| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N136 საჯარო სკოლა - „ცოდნის ტაძარი“, რომლის კედლებშიც ბავშვების ჟრიამული ცოცხალ ენერგიად ტრიალებს და პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივის ყოველი გაკვეთილი მათ წარმატებულ მომავალს საფუძველს უყრის....
თუმცა განათლება მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არ არის, სწორედ სკოლაში იწყებენ ბავშვები საკუთარი თავის აღმოჩენას - აქ თითოეული დღე პატარა გამარჯვებებით იწყება, რაც ყოვლად წარმოუდგენელი იქნებოდა პროფესიონალი ლიდერის ხედვის, გამბედაობისა და მზრუნველობის გარეშე.
მიმოზა მაისურაძე გახლავთ თბილისის N136 საჯარო სკოლის წარმატების გარანტი, რომლისთვისაც ბავშვების კეთილდღეობა, აკადემიური ხარისხი, სკოლის განვითარება და ქვეყნის წარმატებული მომავალი განუყოფელი ცნებებია - ამაყობს თითოეული მოსწავლით, განიცდის, როცა მშობლების გარკვეულ თხოვნებზე უარის თქმა უწევს და etaloni.ge-ს სასკოლო საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთ აქტუალურ საკითხზე ესაუბრება:
- ქალბატონო მიმოზა, როგორ შეაჯამებდით მიმდინარე სასწავლო წელს და რა არის ის წარმატებები, რომელთაც სექტემბრიდან მიაღწიეთ?
- კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა შედეგით, როგორც აკადემიური, ასევე სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით... მთავარი წარმატება კი, რასაც სექტემბრიდან სკოლამ მიაღწია, არის ის, რომ შევძელით მოსწავლეზე ორიენტირებული, აქტიური სასწავლო გარემოს შექმნა. ვგულისხმობ მოსწავლეთა აკადემიურ წინსვლას, მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში, კლასგარეშე აქტივობებში, გუნდური მუშაობის განვითარებას და კონკურსებსა და ოლიმპიადებში მიღწეულ წარმატებებს.
- პირველკლასელთა რეგისტრაცია დაწყებულია... დაემატა მე-5 ეტაპი, ტერიტორიული პრინციპი, დიდ ქალაქებში საუბნო დაყოფა - რამდენ პირველკლასელს ელით წელს? და ზოგადად, რას ფიქრობთ ასაკობრივ შეზღუდვაზე - როდესაც სკოლაში მხოლოდ 6 წლის ბავშვები შევლენ (წლევანდელი გამონაკლისის გარდა)?
- ... ჩვენი სკოლა ყოველთვის მოთხოვნადია და ახლაც ველით 100 პირველკლასელს. საცხოვრებლის მიხედვით რეგისტრაციის დაწესება კი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა - მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებ მოსწავლეებს უწევდათ შორს სიარული, რაც დიდი დისკომფორტი გახლდათ...
რაც შეეხება მხოლოდ 6 წლის ბავშვების დაშვებას პირველ კლასში, ვეთანხმები - მოსწავლის მზაობა ამ ასაკში მაღალია და ბავშვი მეტად არის ორიენტირებული სწავლაზე.
- მომავალი წლიდან სასკოლო ფორმები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება, მობილურები კი იზღუდება (მათ შორის, შესაძლოა, გარკვეულწილად პედაგოგებსაც შეეხოს შეზღუდვა) - რას ფიქრობთ ამ რეგულაციებზე?
- მოსწავლეებს შინაგანაწესის თანახმად ახლაც აცვიათ თეთრი პერანგები, მუქი ფერის შარვალი ან ბოლოკაბა... ეს არის ჩვენი სკოლის „ფორმა“... რაც შეეხება მობილურებს, შინაგანაწესით მათი გამოყენებაც შეზღუდული აქვთ: დილას ინახავენ კარადის უჯრაში, დასვენებებზე იყენებენ, რადგან საბანკო ბარათები აქვთ ჩატვირთული და სასადილოში საკვების საყიდლად სჭირდებათ. გაკვეთილზე შესულ პედაგოგებს კი ყოველთვის უხმო რეჟიმზე აქვთ ტელეფონი. ამიტომ ჩვენი სკოლისათვის ეს არ არის სიახლე.
- თქვენი აზრით, განათლებაში სმარტფონი მტერია თუ რესურსი, რომლის მართვასაც სწორი მიმართულება ჯერ ვერ მივეცით?
- დღეს განათლებაში სმარტფონი არის „ძლიერი რესურსიც და ძლიერი გამოწვევაც“. მე როგორც გეოგრაფმა, მინდა გითხრათ, რომ ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩემი მოსწავლეები ხშირად იყენებენ ამ ინსტრუმენტს სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად, რაც უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის საგაკვეთილო პროცესს. არამიზნობრივად სმარტფონით სარგებლობა კი, რა თქმა უნდა, უდიდესი პრობლემაა.
- ხელოვნური ინტელექტის როლზეც გკითხავთ... როგორ ფიქრობთ, რა არის ის უნარი, რაც ტექნოლოგიას ვერასოდეს ექნება და ვერც მასწავლებლის ჩანაცვლებას შეძლებს?
- ჩემი აზრით ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას, ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს.
- ერთი „უხილავი“ წესი თქვენს სკოლაში, რომელიც ყველაზე მეტად განსაზღვრავს „ადამიანურ კავშირებს“ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის?
- ეს არის ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა - როცა მასწავლებელი უსმენს მოსწავლეს და არ აკნინებს მის აზრს, მოსწავლე კი ემორჩილება წესებს და არ არღვევს სკოლის შინაგანაწესს.
- უამრავი ვალდებულება გაქვთ, უნდა მართოთ ისეთი ცოცხალი ორგანიზმი, როგორიც სკოლაა, დაექვემდებაროთ ზოგადი განათლების კანონს, უზრუნველყოთ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გაითვალისწინოთ სკოლის ლიდერის კოდექსი, სხვადასხვა რეგულაციები... ამ ფონზე შეინარჩუნოთ შემოქმედებითი თავისუფლება - როგორ ახერხებთ ბალანსის პოვნას?
- ამ ფონზე სკოლის ხელმძღვანელისათვის მართლაც რთულია ბალანსის მიღწევა, რასაც თვალყურის დევნება - მუდმივი მონიტორინგი სჭირდება, თუმცა ნებისმიერი ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებული, როცა განვითარება სასარგებლო და პრაქტიკულია, მაშინ პედაგოგი თავად იღებს გადაწყვეტილებას. ხელმძღვანელის ყველა ქმედება თანამშრომლობაზეა მიმართული, ეს კი მიიღწევა მაშინ, როცა ხელმძღვანელი ერთდროულად არის ლიდერი, მენტორი და თანამშრომელი.
- წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შესაძლებლობა, გააუქმოთ ერთი რომელიმე ბიუროკრატიული ვალდებულება - რომელს გააუქმებდით?
- როგორც დირექტორი, თუ ამის შესაძლებლობა მექნებოდა, მასწავლებლებს გავათავისუფლებდი ქაღალდომანიისაგან, რათა თავისუფალი დრო გამოეყენებინათ მოსწავლეებთან ურთიერთკავშირისათვის.
- მოსწავლეების მოტივაციაზე როგორ ზრუნავთ?
- მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სკოლის ხელმძღვანელის მუდმივი საზრუნავია ყველა მიმართულებით, ეს იქნება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრების გადაწყვეტილებების მიღებაში, პოზიტიური უსაფრთხო გარემოს შექმნა, მასწავლებელთა მიერ მოსწავლის წახალისების აღიარება თუ მრავალფეროვანი აქტივობები.
- ხშირად გვესმის საუბარი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდა კადრების დასაქმებაზე. რა არის ის მთავარი თვისება, რომელსაც დიპლომზე ან გამოცდილებაზე მაღლა აყენებთ?
- ახალგაზრდების დასაქმების კუთხით ყურადღება ექცევა მათ მოტივაციას, კომუნიკაციისა და ინოვაციურ უნარებს, პასუხისმგებლობას, თუ რამდენადაა ორიენტირებული ახალგაზრდა კადრი შედეგის მიღწევაზე.
- მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია... თუმცა აქაც ზომიერებაა აუცილებელი, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ამის გამო ფიქრობენ, რომ გარკვეულ საკითხებში ჩარევის უფლება აქვთ - ყველაზე რთული „არა“ თქვენს პრაქტიკაში, რომელიც მშობლისთვის გითქვამთ მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე?
- ყველაზე რთულია მშობლისთვის უარის თქმა მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც გიწევს უარის თქმა, ჩემი პრაქტიკიდან ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია მაგალითად, სკოლაში მოსწავლის მიღებაზე - როცა ადგილი არ არის, მშობლის მიერ საკლასო ოთახში ჩანთის ყოველდღიურად შეტანა იმ მოტივით, რომ მძიმეა მისი შვილისთვის და სხვა.
- და ბოლოს, მალე მე-12 კლასელები დაასრულებენ სკოლას - როგორია თქვენი თვალით დანახული „იდეალური კურსდამთავრებული“, რომლითაც ყველაზე მეტად იამაყებდით?
- მე როგორც დირექტორი ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენმა მე-12 კლასის მოსწავლეებმა ორჯერ ზედიზედ მოიგეს გლდანი-ნაძალადევის რაიონის ინტელექტუალური თამაში, ასევე ჩვენი მე-12 კლასელი სრული დაფინანსებით ჩაირიცხა აბუ-დაბის მუჰამედ ბინ ზაედის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის, Bachelor of Science in Artificial Intelligence-ის ფაკულტეტზე... სკოლა ყოველთვის ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, მოხარული ვარ, რომ ეს წარმატების ერთეული შემთხვევები არ არის, ამიტომ ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, ყველა კურსდამთავრებული იდეალური და უნიკალურია - 12 წელი მცირე დრო არ არის. წარმოუდგენელია, მშობელი არ ამაყობდეს შვილით - ასეა, მასწავლებლებისთვის მოსწავლეები შვილები არიან, რომელთა წინსვლასა თუ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიგვიძღვის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან
სასკოლო უბნების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით ცნობილია - გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ პირველკლასელის დარეგისტრირება
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში გაიმართა
„ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო...“
არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე.