სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება, საინტერესო

როცა პროფესიის ერთგულება და სამშობლოს სიყვარული ერთმანეთს ერწყმის - გაიცანით ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა​
07-10-2026
-
+


არიან ადამიანები, რომელთა სახელიც მშობლიურ მხარესთან იმდენად მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მათ გარეშე ამ კუთხის ყოველდღიურობა, კულტურა და ხასიათი წარმოუდგენელია. ასეთია ტრისტან (ბახვა) გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ორ უდიდეს ქართულ საგანძურს: მომავალი თაობების აღზრდასა და ქართული სუფრის ტრადიციების დაცვას მიუძღვნა.

...ღვირიშის საჯარო სკოლა ბატონი ტრისტანისთვის მეორე სახლად იქცა, წლების წინ კი, როდესაც გადაწყვიტა, თავი მომავალი თაობების განათლებისთვის მიეძღვნა, ზუსტად იცოდა, რომ მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა.

უდავოა, მთიანი რეგიონის სკოლას განსაკუთრებული (ასე ვთქვათ) პეწი აქვს, თუმცა  თავისი სირთულეებიც ახლავს: მკაცრი ზამთრის ცივ დღეებში, როცა ბავშვები საკლასო ოთახებში იკრიბებიან, დირექტორი მათ არა მხოლოდ ცოდნით, არამედ მამისეული მზრუნველობით აწვდის სულიერ საზრდოს... სწორედ ბატონი ტრისტანის ხელმძღვანელობით ღვირიშის საჯარო სკოლამ შეინარჩუნა ის უმთავრესი ღირებულება, რასაც ქართული გენი ჰქვია.

დირექტორის კაბინეტის კარი კი ყოველთვის ღიაა, როგორც დიდი პრობლემების, ისე ბავშვური, გულუბრყვილო სიხარულის გასაზიარებლად. ბატონმა ტრისტანმა მთის სოფლის პატარა სკოლიდან დიდ ცხოვრებაში არაერთი თაობა გააცილა და გულში სამშობლოს, მშობლიური კერის, მშობლიური გენის სიყვარული სამუდამოდ „ჩაუსახლა“. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ იყო, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, 2021 წელს სოფელ ღვირიშში, საქართველოსა და ლეჩხუმისადმი გაწეული ღვაწლისათვის „ლეჩხუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება რომ მიანიჭა.

...მაშინ, როდესაც სკოლის ზარი ირეკება და ყოველდღიური სასწავლო პროცესი სრულდება, ბატონი ტრისტანი ქართული კულტურის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ამპლუაში გვევლინება. იგი ლეჩხუმის უბადლო თამადაა, რომლისთვისაც ქართული სუფრა ფილოსოფიაა.

ისიც ხომ ფაქტია, რომ ქართულ სინამდვილეში თამადობა დიდ ნიჭს, შინაგან კულტურასა და მჭევრმეტყველებას მოითხოვს. ბახვა გუგავას სუფრასთან ყოფნა ნამდვილი სპექტაკლისა და პოეზიის საღამოს სინთეზია. როცა ხელში ლეგენდარულ ლეჩხუმურ ყანწს იჭერს, იქ მხოლოდ ღვინო კი არ ისხმება, არამედ კუთხის სიამაყე, წინაპართა ხსოვნა და მომავლის იმედი ისახება. მისი წარმოთქმული ყოველი ლექსი, ლადო ასათიანისეული მუხტითა და ლეჩხუმური კოლორიტით გაჯერებული, სუფრის თითოეულ წევრს უღვივებს სამშობლოს სიყვარულს.

მცირე ლირიკული გადახვევა: ცაგერში ორი უნიკალური, გიგანტური 33-ჭიქიანი ყანწი ინახება (5,5 ლიტრი ტევადობის!), რომლებიც მერაბ ყურაშვილისა და პაატა კოპალიანის ოჯახების სიამაყეა. ამ ყანწის ბოლომდე დაცლა, პრაქტიკულად, არარეალურია და არც არავის უცდია, თუმცა ბევრი სვამს სიმბოლურად - ჩაასხამენ 2-3 ჭიქა ღვინოს და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ამ სასმისს თავისი ხასიათი აქვს და მის დალევასაც უდიდესი ოსტატობა უნდა, თორემ თუ ტექნიკა არ იცი, ერთბაშად წამოზღვავებული ღვინო პირდაპირ სახეში „გთქიშავს“.

თუმცა, ნამდვილი ლეჩხუმური შემართებისთვის შეუძლებელი არაფერია. ფოტო გამოფენა-მუზეუმ „ცნობილ ლეჩხუმელებზე“​ გადაღებული მეორე დოკუმენტური ფილმის კადრებში აღბეჭდილია ისტორიული ექსპერიმენტი: ყანწში ჩაუგეს ერთი მთლიანი გრაფინი (9 ჭიქა) და კიდევ 1 ჭიქა დაამატეს! ეს ურთულესი მისია ბატონმა ბახვამ ბრწყინვალედ, ნამდვილი ვაჟკაცური დიდებულებით შეასრულა, შემდეგ კი უბადლოდ წარმოთქვა ლადო ასათიანის ლექსი, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლეჩხუმის კოლორიტი-თამადა პოეზიისა და მჭევრმეტყველების მოყვარული, რაინდული სულის ადამიანია.

...და დღეს, როდესაც ბევრი სოფელი იცლება, მთას ხალხი აკლდება, ტრისტან გუგავასნაირი ადამიანები დგანან ქვეყნისა და სოფლის ბურჯად. რა არის ბედნიერება ბატონი ტრისტანისთვის? -  ალბათ წამი, როდესაც სოფელში მიმავალს შორიდანვე მოკრძალებით მიესალმება მისი გაზრდილი მოსწავლე... ან ის წუთები, როდესაც ადგილობრივი მუზეუმის კადრებში მისი სახე ლეჩხუმის სიმბოლოდ იქცა... ასე რომ, სანამ ღვირიშის საჯარო სკოლაში ტრისტან გუგავას ნაბიჯების ხმა ისმის და სანამ ლეჩხუმურ სახლებში მისი სადღეგრძელოები გუგუნებს, საქართველოს მთა არ დაიცლება!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება