სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

დიმიტრი ტატიშვილის ონავარი ბავშვობა
27-07-2019
-
+


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი, რომლის ხმას სერიალების მოყვარულები კარგად იცნობენ, ბავშვობიდან გამოირჩეოდა ხმის განსხვავებული ტემბრით, რის გამოც კლასში მისი დაჩურჩულებაც კი აღწევდა მასწავლებლის ყურამდე და მუდმივად შენიშვნებს იმსახურებდა. ისედაც ცელქი იყო, კლასში დაზიანებულ კედელს თხრიდა და იქიდან აღებულ სამშენებლო მასალას თანაკლასელებს თავზე აფრქვევდა, გაკვეთილის მიმდინარეობისას წიგნებს ისროდა...

– ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ბაღის პერიოდი და ისიც, როგორ წავედი სკოლაში. ჩვენს დროს ე.წ. ნული კლასი არსებობდა და 6 წლის ვიყავი ნულ კლასში რომ შევედი. ერთი მომენტი მახსოვს მხოლოდ – ჩამეძინა და ამის გამო მასწავლებელი წუხდა. მახსოვს ასევე ის, რომ დედაჩემი ბავშვობიდან რუსულად მელაპარაკებოდა და სკოლაში რუსული ენის სწავლა რომ დავიწყეთ, ჩემთვის მოსაწყენი იყო ის გაკვეთილები, რადგან ყველაფერი ვიცოდი.

– სკოლაში მისვლისას ანგარიში და კითხვაც იცოდით?

– ცოტა ანგარიში ვიცოდი, მაგრამ კითხვა – არა.

– ბიჭებს, როგორც წესი, ბაღის შეყვარებული ახსოვთ ხოლმე და არასოდეს ავიწყდებათ. თქვენ არ გახსოვთ?

– არა, მე არ მახსოვს, მაგრამ მერე მშობლებმა მითხრეს, გყავდა ბაღში შეყვარებულიო. უფრო სწორად, იმას ვყავდი თურმე, ვუყვარდი. როცა ეკითხებოდნენ იდიოტურ შეკითხვას, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, ის პასუხობდა, დიმიტრიო.

– იცით ვინ იყო ის გოგონა?

– როგორ არ ვიცი?! ერთხელ შემთხვევით შევხვდი, თორემ არანაირი ურთიერთობა არ გვქონია.

– ბეჯითი მოსწავლე იყავით თუ ცელქი ან ზარმაცი?

– მაინცდამაინც ბეჯითი არ ვყოფილვარ. ცელქი და, თუ ხმამაღლა ნათქვამი არ  იქნება, ჭკვიანი ვიყავი. ვაბრაზებდი მასწავლებლებს, ხშირად კლასიდან მაგდებდნენ და მერე დავდიოდი დერეფანში ან სპორტულ დარბაზში ჩავდიოდი.

– რას აშავებდით, რატომ გაგდებდნენ კლასიდან?

– ვლაპარაკობდი, რაღაცებს ვისროდი... კლასელებს ვესროდი ნივთებს. კლასში, უკან, კედელი იყო გამოტეხილი. იქიდან ვაძვრენდი კედლის ნალესის ნატეხებს, კენჭებს და ვესროდი ჩემს მეგობრებს. მსუბუქი კენჭები იყო, მაგრამ თავში რომ ხვდებოდათ, იფშვნებოდა და ისეთი ლამაზი სანახავი იყო... წიგნებსაც ვისროდი. მაგალითად, ჩემს ერთ კლასელს, რომელიც ორი მერხის წინ იჯდა, ვეტყოდი, თემოს დაუძახე-მეთქი. ის თემო იჯდა ხუთი მერხით წინ და რომ გამოიხედავდა, თავში ჩემი ნასროლი წიგნი ხვდებოდა. მაშინ ძალიან სასაცილო მეჩვენებოდა ეს ამბავი, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, რა თქმა უნდა, არაა სასაცილო.

– ალბათ თქვენგან დაშავებულებიც იქნებოდნენ...

– არა, სავალალო შედეგი არასოდეს გამომიწვევია. კალათბურთზე დავდიოდი და მიზანში ვისროდი. მაგალითად, ვეჯიბრებოდით, ნაგვის ურნაში ვინ ჩააგდებდა შორიდან რაღაცას.

– გოგონებსაც წიწკნიდით ალბათ თმას...

– არა, გოგონებს თმებს არ ვწიწკნიდი, ყოველთვის ჯენტლმენი ვიყავი! სკოლაში შეყვარებული არ მყოლია და არც მერე. ერთი გოგო შემიყვარდა, მერე ცოლად შევირთე და დღემდე ჩემი მეუღლეა. მხოლოდ ერთხელ შემიყვარდა და ამით დავამთავრე სიყვარულობანა. ცოტა ქედმაღლურად გამომივა, მაგრამ მე კი ვუყვარდი სკოლაში ვიღაც-ვიღაცებს. თუმცა, ბოროტად არასოდეს გამომიყენებია სხვისი გრძნობები, ცუდად არასოდეს მოვქცევივარ ადამიანებს და, განსაკუთრებით, გოგონებს.

მაღალი ვიყავი, სულ უკან ვიჯექი და მასწავლებლებს ჩემი ჩურჩულიც კი ესმოდათ. ბავშვობიდან ისეთი ხმა მქონდა, სულ რომ ჩურჩულით მეთქვა რამე, მეუბნებოდნენ, გაჩუმდიო.

– კარგი ნიშნები გყავდათ სკოლაში?

– ნორმალური... უფრო ჰუმანიტარულ საგნებს ვსწავლობდი. თავიდან ქიმიაც
მომწონდა და ფიზიკაც, მაგრამ მერე გული ავიცრუე. ხუთოსანი არასოდეს ვყოფილვარ. რაღაცების დაზეპირება ახლაც არ მიყვარს, თუმცა როცა საჭიროა, რა თქმა უნდა, ვიზეპირებ. ორიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიწერდნენ, თუ გაკვეთილი საერთოდ არ ვიცოდი. ასეთი რამ კი იშვიათად ხდებოდა. როცა ვისწავლიდი გაკვეთილს, 4–ს ან 5–ს აუცილებლად ვიღებდი, მაგრამ შემეძლო, არ მესწავლა და დამსახურებული 3–იანი მაინც მიმეღო.

– მასწავლებლები როგორ გახსოვთ?

– მასწავლებლები არ მომწონდნენ, რადგან მაგალითად, გვაძალებდნენ, რომ თმა შეგვეჭრა აუცილებლად, არ გვევლო სხვა ტანსაცმლით და მხოლოდ სკოლის ფორმა გვცმოდა, არ შეიძლებოდა საღეჭი რეზინი... კომუნისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იყვნენ თვითონაც და ცდილობდნენ, ჩვენც ამ გავლენის ქვეშ ვყოლოდით, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოსდიოდათ. მაიძულებდნენ, პიონერის ყელსახვევი მკეთებოდა... ვიხსნიდი და ამის გამო მეჩხუბებოდნენ. ერთხელ მამაჩემი დაიბარეს – სკოლიდან რომ გადის, ყელსახვევს იხსნისო. მამაჩემმა უთხრა, სკოლაში ხომ უკეთია, რას ერჩითო. მე თავიდანვე არ მომწონდა კომუნისტური აზროვნება, ანტაგონისტურად ვიყავი განწყობილი ამ იდეოლოგიის მიმართ და ეს იქიდან გამომდინარე იყო, რაც სახლში მესმოდა. რომ გავიზარდე, მერე ჩემითაც ვხვდებოდი ბევრ რამეს. შინაგანი შეუთავსებლობა მქონდა სკოლაშიც და მერე – საბჭოთა არმიის რიგებშიც, სადაც ორი წელი ვიმსახურე. არც სკოლის დირექტორი მახსენდება მაინცდამაინც კარგად და არც ჩემი მასწავლებლები. ქიმიის მასწავლებელი იყო კარგი სპეციალისტი, მაგრამ როგორც ადამიანი, მოიკოჭლებდა, საბჭოთა ჩარჩოებში იჯდა. ქართულ ენას მასწავლიდა ერთი ხანშიშესული ქალი, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და მაშინ გახდა ჩემთვის ეს საგანიც საინტერესო. მხოლოდ 2 თუ 3 წელი გვასწავლა... თავიდან ძალიან მომეწონა ფიზიკა, მაგრამ რადგან მასწავლებელი არ მომწონდა, აღარ ვსწავლობდი. აღარაა ის ქალი ცოცხალი, მაგრამ ასე იყო. მეც უტვინო ვიყავი – რა შუაშია ადამიანი, თუ საგანი გაინტერესებს, ისწავლე რა... მაგრამ, როცა ბავშვი ხარ, ამდენს ვეღარ ფიქრობ.  მასწავლებელმა, როგორც პიროვნებამ, უნდა მოგხიბლოს. ამიტომაც არაა ადვილი პედაგოგობა. როცა ბავშვი ხარ, ყურადღებას აქცევ, როგორ აცვია მასწავლებელს, როგორ ლაპარაკობს, როგორი აქცენტი აქვს, როგორ გამოიყურება და ა.შ.

– პროფესია როგორ აირჩიეთ?

– არ ამირჩევია, ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემი მშობლები იყვნენ მსახიობები და ბავშვობიდან ვთვლიდი, რომ მეც ეს პროფესია უნდა ამერჩია, თითქოს იძულებული ვიყავი. ისე, როგორც ზღაპრებშია – მეწისქვილის შვილი მეწისქვილე რომ უნდა გამოვიდეს და მებადურის შვილი – მებადური. ასეც მოხდა, მსახიობი გავხდი, თუმცა ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ჩემი მსახიობობა – რთული პროფესიაა და სტაბილური შემოსავალი არ გექნებაო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პროფესიაა. მამა რომ გარდაიცვალა, – 17 წლის ვიყავი, დედას გარდაცვალებისას კი 18 წლის გავხდი... ბოლოს ისევ მამა დამთანხმდა, კარგი, ჩააბარე თეატრალურზეო. ამჩნევდა, რომ მქონდა მსახიობის მონაცემები. ვფიქრობ, ბევრ სხვა მსახიობზე უფრო მეტად გამიმართლა, მაგრამ მთლად ისეთი კარიერა არ მაქვს, მე რომ გამიხარდებოდა. ეს ჩემი ბრალიც არის და იმისაც, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. უხერხული იქნება, დიდი ჰონორარი მოვითხოვო, როცა პენსიონერებს 200 ლარი აქვთ პენსია.

– ხმით ალბათ ყველა გცნობთ...

– დიახ, ხშირად, როცა არ მიყურებენ და რამეს ვიტყვი, მაშინვე მომაჩერდებიან. ძალიან სასიამოვნოა ეს ამბავი, მაგრამ თავში არ უნდა აგივარდეს. ფილმებშიც მიღებენ, სერიალებშიც და ფიზიკურადაც კი მცნობენ, მაგრამ ხმას ამოვიღებ თუ არა...

– ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს რას ურჩევთ?

– რაც შეიძლება დიდი ცოდნა და ბევრი ინფორმაცია მიიღონ. ნორმალური ადამიანი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, ახლის გაგებას და სწავლას ყოველთვის ეცდება, მაგრამ მერე საფუძვლიანად რომ რაღაც შეისწავლო, აღარაა ხოლმე ამის დრო. ამიტომ, სანამ ყმაწვილები არიან და ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლიათ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მიიღონ, ისწავლონ. რაც მთავარია, დროზე უნდა ჩამოყალიბდნენ, რა პროფესია უნდათ, რომ შემდგომ იმ პროფესიაში დახელოვნდნენ და თავიანთი უნარები დახვეწონ. ასე რომ, სკოლაში სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელსაც. მასწავლებელი უნდა იყოს როგორც თავისი საგნის კარგი მცოდნე, ასევე – კარგი ფსიქოლოგი და კარგი ადამიანი. არ ვიცი, რამდენად დეფიციტურია განათლების სისტემაში ასეთი ადამიანები, მაგრამ მომავალ თაობაზე ეს ამბავი პირდაპირ აისახება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება