სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

მაია სურვილაძე: „საკვები ერთადერთი წყაროა, რომლითაც ბავშვი ღებულობს აუცილებელ პლასტიკურ მასალას და ენერგიას“
09-01-2018
-
+


ბავშვმა ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვები პროდუქტი უნდა მიიღოს და დღეში არანაკლებ 4-ჯერ უნდა მიირთმევდეს. დღის განმავლობაში მოსწავლემ უნდა დალიოს 1-1,5ლ სითხე, მაგრამ არა გაზიანი.

როგორ უნდა იკვებებოდეს სკოლის მოსწავლე სწორად და რა საკვები უნდა მიიღოს მან დღის განმავლობაში ამის შესახებ etaloni.ge-ს პედიატრი და ნუტრიციოლოგი მაია სურვილაძე ესაუბრა.


- როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი სწორად, მითუმეტეს თუ ის მოზარდია?

- ჩვენ საუბარი გვაქვს სკოლის ასაკზე, რომელიც  6-დან 17 წელს მოიცავს და  ხასიათდება ინტენსიური ზრდის პროცესით, ჩონჩხის ძვლოვანი  და კუნთური მასის მატებით, ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული სისტემის, თავის ტვინის ჩამოყალიბებით. ეს პროცესები დაკავშირებულია ადამიანის საბოლოო მომწიფებასა და ჩამოყალიბებასთან.

საკვები ერთადერთი წყაროა, რომლითაც ბავშვი ღებულობს აუცილებელ პლასტიკურ მასალას და ენერგიას. სკოლის პროგრამის ათვისება ბავშვისგან მოითხოვს გონებრივ აქტივობას.
პატარა ადამიანი, ეჩვევა რა სწავლას, არა მარტო ასრულებს მძიმე შრომას, არამედ ამავდროულად იზრდება და ვითარდება კიდეც, ყოველივე ამისთვის კი სრულფასოვანი კვებაა საჭირო.
უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვის  „რთული“ ხასიათი ხშირად არარაციონალური კვების შედეგია, რომ სწორი კვება აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ანვითარებს მეხსიერებას  და ამგვარად აადვილებს სწავლის პროცესებს.

- დილას, სანამ ბავშვი სკოლაში წავა როგორ უნდა ისაუზმოს? მსუბუქად თუ ნოყიერად?

- საუზმის კალორაჟი უნდა შეადგენდეს მთელი დღის კალორიულობის 20%-ს. საუზმეზე აუცილებლად უნდა იყოს ცხელი კერძი, უმჯობესია სახამებლის შემცველი - ფაფა, მაკარონის ნაწარმი. სახამებელი საკამოდ ნელა მოინელება, რის წყალობითაც წარმოქმნილი გლუკოზა თანდათან-პორციულად ხვდება სისხლში, ამიტომაც ენერგია დიდხანს ყოფნის. აქვე კარგი დამატება იქნება ხილი, ბოსტნეული. სასმელებიდან - ჩაი, კაკაო.


- რა უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში, რომელი საკვები სჯობს?

- ამ ასაკობრივ ჯგუფებში კვებათა შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 4სთ-ს. ამიტომაც აქ დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენ ხანს არის ბავშვი სკოლაში. საუკეთესო ვარიანტია სკოლაში ორგანიზებული იყოს კვება - ცხელი კერძის მიღება, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის მშობელმა უნდა გაატანოს ბუტერბროდი მოხარშული ხორცით (ქათამი ან საქონელი, არ შეიძლება ძეხვი) + ბოსტნეული (მაგ.: კიტრი, სტაფილო, სალათის ფურცელი), ყველი ან მოხარშული კვერცხი + იოგურტი.


- როგორ შეაფასებთ სკოლებში ვაშლის დარიგების პროცესს?

- ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქაც უნდა გავითვალისწინოთ, კვებათა შორის შუალედი.  თუ სკოლაში ორგანიზებულია კვება (ცხელი კერძი) და/ან მშობელი ატანს საკვებს, მაშინ საკმარისია ვაშლის დარიგება, მაგრამ თუ არ არის ორგანიზებული, მარტო ვაშლი არ არის საკმარისი. 

- საკვები, რომელიც მოზარდმა თაობამ არ უნდა ჭამოს...

- ე.წ. „Fast Food“-ი, ჩიფსი, გაზიანი სასმელები, დიდი რაოდენობით ტკბილეული და მაღალკალორიული საკვები, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ორგანიზმის მიჩვევას ამ საკვებისადმი.


- ძალიან ხშირად, სკოლიდან გამოსული ბავშვები მიირთმევენ გარეთ მომზადებულ, მზა საჭმელს, რამდენად საზიანოა ეს მათი ჯანმრთელობისთვის?

- რასაკვირველია გარეთ მომზადებული ყველა საკვები ერთნაირად ხარისხიანი არ არის, უფრო მეტიც, უმეტესად უხარისხო და არაბალანსირებულია. ძირითადათ ცომეული, ტკბილეული, ან პატარა მოცულობაში დიდი კალორიის შემცველია.  როცა ბავშვი ასეთ საკვებს ღებულობს,
ორგანიზმი ეჩვევა, დიდი რაოდენობით ტკბილის მონელებას, რის გამოც გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი (ამას ჰიპერინსულინემია ეწოდება). ეს შეიძლება გამხდარ მოზარდებშიც  განვითარდეს. ინსულინის მაღალი დონის გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები, როცა მნიშვნელოვნად ქვეითდება სისხლში შაქრის შემცველობა. ეს გამოიხატება კვებათა შორის შუალედში ძლიერი შიმშილის შეგრძნებით, ძლიერი თავბრუსხვევით. როგორც წესი, ამ მდგომარეობიდან მოზარდი თავს აღწევს ზუსტად ასეთი მზა ტკბილი (კანფეტის, ფუნთუშა) ან რომელიმე ასეთი პროდუქტის მიღებით. ეს კი თავისთავად მომავალში ჭარბი წონის და სიმსუქნის მიზეზი ხდება. ხოლო რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ესეც დამოკიდებულებას იწვევს, ბავშვებს უძლიერდებათ მასზე მოთხოვნილება, ვეღარ აკონტროლებენ რაოდენობას, რაც დამატებით იწვევს კალციუმის კარგვასაც და მომავალში ოსტეოპოროზის კანდიდატები ხდებიან.

- რას ურჩევთ მშობლებს, როგორი უნდა იყოს მათი შვილების ყოველდღიური კვების რაციონი?

- თანამედროვე მოსწავლე, დღეში 4-ჯერ უნდა იკვებებოდეს, ამასთან საუზმეზე, სადილსა და სამხარზე აუცილებლად უნდა იღებდეს ცხელ კერძს. მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელია რძე, ხაჭო, ყველი, რძემჟავე პროდუქტები - კალციუმის და ცილის წყარო.  კალციუმის და ფოსფორის დეფიციტი ასევე შეიძლება შეავსოს თევზის კერძებმა. გარნირის სახით უმჯობესია არა კარტოფილის და მაკარონის, არამედ მოთუშული და მოხარშული ბოსტნეულის (კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, პარკოსნები) მიღება. დღის განმავლობაში მოსწავლემ უნდა დალიოს არანაკლებ 1-1,5ლ სითხე, მაგრამ არა გაზიანი.
და დაიცვან ჯანმრთელი კვების წესები:
1.    ბავშვმა უნდა მიიღოს მრავალფეროვანი საკვები პროდუქტები. ბავშვის ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს დაახლოებით 15 დასახელების სხვადასხვა საკვებ პროდუქტს. კვირის განმავლობაში კი 30 დასახელების სხვადასხვა პროდუქტს.
2.    ბავშვის რაციონში ყოველდღიურად უნდა იყოს შემდეგი პროდუქტები: ხორცი, კარაქი, რძე, ბურღულეული, ახალი ხილი და ბოსტნეული. ხოლო თევზი, კვერცხი, ხაჭო, არაჟანი და სხვა რძემჟავე პროდუქტები, ყველი - კვირაში 2-3-ჯერ აუცილებლად.
3.    ბავშვი უნდა იკვებებოდეს დღეში არანაკლებ 4-ჯერ.
4.    საკვების მიღება უნდა ხდებოდეს წყნარ გარემოში.
5.    თუ ბავშვს აქვს წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა მოხდეს რაციონის კორექცია ფიზიკური განვითარების ნორმიდან გადახრის მიხედვით.
6.    სპორტით დაკავებული მოსწავლის კვების რაციონის კორექცია უნდა მოხდეს ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკვები ცუდად შეითვისება:
•    როცა ბავშვს არ შია
•    ძლიერ დაღლილია
•    ავადმყოფობს
•    წუხს, ეჭვიანობს და გაბრაზებულია
•    გადახურებული და ძლიერ შეციებულია
•    ჩქარობს


ხოლო კარგი შეთვისებისათვის აუცილებელია:
•    ზომიერება
•    საკვების ტემპერატურის გათვალისწინება (საკვები უნდა იყოს თბილი)
•    კარგად დაიღეჭოს
•    არ მიიღოს შებოლილი, შემწვარი და მწარე
•    არ მიიღოს მშრალი საკვები
•    ნაკლები ტკბილეული
•    არ მოხდეს წაიხემსება ჩიფსი, და ა.შ.



კომენტარები


სკოლები
I ტურის ტესტირებაში მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ
შეჯიბრის ბოლოს პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ
სიახლეები
რა იცვლება მასწავლებელთა კომეპეტენციის გამოცდაზე პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განათლების სისტემას 2 საშუალო რგოლის მენეჯმენტის ჯგუფი ემატება
საინტერესო
გაატარეთ თავისუფალი საღამო მასწავლებლების შესახებ სამოტივაციო ფილმის ყურებით. ფილმების უმეტესობა რეალურ ამბაზეა დაფუძნებული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის გონებრივი განვითარებისკენ
საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ადამიანები ერთმანეთს სახელით მიმართავენ
პიროვნება
„ბავშვებს გააზრებული აქვთ, რომ უსწავლელად წინ ვერ წავლენ“
ეტალონი
28 იანვარს სიღნაღში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.
28 იანვარს ხაშურში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

28 იანვარს ლენტეხში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

 

7 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა
საზოგადოება