სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ შევაგუოთ პირველკლასელები სკოლას - დირექტორების რჩევები
19-08-2019
-
+


სასკოლო ეტაპი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარია. პატარები სასწავლო გარემოს მიუჩვევლები არიან, რის გამოც სწავლის დასაწყისში სკოლის გარემოსთან შეგუება ძალიან უჭირთ.

როგორ უნდა შევაჩვიოთ პირველკლასელები სასწავლო პროცესს და როგორ შევუქმნათ საუკეთესო სასწავლო გარემო სკოლაში მარტივად ადაპტაციისთვის? - ამ საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ:

შოთა ფინდიშვილი - გორის მუნიციპალიტეტის ქერეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში ყველანაირად ვცდილობთ პირველკლასელებს საუკეთესო პირობები შევუქმნათ იმისთვის, რომ თავი სახლში იგრძნონ და გარემოსთან ადაპტაცია არ გაუჭირდეთ. პირველკლასელთა ყველა პედაგოგს უტარდებათ ტრენინგები, რომლის საშუალებითაც ვასწავლით, თუ როგორი სასწავლო გარემო შეუქმნან პატარებს, რომ სწრაფად მოხდეს მათი ადაპტაცია სკოლაში“.

მურმან კონცელიძე - ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„მოსწავლეები ახალ სასწავლო გარემოს მშობლებისა და პედაგოგების მეტი თანამშრომლობით უნდა შევაჩვიოთ. საჭიროა თითოეული მოსწავლის კარგად გაცნობა, მშობლისა და პედაგოგის კოორდინირებული მუშაობა ბავშვებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ჩვენი სკოლის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა საუკეთესო სასწავლო პირობებში ისწავლონ. ვცდილობთ, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები გავითვალისწინოთ და ხელი შევუწყოთ პედაგოგებისა და მშობლების თანამშრომლობას“.

მეგი ხუციშვილი - გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, პირველ კლასში მოსულ მოსწავლეებს სკოლაში ისეთი სასწავლო გარემო უნდა დახვდეთ, რომ თავი სახლში იგრძნოს. ამისათვის, საკლასო ოთახი საზეიმოდ უნდა იყოს მორთული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ სასწავლო გარემოს შექმნით ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა ადაპტაციის პროცესს. მიმაჩნია, რომ თითოეულმა პედაგოგმა მჭიდრო ურთიერთობა უნდა დაამყაროს მოსწავლეთა მშობლებთან. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც იმის გამო, რომ მოსწავლე ახალ სასწავლო გარემოს ვერ ეგუება, პედაგოგს მშობლისათვის გაკვეთილზე დასწრების ნებართვა მიუცია, რაც ვფიქრობ, არასწორია. თბილი სასწავლო გარემოს შექმნა, მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარება - სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი  წარმატების საწინდარია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის კი სავალდებულოა ადაპტირებული სასწავლო პირობების შექმნა, იმისთვის რომ მოსწავლეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და სწავლა მისთვის სასიამოვნო იყოს.

მამუკა ხამხაძე - ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენები პირველკლასელი მოსწავლეების სასკოლო მზაობის შესახებ. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბავშვებს აკადემიური უნარები თავიდანვე უნდა ჰქონდეთ განვითარებული, რომ სწავლა წარმატებით დაიწყონ, რაც არასწორია. პირველი კლასის მოსწავლეს ფსიქოლოგიურად თუ ფიზიოლოგიურად არ სჭირდება სხვა ტიპის უნარების განვითარება. ეს სოციალური, საკომუნიკაციო უნარებია, როგორებიცაა: მიმართვა თანატოლებთან და უფროსებთან, ინსტრუქციების აგება და შესრულება, ყურადღების კონცენტრაცია, საკუთარი ემოციის სწორად გამოხატვა და მისი მართვა. ეს უნარები ამ ასაკის ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული, რადგან ამაზე ყურადღება ოჯახში არ მახვილდება.

საბავშვო ბაღში სასწავლო პროგრამა რამდენიმე წელია, რაც ცენტრალიზებული სახით შემუშავდა. გარდა ამისა, ბავშვების გარკვეული ნაწილი ოჯახების გარეშე იზრდებიან. მათ დიდ ნაწილს კომპიუტერული ტექნოლოგიებისადმი უარყოფითი გავლენა გააჩნიათ. საბავშვო ბაღში სიარული აუცილებელია, რადგან ის ხელს უწყობს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარებას, ასწავლის საკუთარი თავის გამოხატვასა და რეალიზებას.

ბადრი შავიშვილი - ქედის მუნიციპალიტეტის ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„მე, როგორც სოფლის საჯარო სკოლის დირექტორი, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის წინ დიდ პრობლემას წარმოადგენდა პირველკლასელთა შეგუების პროცესი სკოლასთან, თუმცა დღეს, სკოლამდელი დაწესებულების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საბავშვო ბაღში, არ უჭირთ პედაგოგებთან ურთიერთობა. უკვე 13 წელია სკოლაში ვმუშაობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ მოსწავლეთა შეგუების პროცესი საკლასო გარემოსთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და ის მოსწავლეები, რომლებიც პირველ კლასში მოდიან, უკვე ვიცნობთ. ამიტომ ბავშვებისთვის სკოლასთან შეგუების პროცესი მარტივია“.

მარინა მიქაძე - აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„იმისთვის, რომ პირველკლასელები სასწავლო გარემოს ადვილად შევაგუოთ, სავალდებულოა ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა. ჩვენი სკოლის პირველი კლასის პედაგოგმა პატარებს დაათვალიერებინა სასკოლო გარემო, აჩვენა საინტერესო ადგილები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს სკოლამდელი დაწესებულება გავლილი აქვთ, სასწავლო გარემოსთან შეგუება არ უჭირთ. გარდა ამისა, პირველკლასელებს სასწავლო წლის დასაწყისში ურიგდებათ კომპიუტერები, წიგნები და სხვა სახის საჩუქრები. ამიტომ, პატარები სწავლას დიდი სიხარულით იწყებენ. ჩვენს სკოლაში პირველკლასელებს დიდი ზეიმით ვხვდებით, ვრთავთ სასწავლო გარემოს და ისინიც დიდი მოტივაციით იწყებენ სასწავლო წელს“.

თამარ გოგიშვილი - ბათუმის N 26 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში არსებობს პროგრამა სახელწოდებით„ტრანზაქცია ბაღსა და სკოლას შორის“. პროგრამის ფარგლებში მოვიწვიეთ ახლომდებარე სასკოლო ასაკის საბავშვო ბაღის მოსწავლეები, გამგესთან და პედაგოგებთან ერთად. დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თამარ დიასამიძემ ბავშვებს ექსკურსია და რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა. პატარებმა იმღერეს, თქვეს ლექსები და ძალიან მოეწონათ სასკოლო გარემო. ამით დავიწყეთ მოსწავლეთა შეჩვევა სკოლასთან. ამის შემდეგ, პირველი კლასის პედაგოგმა პატარებს უამბო სკოლის განვითარების, მათი წინსვლის შესახებ, ჩაუტარდათ სხვადასხვა აქტივობები, სახალისო და  საინტერესო თამაშები.მოსწავლეები დავასაჩუქრეთ მოძრავი ანბანითა და ბუშტებით. სასწავლო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით გავლილი მაქვს ტრენინგები, რომლებიც ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა ჩაატარა და ყველა აღფრთოვანებული დარჩა ამ სიახლეებით“.

მაყვალა ხარაიშვილი - მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, სკოლასთან ადაპტაციის მიზნით, მოსწავლეებს კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო უნდა შევუქმნათ, საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ უნდა იყოს მორთული. პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომები გამოიყენონ, რასაც ჩვენი სკოლის პედაგოგები ნამდვილად ითვალისწინებენ“.

დოდო ხაჩიძე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში ძალიან კომპეტენტური პედაგოგები ასწავლიან. ყველანაირად ვცდილობ, პირველკლასელები გამოცდილ პედაგოგებს ჩავაბარო, რომ შევუმსუბუქოთ სასწავლო გარემოსთან შეგუების პროცესი. გარდა ამისა, სწავლის დასაწყისში მოსწავლეებს ვაცნობთ სკოლის მთლიან სტრუქტურას, ბიბლიოთეკას, დირექტორის ოთახს. თავდაპირველად, იმ პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც უჭირთ შეგუება სასწავლო გარემოსთან, უფლებას ვაძლევთ დაესწრონ გაკვეთილებს. მოსწავლეთა ადაპტაციის პროცესი დაახლოებით 1 თვე გრძელდება“.

ირინა მაისურაძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი აზრით, პირველი კლასის პედაგოგი მოტივირებული და გამოცდილი უნდა იყოს ბავშვებთან ურთიერთობაში და თამაშით შეაგუოს სასწავლო გარემოს. პირველ პერიოდში მასწავლებლები საკმაოდ დატვირთულები არიან, მოსწავლეებსაც უჭირთ სკოლასთან შეგუება, ამიტომ, მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ პატარებს და პარალელურად, სასწავლო რეჟიმსაც მივაჩვიოთ“.

თამაზ კუპრეიშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, სასწავლო გარემოს შესაქმნელად განათლების სისტემას ძალიან სწორი მიდგომა აქვს შემუშავებული. სკოლაში პირველკლასელთა ადაპტაციის მიზნით, სავალდებულოა შესაბამისი მოპყრობა და თანამედროვე მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში. ჩვენს სკოლაში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველკლასელთა საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ მოვაწყოთ და ამით დადებითი ატმოსფერო შევუქმნათ მოსწავლეებს“.

თამილა შულაია - მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„პირველ რიგში, პირველკლასელებს უსაფრთხო და ადაპტირებული გარემო უნდა შევუქმნათ სასწავლო პროცესში. სავალდებულოა, რომ მოსწავლეებს კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიდნენ. ჩვენი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და ამიტომ, წელს მოსწავლეებს შესაბამის გარემოს ვერ დავახვედრებთ, თუმცა მომავალ წელს ყველაფერი შეიცვლება და ბავშვები კარგ პირობებში ისწავლიან. რაც შეეხებათ პედაგოგებს, ჩვენს სკოლაში ძალიან გამოცდილი და წარმატებული მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც ყოველდღიურად იმაღლებენ კომპეტენციას, მათი უმრავლესობა უკვე სერთიფიცირებულია და იმედია, მომავალშიც ბევრი წარმატებული პედაგოგი გვეყოლება“.

მარიამ ნუცუბიძე - გორის N 6 საჯარო სკოლის დირექტორი:

„საჭიროა პედაგოგებმა მოსწავლეებს სახალისო აქტივობები ჩაუტარონ და სწავლის დასაწყისში ძალიან არ დატვირთონ, რასაც ჩვენი სკოლის პედაგოგები აქტიურად ახორციელებენ. აუცილებელია სწორი რეჟიმის შერჩევა,თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება. სკოლის პედაგოგები ყველანაირად უნდა ცდილობდნენ, რომ ბავშვები ერთმანეთთან დაამეგობრონ, გააცნონ საკლასო ოთახი და საშუალება მისცენ, ისაუბრონ თავიან შესაძლებლობებზეც, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი სკოლის პედაგოგებს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომები გააჩნიათ. ბევრი აქტივობა არსებობს მშობლებისთვისაც, რომლის საშუალებითაც მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ თამაშით დაეხმარონ ბავშვებს სასკოლო გარემოსთან შეგუების პროცესში“.


კომენტარები


ეტალონი
როგორც მოსწავლის სკოლის დირექტორი ლაურა ტატუაშვილი ამბობს, მოსწავლეს ძლიერი ტკივილები რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა
სიახლეები
სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყება თუ არა? - თამარ გაბუნიას განმარტება
მუსიკა, ხელოვდნება, სპორტი...მასწავლებელთა 7 გამოცდის შედეგები დაიდო
სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს, რომლებიც 60 წლისა და უფროსი ასაკის არიან, აუზსა და ფიტნესდარბაზში სიარული დაუფინანსდებათ
გამოცდაზე ჩაჭრილი რომელი აბიტურიენტები მოხვდებიან უნივერსიტეტში
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა
პიროვნება
სკოლები
კონკურსის ფარგლებში სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ წევრებმა, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვეს
„იმედია კვლავაც ასახელებენ მშობლიურ სოფელს, სკოლას, გაახარებენ მშობლებს, მასწავლებლებს, ოჯახებს თავიანთი მიღწევებით“
საინტერესო
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად
etaloni.ge სპეციალურად მასწავლებლებისთვის წარმოგიდგენთ ზამთრის მარტივ და ძალიან გემრიელ კონსერვს
ოპტიმისტი და ინტელექტუალი მშვილდოსანი მასწავლებლები ყოველ დღეს გადამდები ენთუზიაზმით ხვდებიან
მზის სხივები სასარგებლოა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია
კლას-კომპლექტი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შედგება
სიახლეები
საზოგადოება