სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

მარინა კახიანის მოგონებები ცნობილ მასწავლებელზე - „მისი ერთი შემოხედვა იყო საკმარისი, რომ გავცოცხლებულიყავი....“
19-10-2019
-
+


რუსთაველის თეატრის მსახიობი, მარინა კახიანი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა. დიდი ბალეტმაისტერი, ვახტანგ ჭაბუკიანი პატარა მარინას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ჯიუტმა გოგონამ მსახიობობა გადაწყვიტა და ამ ნაბიჯის გადადგმა არასდროს უნანია. 

მარინა კახიანი ერთადერთი ვაჟის დედაა. ვათა მატარაძე რუსთაველის თეატრის მთავარი ადმინისტრატორია და კიდევ ორი სამსახური აქვს. მსახიობი ამბობს, რომ შვილს რუსთაველის თეატრში შესვლაში დაეხმარა, მერე კი მან გზა თავისით გაიკვალა.

- ქალბატონო მარინა, როგორ გახსოვთ სკოლა?

- სკოლასთან დაკავშირებით გადასარევი მოგონებები მაქვს. პირველი სამი წელი თბილისის 67–ე საშუალო სკოლაში ვისწავლე. აქვე, ჩემს სახლთან იყო – ახლანდელი თავისუფლების და მაშინდელი ლენინის მოედანზე. მეოთხე კლასიდან კი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადავედი, რომელიც ახლა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობისაა. იქ საოცარი შემოქმედებითი ატმოსფერო იყო. ჩვეულებრივი საგნების პარალელურად, ბალეტს, სხვადასხვა ცეკვებს, თეატრის, ხელოვნების ისტორიას  ვსწავლობდით. ასე რომ, თავიდანვე შემოქმედებითი ბავშვობა მქონდა. არასოდეს დამზარებია სკოლაში წასვლა, რადგან იქ ისეთი საინტერესო, ჯადოსნური ატმოსფერო იყო, შეუძლებელი იყო, არ შეგყვარებოდა. ამაყად ვიტყვი, რომ წითელ დიპლომზე დავამთავრე ეს სასწავლებელი. თეატრალურშიც წითელი დიპლომი ავიღე. ასე რომ, ორი წითელი დიპლომი მიდევს სახლში. 

- ცელქი ბავშვი იყავით?

- ძალიან ცელქი ვიყავი და, ამავდროულად, მეტიჩარაც და მორცხვიც. 

- რა იგულისხმება სიცელქეში, რა ჩაგიდენიათ?

- ბიჭები მიცემია.  მაბრაზებდნენ და ვცემდი! ერთხელ დედაჩემმა ქოლგა გადამატეხა თავზე. მოვიდა სკოლაში და უთხრეს, ბიჭი სცემაო. დედა ისე გამწარდა, ქოლგა მომიქნია... მაშინ იმ ბიჭს რამდენჯერმე კარგად ვუთავაზე, თუმცა რა დამიშავა, აღარ მახსოვს. სხვა დროსაც მიცემია ბიჭები. ხანდახან კი თვალებს ისე ვანაზებდი, ვითომ ძალიან ნაზი გოგო ვიყავი. 

- შატალოებზე დადიოდით?

- კი და კინოში მივდიოდით. ხშირად ვერ გამოაღწევდი სკოლიდან, არ გამოგივიდოდა, თუმცა ხანდახან ვახერხებდით. 

- კითხვა გიყვარდათ?

- კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე. დიდ სიამოვნებას ვიღებდი.  ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდებშიც მეხმარებოდა კითხვა, რადგამ იმ პრობლემაზე აღარ ვფიქრობდი და წიგნით ვსულდგმულობდი. სამწუხაროდ, ახლა იმდენს ვეღარ ვკითხულობ. ახალგაზრდობაში ვერ დავიძინებდი, რომ არ მეკითხა. ახლა კი ვსაყვედურობთ ახალგაზრდებს, რომ მათ ასაკში ჩვენ უფრო ბევრს ვკითხულობდით, მაგრამ სსხვა რაღაცები გახდა პრიორიტეტული. თუმცა, წიგნს ვერ შეცვლის ვერც კინო, ვერც „ფეისბუქი“ და ვერც სხვა ვერაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ცელქი ვიყავი, მასწავლებლებს მაინც ძალიან ვუყვარდი. ვახტანგ ჭაბუკიანი იყო ჩემი პირადი პედაგოგი. მერვე კლასიდან რამდენიმე ბავშვს აიყვანდა ხოლმე და იმ რამდენიმე ბავშვს შორის მეც აღმოვჩნდი. ბატონი ვახტანგი არანორმალურად  მიყვარდა და ვეთაყვანებოდი. ის არა მარტო უდიდესი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი, საოცარი პედაგოგიც იყო. ხდება ხოლმე, რომ ძალიან კარგი შემსრულებლები პედაგოგიური ნიჭით არ გამოირჩევიან, ბატონი ვახტანგი კი ფანტასტიკური პედაგოგი იყო. ჩვენ გვყავდა ასევე მასწავლებელი  თამარა ვიხოდცევა. ქალბატონი თამარა იწყებდა გაკვეთილს და 10–15 წუთის შემდეგ მოდიოდა ბატონი ვახტანგი. დილაობით გვეზარებოდა მეცადინეობა, ვიზლაზნებოდით, მაგრამ როგორც კი კარი უჩვეულოდ ფართოდ გაიღებოდა და ბატონი ვახტანგი გამოჩნდებოდა, თითქოს ჯადოსნური ჯოხი ჩაგარტყესო, მისი ერთი შემოხედვა იყო საკმარისი, რომ გავცოცხლებულიყავი. აღარც მეძინებოდა, კარგ ხასიათზეც ვდგებოდი...

ერთ ზაფხულს, მგონი 15 წლის ვიყავი ოქროყანაში რომ ვისვენებდით. დედაჩემი მთელი ცხოვრება ქერად იღებავდა თმას. ვთხოვე, ცოტა მეც გადამისვი–მეთქი. გადამისვა... მე ბუნებრივად ღია წაბლისფერი თმა მქონდა.  სკოლაში რომ მივედი, შემომხედა ბატონმა ვახტანგმა და რუსულად მითხრა, გიხდება, მაგრამ შავი თმა უფრო მოგიხდებაო. იმავე საღამოს დედაჩემი ხელზე შევიკალი – შავად მინდა მქონდეს თმა შეღებილი–მეთქი... წამიყვანა საპარიკმახერო „ოცნებაში“ და შემიღება შავად. დილით, გაკვეთილზე რომ შემოვიდა ბატონი ვახტანგი, ჩაიღიმა და მითხრა, კი, ნამდვილად გიხდება და თუ ასე შეასრულებ ჩემს ყველა მითითებას, დიდი ბალერინა გახდებიო. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიხარული დამეუფლა. მას მერე სამუდამოდ შავთმიანი დავრჩი.

- მაგრამ არ გახდით ბალერინა... 

- არადა, ამ პროფესიაში ყველა დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა. ქორეოგრაფიული სასწავლებელი რომ დავამთავრე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს გოგი ალექსიძე ხელმძღვანელობდა. მან ძალიან კარგად მიმიღო, პარტიებიც მომცა, მაგრამ რაღაც გადამეკეტა ტვინში... მეუბნებოდნენ, ბალერინას ცხოვრება პეპელას ცხოვრებას ჰგავს, ძალიან ხანმოკლეაო. მაშინ საშინლად ჯიუტიც ვიყავი. ახლა აღარ ვარ ისეთი ჯიუტი. უცბად მომინდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მე შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება, ჩემი ცხოვრების მართვა... 17 წლის ასაკში მომინდა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა და ახალი ცხოვრება დამეწყო. გოგი ალექსიძემ ისეთი პარტიები მომცა, როგორც წესი, ასეთ პატარა გოგონას რომ არ აძლევენ, მაგრამ... ვახტანგ ჭაბუკიანი რომ იქ ყოფილიყო, შეიძლება მე ეს ნაბიჯი ვერ გადამედგა, რადგან მას ვეთაყვანებოდი! მსახიობი გავხდი და ამით ბედნიერი ვარ,  არასოდეს მინანია ამ ნაბიჯის გადადგმა.

- თანამედროვე განათლების სისტემასა და ახალგაზრდობაზე რა აზრის ბრძანდებით?

- ბევრი რამ შეიცვალა. არიან ახალგაზრდები, რომლებიც მართლა მოწყურებულები არიან სწავლას და იმაზე მეტსაც სწავლობენ, ვიდრე ჩვენ – მათ დროს, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრს არ აინტერესებს სწავლა და კითხვა. ბავშვმა თვითონ უნდა იგრძნოს, რომ გაუნათლებელი ადამიანი იჩაგრება, ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს და სხვაგვარია მისი ყოფა. სიმდიდრეზე და სიღარიბეზე არ მაქვს საუბარი. ამქვეყნად ბევრი ბოროტება სწორედ უცოდინარობის გამო ხდება. სულიც სხვაგვარი აქვთ. ვერაფრით უსხნი რაღაცას, ვერ აგებინებ უცოდინარ ადამიანს. მაგალითად, ვერ მიხვდება, რომელიც სპექტაკლია კარგი და მხოლოდ ისეთი უნდა, სადაც ბევრი ხი–ხი და ხა–ხაა. წიგნის კითხვა საჭიროა ტვინისთვის, სულისთვის...

- თქვენი შვილის აღზრდის პროცესში რამდენად იყავით ჩართული?


- ჩემი შვილი ძალიან ცუდ დროს იყო მოწაფე და სტუდენტი – ომები, არეულობა... რთული პერიოდი იყო. მკაცრი ვიყავი ჩემს ვაჟთან, თან, ყველაფერს ვერ აუკრძალავდი, რადგან ის კაცი უნდა გაზრდილიყო! ასეთ დროს ზუსტად უნდა გათვალო, როდის უნდა გაუშვა გარეთ და როდის – არა. სულ რომ არ გაუშვა, არ შეიძლება. ხანდახან ინტუიციითაც უნდა მიხვდე, რა უნდა დაუშალო და რისი უფლება მისცე. არ მიმაჩნია სწორ დამოკიდებულებად, როდესაც ყველაფრის უფლებას აძლევენ შვილებს და ასეთი მიდგომის სავალალო შედეგებიც ვიცი. მე მინდოდა, ჩემს შვილს უფრო მეტი ესწავლა, მეტი წაეკითხა, მაგრამ მთავარი იყო, კაცი დამდგარიყო და მგონი, მოვახერხე. 

- რა განათლება მიიღო თქვენმა ვაჟმა?

- იურიდიული დაამთავრა. ახლა რუსთაველის თეატრის მთავარი ადმინისტრატორია და კიდევ ორი სამსახური აქვს – ბატონი გოგი მესხიშვილის სტუდიის მენეჯერია და თეატრალური ინსტიტუტის „თეატრალური თეატრის“ დირექტორიც გახლავთ. მომწონს, ასე რომ შრომობს. 

- დედის, მარინა კახიანის ავტორიტეტი დაეხმარა ასეთი სამსახურები რომ ეშოვნა?
  

- დიახ, დაეხმარა, ტყუილს ვერ ვიტყვი. რუსთაველის თეატრში რომ შემოსულიყო, დავეხმარე, მაგრამ შემდეგ ნამდვილად არ დავხმარებივარ, დანარჩენი თვითონ მოახერხა.


კომენტარები


სკოლები
მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს
გამოფენაზე აკვარელის ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი
ღონისძიებაში ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდები და ფოლკლორული ანსამბლის წევრები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, წრის მუშაობის ფარგლებში მასწავლებელმა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა
სიახლეები
პროგრამის კურსდამთავრებულებს იგივენაირად აუნაზღაურდებათ საათობრივი დატვირთვა, როგორც სხვა მასწავლებლებს
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა
როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით
საინტერესო
ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
„ეტალონის“ მუნიციპალურმა ტურმა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხონის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს  ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
ინტელექტ-ჩემპიონატში აბაშის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  დიდი ჭყონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ მოიპოვა
საზოგადოება