სიახლეები
პიროვნება

„როცა მოსწავლეს კლასიდან კლასში გადასასვლელად 50%-იანი ბარიერის გადალახვას ვთხოვთ, უმაღლესში 20% რატომაა საკმარისი?!“ - დავით ბრეგვაძე
25-06-2021
-
+


რთული წელი, სასწავლო დანაკარგები, მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემა და ეროვნული გამოცდები - დღეს განათლების სფეროში ეს საკითხები დომინირებს და ალბათ კიდევ კარგა ხანს არ დაკარგავს აქტუალობას. Etaloni.ge- თბილისის N172 საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ბრეგვაძე ესაუბრება, რომელიც მასწავლებლებს ჩვენი დროის გმირებს უწოდებს და გული სწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არა ცოდნა, არამედ მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტია.  

- ბატონო დავით, ცოტა შაბლონურად დავიწყოთ საუბარი. მითხარით, როგორ გაართვა თავი თქვენმა სკოლამ 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებს და თქვენ, როგორც დირექტორი, რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

- ურთულესი წელი იყო, იმიტომ, რომ მოგვიწია კოლოსალური შრომა, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარების დროს; მოსწავლეები ხშირად ცვლიდნენ გადაწყვეტილებას - ხან დისტანციურ რეჟიმს ირჩევდნენ, ხან სკოლაში მოდიოდნენ და შესაბამისად, ჩვენმა სასწავლო ნაწილებმა გმირულად იშრომეს, რადგან თითქმის ყოველ კვირას კეთდებოდა ახალი ცხრილი.

აქ იყო მასწავლებლების კოლოსალური შრომაც - სკოლაში მუშაობდნენ, სახლიდანაც ატარებდნენ ონლაინ-გაკვეთილებს, მიღებულ დავალებებს ასწორებდნენ... მეუღლე მასწავლებელია, მეც მათემატიკას ვასწავლი და ზუსტად ვიცი, უზარმაზარი შრომის ფასად გვიჯდებოდა სასწავლო პროცესის წესისამებრ წარმართვა.

რა თქმა უნდა, ონლაინ გაკვეთილების შედეგები ვერ შეედრება დასწრებითი სწავლებისას, თუმცა სასწავლო წელი შედგა და მაქვს მშობლების წერილები, სადაც მადლობას უხდიან ჩვენს პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, ასევე სკოლის ადმინისტრაციას - ამ პროცესის კარგად ორგანიზებისთვის. არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურად იყო - ინტერნეტის ან ტექნიკური საშუალებების მხრივ ხარვეზებიც დაფიქსირდა, თუმცა ყველა საგანში პროგრამა ამოწურულია - გაკეთდა მაქსიმუმი.

- ურთულესი წელიწადნახევარი გაიარა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ, რაც უპირველესად, ბავშვებზე აისახა. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ამ დანაკარგების შევსებას?

- რა თქმა უნდა... და ამას, მოსწავლეებსა თუ მშობლებთან ერთად, გააკეთებს სკოლაც! მით უმეტეს, ეს არ იყო დიდი დანაკარგი, კოლოსალურად არაფრის კეთების პერიოდი და ყველაფრის შევსება შეიძლება ცოტა მეტი ძალისხმევით. ოღონდ ერთს უნდა მივხვდეთ - აუცილებელია ვაქცინაცია, რათა დავუბრუნდეთ ცხვრების ჩვეულ რიტმს. თუ კვლავ ონლაინ-სწავლება დაგვჭირდება, აღმოფხვრის ნაცვლად, მეტი ჩამორჩენა გვექნება. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი ნიჰილისტურადაა განწყობილი აცრის მიმართ, არადა აუცილებელია, რათა ბავშვიც დაცული იყოს და მასწავლებელიც; იცით, გვყავს პედაგოგები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მათთვის ძალიან საშიშია ამ პირობებში მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთხელ არ დაუწუწუნიათ, რაც გმირობის ტოლფასია.

- თქვენ თუ აიცერით?

- ორივე აცრა ჩავიტარე.

- სკოლას მივუბრუნდეთ... ექსტერნატის გამოცდები პანდემიიდან გამომდინარე მოიხსნა.

- ეს არის შეფასების ერთ-ერთი მიმართულება ეროვნულ სასწავლო გეგმაში და თავის დროზე, ექსტერნატის გამოცდების დაწესება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. წელსაც, განათლების სამინისტრომ ბევრი იფიქრა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილებს ტექნიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ ესწრებოდა, გაცდენა კი ამ დროს ავტომატურად ფიქსირდება. ასე რომ, ექსტერნატის გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილებას დადებითად შევხვდით, მიუხედავად იმისა,  მზად ვიყავით და კომპლექსური დავალებებიც გვქონდა - ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართულები და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გავაკეთეთ: მასწავლებლები ტრენინგებს ესწრებოდნენ, ვითარდებოდნენ, სიახლეებს ვნერგავდით...

- როგორც ახალი სკოლის მოდელში ჩართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, განმსაზღვრელი შეფასება უფრო მოგწონთ თუ განმავითარებელი?

- ზოგადად, შეფასება რთული რამ გახლავთ - განმსაზღვრელ შეფასებას რაც შეეხება, ეს მიმართულება იწვევს სირთულეს, თორემ განმავითარებელი შეფასება შესანიშნავი მოდელია - ღონისძიებათა კომპლექსი, მცირე ტექსტით ჩამოყალიბებული, რა უნდა გააუმჯობესოს მოსწავლემ, რაში აქვს წარმატება და როგორ დაგეგმოს საგანმანათლებლო პროცესი; რიცხვები კი ხანდახან ბევრ რამეს აფუჭებს - 8 იყოს თუ 9, არადა, მთავარია, რას ვაფასებთ და როგორ. ჩემი აზრით განმსაზღვრელი შეფასება ყოველწუთიერი საჭიროება არ არის, განმავითარებელი კი მნიშვნელოვანია.

- მასწავლებელი ვარო, მითხარით და მაშინ, როგორც პედაგოგმა, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა შეაფასეთ.  

- რთული სისტემები კარგად არ მუშაობს ან უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული; რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი ეს საკმაოდ რთული სისტემა, რომელიც მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის შეიქმნა, არცთუ დახვეწილი გახლდათ. ახლა შედარებით გამარტივებულია, თუმცა... წლებია სკოლაში ვარ და ბევრი პერიოდი გავიარე - იყო დრო,  როდესაც სამინისტროს განყოფილებები აფასებდნენ მასწავლებელს; იყო პერიოდი, როდესაც უშუალოდ სკოლებს მიეცათ მასწავლებლის შეფასების საშუალება; მხოლოდ გამოცდებით შეფასების მცდელობაც გახლდათ და მაშინ რთული სიტუაცია მივიღეთ, რადგან იშვიათად ითვალისწინებდნენ პროფესიონალების აზრს.

მთავარი კი, იცით, რა არის? - უმაღლესი განათლების სისტემა ისეთი უნდა იყოს, ამზადებდეს კარგ მასწავლებლებს; კარგი მასწავლებელი რომ მომზადდეს, გონიერ აბიტურიენტს უნდა უნდოდეს მასწავლებლობა, ამისთვის პროფესია - პრესტიჟული, ხელფასი კი კარგი უნდა იყოს.

- არ მგონია, მასწავლებლებს მაინცდამაინც დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, ბატონო დავით, სტატუსის დანამატი ალბათ დაგავიწყდათ.

- აქამდე ასე არ იყო - პროფესიაში მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში დაახლოებით 35-პროცენტიან ბარიერს სძლევდნენ; მერე უკვე ძალიან რთულია, პროფესორებმა რომ ვერ ასწავლეს ხუთი წლის განმავლობაში, ფასილიტატორმა გაანათლოს ასეთი კადრი. ახლა რაღაცები უკეთესობისკენ მიდის, მასწავლებლების ხელფასიც შეცვლილია... ჩვენს სკოლაში არც ერთი მამაკაცი მასწავლებელი არ იყო ახლა კი რვაა და მათ შორის 4 მეცნიერებათა დოქტორია; პედაგოგებს სტატუსები აქვთ და კარგი სპეციალისტების სკოლაში შემოდინების პროცესი დაიწყო.

- თუმცა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველო ყველაზე უარესი განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს შორისაა...

- ვინმემ იცის, ეს კვლევა ვისი ჩატარებულია ან რა მასალებზე დაყრდნობით? პირადად მე, არ მჯერა, რომ საქართველოს, განათლების სისტემა იმდენად არაფექტურია, 180 ქვეყანას შორის, ბოლოდან მეხუთე ადგილზეა... არ ვამბობ, რონ ჩვენი სისტემა გადასარევია და სხვათა შორის, ერთი კითხვა მაქვს: იქნებ ვინმემ ამიხსნას, როცა მე-7 კლასიდან მე-8-ში ბავშვის გადასვლას 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად 20 პროცენტი რატომაა საკმარისი? მესმის, ეს კეთდება იმისთვის, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გვყავდეს და რაც შეიძლება მეტი 2250 ლარი ჩავიდეს ვიღაცის ჯიბეში! 37 ათასი რომ ამთავრებს სკოლას, ყველა უნდა გახდეს სტუდენტი! 1000 ბავშვიც არ რჩება გარეთ და მერე, ისინიც მიტინგს აწყობენ, ბარემ ჩვენც ჩაგვრიცხეთო. ჰოდა, ბარემ ჩარიცხონ ისინიც. საერთოდ, ეს ეროვნული გამოცდები რისთვისაა, წარმოდგენა არ მაქვს.

- ეროვნული გამოცდები სისტემის დიდი მონაპოვარი არ არის?

- ეს გამოცდები მონაპოვარი ნამდვილად არის, აპლიკანტების ობიექტურად შეფასების კუთხით და ამით უპირატესობა მთავრდება! შესანიშნავი საქმე გააკეთა მაია მიმინოშვილმა - ობიექტურად ფასდება ცოდნა, მაგრამ როცა ბავშვმა მხოლოდ 30 პროცენტი იცის იმის, რაც უნდა იცოდეს და მაინც ჩარიცხავ, ასე არაფერი გამოვა.

„მაღალი განათლება“ რომ ერქვას „უმაღლესის“ ნაცვლად, დარწმუნებული ვარ, ნახევარი აღარ მოინდომებდა სწავლის გაგრძელებას. ჩვენთან არავის სჭირდება განათლება, მათ შორის, არც უმაღლესი. სჭირდებათ მხოლოდ დიპლომი - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ატესტატიც იმისთვისაა საჭირო, ეს დოკუმენტი მიიღონ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება