სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

რა შეიცვალა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩართულ სკოლებში - დირექტორების შეფასებები
22-08-2019
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საქართველოს 62 სკოლაში I-IV კლასების ბაზაზე დაიწყო და როგორც პროექტის ინიციატორები და მასში ჩართული სკოლების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, წარმატებითაც განხორციელდა.

მასწავლებელთა სახლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განმარტებით, მომავალი წლის იანვრიდან, ეროვნული გეგმის პარალელურად, პროექტი სავარაუდოდ, დაწყებით საფეხურზე (მეექვსე კლასის ჩათვლით) ეტაპობრივად განხორციელდება, 2022 წლამდე კი, ქვეყნის ყველა სკოლას და თითოეულ საფეხურს მოიცავს. 

კონკრეტულად რა სიახლეს სთავაზობს  სკოლას „ახალი სკოლის მოდელი“, როგორ თანამშრომლობენ მხარდამჭერი ჯგუფები პედაგოგებთან, რა შედეგი ან სირთულე გამოიკვეთა ამ მცირე დროის განმავლობაში?! – etaloni.ge-სთან იმ სკოლების დირექტორები საუბრობენ, სადაც პროექტი გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უკვე დაინერგა.

ქალაქ თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი:

„ახალი სკოლის მოდელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მით უფრო თუ სკოლა დაინტერესებულია ინოვაციებით. პროექტი ძირითადად მოწოდებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგი გარემო შეუქმნან მოსწავლეებს. ამისათვის გვჭირდება, რომ მასწავლებლებმა მიიღონ გარკვეული ცოდნა და გამოიმუშავონ შესაბამისი უნარ-ჩვევები საგაკვეთილო პროცესის უკეთესად წარსამართად. აქ ჩართულია საინფორმაციო ტექნოლოგიებიც, იმიტომ, რომ გარკვეულწილად, პროექტი ციფრული სკოლის ფარგლებში მიმდინარეობს. გადაეცათ ლეპტოპები მასწავლებლებსაც, იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ ტექნოლოგიების გამოყენება. ამჯერად ეს ეხება მხოლოდ პირველი-მეოთხე კლასების დამრიგებლებს. ამასთან, სკოლას გადაეცა პროექტორები, რომლებიც ასევე იძლევა კარგ საშუალებას, ძალიან მარტივად და გასაგებად მიიტანონ ბავშვებამდე სათქმელი, გამოიყენონ და ჩართონ ისინი საგაკვეთილო პროცესში. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიული განვითრებისთვის, რადგან მოიაზრებს დაგეგმარების სხვადასხვა პროცესს და ე.წ. მატრიცების შექმნას, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უკეთ გაიაზრონ, თუ რა არის გაკვეთილის მიზანშედეგობრივობა, რა ხერხებით, მეთოდებით და სტრატეგიებით შეიძლება სტანდარტზე გასვლა და პლუს ამას, ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტიურობის გასაზრდელად საგაკვეთილო პროცესში, მათი უფრო მეტად მოტივირებისა და დაინტერესებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებით და ამაში მასწავლებელი ძალიან უწობს ხელს. აქედან გამომდინარე, მარტივად რომ ვთქვათ, საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო მიმზიდველი. მასწავლებლის დახმარებით, სხვადასხვა კონსტრუქტივისტული მეთოდით ხდება პროცესის აწყობა, მოსწავლეებში გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება, - ლოგიკური აზროვნება იქნება ეს, კრეატიულობა, ანალიზის უნარი თუ სხვა. ამ მხრივ, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის თვალსაზრისით ურთიერთობა ყალიბდება, რაც ძალიან კარგია ორივე მხარისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადი საქმეა, თუმცა ყველა ვართ ჩართული, ვეხმარებით მასწავლებლებს, მხარდამჭერი ჯგუფების ხელშეწყობით, რომელიც ჩვენს სკოლაში შემოვიდა, ერთობლივად ვცდილობთ, განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტი რეალურად დაიდოს.

ასე რომ, შექმნილი გვაქვს ძალიან მეგობრული, საქმეზე ორიენტირებული გარემო, რათა ჩვენი მოსწავლეები გახდნენ უკეთესები, კარგად გაიგონ, გაიაზრონ ის შინაარსი, რაც ამ მოდელშია ჩადებული და ეს ყველაფერი იყოს ხელსაყრელი და შედეგის მომტანი, რასაც ვუწყობთ ხელს, როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მხარდამჭერი ჯგუფი.

რეალურად, ჩვენ გვაინტერესებს ხარისხი, მთავარია, ეს, რასაც ვაკეთებთ, იყოს ხარისხზე ორიენტირებული იმისათვის, რომ ვიგრძნოთ შედეგი.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი მეორე სემესტრიდან დაიწყო, ბევრი დრო არ იყო რეალური შედეგის დასადებად, თუმცა, ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში, ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მისაღებია. ამ თაობის ბავშვებს ძალიან აინტერესებს და მოსწონთ თანამედროვე ტექნოლოგიები და გაცილებით  „მაგრები“ არიან ვიდრე ჩვენ ვიყავით მათ ასაკში. ერთმანეთის დახმარებით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მივდივართ წინ.

თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასურველი იქნება მხარდამჭერი ჯგუფების მეტი ჩართულობა სკოლის ადმინისტრაციასთან. უბრალოდ, ჩვენც არა გვაქვს იმდენი დრო იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული, ვცდილობთ, ვსხდებით, ვაანალიზებთ რა გავაკეთეთ, რა გამოგვივიდა... უბრალოდ, დრო მაინც არ გვყოფნის იმისათვის, რომ უფრო მეტად მივხედოთ ამ საქმეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯერად ჩვევაში გადასვლის პროცესში ვართ, შეიძლება მერე იმდენი დროც აღარ დაგვჭირდეს, ისე კარგად გავუგოთ ერთმანეთს. მთავარია, რომ პროექტი სრულიად მოსწავლეზეა ორიენტირებული“.

აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე:

„პროექტი სახელწოდებას ამართლებს. ეს არის ახალი სკოლა და არა სკოლის ახალი მოდელი. ფაქტობრივად, მეთოდურად შემოდის ახალი სისტემა სკოლაში. თუ აქამდე მასწავლებელს ყოველდღიურად სჭირდებოდა გეგმების წერა, ახლა აღარ ექნებათ ეს პრობლემა, იმიტომ რომ ახლა უკვე, მასწავლებელს აქვს საშუალება, რამდენიმე თვის მასალა გააკეთოს ერთ ფორმატში, დაგეგმოს, გაამზადოს უბრალოდ გეგმა და რასაც გამოიყენებს გაკვეთილზე, ყოველდღიურად ჩაწეროს, მეტი არაფერი სჭირდება.

პროექტის ფარგლებში, აქცენტი, ფაქტობრივად, გადატანილია ციფრულ ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით სწავლაზე. მასწავლებლის გადამზადება ხდება მრავალი კუთხით, სკოლა მარაგდება ახალი ტექნიკით, რაც იზიდავს როგორც მოსწავლეს, ასევე ყველა იმ მასწავლებელს, რომელიც ახალი სკოლის მოდელშია ჩართული. ყველაფერი ახალია, ტექნიკა, ბავშვების მოტივაცია, სახალისო გაკვეთილები, რაც ყველას ერთნაირად ხიბლავს.

ჩვენმა მასწავლებლებმა სიახლეს კარგად აუწყვეს ფეხი, თვითონაც ვარ ჩართული, იმიტომ, რომ პირველ კლასში უცხო ენას ვასწავლიდი. შესაბამისად, ამ მატრიცების შედგენაში, გაკვეთილების ჩატარებაში მეც პრაქტიკულად ვიყავი ჩართული. ვფიქრობ, რომ თავი ყველაფერს ძალიან კარგად გავართვით. თითოეული ჩვენგანის მიზანია გაკვეთილზე მაქსიმუმს მივაღწიოთ, მოსწავლე იყოს დაინტერესებული და მოგებული ამ სასწავლო მეთოდიკით და შესაბამისად, მოსწავლეზე ხდება ორიენტაცია.

ჩვენ გვქონდა გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში სამინისტროსთან, შესაბამისად, გვქონდა მაღალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, სახალისო გაკვეთილები...

სიამოვნებით ვთანამშრომლობდით მხარდამჭერ ჯგუფებთან, რომლებიც, თვალყურს ადევნებდნენ როგორ ატარებს დაწყებითებში მასწავლებელი გაკვეთილს, შემდეგ მიდიოდა სწავლება, მეგობრული რჩევები, გაკვეთილის ერთად დაგეგმვა, მატრიცების შედგენა, შემდეგ კიდევ გაკვეთილებზე დასწრება... თანამშრომლობითი პრინციპია მთავარი და შესაბამისად, პრობლემა არ ყოფილა.

რაც შეეხება დირექტორს, ის ნაკლებად არის ჩართული ამ საქმეში. ფაქტობრივად, ჩვენ ვმუშაობდით ადმინისტრაციის ექსპერტთან სასკოლო პრობლემებზე, ცვლილებებზე შინაგანაწესში, სასკოლო გეგმაში, განვიხილავდით ერთად, თუ რა პრობლემები იყო სკოლაში და ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, თუ დირექტორი გახდება მთი გზამკვლევი, რადგან დირექტორმა ყველაზე უკეთ იცის სკოლაში რა პრობლემაა.  მე მგონი ამ კუთხით რაღაც ცვლილებები იგეგმება.

თავიდან სიახლეს ცოტა უნდობლად, კრიტიკის თვალით ვუყურებდით და ძალიან ბევრს ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაში უარყოფითი, მაგრამ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებამ, რაც ძალიან მალე, პირველივე ეტაპზე დავინახეთ, ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაწია. ისეთი ჩართულები არიან პატარები და ისე უხარიათ საგაკვეთილო პროცესი, რომ როცა ახალი სკოლის მოდელი ზედა საფეხურზეც შემოვა, დარწმუნებული ვარ, იქ კიდევ უფრო საინტერესო იქნება მუშაობაც და შედეგიც. მართალია, ეს ყველაფერი ძალიან შრომატევადია, მაგრამ კეთდება იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს“.

თბილისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი მზია გელაშვილი:

„ეს არის ძალიან კარგი პროექტი. პროექტის ფარგლებში სკოლის მხარდაჭერა ოთხი მიმართულებით ხორციელდება: სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება-დანერგვა; სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება; ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში; სკოლის ინფრასტრუქტურის განახლება. პირველი სამი მიმართულების რეალიზება-დანერგვისთვის სკოლას ქოუჩები უწევენ მხარდაჭერას. მაგალითად, კურიკულუმის ქოუჩის მიზანია, დაეხმაროს მასწავლებლებს ცნებების პედაგოგიკის დანერგვაში. ეს ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში სრულიად ახალი და განსხვავებულია, რაც აქამდე არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლები  ცნებების მიხედვით გეგმავენ გაკვეთილებს. ისინი ქმნიან საგნის კურიკულუმს, რომელიც საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგზეა ორიენტირებული.

ამ კურიკულუმის შედგენაში ეხმარება ქოუჩი მასწავლებლებს. მხარდაჭერა ამით არ მთავრდება. შემდეგ საგაკვეთილო პროცესში ვაკვირდებით მასწავლებელს, რამდენად ეფექტურია შერჩეული კომპლექსური დავალებები მიზნის მისაღწევად, რა ითხოვს კორექტირებას, რა არის გასუმჯობესებელი. გაკვეთილის შემდეგ ხდება რეფლექსია, უკუკავშირი და ასე იქმნება საბოლოო, მოსწავლეზე ორიენტირებული კურიკულუმი.

ჩვენი მხარდამჭერებისა და მასწავლებლების დიდი შრომის შედეგია ის , რომ ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენს სკოლას მზად აქვს დაწყებითი კლასების სასკოლო კურიკულუმი, რომელიც სკოლის სავიზიტო ბარათი გახდება. ამ პროექტის მთავარი გამოწვევა ეს არის, სკოლამ მაქსიმალურად შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება და უპასუხოს საუკუნის გამოწვევებს. ამ პროექტით სკოლა თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე ქმნის ახალი სკოლის მოდელს, სადაც მასწავლებელი გადამწყვეტ როლს ასეულებს. ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავია მათ კომფორტული, მხარდამჭერი გარემო შევუქმნათ. ერთადერთი, რაც პროექტში შეიძლება სირთულედ მოგეჩვენოს, ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ შრომის გარეშე სადმე შეიძლება რამე გაკეთდეს? რეალურ შედეგს მიაღწიო?

ამ პროექტში კიდევ იცით რა არის ძალიან კარგი? ჩვენი მასწავლებლების სასკოლო კურიკულუმი მარტო ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი. პროექტში ჩართული ყველა სკოლის მასწავლებელს აქვს ერთიანი საკომუნიკაციო ქსელი, სადაც მათივე შექმნილი კურიკულუმებია ატვირთული. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ რესურსით. ეს გამოცდილების გასაზიარებლად და შედეგის მოკლე დროში მისაღწევად ძალიან ეფექტური ფორმაა“.

ასევე იხილეთ: „ახალი სკოლის მოდელი“ არის რეფორმა, სადაც პედაგოგებს არ ჰყავთ „ჭკუის დამრიგებელი“ ზემოდან“ - ბერიკა შუკაკიძე


კომენტარები


სკოლები
პარტნიორი ორგანიზაციები ადენაუერის ფონდი საქართველოში და კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი არიან
მოსწავლეებს გეოგრაფიის პედაგოგი ინგა წიგნაძე ხელმძღვანელობდა
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ძალიან აქტიურები და გამორჩეულები არიან
მოძრაობის „პარასკევი მომავლისთვის“ ინიციატორი შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგია
სიახლეები
პროგრამა მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს
2020 წლისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 1 636 000 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება
დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა
ბოლო დროს სოციალურ ქსელში გოჩა ტყეშელაშვილი ვიდეობის საშუალებით აქტიურად მიმართავს ახალგაზრდებს
აღნიშნული გამოცდა უფროსს მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, წამყვანის ნაცვლად, პირდაპირ მენტორი გახდეს
საინტერესო
პირველ რიგში, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ის, რომ ჩვენ მათ ვექცევით როგორც პატარას
სასურველია ზურგჩანთის შემცვლელობა ბავშვთან ერთად ყოველდღიურად გადაამოწმოთ და ამოიღეთ არასაჭირო ნივთები
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
ერაზმ როტერდამელმა, რაბლემ, მონტენმა იცოდნენ, რომ კარგი პედაგოგი ბავშვს პატივს სცემს და მისი სჯერა
გაბრიელა მისტრალის ''მასწავლებლის 10 მცნება'' მთელ მსოფლიოში დიდი პოპულაროებით სარგებლობს
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
ჩემთვის „ეტალონი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელსაც მთელი ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა  უდიდეს პატივს სცემს
ინტელექტ-ჩემპიონატში საგარეჯოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გურჯაანის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
საზოგადოება