სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც მოსწავლეს უჩნდება სურვილი, მეტი გაიგოს და ახალი აღმოაჩინოს“ - თბილისის N141 სკოლის პედაგოგი ლია სართანია
19-10-2026
-
+


თბილისის N141 საჯარო სკოლის პედაგოგ ლია სართანიასთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გაზიარებას არ გულისხმობს, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს, რომ ის მიღებული და დაფასებულია, საკლასო გარემო კი უსაფრთხო და მეგობრულია.

მისი თქმით, სასწავლო წლის დასაწყისი სწორედ ის ეტაპია, როდესაც საფუძველი ეყრება მთელი წლის განმავლობაში ეფექტიან სწავლებას, ამიტომ საჭიროა ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა და მკაფიო სასწავლო მიზნების განსაზღვრა.

პედაგოგი ცდილობს გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი, ინტერაქტიული, მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თბილისის N141 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლია სართანია გვიზიარებს. 

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეებთან პოზიტიური, ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა, მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გაცნობა/გათვალისწინება და მკაფიო სასწავლო მიზნების განსაზღვრა. სასწავლო წლის დასაწყისი სწორედ ის ეტაპია, როდესაც საფუძველი ეყრება მთელი წლის განმავლობაში ეფექტიან სწავლებასა და მოსწავლეთა წარმატებას. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს, რომ ის მიღებული, დაფასებული და მხარდაჭერილია, ხოლო საკლასო გარემო უსაფრთხო, მეგობრული და თანამშრომლობაზე ორიენტირებულია.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლეთა საჭიროებებზე, ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, წინასწარ განვსაზღვრო გაკვეთილის მიზანი და ისეთი მეთოდები შევარჩიო, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება ცოდნის გააზრებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში. ვცდილობ, გაკვეთილი იყოს მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული, რათა სწავლა მათთვის საინტერესო, გასაგები და შედეგიანი გახდეს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, ინტერესით სწავლობენ, თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრებს, სვამენ კითხვებს და არ ეშინიათ შეცდომების დაშვების. ჩემთვის წარმატებული გაკვეთილი მხოლოდ სასწავლო მიზნების მიღწევას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს საკუთარი წინსვლა, დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების და მიღებული ცოდნის გამოყენება შეძლოს სხვადასხვა სიტუაციაში. ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც  მოსწავლეს უჩნდება სურვილი, მეტი გაიგოს და ახალი აღმოაჩინოს.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- თბილი ღიმილით, კეთილგანწყობილი გარემოთი და ისეთი საინტერესო კითხვით, სახალისო აქტივობით ან ცხოვრებისეული მაგალითით, რომელიც მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობას აღძრავს. მიმაჩნია, რომ გაკვეთილის დასაწყისშივე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განწყობის შექმნა, მათი ყურადღების მოზიდვა და სწავლის მოტივაციის გაღვივება. მსურს, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს, რომ საკლასო ოთახში მისი აზრი მნიშვნელოვანია, მისი მონაწილეობა ფასეულია და ახალი ცოდნის მიღება საინტერესო თავგადასავალია.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს, თამაშზე დაფუძნებულ აქტივობებს, პრობლემურ კითხვებს, პრაქტიკულ დავალებებს, ჯგუფურ მუშაობასა და შემოქმედებით პროექტებს. ვცდილობ, სასწავლო მასალა დავუკავშირო მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათთვის ნაცნობ გამოცდილებას, რათა უკეთ დაინახონ ცოდნის მნიშვნელობა და პრაქტიკული ღირებულება. ასევე ვიყენებ განმავითარებელ უკუკავშირს, წამახალისებელ კითხვებსა და ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების, კვლევისა და აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და უვითარებს ისეთ საჭირო უნარებს რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მის შრომას ამჩნევენ, მის აზრს პატივს სცემენ და მის წარმატებას გულწრფელად აფასებენ. მოსწავლეს განსაკუთრებით უხარია, როდესაც პედაგოგი ენდობა, ამხნევებს და აგრძნობინებს, რომ სჯერა მისი შესაძლებლობების. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ შეცდომა მარცხი კი არა, სწავლისა და განვითარების ბუნებრივი ნაწილია. როდესაც მოსწავლე თავს დაცულად, დაფასებულად და მნიშვნელოვნად გრძნობს, მას უჩნდება მეტი თავდაჯერებულობა, სწავლის მოტივაცია და სურვილი, ახალი მიზნების მისაღწევად მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე ცოდნას მხოლოდ დასამახსოვრებელ ინფორმაციად კი არ აღიქვამს, არამედ თავად იკვლევს, აღმოაჩენს, მსჯელობს და მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებას უკავშირებს. სწავლა განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, კითხვების დასმის, არჩევანის გაკეთებისა და შემოქმედებითი მიდგომის შესაძლებლობა. როდესაც ის ხედავს საკუთარ პროგრესს, ამჩნევს, რომ სირთულეების დაძლევა შეუძლია და გრძნობს პედაგოგის მხარდაჭერას, სწავლა მისთვის ვალდებულებიდან საინტერესო პროცესად გარდაიქმნება. მჯერა, რომ ნამდვილი სწავლა მაშინ იწყება, როდესაც მოსწავლეს ცოდნის მიღება უხარია, ახალი აღმოჩენები შთააგონებს და სწავლის სურვილი საკლასო ოთახის მიღმაც მიჰყვება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

ნორაირ მინასიანი ჩაირიცხა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, მწვრთნელთა ფაკულტეტზე

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება