მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წინა კვირას დაანონსებული განათლების ანტიკრიზისული გეგმა უკვე წარდგენილი და რიგი ცვლილებები საჯაროდ დაანონსებულია. დისტანციური სწავლება დადებითად შეფასდა, მასწავლებლები გმირებად, ხოლო სიახლეები გარდაუვალ აუცილებლობად გამოცხადდა. მოსწავლეთა წლიური შეფასება და ეროვნულ გამოცდებზე დაწესებული შეზღუდვა - ეს იყო ორი მთავარი სიახლე, რაც საათზე მეტ ხანს გაგრძელებული პრეზენტაციიდან შევიტყვეთ.
მოდით, მივყვეთ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას თანმიმდევრულად:
პრეზენტაცია მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გახსნა და დისტანციური სემესტრი წარმატებულად შეაფასა:
„საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ ტელესკოლის საშუალებით ჩატარდა ნორმალურ რეჟიმში. მეთორმეტე კლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდება 20 მაისს, პირველ კლასელებისთვის 27 მაისს და დანარჩენი სკოლის მოსწავლეებისთვის 15 ივნისს, როგორც განსაზღვრული იყო.
საქართველოს მთავრობისთვის განათლება არის პირველი პრიორიტეტი, განათლების სისტემის რეფორმირება გრძელდება და ჩვენი ამოცანაა მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი უნდა დაემუქროს და უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს შეიძენს ახალ შესაძლებლობებს, დისტანციურ და სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული. ადამიანური და ფინანსური რესურსები სრულად უნდა მობილიზდეს განათლების რეფორმის წარმატებით დასასრულებლად“.
შემდეგ კი სიტყვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს გადასცა და მიხეილ ჩხენკელმა სლაიდებით დეტალურად ჩაშალა პანდემიის დროს დაგეგმილი სიახლეები განათლების სისტემის ყველა მიმართულებით.
სემესტრი შედგა - ეს იყო მინისტრის პირველი სიტყვები, რაც მასწავლებლებისთვის და ლექტორებისთვის გადახდილი მადლობით გაგრძელდა. შემდეგ კი ქართული დისტანციური სწავლების საერთაშორისო აღიარებასა და უცხოელებისგან მიღებული კომპლიმენტებს დაეთმო რამდენიმე წუთი.
პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ აუცილებელი გახადა რიგი ცვლილებები, რაც სამინისტრომ განახორციელა.
დაინერგა მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი, რომლის თანახმად 2019-2020 სასწავლო წელს განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. პირველ შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ აღწერილი მოსწავლის განვითარების დინამიკა ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმსაზღვრელი შეფასება კი მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.
მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ:
რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეებს, რომელთაც განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებთ და სურთ წლიური ქულის ამაღლება, შესაძლებლობა აქვთ სკოლის ადმინისტრაციას 16-დან 30 ივნისის ჩათვლით მიმართონ და კონკრეტულ საგანში შეფასება გაიუმჯობესონ. ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მათ 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიეცემათ“, - განმარტა ჩხენკელმა.
ეროვნული გამოცდები - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რაზეც პრემიერმაც გააკეთა შესავალში კომენტარი და მინისტრმაც რამდენიმე დეტალი წარადგინა. საგამოცდო ოთახში 10 აბიტურიენტზე მეტი არ იქნება - ეს იყო ერთადერთი დეტალი, რომელიც გამოცდების ფორმატზე პრეზენტაციიდან შევიტყვეთ.
როგორც ჩხენკელმა განაცხადა, ეროვნული გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი ჩვეულებრივ ივნისში განისაზღვრება და გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა:
„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ტარდებოდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან“ - აღნიშნა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს.
ზოგადი განათლების პარალელურად, დისტანციური სწავლების პირობებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებით.
ფინალური გამოცდები ძირითადად ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე უნივერსიტეტების მიერ
შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით:
„რაც შეეხება შუალედურებს, ამას უნივერსიტეტებმა უკვე წარმატებით გაართვეს თავი სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია სადიპლომო ნაშრომების საკითხი, რომელთა შესრულება და დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.
უახლოეს მომავალში ონლაინ რეჟიმში გაიმართება რექტორთა საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ ეტაპობრივად როგორ განვაახლოთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ეს პროცესიც ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დაცვით წარიმართება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისი განმარტებით, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და შეეთავაზებინათ გადახდის მოქნილი გრაფიკი.
„ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის საფასურის საკითხი უმაღლეს განათლებაში. მინდა გითხრათ, რომ პირველივე რექტორთა საბჭოზე ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია და ყველა უნივერსიტეტს სამინისტროს მხრიდან, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს ან შესთავაზა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი ამ სემესტრისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და უნივერსიტეტებმა ეს გააკეთეს. ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, პროგრამების და სტიპენდიების დაფინანსებას“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს შეუფერხებლად უზრუნველყოფს.
პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება.
კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული კოლეჯების
ადმინისტრაცია მყისიერად გადავიდა ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. მარტი-აპრილის თვეებში განხორციელდა მომზადება-გადამზადების პროგრამების ერთი ნაწილის (IT, პროგრამირების ენების, ბუღალტერია, სასტუმროს მარკეტინგი/გაყიდვები) მორგება დისტანციური სწავლების ფორმატზე. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩარიცხვის წესის
ცვლილებას ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების გათვალისინებით. იგეგმება 8700-მდე ადგილის შეთავაზება. იმ პროგრამებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შემსუბუქების გეგმით გათვალისწინებულ IV ეტაპზე. მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2500
ადგილია ავტორიზებული.
მიხეილ ჩხენკელმა, მეცნიერების მიმართულებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მეცნიერების როლს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
„ფუნდამენტური და კვლევითი მეცნიერების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის ცხადი გახდა, რადგანაც ამ გამოწვევას, პირველ რიგში, მეცნიერები დაამარცხებენ.“
მინისტრის თქმით, ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მონაწილეობს პანდემიის პრევენციის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო ინტერდისციპლინურ პროექტში „საქართველოს რეალობა: სამეცნიერო კვლევების მდგრადობა COVID-19 პანდემიის დროს“. პროექტის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები და დასკვნები იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არამხოლოდ ამჟამინდელი ქართული რეალობისათვის, არამედ ხაზს გაუსვამს მულტიდისციპლინური კვლევების მდგრადობის აუცილებლობას პანდემიების და სხვა კრიტიკული გამოწვევების დროს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, გრძელდება ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე „ევროპელ მკვლევართა ღამე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა “CAPTAIN: Science is the Captain” გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.
პროექტის ფარგლებში, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს 6 ქალაქში ევროპის ქალაქებთან ერთად ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და, რაც მთავარია, შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს და მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტებისთვის გახანგრძლივდა 2020 წლისთვის განსაზღვრული საანგარიშო პერიოდები.
დისტანციური სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, ზემოჩამოთვლილი პროექტების გარდა, სამინისტროში უკვე მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.
ქართულ ენაზე ითარგმნება Microsoft Teams; ხორციელდება ელექტრონული ჟურნალის პროგრამა Teams-ში ინტეგრირება; სკოლებში მიმდინარეობს Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა; გრძელდება აქტიური მუშაობა გამომცემლობებთან, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის.
აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული მეთოდოლოგიის განვითარება და სასწავლო პროცესში ინტეგრირება; სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარებს კომპლექსური ციფრული დავალებების ბანკის შექმნა, რაც საჯაროდ პორტალზე EL.GE-ზე გამოქვეყნდება. პანდემიის პირობებში ასევე არაერთი ხელშემწყობი პროექტი დაინერგა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. კერძოდ, გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეების მშობელთა ინტერესები, რაც სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის (48 ფსიქოლოგი და 1 500-მდე სპეციალური მასწავლებელი) მხრიდან დისტანციური სწავლების მაქსიმალურ ხელშეწყობას გულისხმობს.
გარდა ამისა, ბენეფიციარებს დისტანციურად ემსახურება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. მოქმედებს ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი და Skype-ის ანგარიში. ფსიქოლოგის მომსახურების მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
ასე, რომ გეგმა წარდგენილია, ახლა კი მისი რეალობაში დანერგვის ეტაპზე გადავდივართ. რა ხარვეზები გამოიკვეთება და როგორ მოხდება ცვლილებების ასახვა სასწავლო პროცესში, ამას დრო გვიჩვენებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია