სიახლეები
ინტერვიუ

„როგორ შეიძლება კლასში ერთი და იმავე ზომის მერხები იდგას, როცა ყველა ბავშვი სხვადასხვა სიმაღლისაა?!“
17-08-2018
-
+


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოსახლეობის 80%-ს ხერხემლისა და ფეხის ტერფის დაავადება აქვს. დამამთავრებელი კლასის, ანუ 17-18 წლის მოზარდების 50% დაავადებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რაიმე ტიპის დაავადებით.

სკოლამდელი ასაკის 60%-ს და დაწყებითი კლასების მოსწავლეების 97%-ს აღენიშნება ესა თუ ის ორთოპედიული გადახრა, რომელიც კორექციას საჭიროებს. ამ ბავშვების მესამედს კი თანდაყოლილი ანომალია აქვს.

როგორ ვითარდება ხერხემლის პათოლოგიები, რა არის მისი ხელისშემწყობი მიზეზები და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის სხეული სწორად ჩამოყალიბდეს? ამ და სხვა კითხვებზე Etaloni.ge-ს მასაჟისტმა ირმა ბეციაშვილმა უპასუხა.

- ხერხემლის დეფორმაცია ვითარდება ნებისმიერ ასაკში ზრდის დამთავრებამდე, ანუ 1-დან 16 წლამდე. ყველაზე ხშირად, შემთხვევათა 75%, 8-14 წლის ასაკში აღინიშნება. ორთოპედიული დაავადებებიდან, სკოლის ასაკის ბავშვებში სქოლიოზი იკავებს პირველ ადგილს 18-38%–ით. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში თითქმის არ არსებობს რაოდენობრივი სხვაობა ხერხემლით დაავადებულ ბიჭებსა და გოგონებს შორის, მაგრამ სკოლის ასაკიდან გოგონები უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე ბიჭები. ეს იმით აიხსნება, რომ ბიჭები უფრო მოძრავები  და ფიზიკურადაც განვითარებულები არიან. გოგონებში ავადობა განსაკუთრებით მატულობს 12-14 წლის ასაკში, როდესაც ხდება მათი სწრაფი ზრდა.

ხერხემლისა და ტერფის დაავადებებით არავინ კვდება, მაგრამ თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება ადამიანი დაინვალიდდეს. გარდა ამისა, თუ ხერხემალს უჭირს, ეს აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შვილს ხერხემლის პრობლემა აქვს? 

- ცნობილი ორთოპედები ამბობენ, რომ სქოლიოზის მკურნალობა უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც ის ჯერ არ არის. ხერხემლის დაავადებას წინ უსწრებს ერთ წლამდე ასაკში არსებული დისპლაზია. დისპლაზია გახლავთ შემაერთებელი ქსოვილის განვითარების ნაკლი. შემაერთებელი ქსოვილია მყესები, იოგები, ხრტილები, ანუ ის ყველაფერი, რაც იჭერს ჩვენს ჩონჩხს. მყეს-იოგოვანი აპარატით არის დაკავშირებული ერთმანეთთან ჩვენი ყველა ძვალი. ბავშვი ჩვეულებრივად იზრდება და არაფერი ეტყობა, მაგრამ  აუცილებელია ორთოპედის კონსულტაცია. დისპლაზიას იწვევს კალცის ნაკლებობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ა.შ. 

22 წელია ამ სფეროში ვარ და როცა დამწყები ვიყავი, მაშინ ოსტეოქონდროზის ახალგაზრდული ფორმა არ არსებობდა. ოსტეოქონდროზი ემართებოდათ 40-50 წლის ასაკის ადამიანებს. ახლა 16 წლის ასაკშიც კი უკვე ოსტეოქონდროზის დიაგნოზით მოდიან. ოსტეოქონდროზი ხერხემლის სვეტში ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოშლაა, რომელიც იწვევს მალების გამოშრობას, მოძრაობის შეზღუდვას. ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ადამიანებს ოსტოქონდროზი ემართებათ, ის არის, რომ ძალიან ცოტა წყალს სვამენ. სითხეზე არ მაქვს საუბარი - ჩაი თუ ყავა კი არა, ჩვეულებრივი სასმელი წყალი უნდა დალიონ წონის მიხედვით. წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და მივიღებთ წყლის იმ რაოდენობას, რომელიც დღეში უნდა მიიღოთ.

უკვე ჩამოყალიბებული ოსტეოქონდროზი იმის ნიშანია, რომ თავის დროზე გამოეპარა მშობელს ბავშვის პრობლემა, ან არ მიაქციეს ყურადღება. ექიმს მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როცა უკვე ტკივილი აქვთ დაწყებული. როცა ტკივილი იწყება, პროცესი მინიმუმ ორი წლის დაწყებულია. 

რამდენიმე წლის წინ, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, შეტანილი იყო ორთოპედთან სამი უფასო ვიზიტი 6, 9 და 12 თვის ასაკში. 6 თვე ბავშისთვის დაჯდომის ასაკია, 9 თვის ბავშვი უკვე მყარად უნდა დადგეს ფეხზე და დაახლოებით 1 წლის ასაკში ფეხი უნდა აიდგას. შეიძლება წლისა და სამი თვისამ აიდგას ფეხი და ეს პათოლოგია არ არის, მაგრამ ამ პერიოდებში ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ორთოპედმა.

- ახლა აღარ ფინანსდება ორთოპედთან ვიზიტი? 

- არა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შემცირდა საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი და ეს ვიზიტები ამოიღეს. 

ახლა 10 წლის პაციენტი მყავს, რომელსაც ხერხემალი სტკივა. ბავშვები ჰიპოდინამიაში არიან, ანუ აღარ მოძრაობენ, აღარ თამაშობენ, ეზოები ცარიელია... უმოძრაობის დროს კუნთოვანი სისტემა არ ვითარდება, მოდუნებული კუნთები ვეღარ აკავებს ხერხემალს და ვითარდება გამრუდება.

- სკოლის მერხი, სკამი, მძიმე ჩანთა როგორ აისახება ბავშვების ხერხემალზე?

- სამწუხაროდ, ამ მხრივ ბავშვებზე საერთოდ არავინ ფიქრობს და ზრუნავს. არც მერხებია სწორად შერჩეული, რა თქმა უნდა, არც მძიმე ჩანთაა რეკომენდირებული... 3 კილოგრამზე მეტი სიმძიმის აწევა არ შეიძლება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და არც 15 წლის ასაკში, თუ ხერხემალი ჯანმრთელი არ არის.

რაც შეეხება მერხებს, ახლახან ერთი ბავშვის ხერხემლის ერთერთ მალაზე ვნახე კოჟრივით, „მაზოლს“ რომ ეძახიან, ისეთი რაღაც. აღმოჩნდა, რომ მერხის საზურგე ზუსტად ამ მალაზე აწვება. როგორ შეიძლება კლასში ერთი და იმავე ზომის მერხები იდგას, როცა ყველა ბავშვი სხვადასხვა სიმაღლისაა?! ჯდომის დროს, წვივის ძვალსა და ბარძაყის ძვალს შორის კუთხე 90 გრადუსი უნდა იყოს. ბარძაყის ძვალს,  ჩვენი სხეული ასევე 90 გრადუსით უნდა ეყრდნობოდეს. დაბალ სკამზე მაღალი ბავშვი არ უნდა იჯდეს. საზურგეც არ უნდა იყოს დაბალზე, ხერხემლის მხოლოდ ქვედა ნაწილით არ უნდა ეყრდნობოდეს. ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, როგორ უნდა იჯდეს ბავშვი, როგორი უნდა იყოს მერხის დახრილობა. წერის დროს, იდაყვიც 90 გრადუსით უნდა იყოს დაყრდნობილი. განათება მარცხენა მხრიდან უნდა ურტყამდეს, ცაციებს - მარჯვნიდან. როცა კარგად ვერ ხედავ, იბრიცები, ეძებ პოზიციას, რომ უკეთ დაინახო. ჩემს პაციენტებს ვთხოვ ხოლმე, სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ და შეატანინონ ისეთი მერხი, რომელზეც ნორმალურად დაჯდებიან. მთელი ამ სისტემის შეცვლაა აუცილებელი, თუ გვინდა, ჯანმრთელი და შრომისუნარიანი თაობა გაიზარდოს. 

- სიმძიმის აწევა შეიძლება ხერხემლის დაავადების გამომწვევი გახდეს?

- დამამძიმებელი ფაქტორი უფროა, ვიდრე გამომწვევი. სქოლიოზიანი ბავშვების შემთხვევაში, 3 კილოს აწევა, მაქსიმუმია.

- ამბობენ, რომ ქართული ცეკვაც არ არის რეკომენდებული ხერხემლის პრობლემის დროს...

- არ არის რეკომენდებული ბავშვის ცეკვაზე 5 წლის ასაკში შეყვანა. ამ ასაკში ბავშვის ხერხემალს სტაბილური სახე არ აქვს. 6 წლიდან ყალიბდება ხერხემალი სტაბილურად. ანუ ჰიპერმობილურია ხერხემალი ამ ასაკამდე, მოძრაობს, აქეთ-იქით გადადის. ერთ მხარეს დატვირთვა რომ მისცე და დააკვირდე, შეიძლება იფიქრო, რომ ბავშვს სქოლიოზი აქვს, რადგან კუნთები ერთ მხარეს აქვს დაჭიმული და მიწეულია დაძაბულობისკენ. უალტერნატივო შეთავაზება ასეთ დროს მხოლოდ ცურვაა. ცურვას უკუჩვენება არ აქვს. ხოლო მათ, ვისაც უნდა შვილები სპორტზე ატარონ, და, რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, ჯერ ორთოპედის კონსულტაცია უნდა გაიარონ. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება