| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი განსაკუთრებულად თბილი და შინაარსიანი ღონისძიება გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს იყო დღე, როდესაც მადლიერება სიტყვებად, მუსიკად, ცეკვად და თეატრალურ სცენებად იქცა, ხოლო სკოლის სხვადასხვა თაობის მოსწავლეები ერთი მნიშვნელოვანი სათქმელის გარშემო გაერთიანდნენ: მადლობა მასწავლებელს ცოდნისთვის, ზრუნვისთვის, მოთმინებისა და ყოველდღიური შთაგონებისთვის.
ღონისძიება „მასწავლებელი - შთაგონების წყარო“ მოამზადეს დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელმა და ქეთევან ნადირაშვილმა, კლასის დამრიგებლებთან თანამშრომლობით. საზეიმო პროგრამას უძღვებოდნენ XII კლასის მოსწავლეები ანი ჯანხოთელი და ნიკა სარდალაშვილი, რომლებმაც ერთმანეთთან ლამაზად დააკავშირეს თითოეული გამოსვლა.
პროგრამაში მონაწილეობდნენ I-XII კლასების მოსწავლეები. პირველკლასელებმა მასწავლებლებს ლექსით მიმართეს, II და III კლასების მოსწავლეებმა გულწრფელი სიტყვებით გამოხატეს მადლიერება, V და VI კლასებმა სიმღერები შეასრულეს, IX და XI კლასებმა ქართული ცეკვებით გაამრავალფეროვნეს დღესასწაული. VII, VIII და X კლასების მოსწავლეებმა ლიტერატურული ინსცენირებებით მაყურებელს სასკოლო ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გაახსენეს. თითოეული ნომერი თავისებურად წარმოაჩენდა მასწავლებლის როლს ბავშვის ცხოვრებაში და იმ უხილავ შრომას, რომელიც მომავალს ქმნის.
ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ მასწავლებლის შრომის ნამდვილი შედეგი მხოლოდ მიღებული ცოდნა კი არა, ადამიანური ღირებულებები, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სიკეთის გაზიარების სურვილიცაა.
დასასრულს სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა ყველა გამომსვლელის სასცენო ნომრები, რომლებიც ერთმანეთისგან მადლობის სიგელები გადასცა ღონისძიების ორგანიზატორებს, დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელსა და ქეთევან ნადირაშვილს, აგრეთვე წამყვანებს, ანი ჯანხოთელსა და ნიკა სარდალაშვილს. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ კლასებსა და მათ დამრიგებლებსაც. ეს იყო თითოეული მონაწილის მონდომების, პასუხისმგებლობისა და საერთო საქმისადმი სიყვარულის დაფასება.
სკოლის დირექტორის მოადგილემ ელენე გრიგორიადისმა დადებითად შეაფასა ღონისძიება, აღნიშნა მისი მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებისთვის და წარმატებები უსურვა ყველა მონაწილეს.
„გულითად მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, წამყვანებს, ყველა მოსწავლესა და დამრიგებელს. თქვენი შრომით შეიქმნა დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დიდი ძალა აქვს მადლიერებასა და ერთობას. მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც ცოდნასთან ერთად აფასებენ ადამიანურ ურთიერთობებს, მასწავლებლის შრომასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ მრავალ შემოქმედებით გამარჯვებას“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური და დასძენს, რომ ასეთი ღონისძიებები აძლიერებს სკოლასა და მოსწავლეებს შორის ნდობას, ავითარებს შემოქმედებით უნარებს, საჯარო მეტყველებას, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სწავლობენ მადლობის თქმას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საკუთარი შრომითა და საქმით.
„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს! მადლობა ყველა პედაგოგს იმ სინათლისთვის, რომელსაც ყოველდღე უზიარებთ მომავალ თაობას. წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს, დამრიგებლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას!“,- ამბობს დირექტორი და მასწავლებლის ეროვნულ დღეს ყველა პედაგოგს ულოცავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი