სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღების საყურადღებოდ - რა ითვლება ბავშვზე ძალადობად - დოკუმენტი
16-12-2024
-
+


ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში, რომლის საჯარო განხილვაც 17 მაისსაა დაგეგმილი, გაწერილია, თუ რა ითვლება ბავშვის მიმართ ძალადობად.

მათ შორის საუბარია პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაზე უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით თუ განზრახვის გარეშე.

არსებობს ბავშვის მიმართ ძალადობის შემდეგი ფორმები:

• ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. მაგ: ხელის კვრა, თმის მოქაჩვა.

• სექსუალური ძალადობა - ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება ბავშვის მიმართ. მაგ: ბავშვისთვის სექსუალური შინაარსის ინფორმაციის მიწოდება, პორნოგრაფიული მასალის ჩვენება.

• ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას ან დაშინებას. მაგ: ბავშვის მოხსენიება დამამცირებელი სახელებით; უფროსების ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით.

• ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; მაგ: მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ზრუნავს ბავშვის კვებაზე;

• იძულება - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მათ შორის, იძულებითი ქორწინება, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა ან/და თანამონაწილეობა, ნივთიერებათა ავად მოხმარების, მოწყალების თხოვნის, აგრეთვე ბავშვის ჩართვას შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებას) შეზღუდვას. იძულებად ჩაითვლება ბავშვის შრომის შედეგად მოპოვებული თანხის მთლიანი ან/და ნაწილობრივი მითვისება. მაგ: ბავშვის ჩართვა მოწყალების თხოვნაში.

• უგულებელყოფა - მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, 6 საცხოვრისი), ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის,

აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე. მაგ: მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ზრუნავს ბავშვისთვის სამედიცინო

მომსახურების მიწოდებაზე ავადმყოფობის დროს; მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ბავშვი ბაღში დაჰყავს მუდმივად მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი ან სეზონის შეუფერებელი ტანსაცმლით; არარეგულარულად დაჰყავს ბაღში ან ავიწყდება მისი ბაღიდან გაყვანა.

ძალადობა შესაძლებელია კომბინირებული სახით არსებობდეს, აერთიანებდეს ძალადობის რამდენიმე ფორმას და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთი სახით არსებობს. მაგ: ფსიქოლოგიური ძალადობა თითქმის ყოველთვის თანაარსებობს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან ერთად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვებს შთამბეჭდავ აქტივობებს სთავაზობს და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს

ყურადღება გამახვილდა კომპოზიციაზე, თბილ და ცივ ფერებზე, ასევე მოცულობის გადმოცემაზე

საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება