| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სინგაპურში წიგნების კითხვის წასახალისებლად ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს, ყოველდღიურად, მინიმუმ 15 წუთით კითხვისთვის მცირე ფინანსური ჯილდოს მიღება შეუძლიათ.
სინგაპურმა „დუმსქროლინგთან“ (სოციალურ ქსელებში ან საინფორმაციო საიტებზე ნეგატიური და შფოთვის მომგვრელი სიახლეების უწყვეტად, გაუცნობიერებლად კითხვა და სქროლვა, მაშინაც კი, როდესაც ეს ინფორმაცია ადამიანს განწყობას უფუჭებს და სტრესს ჰგვრის) ბრძოლა სოციალური ქსელების დაბლოკვის ნაცვლად წიგნების კითხვით გადაწყვიტა და ამაში მოქალაქეებს ფულსაც უხდის.
2026 წლის სექტემბერში ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკების საბჭომ პროგრამა აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც ზრდასრულ მოქალაქეებს ყოველდღიური კითხვისთვის ვირტუალური მონეტები ერიცხებათ. ამის შესახებ The Guardian წერს.
„დუმსქროლინგი“ გულისხმობს სოციალური ქსელებისა და ახალი ამბების უსასრულო თვალიერებას, მაშინაც კი, როდესაც ეს ინფორმაცია ადამიანს განწყობას უფუჭებს და სტრესს ჰგვრის.
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მანამდე კი პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სახელმწიფო ვებგვერდზე კითხვის სესია უნდა დაარეგისტრიროს, რომლის ხანგრძლივობაც მინიმუმ 15 წუთი უნდა იყოს. თითოეული ასეთი სესიისთვის მონაწილე 20 ვირტუალურ მონეტას იღებს. ამასთან, დღეში მხოლოდ ერთი კითხვის სესიის ჩათვლა არის შესაძლებელი. 1000 მონეტის დაგროვების შემთხვევაში მონაწილე 1 სინგაპურულ დოლარს მიიღებს.
შესაბამისად, ერთი დოლარის მისაღებად საჭიროა 50 დღის განმავლობაში კითხვის სესიების დარეგისტრირება. ფულადი ჯილდო მცირეა, თუმცა პროგრამის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის შემოსავლის წყაროს შექმნა კი არა, კითხვის რეგულარულ ჩვევად ჩამოყალიბებაა. წიგნის კითხვა შეიძლება ავტობუსში, სადილისას ან ძილის წინ.
სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკების საბჭოს ხელმძღვანელის, მელისა ტამის განცხადებით, კითხვის ჩვევის ჩამოყალიბება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ადამიანისთვის პირველი ნაბიჯები მცირე და მარტივად შესასრულებელია.
მისი თქმით, ადამიანები დღეს ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც ნებისმიერ მომენტში ასობით სათაურის ნახვა, ვიდეოების ყურება ან თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის მოკლე მიმოხილვის მიღებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ პროგრამის პირველ ეტაპზე მარტივი წესი შეარჩიეს - ყოველდღიურად 15 წუთი კითხვა. ეს შეიძლება მოხდეს ავტობუსით მგზავრობისას, სადილის დროს ან ძილის წინ. პროგრამა გეიმიფიკაციის პრინციპზეა აგებული: კითხვა ყოველდღიურ, მცირე ნაბიჯებად იქცა, რომელთა რეგულარულად შესრულებასაც ვირტუალური ჯილდო მოჰყვება.
სინგაპური სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვაზეც მსჯელობს
კითხვის წახალისების პროგრამა სინგაპურში ციფრული გარემოს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ მიმდინარე ფართო დისკუსიის ნაწილია.
ქვეყნის მთავრობა სოციალური ქსელებისგან გამოწვეული შესაძლო ზიანის შემცირების სხვადასხვა გზას განიხილავს. მათ შორის არის სოციალური ქსელების გამოყენებისთვის ყოველდღიური დროის ლიმიტის დაწესების შესაძლებლობაც. The Guardian-ის მიერ ციტირებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდებზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ „დუმსქროლინგსა“ და ციფრულ კონტენტზე დამოკიდებულებას უკავია.
ყოველდღიური ჩვევების შესაცვლელად ფინანსური წახალისების გამოყენება სინგაპურისთვის სიახლე არ არის. ქვეყანას წარსულშიც გამოუყენებია მსგავსი მიდგომა ფიზიკური აქტივობის წასახალისებლად - მაგალითად, მოქალაქეები გარკვეული რაოდენობის ნაბიჯების გადადგმისთვის ვაუჩერებითა და პრიზებით ჯილდოვდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სინგაპურს კითხვის მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აქვს. ამასთან საინტერესო პარადოქსია, რომ სინგაპურში მოქალაქეებისთვის კითხვის წახალისება სწორედ იმ პერიოდში დაიწყეს, როდესაც ქვეყნის 15 წლის მოსწავლეებმა კითხვის წიგნიერებაში მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.
PISA 2025-ის შედეგების მიხედვით, სინგაპურელმა 15 წლის მოსწავლეებმა კითხვაში საშუალოდ 535 ქულა დააგროვეს - ეს შეფასებაში მონაწილე ყველა ქვეყნას შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო შედეგი 461 ქულა იყო. თუმცა, სინგაპურის შედეგი 2025 წელს 2022 წლის მაჩვენებელზე 8 ქულით დაბალი აღმოჩნდა. OECD ასევე აღნიშნავს, რომ კითხვის შედეგების შემცირება ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა. 2015-2025 წლებში OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 28 ქულით შემცირდა.
სინგაპურის ახალი პროგრამა სწორედ იმ გამოწვევას ეხმიანება, რომელიც ციფრული ეპოქის პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება - როგორ შეინარჩუნოს ადამიანმა კითხვის ჩვევა მაშინ, როდესაც მის ყურადღებას ყოველდღიურად უამრავი მოკლე, სწრაფად მოსახმარი ციფრული კონტენტი იპყრობს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ