სიახლეები
სიახლეები

გრანტის აღების შანსი გაეზარდებათ თუ არა აბიტურიენტს 2022 წელს - „ნაეკი“ აქტუალურ კითხვებს პასუხობს
21-01-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღეების გამართვას. გთავაზობტ აბიტურიენტებისთვის აქტიუალურ კიტხვებზე გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხებს. 

1. რა სიახლეები შეეხო 2022 წლის გამოცდებს და რატომ?
2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ არა მხოლოდ მათემატიკა ან/და ისტორია, არამედ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანები შემდეგი ჩამონათვალიდან: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. ეს სიახლე აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 
 
2. 2022 წლის სიახლე ხომ არ გულისხმობს იმას, რომ საგნების შედეგები შესაძლოა დაჯამდეს და ამით გრანტის აღების შანსი გაეზარდოს აბიტურიენტს?
გრანტის გაცემა ისევ სამი საგნის შედეგის შესაბამისად მოხდება. აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი არ იცვლება. საგამოცდო საგნის წონა ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენის საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5.
 
3. რომელი საგნის ტესტს შეეხო წელს ცვლილებები?
2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად. 
ასევე გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შევა მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.
 
4. სად შეიძლება ვნახოთ რომელი პროგრამა რომელ საგნებს ითხოვს 2022 წელს?
პირველადი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რომელი საგანი ბარდება, გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე. იხილეთ ბმული. საბოლოო ინფორმაცია კი ამავე გვერდზე განთავსდება რეგისტრაციის დაწყებამდე.
 
5. გამსვლელი ზღვარი თუ შეიცვალა რომელიმე საგანში?
გამსვლელი ქულის პროცენტული ზღვარი წელს არ შეცვლილა. ყველა საგანში აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო უცხოურ ენასა და მათემატიკაში 20%-ზე მეტი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე გამსვლელი ქულის პროცენტული მაჩვენებელი.
 
6. წელს, როგორც ვიცით, ისტორიის პროგრამაში შევიდა ცვლილებები, ამის ხარჯზე შესაძლებელია თუ არა გართულდეს ან გამარტივდეს ტესტი?
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამაში შეტანილია მხოლოდ გარკვეული დაზუსტებები და მცირე ხასიათის ცვლილებები, თუმცა პროგრამის მოცულობა არ გაზრდილა, პირიქით, უფრო მეტი საკითხია ამოღებული, ვიდრე დამატებული. ყოველწლიურად ამ ტიპის ცვლილება განპირობებულია იმით, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ასახული უკლებლივ ყველა საკითხისა და ქვესაკითხის შეტანა მეტისმეტად გაზრდის პროგრამის მოცულობას, სწორედ ამიტომ პერიოდულობით გარკვეული საკითხები ახალი საკითხებით იცვლება, ან ზუსტდება გარკვეულ ისტორიული თემატიკა და პერიოდი, რათა არ გავიმეოროთ ერთი და იმავე მასალაზე შედგენილი დავალებები და ტესტიც გადახალისდეს ახალი თემატიკით. ყველა ცვლილება შეთანხმებულია ექსპერტთა ჯგუფთან. რაც შეეხება ტესტის სირთულეს, შარშანდელის იდენტური იქნება.
 
7. ვაბარებ ისტორიასა და მათემატიკას. თუ ერთ არჩევით საგანში ზღვარი ვერ გადავლახე, ჩაჭრილად ვითვლები?
თუ რომელიმე არჩევით საგანში ზღვარს ვერ გადალახავთ, ან გამოცდაზე არ გამოცხადდებით, შეინარჩუნებთ მეორე არჩევითი საგნით ჩარიცხვისა და გრანტის მიღების შესაძლებლობას. 
 
8. სავალდებულოა თუ არა ჯანდაცვის მიმართულებაზე ჩავაბარო ბიოლოგია?
დიახ, ჯანდაცვის  (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტმა უნდა  ჩააბაროს შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ბიოლოგია, ასევე მინიმუმ ერთი საგანი ამ ჩამონათვალთაგან: მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა.
 
9. უცხოურ ენაში ჯერ უნდა მოვისმინოთ დავალება და შემდეგ უნდა გავცეთ კითხვებს პასუხი?
პასუხები უნდა გასცეთ მოსმენის პარალელურად ისე, რომ ტესტი გქონდეთ გახსნილი. უცხოური ენის ტესტი ორი მოსმენის დავალებით იწყება. პირველი დავალება შედგება 5 მოკლე ტექსტისგან, მეორე კი - ერთი, შედარებით ვრცელი ტექსტისგან.  დავალების მოსმენა ხდება ორჯერ. ჩვენი რეკომენდაცია: თუ შეკითხვაზე გაგიჭირდათ პასუხის გაცემა პირველი მოსმენით, გადადით მომდევნო კითხვაზე და მეორე მოსმენისას გაეცით მას პასუხი.
 
10. სად და როგორ უნდა გაიროს აბიტურიენტმა რეგისტრაცია?
აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გადიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე (online.naec.ge). რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. ასევე, არ აქვს უფლება შეცვლოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა. 
მესამე ეტაპზე საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
 
11. რა მოწმდება ლიტერატურის გამოცდით და რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ტესტზე მუშაობისას?
ლიტერატურის საგამოცდო ტესტით მოწმდება: არგუმენტირების უნარი, საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გამოყენების უნარი, ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარები. ასევე დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნება და წერის კულტურა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით. დეტალები იხილეთ კრებულში: კრებული -  ლიტერატურა  აბიტურიენტებს ვურჩევთ ყურადღებით გაეცნონ დავალების პირობას და ზედმიწევნით შეასრულონ მითითებები. მაგ.: თუ თქვენ გევალებათ  კონკრეტული ეპიზოდის განხილვა, არ არის საჭირო მთელ ნაწარმოებზე მსჯელობა.
 
12. რით უნდა იხელმძღვანელოს აბიტურიენტმა საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის გაკეთების დროს? 
მნიშვნელოვანია, რომ  რეიტინგული სია საკუთარი სურვილის შესაბამისად შეადგინოს აბიტურიენტმა, რადგან პროგრამა განიხილავს მის ჩარიცხვას პირველ არჩევანზე, თუ ქულა არ ეყო -  მომდევნოზე და ა.შ. აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით); გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები და სხვ. აქვე მინდა კიდევ ერთი გაფრთხილება მივცე მათ: ყველა ცვლილების შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ შენახვის ღილაკი!
 
13.  როგორი ტიპის დავალებები იქნება ქიმიიის ტესტში?
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  ქიმიის გამოცდაში მნიშვნელოვანი სიახლე არ იგეგმება, კერძოდ:
უცვლელია საგამოცდო დრო, რომელიც კვლავ 3 საათი იქნება; ტესტის მაქსიმალური ქულა 63 დარჩება, შესაბამისად, მინიმალური ზღვრის, ანუ 25%-ის გადასალახად საკმარისი იქნება 16 ქულა. თუმცა აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უმაღლესი სასწავლებლები თვითონ აწესებენ ხოლმე მინიმალურ ზღვარს; უცვლელი იქნება საგამოცდო პროგრამაც, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია ცენტრის ვებ-გვერდზე.
ქიმიის საგამოცდო ტესტის ფორმატი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, იქნება როგორც დახურული, ასევე ღია დავალებები. ტესტში, სავარაუდოდ, იქნება: 25 არჩევითპასუხებიანი, ანუ დახურული დავალება; ღია დავალებები, რომლებიც ამოწმებენ, თუ როგორ შეუძლია აბიტურიენტს: 

  • ქიმიური ნაერთების დასახელება;
  • ქიმიური სახელწოდებიდან ნივთიერების ფორმულის შედგენა;
  • რეაქციების ტოლობების შედგენა და მათი გათანაბრება;
  • ქიმიაში საჭირო გამოთვლების შესრულება და ა. შ. ღია ტიპის ამოცანა (გამოთვლითი დავალება) სავარაუდოდ, კვლავ 2 იქნება. 
  • ტესტში ორგანული ქიმიის დავალებების წილი დაახლოებით 1/3 იქნება (იგულისხმება ქულების 1/3 და არა დავალებათა საერთო რაოდენობის). დანარჩენი ქულები ზოგადი და არაორგანული ქიმიის საკითხებზე გადანაწილდება.
  • აბიტურიენტებს ვურჩევდით:
  • იმეცადინონ საგამოცდო პროგრამის მიხედვით, ტესტში შეტანილი საკითხები არ გასცდება სასკოლო სახელმძღვანელოებს, თუმცა, რასაკვირველია, მეცადინეობისას შეუძლიათ დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებაც;
  • ბევრი ივარჯიშონ ქიმიური რეაქციების ტოლობათა შედგენასა და მათ გათანაბრებაზე;
  • ყურადღება მიაქციონ არითმეტიკული გაანგარიშებების სიზუსტეს - ამ ტიპის შეცდომებიც ძალიან ხშირია;
  • გულისყურით გაეცნონ წინა წლებში გამოყენებულ ტესტებს, ასევე მათ შეფასების სქემებს (ეს ყველაფერი ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული), რაც სათანადო წარმოდგენას შეუქმნის გამოცდაზე, ტესტური დავალებების ტიპებზე, მათ სირთულესა და შეფასების სისტემაზეც. 
14. „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ როდის გამოქვეყნდება? 
„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში.
 
15. რით უნდა ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო განათლების  გამოცდისთვის მომზადების პროცესში? 
სამოქალაქო განათლების საგამოცდო ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება. აბიტურიენტებს ვურჩევთ გაეცნონ 2020 წლის სამოქალაქო განათლების ტესტს და ასევე იხილონ შეფასების სქემა. ტესტი შედგება 30 დავალებისაგან და ტესტის მაქსიმალური ქულა არის 60. ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტს აქვს 3 საათი და 10 წუთი. მინიმალური გამსვლელი ქულა არის 16. სამოქალაქო განათლების ტესტი შედგება სხვადასხვა ტიპის დავალებებისაგან, რომლებსაც თან ერთვის ინსტრუქციები. აბიტურიენტი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას და ინსტრუქციის მიხედვით შეასრულოს დავალება. აბიტურიენტებმა მომზადებისას უნდა იხელმძღვანელონ 2022 წლის სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამით, რომელიც განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე.
 
16. კონკრეტულად რა სიახლეები იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში? 
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს  ძირითადად ფორმატის ცვლილებას. ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად.  აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ნიმუშსა და შეფასების კრიტერიუმს.   
 
17. შეიძლება თუ არა აბიტურიენტმა რამდენიმე უცხო ენა აირჩიოს ჩასაბარებლად? 
აბიტურიენტს რეგისტრაციის დროს შესაძლებლობა აქვს, რომ აირჩიოს მხოლოდ ერთი  უცხოური ენა. 
 
18. შეიცვალა თუ არა გრანტის განაწილების წესი? თუ არჩევით საგანში შედარებით დაბალ ქულას აიღებს აბიტურიენტი და დანარჩენ ორ საგანში მაღალს, გრანტის აღების შესაძლებლობას ინარჩუნებს იგი?
გრანტის გაცემის წესი არ შეცვლილა. გრანტის განაწილება ხდება ძირითადი და არჩევითი საგნებით. მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია არჩევით საგანში მიღებული ქულა. თუ აბიტურიენტი ორ არჩევით საგანს აბარებს, მაშინ ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და გრანტს მოიპოვებს იმ საგნით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების შანსი ექნება. თუ რომელიმე არჩევით საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ის ინარჩუნებს გრანტის მოპოვების  შესაძლებლობას დანარჩენი სამი საგნის შედეგით.  
 
19. რა ცვლილებები შევიდა გეოგრაფიის ტესტში?  
გეოგრაფიის  ტესტში მცირეოდენი ცვლილებები შევიდა.  რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშალა 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. გარდა ამისა, აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.
 
20. რა რეგულაციებით ჩატარდება 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები? 
 ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. გამოცდებამდე გარკვეული პერიოდით ადრე  მუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები. 
 
21. რა უნდა გავითვალისწინოთ პასუხების ფურცლის შევსების დროს? 
უპირველეს ყოვლისა, აბიტურიენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ტექსტს შესაბამის გრაფაში წერს. ხშირად ხდება, როდესაც აბიტურიენტს  პასუხი სხვა დავალების გრაფაში გადააქვს. ასეთი დავალება არ ფასდება, აგრეთვე ნაშრომი არ გასწორდება, თუ: პასუხების  ფურცელი  ან შტრიხკოდი დაზიანებულია, აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს ნაშრომს. პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს, პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.
 
22. რას გვაძლევს მეოთხე საგნის ჩაბარება? რამდენად ზრდის შანსს, მოვხვდეთ ჩვენთვის სასურველ პროგრამაზე?
დამატებით ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარება, რა თქმა უნდა, ზრდის სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ  აბიტურიენტის  მიერ არჩეული საგნები  ამ კონკრეტულ პროგრამას შეესაბამება).  თუ აბიტურიენტი  ირჩევს ორ ან მეტ საგანს, ის ამდენჯერვე  იღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის დროს კი, თუ  ერთ-ერთ  მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს,  ან გამოცდაზე  არ გამოცხადდება,  ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
 
23. როგორ ხდება  საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების განაწილება? 
აბიტურიენტი ძირითადი რეგისტრაციისას ირჩევს საგამოცდო ქალაქს. იმ ქალაქებში, სადაც ერთზე მეტი საგამოცდო ცენტრია, აბიტურიენტთა განაწილება ხდება პროგრამულად, შემთხვევითობის  პრინციპით. 
 
24. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების  შემთხვევაში რა დრო შეიძლება მოემატოს აბიტურიენტს? 
ასეთ დროს აბიტურიენტმა ძირითადი  რეგისტრაციისას უნდა  მონიშნოს სპეციალური გრაფა და  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100), იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც  იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას.  
 
25. ხომ არ შეეხო ცვლილება რუსული, ფრანგული ან გერმანული ენების გამოცდას? რა გავითვალისწინოთ მომზადების, ასევე უშუალოდ საგამოცდო პროცესში? 
 
ეს გამოცდები ზუსტად იმავე ფორმატში ტარდება, როგორიც ინგლისური ენის გამოცდა. 2022 წელს უცხოური ენის გამოცდას ცვლილება არ შეხებია. უცხოური ენის ჯგუფის წარმომადგენლები  კი გირჩევენ, რომ გაეცნოთ გასული წლების ტესტებს, ასევე საგამოცდო კრებულს, რომელიც  ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. უშუალოდ საგამოცდო პროცესის დროს კი გახსოვდეთ,  რომ თემის წერისას არ უნდა დაწეროთ სახელი და გვარი, ასევე ზუსტად უნდა უპასუხოთ დასმულ შეკითხვას. საჭიროა ყურადღებით წაიკითხოთ ინსტრუქციები, ამასთან გაითვალისწინოთ დროც, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება