ მდგომარეობაშია და მაინც ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვებს სასიამოვნო და ლამაზი გარემო დავახვედროთ. ალბათ, ღონისძიებაც ჩატარდება. უკვე მივიღეთ პირველკლასელთა წიგნები და ბუკები. 

მადონა ლომსაძე, ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში უკვე ადგილზეა ყველა მოსწავლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და სამუშაო რვეულები. პირველკლასელთა ბუკებიც და წიგნებიც ადგილზე გვაქვს. მე-10 კლასის გრიფირებული წიგნები ჯერ არ მიგვიღია, ველოდებით, შესაძლებელია, რომ დღესაც მოგვიტანონ. გვაქვს სადეზინფექციო საშუალებებიც და სასწავლო წლის დაწყებისთვის აქტიურად ვემზადებით.

დალი დიასამიძე, ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ვემზადებით. მივიღეთ სადეზინფექციო საშუალებები, წიგნები. გავმართავთ საზეიმო ღონისძიებას. ახალი შენობა გვაქვს, ძალიან კარგი სააქტო დარბაზით. აქტივობა სწორედ ამ სკოლის ეზოში ან სააქტო დარბაზში გაიმართება. მშობლებსა და მოსწავლეებს ერთად შევკრებთ, მივულოცავთ. პირველკლასელები იქნებიან, სიტყვით გამოვლენ წლევანდელი წარმატებული კურსდამთავრებულებიც. აღსანიშნავია, რომ 21 მოსწავლიდან, 12 სტუდენტი გახდა, უმეტესობამ 50%-ანი დაფინანსება მოიპოვა.

გულნაზი რეხვიაშვილი, ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, ჩვენს სკოლაში საზეიმო ღონისძება ყოველ წელს იმართება. აქტივობა ეზოში, ღია ცის ქვეშ იმართება. მივიღეთ ბუკებიც და სასწავლო წლის დასაწყებად აქტიურად ვემზადებით. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერი მოწესრიგებულია. მზადაა საკლასო ოთახები, ბუკები, წიგნები. პირველ დღეს პატარა ღონისძიებაც გაიმართა.

პაატა რურუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ დღეს ღონისძიება გაიმართება - ბუკების გადაცემა, დაჯილდოება. ახალი წიგნებიც მივიღეთ, მე-10 კლასის ახალი გრიფირებული წიგნებიც. ზოგადად, ყველაფრით უზრუნველყოფილნი ვართ, სადეზინფექციო საშუალებებიც გვაქვს. ასევე, მივიღეთ პირველკლასელთა ბუკები.

ოლეგ გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი სასწავლო წლისთვის აქტიურად ვემზადებით, ზეიმიც იქნება. წიგნებიც, ბუკებიც ადგილზე გვაქვს.ერთადერთი მე-10 კლასის ახალი სახელმძღვანელოები არ მიგვიღია და ველოდებით. გვაქვს სადეზინფექციო საშუალებები და მოსწავლეებს მოუთმენლად ველოდებით.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
ბაღებში ხელფასთან ერთად 100-ლარიანი ჯილდო წინასააღდგომოდ გაიცემა - დეტალები
სწავლა 13 მაისს განახლდება - განათლების სამინისტრო ადასტურებს
ბაღებში სააღდგომო არდადეგები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილება
ღონისძიების მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება იყო
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ასეთი ტურნირები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“,- ამბობენ სკოლაში
აქტივობაში ისინი ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
დამსწრე საზოგადოება კლუბის მიზანს, განრიგს, დაგეგმილ აქტივობებს გაეცნო
მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე შექმნეს პროექტი - „ისრიალე კატერით“
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება