სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მასწავლებლის შრომა სტატუსით არ განისაზღვრება“ - ბიწმენდის საჯარო სკოლის დირექტორი ნინელი მამულაშვილი
02-02-2022
-
+


ნინელი მამულაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა უკვე 47 წელს ითვლის, ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლას, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობასთან ერთად, დირექტორის ამპლუაში 30 წელია ერთგულად ემსახურება.

ბიწმენდის საჯარო სკოლის დირექტორად 1991 წელს დაინიშნა და ბევრი ქარტეხილიც გამოიარა. დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ პედაგოგები ახლა უფრო მეტად არიან დაფასებულები. თავმდაბალი დირექტორი, საკუთარ სკოლაზე დაუღალავად ზრუნავს. თავისი ენერგიითა და წინსვლაზე ორიენტირებულობით, იგი თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის სამაგალითო პიროვნებაა.

ნინელი მამულაშვილს დირექტორის უმთავრეს მოვალეობად სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების თითოეული ტკივილის, პრობლემისა თუ სიხარულის გათავისება მიაჩნია... და მაინც, კარგი დირექტორის შესაფასებლად უმთავრეს კრიტერიუმად კომუნიკაციის უნარს და სამართლიანობას მიიჩნევს.

ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური ზრდის ფონზე როგორ დაიწყო სკოლაში II სემესტრი, რას ფიქრობს სკოლებში სწავლების დასწრებით ფორმატზე, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასების მატებაზე და კიდევ, მრავალ საინტერესო საკითხზე - პასუხებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინელი მამულაშვილთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- პანდემიის მიუხედავად სკოლაში II სემესტრი დიდი შეფერხებების გარეშე, დასწრებით ფორმატში დაიწყო. გაკვეთილებზე მოსწავლეების 100% თუ არა, 90%-იანი დასწრება მაინც გვაქვს. სკოლაში აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას და რეგულაციას ზედმიწევნით ვიცავთ, რათა ბავშვებმა განათლება უსაფრთხო გარემოში მიიღონ. მშობლებს მათი სკოლაში გამოშვების არ ეშინიათ, რადგან იციან, აქ ყველა პირობა დაცულია. პედაგოგებსაც, რა თქმა უნდა უხარიათ, რომ სწავლა პირდაპირ ფორმატში მიმდინარეობს, რადგან ამ დროს დასწრებაც კარგია და მოსწავლეებშიც სწავლისადმი მოტივაციაც უფრო დიდია.

- როგორ შეაფასებთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სკოლები სწავლას კვლავ დასწრებით ფორმატში აგრძელებენ? როგორ ფიქრობთ, სწავლების პირდაპირ ფორმატს სემესტრის ბოლომდე შეინარჩუნებთ?

- მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სწავლება პირდაპირ რეჟიმში გაცილებით დიდი შედეგის მომტანია, ვიდრე ონლაინ ფორმატში. სამინისტრო სკოლებზე ზრუნავს - ყველა საჭირო ინვენტარით გვამარაგებს, რათა ვირუსის გავრცელებისგან დაცულები ვიყოთ. დასწრებით ფორმატს ნამდვილად შევინარჩუნებთ, რადგან ჩვენი სოფელი დიდი არ არის, ადამიანებს შორის კონტაქტიც ნაკლებია; აქედან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების საფრთხე იმ დონეზე, რომ სწავლა შევწყვიტოთ არ მგონია იყოს. ბავშვებში დაინფიცირება პროცენტულად 1%-იც კი არ არის.

- სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ანაზღაურება გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ ეს ზრდა საკმარისია?

- განათლების სამინისტროს მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, რომ მიზერულ ხელფასზე მომუშავე პედაგოგებს ანაზღაურება გაგვეზარდა. მე იმ დროებისა და ეპოქის პედაგოგი ვარ, რომლის ხელფასიც 35 მანეთი იყო. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, პედაგოგების შრომა ფასდება; რაც შეეხება ადმინისტრაციას, აქ ტექნიკური პერსონალია საყურადღებო.. მიმაჩნია, რომ სამინისტრომ მათზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს. ამ ადამიანებს იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ ეს 10% მათ მიერ გაწეული შრომას არ შეესაბამება. მოგეხსენებათ, სკოლის ახალი შენობა გვაქვს, გვყავს ერთი დამლაგებელი და გამოვაცხადე ვაკანსია მეორე დამლაგებელზე; როდესაც მოქალაქეებს ხელფასს ვთავაზობ მეუბნებიან, რომ ეს საკმარისი არ არის. მათ სხვაგან მუშაობა ურჩევნიათ, ვიდრე აქ. როგორც დირექტორს ძალიან მწყდება გული, რომ ვაცხადებ ვაკანსიას და ამ შტატზე სამუშაოდ მწირი ანაზღაურების გამო არავინ მოდის.

- ქალბატონო ნინელი, საინტერესოა, სამინისტროს გადაწყვეტილებას პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდით და თქვენი პედაგოგები თუ აპირებენ წელს სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლას? 

- სკოლაში სულ 18 პედაგოგი გვყავს. აქედან ორი პრაქტიკოსია, ხოლო დანარჩენი უფროსი სტატუსის. ჩემ პედაგოგებს, რა თქმა უნდა, სურთ კვალიფიკაცია აიმაღლონ. ემზადებიან, სხვადასხვა ტრენინგებს გადიან და აქვთ მოტივაცია გახდნენ წამყვანები და მენტორები. პრაქტიკოსებსაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, რომ გამოცდები კვალიფიკაციის ასამაღლებლად კიდევ ჩააბარონ. მეც საკმაოდ დიდხნიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებელი გახლავართ. აქტიური ცხოვრება მაქვს, თუმცა ჩემი ასაკიდან გამომდინარე გამოცდაზე გასვლას აღარ ვფიქრობ...

ვიტყოდი, რომ მასწავლებლის შრომა სტატუსით არ განისაზღვრება. პედაგოგისთვის გამოცდილება და სტაჟია მნიშვნელოვანი. მასწავლებელმა, რომელმაც 30 და 40 წელი იმოღვაწევა, მას დღეს პრაქტიკოსი მასწავლებელი ვუწოდოთ არასწორად მიმაჩნია. შესაბამისად, მისი შეფასებაც არაობიექტური იქნება. მან თავისი ცხოვრება გაატარა სკოლაში, მთელი დღის მანძილზე იყო ბავშვებთან, კავშირი ჰქონდა სწავლასთან და როგორ შეიძლება ასეთმა პედაგოგმა ისეთი გამოცდილება არ დააგროვა, რომ ბავშვებისთვის მისაღები არ ყოფილიყო?!

- 30 წელია ბიწმენდის საჯარო სკოლას დირექტორის ამპლუაში ერთგულად ემსახურებით. რა არის წარმატებული დირექტორობის საიდუმლო?
- ხელმძღვანელობა იოლი არ არის. იმისთვის, რომ სკოლა მართო შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა გქონდეს; ერკვეოდე იმ კანონმდებლობებში, რომლებიც დირექტორმა აუცილებლად უნდა იცოდეს, მაგრამ შეფასების ყველაზე დიდ კრიტერიუმს კომუნიკაბელურობის უნარს მივანიჭებდი. დირექტორი არამხოლოდ პედაგოგებთან ურთიერთობს, არამედ მოსწავლეებთან და მშობლებთან. ბავშვებზე და თითოეულ თანამშრომელზე უნდა ზრუნავდეს; დირექტორმა სკოლის, მოსწავლეებისა და პედაგოგების ყოველი გულისტკივილი უნდა გაითავისოს. იგი, არამხოლოდ იურიდიულად დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე უნდა ხელმძღვანელობდეს, არამედ შესისხლხორცებული უნდა ჰქონდეს, ის პასუხისგმებლობა, რაც დირექტორობას სდევს თან. დირექტორობა ძალიან დიდ სიფრთხილეს და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს, როგორც თანამშრომლებთან, ისე ბავშვებთან.

ჩემი სკოლა საბაზოა და სულ 86 მოსწავლე მყავს. ძალიან მიხარია, რომ მას შემდეგ რაც ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში გადავედით, მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ადრე 54 მოსწავლე მყავდა... მშობლებს ახლა მეტი მოტივაცია მიეცათ, რომ შვილები ჩვენს სკოლაში მოიყვანონ. ეს დიდი შრომის შედეგია.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება