სიახლეები
ინტერვიუ

მაია მიმინოშვილი დუმილს არღვევს - „ეროვნული გამოცდებისგან აღარაფერი დარჩა!“
26-02-2021
-
+


სკოლის ნიშნის, მასწავლებლების რეკომენდაციისა და სკოლისგარე აქტივობების გავლენა ეროვნული გამოცდების ქულაზე - ეს გახლავთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა, რომელიც პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა.

ბუნებრივია, ამ იდეამ მითქმა-მოთქმა, აზრთა სხვადასხვაობა და დიდი გაურკვევლობაც კი გამოიწვია, რადგან მაშინვე გაჟღერდა, რომ ეს ყველაფერი იყო ნაბიჯი უკან და ისიც სადავო საკითხია, რამდენად ობიექტური იქნება მასწავლებელი, მოსწავლის რეკომენდაციის წერისას.

მართალია, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ თუ ეროვნული გამოცდების რეფორმამ მართლაც ამ მიმართულებით აიღო გეზი, საინტერესოა, სადამდე მივალთ?! - ამ მთავარ კითხვას, ჩვენი აზრით, ყველაზე უკეთ სწორედ ის ადამიანი უპასუხებს, რომელმაც თავის დროზე, ეროვნული გამოცდები დანერგა ქვეყანაში და მაშინ, საკმაოდ ბევრი მტერიც გაიჩინა.

2018 წელს, სისტემიდან წავიდა, ოღონდ არა საკუთარი სურვილით - მინისტრმა ახალი გუნდის მოყვანა გადაწყვიტაო, - მითხრა, თუმცა ამ დრომდე ერთგვარი მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული და ხმამაღალი შეფასებებისგან თავს იკავებდა. ახლა კი გაჩუმება აღარ შეიძლება! - ასე დაიწყო საუბარი „ეტალონთან“ მაია მიმინოშვილმა და მიხეილ ჩხენკელის უკანასკნელ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მხოლოდ გულუბრყვილო სურვილი უწოდა, რადგან არსებული განათლების სისტემა იმის მაგივრად, წინ წავიდეს, უკან-უკან მიდის.

რატომ გაუქმდა უნარებისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდები? რატომ არ ვაღიარებთ დისტანციური სწავლების ხარვეზებს? - ამ კითხვებით განათლების სამინისტროს მაია მიმინოშვილი მიმართავს და ამბობს, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს:

- ცოტა შორიდან დავიწყოთ - როდესაც კეთდებოდა განცხადება, რომ საგამოცდო სისტემა რეფორმირებას საჭიროებდა და ეროვნულმა გამოცდებმა თავისი როლი შეასრულა; რომ მნიშვნელოვანია, გადავიდეთ სხვა ეტაპზე და უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ სტუდენტები... ყოველთვის ვამბობდი - განათლების სისტემა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და საგამოცდო სისტემით რეფორმირების დაწყება არის ძალიან დიდი შეცდომა.

- შეცდომა რატომაა - საგამოცდო სისტემა იმდენად იდეალური გვქონდა, რეფორმას არ საჭიროებდა?

-  რეფორმირებას ყველაფერი საჭიროებს... უბრალოდ, საგამოცდო სისტემა არაერთ პრინციპს ეფუძნებოდა. თუ ეს პრინციპები დაცული არ იქნება, სისტემა გამართულად არ იმუშავებს და ამ დროს, საუბარი იმაზე, რომ საქმეს საგამოცდო სისტემის შეცვლა უშველის, უბრალოდ, გულუბრყვილოა.

ვიმეორებ - რეფორმირებას ყველაფერი საჭიროებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, საიდან დავიწყოთ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი და პირველი, გამოცდები ნამდვილად არ უნდა აღმოჩნდეს. არანაკლებ რთულ მდგომარეობაშია უმაღლესი სასწავლებლები და აგიხსნით, რას ვგულისხმობ: როცა 2005 წელს ჩავატარეთ ეროვნული გამოცდები, სისტემა რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს ემყარებოდა, ერთ-ერთი კი აკადემიური უნარების შეფასებას ემყარებოდა.

- რაც გააუქმეს!

- ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მომავალი წარმატებისთვის. დღესაც ვფიქრობ, ყველა მომავალმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ამ უნარების არსებობა და ზოგადად, გამოცდის გაუქმება ჩემთვის აბსოლუტრად გაუმართლებელი ნაბიჯია!

მეორე გახლდათ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების პრინციპი, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფო გრანტის გაცემას, რაც იმ პერიოდში სერიოზული ნაბიჯი ჩანდა, თუმცა უკვე 2006 წლიდან ვსაუბრობდით, რომ დაფინანსების მსგავსი სისტემა უმაღლეს სასწავლებლებს სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენებდა და ასეც მოხდა - უმაღლესები იძულებულები გახდნენ, გადართულიყვნენ სტუდენტთა რაოდენობაზე...

- და ხარისხი უკანა პლანზე გადავიდა, ასეა?

- რა თქმა უნდა! არის რიგი ფაკულტეტებისა, რომელსაც კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის პროფილთან კავშირი არ აქვს. უკვე მიდის საუბარი, შეიცვალოს დაფინანსების სისტემა, რათა უმაღლესი სასწავლებელი არ გავხადოთ იძულებული, რაოდენობაზე გააკეთოს აქცენტი. მუდმივად ვსაუბრობთ, რომ განათლების ხარისხს უნდა შევუწყოთ ხელი, მაგრამ სამწუხაროდ, გადადგმული ნაბიჯები ამაზე ნამდვილად არ მეტყველებს.

2018 წელს, იმჟამინდელმა მინისტრმა ხმამაღლა გამოაცხადა, სრულიად ახალი საგამოცდო სისტემა და რეფორმირება იყო საჭირო. ბუნებრივია, ამ პერიოდში მე და ჩემი კოლეგები წამოვედით სამსახურიდან. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, ახალ გუნდს მიეცემოდა შესაძლებლობა და ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ სამი წელი დიდი დროა იმისთვის, გამოჩნდეს, რა გააკეთე - ეს კი არ ჩანს.

- ამბობთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან თქვენი წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა?

- 3 წელი გავიდა და რა მივიღეთ?! - გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, მაშინ, როცა ელემენტარულ ცოდნას ამოწმებდა - სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ დიდი რაოდენობა მოსწავლეებისა ვერ ლახავდა მინიმალურ ბარიერს, რაზეც სახელმწიფოს პასუხი არ ჰქონდა და პასუხი იყო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.

- სისტემის გაუმართაობა გამოცდების გაუქმებით გადაიფარა?

- გავაუქმეთ იმის მაგივრად, გვეპასუხა - რატომ ვერ ახერხებს 15% ელემენტარულ დონეზე გამოცდის ჩაბარებას და ვერ აკეთებს დავალებას, რომელიც განკუთვნილია მე-6 კლასის მოსწავლისთვის. ამაზე რეაგირება იყო - მოდი, გავაუქმოთ ეს გამოცდები, რაც ზედმეტი სტრესია მოსწავლეებისთვის. 

მეორე ნაბიჯი ეროვნულ გამოცდებს ეხება - გავუმარტივეთ აბიტურიენტებს ცხოვრება, გავაუქმეთ უნარების გამოცდები და სავალდებულო საგნად დავუტოვეთ ისტორია ან მათემატიკა. ამით უმაღლესები უარეს მდგომარეობაში ჩავაყენეთ და ეს პრობლემები შექმნა რეფორმირებამ. სამი წელი გავიდა და იგივე ვითარებაში ვართ. თუმცა სამი წელი რა მოსატანია, 16 წელი გავიდა და უმაღლესების დაფინანსების მოდელს ვერაფერი ვუშველეთ.

მესამე ნაბიჯი - შეცდომაა, საგამოცდო სისტემით დაიწყო ვითარების გამოსწორება. ამას სჭირდება საშუალო განათლების ფეხზე დაყენება და დაფინანსების სისტემის შეცვლა უმაღლესებისთვის პრივილეგიების მიცემით.

- სკოლის ნიშნის გავლენა უმაღლესის ქულაზე, ქმნის თუ არა კორუფციის საფრთხეს, ქალბატონო მაია?

- პირდაპირ გეტყვით - ყოველთვის ვიყავი მომხრე სკოლებს, დავხმარებოდით, მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინათ მომავალი სტუდენტების შერჩევაში, მაგრამ ამ მდგომარეობით, გეთანხმებით - არც სკოლაა მზად და არც მასწავლებელი, რეკომენდაციები დაწეროს; ეროვნული გამოცდების სისტემისგან, ამდენი უხეში ჩარევით, აღარაფერი დარჩა და ამ ინიციატივაში უკან გადადგმული ნაბიჯების მეტს, ვერაფერს ვხედავთ.

როდესაც ვსაუბრობთ, დროა, მისაღები გამოცდები გადავიდეს უმაღლესებში, კორუფციას რომ თავი დავანებოთ და არ მინდა, რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს შეურაცხყოფა მივაყენო, მოდი, აბიტურიენტის თვალით შევხედოთ - თუ ცალ-ცალკე გამოაცხადებენ მიღებას და თუ უნდა, ბედი სცადოს რამდენიმე მათგანში, ერთი უმაღლესიდან მეორეში უნდა ირბინოს და 17 გამოცდა აბაროს?! ამდენი წელია, განათლების სისტემაში ვარ, ვგულშემატკივრობ და ვამბობ -  ნებისმიერი სისტემის გამართულად მუშაობაზე საუბარი ზედმეტია, განათლება თუ არ დადგა ფეხზე. პირიორიტეტად რომ გამოცხადდა, კარგია, მაგრამ მხოლოდ ინვესტიციების ჩადება შედეგს ვერ მოიტანს, თუ გააზრებული არ იქნება ყველა ნაბიჯი და ძალიან მტკივა გული, როდესაც დაუფიქრებელი, ვითომდა ინიციატივები ჟღერდება ამ მიმართულებით.

- თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატური ნაბიჯები გადადგა განათლების სამინისტრომ პანდემიის პერიოდში?

- სამწუხაროდ, მსოფლიოს წარმოუდგენელი რამ დაატყდა თავს; მე მიჭირს პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე ურთიერთობა და შემიძლია, წარმოვიდგინო მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებსაც კლასში ყოფნა უნდათ.

კარგია, რომ არ დავხურეთ და არ ჩაკვდა ყველაფერი განათლების სისტემაში და რაც შეიძლებოდა, თითქოს გაკეთდა; თავი მოება ბევრ რამეს, მასწავლებლების გმირობა ხაზგასასმელია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი გახლავთ სხვა რამ - რიტორიკა!

- რიტორიკას უწუნებთ განათლების სამინისტროს?

- როდესაც ვამბობთ, რომ ეფექტურად წარვმართეთ სასწავლო პროცესი და მოსწავლეების 95 პროცენტისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო - ეს ნამდვილად დამღუპველია, იმის მაგივრად ვთქვათ, რომ უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ტელესკოლა კარგი ინიციატივაა, ნამდვილად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დამატებითი რესურსია და აბსურდია ფიქრი, რომ შეიძლება, საგაკვეთილო პროცესი ჩაანაცვლოს ისევე, როგორც - ონლაინ-სწავლებამ - ვერ ხდება სათანადოდ ცოდნის გადაცემა და სოციალიზაციის კუთხითაც ბევრი პრობლემაა. აქედან გამომდინარე - დისტანციური სწავლება ეფექტურად წარიმართა - რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ირონიული ნათქვამია. 

- ქალბატონო მაია, აბიტურიენტი რომ იყოთ, ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებდით თუ უცხოეთის რომელიმე სასწავლებელს მიაშურებდით?

- ძალიან რთული კითხვაა... უცებ ვერ წარმოვიდგინე თავი აბიტურიენტად... პირდაპირ გეტყვით, ჩემი უმაღლესი სასწავლებელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვგულშემატკივრობ, საინტერესო პერსპექტივა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, თუმცა ამ გადასახედიდან, უცხოეთში ნამდვილად წავიდოდი.

- ისე, ეროვნული გამოცდები მაია მიმინოშვილის გარეშე წარმოუდგენელია - როგორ ძლებთ, ასეთ დინამიურ პროცესებში რომ არ ხართ ჩართული?

- 2018 წელს წამოვედი... ამ პერიოდის განმავლობაში, ვცდილობდი, არანაირი კომენტარი არ გამეკეთებინა, რადგან არ მინდოდა, აღქმულიყო ისე, თითქოს ვინმეს ხელის ვუშლიდი; როდესაც 2018 წელს მინისტრმა თქვა, რომ მოჰყავდა ახალი გუნდი და საგამოცდო სისტემის რეფორმირება უნდა დაეწყო, ხმა არ ამომიღია... გულში კი გავიფიქრე, თუ რეფორმირებას აპირებს, რატომ არ აინტერესებს ჩვენი აზრი, იქნებ მეტად ვეხმარებით-თქო, მაგრამ ეს ხმამაღლა არ მითქვამს. მეგონა, ახალი მინისტრი, ახალი გუნდით, ახალი იდეებით შეუწყობდა ხელს განათლების სისტემას. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და შედეგად რა მივიღეთ - ისიც დაინგრა, რაც იყო და სისტემის ასეთი ფორმით შენარჩუნებას, გაუქმება და 2001 წლის პირობებში დაბრუნება სჯობს! თუ ვერ ვხვდებით, რომ სისტემის რეფორმირებას სჭირდება საშუალო განათლების საფეხურის ფეხზე დაყენება და უმაღლესი განათლების რეფორმირება, დაფინანსების კუთხით, მაშინ მართლა აღარ არის საჭირო მისაღები გამოცდები.

- საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დაბრუნდებით?

- არა, ეს გამორიცხულია! მგონი, ცუდი საქმე არ გაგვიკეთებია, ფანტასტიური სისტემა ავაწყვეთ. ეროვნული გამოცდები იყო სამართლიანი, ყველა აბიტურიენტს, მეტად თუ ნაკლებად, თანასწორ მდგომარეობაში აყენებდა და ჰქონდათ შესაძლებლობა, რამდენი უმაღლესი სასწავლებელიც უნდოდათ, იმდენი აერჩიათ. რაც შეეხება კორუფციას, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისეთი სისტემა უნდა შეგვექმნა, რაც თავისთავად გააქრობდა კორუფციას და ასეც მოხდა.

- თუმცა აღიარეთ, არც მაშინ ყოფილა იდეალურად ყველაფერი - სისტემას ბევრი მოწინააღმდეგე, თქვენი კი მტერი გაგიჩნდათ.

- კარგად მახსოვს 2004 წელი, რომელიც მძიმე იყო... ეროვნულ გამოცდებს მოწინააღმდეგეები ჰყავდა უმაღლესი სასწავლებლებიდან, საზოგადოებიდან იმიტომ, რომ არავის სჯეროდა. რთული იყო საზოგადოების ნდობის მოპოვება და ეს შევძელით მეორე წელსვე.

დღესაც შესაძლებელია ახალი სისტემის შექმნა, ოღონდ სჭირდება ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არ ჩანს. სამწუხაროა, ვითომდა ინიციატივებს არანაირი მყარი საფუძველი არ გააჩნია და ასე ნაბიჯების გადადგმა განათლების სისტემაში ძალიან საშიშია, რადგან უკუშედეგს გარკვეული პერიოდის შემდეგ გვაძლევს - როცა უკვე ბევრი რამ გაფუჭებულია.

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ შენარჩუნდა ტენდენცია - ვთქვათ, თითქოსდა მომგებიანი ფრაზები და არ ვიფიქროთ, რა მოჰყვება ამას!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება