სიახლეები
საინტერესო

შალვა ნათელაშვილი სკოლაში მისასვლელად 10 კილომეტრს გადიოდა
07-03-2018
-
+


საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბავშვობა დუშეთში გაატარა. ამბობს, რომ ცხვრებს მწყემსავდა და თან წიგნებს კითხულობდა. დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა და აღნიშნავს, რომ სკოლაც საუკეთესო იყო, მასწავლებლებიც და გარემოც.


- ბატონო შალვა, როგორი მოსწავლე იყავით, სულ ხუთიანებს იღებდით თუ სხვა ნიშნებსაც?

- კარგად ვსწავლობდი გეოგრაფიულ, ასტრონომიულ, ზოგად შემეცნებით საგნებს. არ ვაფრენდი მათემატიკურ საგნებზე და სხვა ნიშნებსაც ვიღებდი. საბოლოო ჯამში, ვიყავი ხუთოსანი ან ოთხნახევროსანი. ხუთიანები და ოთხიანები მყავდა სულ.

- ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარდათ?

- ისტორია მიყვარდა ძალიან. ასევე - ბიოლოგია, ზოოლოგია, ასტრონომია, ლიტერატურა... ფიზიკა მანამდე მიყვარდა, სანამ ფორმულებამდე მივედით. რომელი საგანიც არ მიყვარდა, იძულებით ვსწავლობდი. ოჯახში ჯოხით ხელში არ მავალდებულებდნენ სწავლას, მე უფრო მქონდა შინაგანი მოთხოვნილება.

- რომელი სკოლა დაამთავრეთ?

- დუშეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის პირველი საშუალო სკოლა. საუკუნე-ნახევრის ისტორია აქვს, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშია გახსნილი ეს სკოლა. ერთ-ერთი პირველი სკოლაა თბილისის კლასიკური გიმნაზიის შემდეგ. ჩემს დროს დაკომპლექტებული იყო უაღრესად ნიჭიერი მასწავლებლებით, რომლებიც ლექციებსაც კითხულობდნენ უნივერსიტეტებში. გაკვეთილების მაგივრად, ჩვენც ფაქტობრივად ლექციებს გვიკითხავდნენ. როგორც კი სკოლა დავამთავრე, იმ წელსვე ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ამას წინათ, ჩემს სკოლას 180 წელი შეუსრულდა... ასეთ დროს ხომ უნდა მიიწვიო სახელოვანი კურსდამთავრებულები - ასეა მთელს მსოფლიოში. ჩემზე სახელოვანი კურსდამთავრებული ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ჰყავთ და, იმედია, მომავალში ეყოლებათ. ამ იუბილეზე მე არ დამპატიჟეს. სამაგიეროდ, მიიწვიეს ქუცნაშვილი და ტრიპოლსკი.

- განათლების სისტემში ყველაზე დიდ პრობლემას რას ხედავთ? 

- მთლიანად ახლიდან არის ასაწყობი განათლების სისტემა. სწავლების ვადა უნდა შეიცვალოს, ასევე - სახელმძღვანელოები, სულ სხვა უნდა იყოს გაკვეთილის შემეცნებითი პროცესი, უნდა გასცდეს კლასიკურ ჩარჩოებს და გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს ისტორიულ ადგილებში, ბუნებაში, წარმოებებში, ფაბრიკებში... მოწინავე მოსწავლეები უნდა იგზავნებოდნენ საზღვარგარეთ, დადიოდნენ ექსკურსიებზე, სპეციალურ ტურებში მონაწილეობდნენ, რომ ამ ტექნოლოგიის ეპოქაში მსოფლიო კონკურენციას გავუძლოთ. ახლა რაც ხდება, გამოქვაბულივით არის. ლევან ვასაძემ რომ მოკრიბა ე.წ. „სვეტი“ ბავშვების მშობლები და დაჰყავს ტელევიზორიანი ავტობუსით კიკეთში და ზოგს რაინდებად აკურთხებს, ასე მომავალი თაობა ვერ გაიზრდება.

როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ახლანდელი და ჩემი ბავშვობის დროინდელი განათლების სისტემა. მაშინ იყო დაფინანსებით უზრუნველყოფილი სკოლები, ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები უფასოდ, ინვენტარი ახალი და საუკეთესო, კვება უმაღლეს დონეზე გაკონტროლებული და დარეგულირებული, თვალსაჩინო და მაღალ დონეზე მოწყობილი  ლაბორატორიები, დამოუკიდებელი და თავმოყვარე პედაგოგები... მოთხოვნებიც მკაცრი იყო, ტყუილად ნიშანს არავინ დაგიწერდა. მახსოვს, ჩემი რუსულის მასწავლებელმა თავისი შვილი ჩატოვა კლასში, იმიტომ, რომ არ სწავლობდა.

ყველას სასკოლო ფორმა გვეცვა, არავინ იყო ტანსაცმლით გამორჩეული. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ გაიზარდოს სოციალურად დაბოღმილი. ბავშვს რომ არ აქვს საშუალება, შეეჯიბროს თავის თანაკლასელს ჩაცმაში, მერე მას დიდი კომპლექსები უვითარდება. ახლა კი ოლიგარქების მმართველობაშია სახელმწიფო. საკმარისია მათ შვილებს რამე მოეწონოთ და, ყველაფერს უყიდიან. ამას წინათ, ბიძინა ივანიშვილის შვილს მოეწონა ნიუ-იორკში, მილიონერების დასახლებაში ყველაზე დიდი სასახლე და უყიდა. ძალიან ძვირი არ არის, 8 მილიონამდე დაუჯდათ, მაგრამ ის 8 მილიონი გაჭირვებული ბავშვებისთვის მოეხმარებინათ, რომლებიც სკოლაში იმის გამო ვერ დადიან, რომ ფეხსაცმელი ვერ უყიდიათ... ახლახან ფოთში ბავშვი ძველ შენობაში ჯართს აგროვებდა. ჩამოიქცა შენობა და მოიყოლა შიგ. ფული იმისთვის უნდოდა, რომ სკოლის ბანკეტზე ნორმალურად ჩაეცვა და ისე მისულიყო.

თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს, ერთმა ბავშვმა მისწერა, მე არც დედა მყავს, არც მამა და მოდი, მშობელთა კრებას შენ დაესწარი ჩემი მშობლების მაგივრადო. მივიდა ერდოღანი და დაესწრო კრებას. სანამ სახელმწიფო არ დაუდგება მშობელს და ბავშვს გვერდით, მანამდე ბავშვებს ვერ შევუქმნით იმ პირობებს, რასაც იმსახურებენ.

- ორიანი მიგიღიათ?

- კი, ერთხელ მივიღე და სახლში  დამცინოდნენ, ოროსანოო, რაც ძალიან მტკივნეულად ჩამრჩა გულში. საშინაო დავალება არ დავწერე, რადგან ფეხბურთი ვითამაშეთ გვიანობამდე და ორიანი დამიწერა მასწავლებელმა.

- ფეხბურთის გარდა, კიდევ რითი ერთობოდით მაშინ? ახლა მთავარი გასართობი ბავშვებისთვის ტელეფონი და კომპიუტერია.

- ტყეში საქონელს რომ ვმწყემსავდით, წიგნები მიგვქონდა ხოლმე. ერთხელ, მგელი გამოვარდა. ნისლი იყო. ცხვარი ისე დაფრთხა და ისეთი სიჩქარით გაიქცა, სამი დღის მერე იპოვეს მეზობელ სოფელში. მე ვერ დავეწიე მაშინ.

- მარტო იყავით?

- კი, მარტო ვიყავი და მგელს გავეკიდე, რომ გამეგდო, მაგრამ ამასობაში ცხვარი გამექცა.

- რა უშიშარი ყოფილხართ! რამდენი წლის იყავით?

- 10 წლის ვიყავი, ალბათ. სპარტანული წესები მოქმედებდა. დილით ვდგებოდი და სკოლაში მისასვლელად 10 კილომეტრს გავდიოდი - ბაზალეთიდან დუშეთში, ტყე უნდა გამევლო. ხშირად მიწევდა ნამქერით სავსე გზების გავლა. მივლია ქარიშხალში, წვიმასა და თოვლში... ბავშვი ყველაფერს იტანს. ალბათ, ახლა მსგავსს ვეღარც გავუძლებ.

- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- ჯერ სკოლაში არ დავდიოდი და ჩემით მინდოდა წერა-კითხვა მესწავლა, როცა მამიდამ მაჩუქა „შვლის ნუკრის ნაამბობი“. მამიდა თბილისში ცხოვრობდა და იქიდან ჩამომიტანა. ის წიგნი მთელი ცხოვრება არ დამვიწყებია. როგორი იყო იმ ნახატში შველი, ტყე, მთა, ჩანჩქერი... ნაწარმოებიც და ის ილუსტრაციაც მუდმივად თვალწინ მიდგას...

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება