სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება, ინტერვიუ

სრული ავტორიზაცია, ევროპის ჩემპიონი მოსწავლე და ნანატრი რეაბილიტაცია - ჩაქვის N2 საჯარო სკოლის წარმატებულ წელს დირექტორი ბადრი დავითაძე აჯამებს
02-07-2026
-
+


ზაფხულის დადგომასთან ერთად, სკოლებში ყველაზე დატვირთული და ემოციური პერიოდი იწყებაწლის შეჯამება, საბჭოების სხდომები და მომავალი სასწავლო წლისთვის მზადება. მიუხედავად იმისა, რომ  ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლამ წელი წარმატებით დაასრულა და სრული ავტორიზაცია მოიპოვა და 17 წლის შემდეგ ნანატრი რეაბილიტაციის მოლოდინშია, პედაგოგებში მოახლოებული ცვლილებები არაერთ კითხვასა და საფიქრალს აჩენს.

საათობრივი დატვირთვის შემცირება, ახალი სახელმძღვანელოები მოკლე ვადებში და მეთორმეტე კლასის გაუქმება - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სკოლის დირექტორი, ბადრი დავითაძე გვესაუბრება.

ბადრი დავითაძე: 2025-2026 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა. ამ წლის ყველაზე დიდი მიღწევა, უდავოდ, სკოლის ავტორიზაციის წარმატებით გავლაა. ეს შედეგი არ არის ერთი ადამიანის დამსახურებაიგი მთელი სკოლის, ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და თითოეული თანამშრომლის ერთობლივი, თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ავტორიზაციის პროცესმა ჩვენგან მოითხოვა მაღალი პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა. თითოეულმა თანამშრომელმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში, რის შედეგადაც შევძელით დაგვედასტურებინა, რომ ჩვენი სკოლა აკმაყოფილებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს და მივიღეთ სრული 9-წლიანი ავტორიზაცია.

გარდა ამისა, სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით როგორც აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაზე, ისე მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნაზე. განხორციელდა არაერთი პროექტი, კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და წარმატებით მონაწილეობდნენ. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა არაერთ რეგიონალურ კონკურსსა და ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და საამაყო შედეგებიც აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ მაისში ბუდაპეშტში  ჩატარდა ქვიშაზე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა მოსწავლემ, ხვიჩა ბერიძემ, პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა. მანვე საქართველოში ჩატარებულ იგივე ტიპის შეჯიბრშიც გაიმარჯვა და სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა.

– ამ სასწავლო წელს განათლების სამინისტრომ არაერთი ცვლილება გააჟღერა: სახელმძღვანელოების განახლება, სასკოლო ფორმები, მობილურების აკრძალვა... როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს?

სკოლაში მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს და არის ცვლილებები, რომლებსაც მივესალმებით, მათ შორის მობილურებით სარგებლობის აკრძალვაა. მართალია, აქამდეც ვცდილობდით, რომ ტელეფონი სასწავლო პროცესისთვის ხელისშემშლელი არ ყოფილიყო, მაგრამ როცა საკითხი საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება, ეს სხვანაირ გავლენას ახდენს მოსწავლეებზეც, შესაბამისად მივესალმები ამ ცვლილებას.

რაც შეეხება სასკოლო ფორმას, ამ საკითხს მე და სრულიად სასკოლო საზოგადოება  დადებითად ვუყურებთ. არაერთ ვეყანაში ვყოფილვარ და უმეტეს მათგანში მოსწავლის ამოცნობა სწორედ სასკოლო ფორმით არის შესაძლებელი. ეს არა მხოლოდ დისციპლინისა და ორგანიზებულობის განცდას ქმნის, არამედ სკოლის იდენტობასაც უსვამს ხაზს. ჩემი აზრით, სასკოლო ფორმა ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, მოწესრიგებულ გარემოს ქმნის და მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს სკოლისადმი კუთვნილებისა და პასუხისმგებლობის შეგრძნებას.

როგორც იცით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება სახელმძღვანელოებსაც და მინდა გითხრათ, რომ პედაგოგების უმეტესობა მიესალმება ამ ცვლილებას. შეიძლება გამომცემლობებისთვის ეს კარგი არ იყოს და ფინანსური ზარალიც მოუტანოს, მაგრამ მოსწავლეებისთვის და სკოლისთვის ნამდვილად კარგია. ხშირად ზედაპირულად ხდებოდა ამა თუ იმ გამომცემლობის ამორჩევა და თუ გულახდილად ვიტყვით, წიგნების შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ რესურსებსა და მეთოდურ სახელმძღვანელოებს, რომლებსაც გამომცემლობები გვაძლევდნენ. ერთი წიგნის პრინციპის შემთხვევაში კი პედაგოგებს არ ეზღუდებათ დამატებითი რესურსების გამოყენება. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

მიუხედავად ამისა, არ ფიქრობთ, რომ სახელმძღვანელოს შესადგენად გამოყოფილი დრო საკმაოდ მცირეა და რთული იქნება ხარისხიანი წიგნის შედგენა?

მე ვამბობ, რომ ერთიანი სახელმძღვანელოს შემოღება თავისთავად პრობლემა არ არის, თუ ის კარგად არის დაგეგმილი და პასუხობს ეროვნული განათლების მიზნებს. თუმცა, ჯერ სახელმძღვანელოებს არ გავცნობილვართ და შინაარსობრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებ.  მთავარია, წიგნი პასუხობდეს საგნობრივ სტანდარტს, დოზირება - ასაკობრივ ცენზს. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გადანაწილდება პროგრამა კლასების მიხედვით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მეთორმეტე კლასი უქმდება, ხოლო მეთერთმეტეკლასელები აბიტურიენტების სტატუსში გადადიან.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები იმის შესახებაც, ხომ არ გამოიწვევს ეს პროგრამების გადატვირთვას ან სასწავლო მასალის არათანაბარ განაწილებას სხვადასხვა კლასში. ამ ეტაპზე ეს საკითხები ჩვენთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვფიქრობ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მივიღებთ  დეტალურ ინფორმაციას თუ  როგორი პროგრამები და სახელმძღვანელოები  გვექნება.

მეთორმეტე კლასის გაუქმება ახსენეთ. თქვენი აზრით, რა პრობლემა გადაჭრა სამინისტრომ ერთი კლასის გაუქმებით?

სიმართლე გითხრათ, მეთერთმეტე კლასის შენარჩუნება უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია. მეთერთმეტე კლასის რეპეტიტორიუმად გადაკეთების მაგივრად, ყოფილიყო ჩვეული სასწავლო პროგრამა, ხოლო მეთორმეტე კლასი დათმობოდა აბიტურიენტების მომზადებას.

ამ ცვლილებებით ფინანსურად ძალიან ბევრი მასწავლებელი დაზარალდება. საათობრივი დატვირთვა შემცირდება - წელს არა, მაგრამ ორი წლის შემდგომ ეს საკმაოდ პრობლემური საკითხი იქნება. მეთორმეტე კლასი ჩემთან პრობლემა არ იყო, დადიოდნენ ბავშვები, მაინც რეგიონის სკოლაა. თუმცა იმასაც ადასტურებდნენ, რომ სხვაგან ბავშვები არ დადიოდნენ მეთორმეტე კლასში და აზრი არ ჰქონდა მის შენარჩუნებას.

ბატონო ბადრი, მეთერთმეტე კლასშიც რომ არ იარონ მოსწავლეებმა, მაშინ რას იზამს სამინისტრო, მე-11 კლასსაც გააუქმებს?

მაგას ვამბობ, მეთორმეტე კლასი უნდა გადაკეთებულიყო რეპეტიტორიუმად და მეთერთმეტე კლასში გადმოსულიყო რიგი პროგრამები. ჩემი მოსაზრებით, ასე უკეთესი იქნებოდა. პედაგოგების ნაწილიც თვლის, რომ ასე უფრო სწორი იქნებოდა.

აუცილებლად უნდა გკითხოთ პედაგოგების საათობრივ დატვირთვაზე. არაერთი ცვლილება შეეხოთ მასწავლებლებს და, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ანაზღაურებაც შეუმცირდებათ...

სექტემბრიდან საგნობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად აისახება პედაგოგთა საათობრივ დატვირთვასა და სკოლების საკადრო პოლიტიკაზე. აქამდე მოქმედი წესით, მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა I–VI კლასების შესაბამისი საგნობრივი გამოცდა, შეეძლო ესწავლებინა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვისაც და მიეღო საკუთარი სტატუსის შესაბამისი ანაზღაურება. ახალი რეგულაციების პირობებში ეს შესაძლებლობა აღარ იარსებებს, რაც, ვფიქრობ, გარკვეულ სირთულეებს შექმნის.

პრობლემა განსაკუთრებით იმ მასწავლებლებს შეეხება, რომლებსაც ზედა საფეხურისთვის შესაბამისი გამოცდა ჯერ არ აქვთ ჩაბარებული. ამავდროულად, რეალობაა ისიც, რომ ტექნიკური და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით კვალიფიციური პედაგოგების მოძიება დღესაც საკმაოდ რთულია. მაგალითად, ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის. სასიამოვნოა, რომ ბევრი პედაგოგი უკვე დარეგისტრირდა გამოცდებზე, რაც გვაძლევს იმედს, რომ სექტემბრიდან არსებული გამოწვევები ეტაპობრივად გადაიჭრება.

რეფორმის ფარგლებში ახლა სკოლებს საჭიროების დადგენის მიზნით კითხვარები გადაეგზავნათ. როგორ აფასებთ კითხვარებს?

ბევრმა რეფორმამ მოგვიწია ნამდვილად. ეს კითხვარი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას უკავშირდება. ტრენინგები გავიარეთ და ძალიან გათვითცნობიერებულები ვართ, როგორ უნდა წარვმართოთ ეს პროცესი. მთავარია, გულწრფელად იყოს შევსებული ეს კითხვარი და რეალურად გამოჩნდეს საჭიროება. ეს კითხვარი დაადგენს, რა საჭიროებები აქვთ სკოლებს და რა ფუნქციები შეიძლება დაეკისროთ წამყვან და მენტორ პედაგოგებს.

რეფორმის სიახლიდან გამომდინარე, პედაგოგებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ განაცხადი კარიერულ ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა მაქვს იმედი, რომ ეტაპობრივად სრულად გაიაზრებენ  რეფორმის არსს და გამოთქვამენ მზაობას სტატუსის ასამაღლებლად.  

მინდა აღვნიშნო, რომ ახლა საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს. ავტორიზაციის პერიოდიც დატვირთული გვქონდა, თუმცა არანაკლებ  შრომატევადი იყო ივნისის თვე.  პედაგოგიური საბჭოს სხდომების  ჩატარება, სამეურვეო საბჭოს სხდომების გამართვა... ფაქტობრივად ხდება მთელი სასწავლო წლის შეჯამება და  ძალიან დიდი შრომაა ეს პედაგოგებისთვისაც და ადმინისტრაციის წევრებისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით ჩაგვიტარდა ტრენინგები, დიდი სურვილი მაქვს და კარგი იქნება, თუ მომზადდება გზამკვლევი ამ რეფორმასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები სწორად გადავდგათ და ფუნქციები სწორად გადავანაწილოთ. ძალიან საჭირო იქნება დამხმარე რესურსის შექმნა, ეს გაგვიიოლებს სამუშაოს.

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარის მიერ წარდგენილმა პროექტმა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა და ბიბლიოთეკისთვის მივიღეთ  3000-ლარიანი დაფინანსება. ახალი სასწავლო წლისათვის განახლებული ბიბლიოთეკა გვექნება.

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალ წელს, სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. 17 წელია სკოლა არ განახლებულა და რემონტი არ ყოფილა. შესაბამისად, ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მატულობს. სკოლის განახლება და რეაბილიტაცია კი ჩვენი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვისაც დამატებითი მოტივაცია იქნება, ასე რომ, მოუთმენლად ველით რეაბილიტაციის დაწყებას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მოიდა ჯაყოიიი... დიდი დაბრუნება 2022 წლის შემდეგ“ - მეორე ვარიანტის საკითხი ცნობილია

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

დიდი შოთა და გმირთა ვარამი პირველ გამოცდაზე - საკითხები ცნობილია

„ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა“

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლის ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის განსაკუთრებულია, თუმცა ანბანის გაცილების დღესასწაული თითოეული მოსწავლისთვის უდიდესი ეტაპის დასაწყისია

თასი და მადლობის სიგელი გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება