სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„როდესაც სამართლიანი ხარ ბავშვსაც უყვარხარ და მშობელსაც“- დირექტორები მშობლებისგან კეთილგანწყობის მოპოვებაზე საუბრობენ
30-03-2022
-
+


ბავშვის აკადემიური მოსწრებისა და ზოგადად, სასკოლო ცხოვრების ხარისხიანად თუ შედეგიანად წარმართვისათვის აუცილებელია დირექტორმა და მასწავლებლებმა მშობლების კეთილგანწყობა მოიპოვონ.

Etaloni.ge დაინტერესდა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი და სწორედ ამ კითხვით საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ნუნუ გულვერდაშვილი, ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის დღის წესრიგში პირველ რიგში მშობლებთან ურთიერთობის საკითხი დგას. იმისთვის, რომ დირექტორმა და მასწავლებელმა მათი კეთილგანწყობა დაიმსახურონ საჭიროა, იყვნენ კომუნიკაბელურები. მშობელთან ურთიერთობა ძალიან სწორად უნდა ჰქონდეს დირექტორს განსაზღვრული - არ უნდა ჰყავდეს, რომელიმე გამორჩეული და ყურადღება თანაბრად გადაანაწილოს; ამასთანავე იყოს ტაქტიანი. პირად მაგალითს ვიტყვი - 40 წელია დირექტორი ვარ და არც ერთ მშობელთან პრეტენზიულად არ მივსულვარ. ყოველთვის, ვცდილობ დიალოგი ისე წარვმართო, რომ სწორ აზრამდე შევჯერდეთ. ყველასთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. მასწავლებლებს რაც შეეხება, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან სანიმუშო და ერთ მუშტად შეკრული გუნდი მყავს, რომელთაც ბავშვებთან ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ბავშვი სარკეა და ზუსტად, მშობელთან ყველაფერი სარკესავით მიაქვს; თუ მშობელი ხედავს, რომ ყველა ბავშვს ობიექტურად ეპყრობიან შენიშვნისა თუ შექების კუთხით, მაშინ  ამ საკითხის დარეგულირება მარტივია; როდესაც ობიექტური და სამართლიანი ხარ ბავშვსაც უყვარხარ და მშობელსაც.

დავით მენაღარიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის დირექტორი:

თავდაპირველად, კარგმა დირექტორმა მშობელს ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდოს, კარგად აუხსნას ყველაფერი და ზედმეტად ოფიციალური არ იყოს. მშობლები საქმის კურსში უნდა იყვნენ რაც სკოლაში ხდება. იმისთვის, რათა კეთილგანწყობა მოვიპოვოთ ამისთვის ხშირი კომუნიკაცია უნდა იყოს და ყველა რესურსი გამოვიყენოთ, ეს იქნება: სოციალური ქსელი, სატელეფონო კომუნიკაცია, შეტყობინებები თუ პირდაპირი შეხვედრებიც. პირველ რიგში მასწავლებელს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს უნდა ჰქონდეთ კავშირი მშობლებთან.

შორენა ქურასბედიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

არც ისეთი იოლი კითხვაა, თუმცა ალბათ ისევ დამოკიდებულება და ურთიერთობებია აქ მთავარი ასევე, აზრის სწორად მიწოდება. ბავშვმა უნდა იგრძნოს პატივისცემა; როდესაც ხედავს, რომ აკადემიური მოსწრების მიუხედავად სკოლაში ისიც და მისი მშობელიც როგორც პიროვნებები დაფასებულები არიან, ეს კეთილგანწყობის მოპოვებას ბევრად აადვილებს. მშობელიც, როდესაც ხედავს მის შვილს პატივს სცემენ, სასკოლო ცხოვრებაში ბევრად აქტიურად ერევა. ყველაფერი კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. არიან მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ ანაზღაურებისთვის მუშაობენ. პედაგოგი ბავშვის ინტერესებზე მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს; როდესაც მშობელი გრძნობს, რომ მისი შვილი დაფასებულია საკუთარი წვლილის შეტანას არა მხოლოდ შვილის მიმართ ეცდება, არამედ მისი მეგობრებისა და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში. მაგალითად, დიდთოვლობისას მშობლების დახმარება როდესაც დამჭირდა, ერთი შეტყობინების გაგზავნაც საკმარისი გახდა, რომ ყველა მშობელი, დედა თუ მამა დასახმარებლად მოვიდნენ. პირადად მე ყველასთან უშუალო კონტაქტი მაქვს, კაბინეტში არ ვზივარ, მუდმივად მშობლებთან და პედაგოგებთან კონტაქტში ვარ. არ ვავალებ მხოლოდ დამრიგებელს, ან მასწავლებელს მშობელთან დარეკვას ამას თავადაც ვაკეთებ. არასდროს ვეუბნები სხვას იმას, რისი გაკეთება თავადაც შემიძლია. ყველა მშობელს თანაბრად პატივს ვცემ, ამას გრძნობენ და თავადაც იგივენაირად არიან.

ვაჟა ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზენითის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასკოლო ცხოვრებაში კეთილგანწყობის ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩართულობით, ბავშვების აღზრდაში თანამონაწილეობაა მშობლების მხრიდან საჭირო. პასუხისმგებლობები უნდა გადანაწილდეს სხვანაირად არ იქნება... დღეს შეკრებების მხრივ შეზღუდულები ვართ, თუმცა სხვადასხვა ღონისძიებებში მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მშობლებთან სოციალური ქსელის საშუალებით მუდამ კავშირზე ვართ და ინფორმაციას მუდმივად ვაწვდით, მაგრამ უკეთესი შედეგი ფიზიკური ჩართულობით მიიღწევა. ჩვენი სოფელი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთში. ეს უფრო დიდ ქალაქებშია პრობლემა...

დალი გაბრიჭიძე, ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ვფიქრობ დირექტორისა და მასწავლებლის მხრიდან ჯერ კონტაქტია საჭირო. ეს კონტაქტი განპირობებული უნდა იყოს შვილის დადებითი მხარეების წარმოჩენით და შემდეგ სხვა დანარჩენით... იმისთვის, რომ მშობელთან კარგი ურთიერთობა დაამყარო ჯერ შვილი უნდა გაიცნო, დადებითი მხარეები წამოუწიო წინ და შემდეგ გამოსასწორებელ მხარეებზე გააკეთო აქცენტი, ამის შემდეგ მშობლების კეთილგანწყობას მოიპოვებ. ის უნდა მიხვდეს, რომ მისი შვილით დაინტერესებული ხარ. თავად მასწავლებელმაც იგივენაირად უნდა იმოქმედოს. ყველა თათბირს იმით ვიწყებ, რომ მათ ყველა მშობელთან მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ, ჯერ ესაუბრონ შვილის მიღწევებზე და შემდეგ შეფარვით აგრძნობინონ, რომ გული შესტკივათ ბავშვის გარკვეულ წარუმატებლობაზე. ასევე, დაუსახონ მშობლებს გზები, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

რუსუდან კაკალაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჭის საჯარო სკოლის დირექტორი:

კეთილგანწყობის მოპოვება სწავლის ხარისხზეა დამოკიდებული. სწავლა რომ სკოლაში კარგი იქნება, უსაფრთხოება დაცული იქნება დადებითი დამოკიდებულებაც თავისთავად წამოვა. თუ სკოლა თვალსაჩინოებებით, რესურსებით აღჭურვილია, ბავშვსაც სკოლაში მისვლა  უხარია და პედაგოგების ხარისხი (სტატუსი) მაღალია აი, მაშინ დირექტორიც და მასწავლებლებიც მშობლებისგან კეთილგანწყობას მარტივად მოიპოვებენ. პირადად მე  მათთან თითქმის ყოველდღე მაქვს კონტაქტი. ვთქვათ ბავშვმა გააცდინა სკოლა, ჯერ დამრიგებელს ვეკითხები და რაღაც დროის გასვლის შემდეგ მშობელს თავად ვუკავშირდები, იქნებ სხვა რაიმე ხდება. სკოლა ბავშვისთვის სახალისო უნდა იყოს და მშობელსაც უხაროდეს აქ მოსვლა. ბევრი ფაქტორი განაპირობებს კეთილგანწყობას - სწავლების ხარისხი, ბავშვის მოტივაცია, შეფასებები და ა.შ. მშობელი, სკოლა და საზოგადოება ეს სამკუთხედი შეკრული უნდა იყოს, რათა განათლების დარგში რაღაცას მივაღწიოთ.

მანანა მიქაძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობლების კეთილგანწყობის მოპოვება მათთან ხშირი კომუნიკაციით არის შესაძლებელი. მშობლებს დირექტორმაც და პედაგოგმაც ბავშვების შესახებ ინფორმაცია ჯერ დადებითი კუთხით უნდა მიაწოდონ. ჩვენ, მაგალითად სოციალურ ქსელში კლასების მიხედვით გვაქვს ჯგუფები სპეციალურად შექმნილი, სადაც მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას, თუნდაც დავალებების შესახებ. ამ ჯგუფებში მეც ვარ გაწევრიანებული და ყველაფრის საქმის კურსში ვარ.  მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და აქედან გამომდინარე ყველასთან ურთიერთობა არ გვიჭირს. თავად მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, როდესაც ხედავენ სკოლაში მის შვილზე როგორ ზრუნავენ. ეს ყველაზე მეტად გვეხმარება. სხვათა შორის, მშობლებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ეს იქნება სოციალური ქსელი თუ სატელეფონო კონტაქტი.

დავით ჯაბუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მშობლებთან კომუნიკაცია დავამყაროთ, თუმცა სამწუხაროდ ძალიან პასიურობენ, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში გვერდში დაგვიდგნენ. ვცდილობთ ყველანაირი საშუალებებით ეს იქნება პირადი ურთიერთობები თუ შეტყობინებები... კომუნიკაციის ყველანაირ საშუალებას მივმართავთ. აი, დაწყებითი კლასების მშობლები ბევრად აქტიურები არიან, მაგრამ მაღალი კლასების სამწუხაროდ არა... მეოთხე კლასის ზემოთ უკვე მშობლები გაგვირბიან და სამწუხაროდ, დიდ ინტერესს არ იჩენენ.

ბონდო ტვილდიანი, კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის დირექტორი:

კეთილგანწყობის მოპოვება შესაძლებელია ტაქტიანი მიდგომით, საუბრებით და კეთილდამოკიდებულებით. სკოლის, ოჯახის და საზოგადოების საზრუნავი ბავშვი უნდა იყოს. პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლაში მშობლებს ვერ ვეძახით, თუმცა როგორც კი სადმე ერთმანეთს ვხვდებით სასაუბრო თემა მუდამ სკოლა და ბავშვია.  

ლონგინოზ თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დირექტორიც და პედაგოგებიც ერთობლივად ვმოქმედებთ. კლასის ხელმძღვანელები თვეში ერთხელ მაინც, ტელეფონით მშობლებს უკავშირდებიან და აცნობენ მოსწავლის ქცევისა თუ აკადემიური მოსწრების შესახებ. პერიოდულად მშობლები სკოლაშიც დადიან, თუმცა პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ახლა ეს ცოტა შეზღუდულად მიმდინარეობს. ბავშვებს თუ რაიმე პრობლემები აქვთ მშობლებს ვაცნობთ და შეძლებისდაგვარად, ყველანაირად ვეხმარებით.

მერაბ ძაძამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული საკითხი მარტივად სათქმელი არ არის, ამას მთელი პროცესი სჭირდება. მთავარი ის არის რომ, მშობლამდე მივიტანოთ, გავაგებინოთ სკოლისა და მშობლის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. ახლა, მშობლებთან საკონტაქტოდ მრავალი საშუალება არსებობს... ძველი დრო არ არის, როდესაც მშობელთა კრებები ტარდებოდა, თუმცა ახლა უკვე სხვა საშუალებები გაჩნდა, რომ ყოველდღიური კონტაქტი დავამყაროთ თუ შევინარჩუნოთ, რათა მისი შვილის მდგომარეობა ვაცნობოთ და სასკოლო ცხოვრებაში ჩავრთოთ. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვცდილობთ, სამწუხაროდ რაც გვაქვს ჩაფიქრებული ბოლომდე ვერ მივაღწიეთ თუმცა, დადებითი ძვრები არის.  მაგალითად, ჩვენს სკოლაში წესია, რომ თუ მოსწავლე სკოლაში არ ცხადდება, დამრიგებელი ვალდებულია მშობელს დაუკავშირდეს და საქმის კურსში ჩააყენოს. ეს შესაძლოა ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მშობელი ხვდება, რომ მის შვილზე სკოლა ფიქრობს და ზრუნავს. ამით რაღაცნაირად მშობელსაც უმუშავდება ინსტიქტი, რომ სკოლასთან მასაც გააჩნია ვალდებულება, როგორც მშობელს. რა თქმა უნდა, ვალდებულება გაგვაჩნია სკოლას, მასწავლებლებს, მაგრამ ამის შეგრძნება მშობელსაც უნდა ჰქონდეს.

ლილი გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მშობლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პირველ რიგში საჭიროა, იყო ობიექტური და გრძნობდეს მშობელი, რომ მისი შვილი გიყვარს. მასწავლებლები იგივე მშობლის ფუნქციას ვასრულებთ. დირექტორისგან და მასწავლებლებისგან მშობლები მზრუნველობას უნდა გრძნობდნენ და ამის შემდეგ კეთილგანწყობა იოლი მოსაპოვებელია. თავად მე საგანსაც ვასწავლი და მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე ძალიან ვარ ორიენტირებული და თითოეულის წარმატება მახარებს. ვცდილობ წარმატებული მოსწავლეები მყავდეს. მშობლებიც ამას ხვდებიან და ყველანაირად მიწყობენ ხელს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება