სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„უკიდურესად სახიფათო კანონპროექტი“ - მხატვრული ნაწარმოებები, შესაძლოა, ცენზურის ქვეშ მოექცეს
22-05-2018
-
+


ეთნიკურ, რასობრივ და სხვა სახის დისკრიმინაციის აღკვეთაზე ზრუნვა თუ შემოქმედი, ხელოვანი პირების ცენზურის ქვეშ მოქცევის მცდელობა? - ახალმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ლევან გოგიჩაიშვილი და ეკა ბესელია არიან, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. 

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული კანონი კულტურის შესახებ, რომელიც  1997 წელს დამტკიცდა, კერძოდ, მე-9 მუხლი ზუსტდება და შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დღეს უკვე სასამართლოს შეეძლება. 

ადრინდელი (1997 წელს მიღებული) კანონპროექტის მე-8 და მე-9 მუხლში ვკითხულობთ:

„ყოველ ადამიანს აქვს ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მოღვაწეობის უფლება თავისი ინტერესებისა და უნარის შესაბამისად. 

დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.“

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს:

„დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას მწერლები, იურისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები უკიდურესად სახიფათოდ მიიჩნევენ. „საბჭოთა კავშირის დაბრუნების მცდელობა“, - ასე შეაფასა Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნული ინიციატივა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინია კაკაბაძემ: 

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ისევ ელექტორატზე თამაში, ე.წ. „პატრიოტი“, „ნაციონალისტი“ ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ვერ დავიჯერებ ეკა ბესელია ან ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობენ, რომ მხატვრული ნაწარმოებების ცენზურა არის საჭირო. ამას მივყავართ უკან, საბჭოთა კავშირში, ტოტალიტარულ სამყაროში და რთულად წარმოსადგენია, რომ იქ დაბრუნება ვინმეს უნდოდეს.

ეს კანონპროექტი თუ დაამტკიცეს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ცალსახად დამღუპველი იქნება. ასეთი კანონპროექტის არსებობა ნიშნავს ქვეყნისთვის იმის თქმას, რომ არ უნდა განვვითარდეთ და წინ არ უნდა წავიდეთ. 

ეს იქნება დამღუპველი და დარწმუნებული ვარ საზოგადოება მოახერხებს იმას, რომ ამ კანონპროექტს არ მიაღებინებს პარლამენტს, რომელსაც, შესაძლოა, ამის დიდი სურვილიც აქვს.“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი სულხან სალაძე Etaloni.ge-სთან საუბარში პრობლემად ხედავს როგორც ძველ, 1997 წელს მიღებულ კანონს, სადაც წერია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მხატვრული ნაწარმოების გავრცელება დაუშვებელია, (თუმცა ვინ უნდა განსაზღვროს დაუშვებლობა მითითებული არ არის), ასევე ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უკვე იკვეთება თუ ვინ მოირგებს შემოქმედებითი ნაწარმოებების განსჯისა და შეფასების როლს:

„ეს უდავოდ სერიოზული რისკების შემცველი კანონპროექტია, ვინაიდან მას რეალურად შეუძლია გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას, როცა საქმე გამოხატვის თავისუფლებას ეხება, როგორც წესი, ძალიან ვიწროდ მსჯელობენ. ჩემი ღრმა რწმენით, მათ არ შესწევთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის საკითხებს ფართო კუთხით შეხედონ. 

განსხვავება დღეს არსებულ კანონმდებლობასა და ამ კანონპროექტს შორის ერთი შეხედვით არის ის, რომ უკვე სასამართლოს შეეძლება განსაზღვროს და გადაწყვეტილება მიიღოს (რა არის დასაშვები და არა -არა). სხვა ჩანაწერი კულტურის შესახებ კანონპროექტში არსებობს 1997 წლიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავარ პრობლემად რჩება ის თუ ვინ იმსჯელებს ამაზე, რომელ სასამართლოზე ვსაუბრობთ ჩვენ, იმ სასამართლოზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების შესახებ მიღებული არაერთი გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან განსჯის და დისკუსიის საგანი ხდება? 

გავიმეორებ რომ ამ კანონპროექტის დამტკიცება სერიოზული რისკების შემცველია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.“

მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხს „ჰეკლბერ ფინის თავგადასავლის“ ისტორიას ადარებს, რომელიც მაშინ არსებულმა კანონმდებლობამ შეიწირა და წიგნის გამოცემა იმ პერიოდისთვის აიკრძალა: 

„თუ ეს კანონპროექტი ეხება შინაარსის ნებისმიერი ფორმით ცენზურას, იქნება ეს მორალური, ზნეობრივი თუ სხვა სახის ცენზურა, ხელოვნებისთვის ცალსახად მიუღებელია. 

კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი პორნოგრაფიის აკრძალვას გულისხმობს და აქ აბსურდთან გვაქვს საქმე-პორნოგრაფია საერთოდ არ მიიჩნევა ხელოვნებად.  

თუ შევხედავთ ამ კანონპროექტს, როგორც სურვილს, რომ ეთნიკურ, რასობრივ თუ სხვა ტიპის შუღლს შეუშალოს ხელი, ეს კარგია, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს აღვივებს თუ არა ხელოვნების ნიმუში ამა თუ იმ ტიპის შუღლს? ამ შემთხვევაში ობიექტური ადამიანები უნდა გვყავდნენ, ვისაც აქვს ამის კომპეტენცია, რომ მიხვდეს, ესა თუ ის ხელოვნების ნიმუში აღვივებს თუ არა შუღლს. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ჭორზე, არაკომპეტენტურ აზრზე და ა.შ. გამოცდილება კი გვაჩვენებს, როცა ასეთ საკითხებზე მიდგება საქმე, ძალიან რთულია ხელოვნების ნიმუშის კონტექსტის განსაზღვრა. მსოფლიო ისტორიაში გვაქვს შემთხვევები, როცა ძალიან კარგი ნაწარმოებები, თუნდაც „ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი“ აუკრძალავთ იმიტომ, რომ იქ იყო ნახსენები სიტყვა „ზანგი“. ეს მიუღებელია, რადგან, როცა ხელოვნების ნიმუშზე ვსაუბრობთ, ყოველთვის კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ და არა ზედაპირულად მივუდგეთ-იქ რა არის ნახსენები და როგორ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ არსებობენ აბსოლუტურად ობიექტური ადამიანები, ვისაც შეუძლიათ განსაზღვრონ ხელოვნების ნიმუში კონკრეტულ შემთხვევაში შუღლს აღვივებს თუ არა.“ 

კულტურის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატორი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ ცვლილებები ცენზურას ან დამატებით შეზღუდვას არ გულისხმობს:

„პირიქით, შემოდის ახალი, სასამართლო სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საკანონდმებლო ინიციატივა და აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

განმარტებით ბარათში კი ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზებაა.

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტს, ჯერ უცნობია. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება