სიახლეები
სიახლეები

დირექტორის, მასწავლებლისა და მანდატურის ვალდებულებები კანონით განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება ამოქმედდა
25-05-2020
-
+


საქართველოს მთავრობამ მიიღო №321 დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების წესი განისაზღვრა. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის ძალაში 2020 წლის 23 მაისიდან შევიდა.

დადგენილებით განისაზღვრა სასწავლო პროცესში სკოლის, მასწავლებლების, მანდატურის, სკოლის ექიმისა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართული ყველა მხარი ვალდებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებას უცვლელად გთავაზობთ:

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა) სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;

ბ) თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინ სწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია  „ტელესკოლის“, ასევე ონლაინ სწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის  შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ;

დ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინ სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს  მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას,  მათ შორის,  სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან;

ე) სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი;

ვ) სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს  კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში,  უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს;

თ) სსიპ − ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში:

თ.ა) სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

თ.ბ) სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს აუცილებელი პერსონალის მონაწილეობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სპეციალური განრიგითა და პირობებით აგრძელებს მუშაობას. სააღმზრდელო პროცესში დამატებით გამოიყენება დისტანციური მომსახურებები;

ი) პენიტენციურ დაწესებულებებში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება დისტანციურად, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირობებით;

კ) თავშესაფრის მაძიებლებისთვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება განხორციელდეს დისტანციური ფორმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ჩართულობით;

ლ) მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელსა და საგნის/სპეციალურ მასწავლებელთან;  

მ) სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს:

მ.ა) საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსთან შეთანხმებით,  მანდატურების საქმიანობის განსაზღვრას;

მ.ბ) ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგების ჩართულობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის 24-საათიან ფსიქოლოგიურ მომსახურებას;

ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით.  ამ მიზნით:

ნ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

ნ.ბ) სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება/წევრის არჩევა 2020 წლის 23 მაისიდან მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის;

ო) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა სხვა პირებმა გააგრძელონ  საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;

პ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმით წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს;

ჟ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაევალოთ სამინისტროს მიერ გაცემული დავალების/რეკომენდაციის გავრცელება და შესრულება, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;

რ) ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმით სასწავლო პროცესის წარმართვის პერიოდში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3 და 4 ივლისს ჩაატარებენ

განათლების ახალი მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს - „მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ“

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება