მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინითა და ემოციით არის სავსე.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებთ ახარებთ. წელს სკოლაში სულ 37 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის სამი პირველკლასელია. დირექტორი ეთერი ნადირაძე და პედაგოგები მზად არიან განაახლონ სააღმზრდელო მისია.
როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.
„ყოველწლიურად აქტიურად ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, ვაჯამებთ გასულს და ვსახავთ და ვადგენთ ახალ გეგმებს. სრულ მზადყოფნაში ვართ მოსწავლეთა დასახვედრად, ვაწყობთ ზეიმს, ვულოცავთ მოსწავლეებს სწავლის დაწყებას და ვუქმნით განწყობას, რომ არდადეგების შემდეგ ახალი შემართებითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას. პირველკლასელებს სპეციალურად მათთვის მორთულ საკლასო ოთახში ვაცილებთ, სადაც ხვდებათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. ყველა სოციალურად დაუცველ ბავშვს მერია გადასცემს ჩანთასა და ყველა საჭირო სასწავლო ნივთს, პატარებს საჩუქარს უკეთებს სკოლაც. ეს ყველაფერი ბავშვებს ძალიან ახარებთ. შემდეგ უკვე დამრიგებელი ზრუნავს, რომ პატარებს ადაპტაცია გაუმარტივოს, თამაშ-თამაშითა და მათი ასაკისთვის შესაფერისი საგანმანათლებლო თამაშებით ხდება პირველკლასელთა სასწავლო პროცესში ჩართვა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრების დაწყება დღესასწაულად ვუქციოთ“, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი.
სკოლაში 15 კვალიფიციური პედაგოგია დასაქმებული, რომლებიც მოსწავლეებს ცოდნას დიდი სიყვარულით გადასცემენ. მოსწავლეთა მცირერიხოვნობიდან გამომდინარე, სწავლება პერსონალიზირებული, თითოეული მათგანის ინტერესებსა და შესაძლებლობებზეა მორგებულია.
„სკოლაში 15 პროფესიონალი და კვალიფიციური პედაგოგი მუშაობს, ყველა სერტიფიცირებული და თავისი საქმის საფუძვლიანად მცოდნეა, არცერთი მათგანი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოსწავლეებს მაქსიმალური ცოდნა მისცეს. სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს, ფაქტობრივად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, არც ერთი ბავშვი არ ემზადება რეპეტიტორთან და გამოცდებზე საუკეთესო შედეგებსაც დებენ. გვყავს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც არ ივიწყებენ სკოლას, მოდიან ჩვენს მოსანახულებლად, გვიყვებიან თავიანთ წარმატებებზე და მადლიერებას გამოხატავენ ჩვენს მიმართ, აბა ამაზე კარგი და საამაყო რა უნდა ქონდეს სკოლას და თითოეულ მასწავლებელს“,- აღნიშნავს დირექტორი.
დამამთავრებელი კლასი სკოლას წელს არ ჰყოლია, თუმცა დირექტორი ამაყობს წლევანდელი ნიჭიერი მე-12 კლასელებით, რომელთა მომავალს წარმატებას უკავშირებს.
„წელს დამამთავრებელი კლასი, სამწუხაროდ, არ გვყოლია, სამაგიეროდ, 2025-2026 სასწავლო წელს გვყავს 5 სანიმუშო მე-12 კლასელი, ერუდირებული, განათლებული, საუკეთესო ადამიანები და ნამდვილი მამულიშვილები, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა მაღალი მაჩვენებლებით ჩააბარებს გამოცდებს და გრანტებით ჩაირიცხებიან სასურველ ფაკულტეტებზე“,- ამბობს ეთერი ნადირაძე, რომელიც მომავალი თაობის განათლებას 29 წელია ემსახურება.
დირექტორის თქმით, სკოლაში სუფევს იდილია - კოლეგიალობა, მხარდაჭერა და მეგობრული ურთიერთობები, როგორც პედაგოგებს შორის, ისე მოსწავლეებთან.
„29 წელია ვმუშაობ პედაგოგად მათ შორის 15 წელი დირექტორის პოზიციაზე, არაერთხელ მქონია სიამაყის განცდა, რომ აღვზარდეთ სანიმუშო მოსწავლეები, გვყავს საუკეთესო მასწავლებლები და მადლიერი მშობლები, ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს ხელმძღვანელს, ეს კი დიდი შრომის და მონდომების შედეგია, სკოლაში სრული იდილია სუფევს, ყველა გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს, რისი შესაძლებლობაც მაქვს ყველას ვეხმარები და მხარს ვუჭერ. ეს აქტივობები იქნება თუ რაიმე ახალი წამოწყება, ასეთივე დამოკიდებულება მაქვს მოსწავლეებთან მეგობრული, კეთილგანწყობილი, თუ რამეში სურთ მხარდაჭერა ჩემი და ჩემი კოლექტივის მხრიდან აუცილებლად გვერდში ვუდგავართ - ბავშვები კი ისეთები არიან არ ავიწყდებათ სიკეთე სიყვარული და ეს დამოკიდებულება სარკისებური ეფექტია მათგნაც იგივე მუხტი მოდის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში ქვეყნის პატრიოტები გაიზარდონ, და იმედი მაქვს ასეც იქნება“,- აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი და მომავალს ახალგაზრდობაში ხედავს.
„ახალგაზრდობა ჩვენი დიდი იმედია, მინდა მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ, რათა მაქსიმალურად და მშვიდად შეძლონ ცოდნის რეალიზება, წარმატების გზაზე ევლოთ და მოგვთხოვონ მეტი, რათა მეტი მიიღონ, გამოგვიყენონ და გვასახელონ. რაც მთავრია სადაც არ უნდა წავიდნენ ყველგან თავისი ქვეყნის სახელი გაიტანონ ყველას ათქმევინონ რა გორის ხართ- დაილოცოს თქვენი ქვეყანაო!“,- ამბობს დირექტორი.
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს