| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში უკვე მესამე წელია გრძელდება გარემოსდაცვითი პროექტი -„გაამწვანე გარემო და სკოლის ეზო“, რომელიც თანდათან სკოლის ერთ-ერთ ლამაზ ტრადიციად იქცა.
ყველაფერი ერთი იდეით დაიწყო...გეოგრაფიის მასწავლებელს - ნანა გახოკიძეს, სკოლის ტერიტორიის რელიეფის, ნიადაგისა და მცენარეული საფარის ურთიერთკავშირის სასწავლო თემასთან დაკავშირებით გაუჩნდა იდეა, რომ გეოგრაფიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს პრაქტიკულ საქმიანობად ექციათ.
იდეა მან სკოლის დირექტორს, ეკატერინე ჩიტაურს, გააცნო. დირექტორის მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სკოლის ეკოკლუბმა, მოსწავლეთა აქტიურმა მონაწილეობამ და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობამ.
პროექტს კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მიმართულება შესძინა გეოგრაფიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრაციამ. სკოლის ტერიტორიის აეროფოტოზე გამოიკვეთა უკვე გამწვანებული, ახლად გამწვანებული და სამომავლოდ გასამწვანებელი მონაკვეთები, რაც ჩვენი სკოლის მწვანე მომავლის დაგეგმვის საფუძველი გახდა.
„ჩვენი მიზანი მხოლოდ ხეების დარგვა არ არის! გვინდა, სკოლის მთელი პერიმეტრი თანდათან პალმოლივის ხეებით გავამწვანოთ, შევქმნათ ლამაზი, ჯანსაღი და ეკოლოგიურად უკეთესი გარემო. ამასთანავე, ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ ბუნებაზე ზრუნვა, გარემოს შესწავლა, პასუხისმგებლობის გაზიარება და გააცნობიერონ, რომ თითოეული ადამიანის მცირე წვლილსაც კი შეუძლია დიდი და სასარგებლო ცვლილებების მოტანა.
წელს ჩვენს მწვანე ისტორიას კიდევ 15 ახალი ნერგი შეემატა! განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის, დაჩი ქამაშიძის მშობლების, ქეთევან ხუციშვილისა და უჩა ქამაშიძის მიმართ. ქამაშიძეების ოჯახი უკვე მეორე წელია ჩვენი სკოლის გამწვანების პროექტის ერთგული დონორია. წელს მათ სკოლას 15 ძირი პალმოლივის ნერგი უსახსოვრეს და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ მშობელთა თანადგომა სკოლის განვითარებისთვის უდიდესი ძალაა. ერთად დარგული ხე განსაკუთრებულად ძვირფასია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ნერგების დარგვის პროცესში სკოლის დირექტორთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ IX და X კლასების მოსწავლეები.
სკოლის ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას, ვისაც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში მიუძღვის წვლილი.
„მადლობა IX კლასის დამრიგებელს თამილა ნადირაშვილს და X კლასის დამრიგებელს ნანა გახოკიძეს მოსწავლეთა მხარდაჭერისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორს ბატონ გურამ სარდალაშვილს, რომლის შრომა და უშუალო დახმარება ჩვენი გამწვანების პროექტების განხორციელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ხის დარგვა კეთილი საქმის დასაწყისია, მისი გახარება კი ყოველდღიური სიყვარულისა და პასუხისმგებლობის შედეგი!
ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გეოგრაფიის მასწავლებელს ნანა გახოკიძეს და ჩვენი სკოლის მზრუნველ დიასახლისებს ეთერ ფაჩხატაშვილს, რადმილა ოქროჯანაშვილსა და მზიური შაინიძეს. ისინი მოსწავლეებთან ერთად ზრუნავენ ნერგებზე, რწყავენ, უვლიან და ხელს უწყობენ მათ გახარებას.
და რა არის ჩვენი შრომის ყველაზე ლამაზი შედეგი? წინა წლებში დონორი ოჯახების დახმარებით დარგული ხეები უკვე გახარებულია და ჩვენი სკოლის გარემოს ამშვენებს. წელს მათ კიდევ 15 ახალი პალმოლივა შეემატა.
ჩვენი სკოლის გამწვანების გეგმაში უკვე მკაფიოდ ჩანს სამი მნიშვნელოვანი ეტაპი:
ეს მხოლოდ ტერიტორიის გამწვანება არ არის. ეს არის მოსწავლეებისთვის პასუხისმგებლობის, შრომის, თანამშრომლობისა და მშობლიური სკოლის სიყვარულის პრაქტიკული გაკვეთილი.
გვჯერა, რომ წლების შემდეგ, როდესაც ჩვენი დღევანდელი მოსწავლეები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდებიან, მათ საკუთარი ხელით დარგული, გაზრდილი და აყვავებული ხეები დახვდებათ. ხეები, რომლებიც მათ ბავშვობას, მეგობრობას, ერთობლივ შრომასა და კეთილ საქმეებს გაახსენებს.
გულწრფელი მადლობა პროექტის იდეის ავტორს, დონორ ოჯახს, ეკოკლუბს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობს!
ჩვენ არ ვრგავთ მხოლოდ ხეებს. ჩვენ ვზრდით პასუხისმგებლობას, ვამკვიდრებთ სიკეთის ტრადიციას და ვქმნით მწვანე მომავალს! დღეს დარგული ნერგი ხვალ ჩვენი სკოლის ისტორიის ნაწილი იქნება!“,- აღნიშნავს ეკატერინე ჩიტაური.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარები პირველ ასო-ბგერებს ხალისით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას