სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„სულ აღნიშნავენ, რომ ჩვენგან წასული ბავშვები ყველანაირად გამოირჩევიან“ -  ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე
06-12-2023
-
+


წლებია ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზედა აჭყვას საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და სურს, ბევრი მოსწავლე, ბევრი კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავდეს, თუმცა, სკოლის ადგილმდებარეობა და მოსალოდნელი სტიქიური საშიშროება, რომლის წინაშეც დგას სოფელი, ბევრ დაბრკოლებას ქმნის.

„ბავშვები სკოლიდან გადიან, ოჯახები სოფელს ტოვებენ და პედაგოგები ცუდი გზებისა და ტრანსპორტთან დაკავშირებული სირთულეების გამო, უარს ამბობენ ჩვენთან მუშაობის დაწყებაზე“, - აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე, რომელიც ლიდერობის პარალელურად, სპორტს ასწავლის და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

რა გამოწვევები აქვს ზედა აჭყვას საჯარო სკოლას და ზოგადად, განათლების სისტემას? - აქტუალურ საკითხებსა და ესგ-ში ცვლილებებზე მალხაზ ნატარიძე etaloni-ge-სთან საუბრობს და სიამაყით აღნიშნავს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მამაკაც დირექტორებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელია.

- სპორტის მასწავლებელი ბრძანდებით, სკოლებში ამ საგანს, ცოტა არ იყოს, ზედაპირულად უყურებენ, არადა, სამინისტროშიც სულ უფრო ხშირად კეთდება აქცენტები სკოლებში ჯანსაღი გარემოს აუცილებლობაზე... 

- სპორტი, პირველ რიგში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს... ცოტა ზედაპირული დამოკიდებულება შესაძლოა უფროსებში იყოს, მაგრამ ბავშვებს საგანი ძალიან მოსწონთ და უყვართ. თავისუფალი გაკვეთილია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ახალგაზრდები აღვზარდოთ - სპორტში ვლინდება ბავშვის ფიზიკური მონაცემები. ჩვენ, მაგალითად, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს ხშირად ვატარებთ და შეჯიბრებებშიც დიდი ენთუზიაზმით ვმონაწილეობთ.


- სკოლაში მუშაობის რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ?


- 8 წელია უკვე ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი და იმავდროულად, სპორტის მასწავლებელი ვარ. ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი ვარ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მამაკაც ხელმძღვანელებს შორის. ამ ხნის განმავლობაში შეუფერხებლად ვმუშაობ. ჩართული მყავს ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში - მათთან ერთად ვთამაშობ, ვატარებთ შეჯიბრებებს და სხვადასხვა კონკურსში ვმონაწილეობთ. მათ ბიძგს ვაძლევ, რომ სამომავლოდ უფრო მეტად წარმოაჩინონ შესაძლებლობები.

- რას ნიშნავს თქვენთვის სკოლის ხელმძღვანელობა?

- სკოლის ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმავდროულად, სასიამოვნო საქმიანობაა. სკოლა ჩემი ოჯახია, ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვები განათლებას იღებენ, მნიშვნელოვან ღირებულებებს იძენენ, რაც მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სკოლა საბაზოა და მცირეკონტინგენტიანი, მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი მოსწავლეებით, მათი სწავლითა და მონდომებით. მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ვართ ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში. მიხარია, რომ ჩემი ბავშვები სხვადასხვა პროექტში აქტიური ჩართულობითაც გამოირჩევიან.

- მცირეკონტინგენტიანი სკოლები რა გამოწვევების წინაშე დგანან? 

- სკოლიდან მოსწავლეთა გადინებაა. ეს, ერთი მხრივ, იქიდან გამომდინარეობს, რომ სკოლა საბაზოა და მშობელს მაინც ურჩევნია თავიდანვე სხვა სკოლაში გადაიყვანოს მოსწავლე; ასევე ჩვენი სოფელი მეწყრული ზონით გამოირჩევა. ბევრმა ოჯახმა სახლები დატოვა, ოჯახებით გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად. ამის შედეგად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფელი.

თუმცა, მიუხედავად ამდენი სირთულისა, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები მეტ ჩართულობას ითხოვს, ამიტომ ჩემს მოსწავლეებს მაქსიმალურად ვუწყობ ხელს. ინტერნეტიც გვაქვს, კომპიუტერებიც და როდესაც ბავშვები საბაზო საფეხურს ამთავრებენ და სხვა სკოლაში გადადიან, ძალიან კმაყოფილები არიან იმ ცოდნით, რაც ჩვენგან მიაქვთ. ასევე კმაყოფილებას გამოხატავენ იმ სკოლების დირექტორები და მასწავლებლები. სულ აღნიშნავენ, რომ ჩვენგან წასული ბავშვები ყველანაირად გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა პატარაა და ხშირად ვერ ვახერხებთ დიდი ღონისძიებების დაგეგმვას, მაინც ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და მათ ფეხი ავუწყოთ. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, ჩემი მოსვლის დროს ბევრი მასწავლებელი წინ წავიდა, განვითარდა. გვყავს ორი მენტორი და უფროსი მასწავლებლები.

- მეწყერული ზონა ახსენეთ, ეს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია... როგორ ფიქრობთ, გამოსავალი რაშია?

- ამისთვის, პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს სოფელში მდგომარეობა. ცუდი გზაა, ასევე ტრანსპორტის მხრივაც არაა სახარბიელო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი ყველა სკოლას ემსახურება ეს საერთო სიტუაციას მაინც არ ცვლის. ბაღი არაა ასევე სოფელში, რაც ართულებს ბავშვთა ნაკადის შენარჩუნებას. რაც უფრო განვითარდება სოფელი, სკოლის მდგომარეობაც, რა თქმა უნდა, მეტად გამოსწორდება. მიუხედავად, ასეთი მდგომარეობისა, მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ წელს 8 პირველკლასელი გვყავს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ეს ნაყოფიერად აისახა სკოლის განვითარებაზეც. ცოტა ხნის წინ ღონისძიება ჩავატარეთ, რომლითაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ მშობლები, რესურსცენტრი და კულტურის ცენტრის თანამშრომლები. მათ აღნიშნეს, რომ ეს ღონისძიება მართლაც გამორჩეული იყო.

- ასეთი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, კადრების დეფიციტი ხომ არ გაქვთ სკოლაში?

- ზოგადად, სპორტის და ფიზიკის სპეციალისტები ჭირს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ხელოვნების სპეციალისტი არ გვყავს, მეორე სემესტრიდან ალბათ სხვა, მისი შემთავსებელი მასწავლებელი გვეყოლება, ისიც, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცხადებთ ვაკანსიას მასწავლებლებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ცოდნით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, რაც ჩვენს სკოლას სამომავლოდ წაადგება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ძლიერი კადრებითაა სკოლა დაკომპლექტებული მით უფრო ნაყოფიერია სწავლაც და მშობელიც ბედნიერია.

- თქვით, რომ ვაკანსიებს აცხადებთ, თუმცა კადრის დეფიციტი მაინცაა სკოლაში. ეს რისგან გამომდინარეობს, სკოლაში დარჩენის სურვილს თავად არ გამოთქვამენ, თუ თქვენს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ?

- გზის გამო ვერ ჩერდებიან. როგორც აღვნიშნე, სოფელში ბევრი პრობლემაა, თუნდაც ტრანსპორტის მხრივ. პედაგოგები შორიდან ვერ დადიან, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე. ასევე, აქ, რომ დარჩნენ მეორე სკოლაში ვერ მოახერხებენ სიარულს. ჩვენი მხრიდან კი, რა თქმა უნდა, ახალი კადრების დამატების დიდი სურვილია. 

- რა როლი აქვს მასწავლებელს ბავშვის არა მარტო განათლებაში, არამედ მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში?        

- მასწავლებელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ წარიმართება ზოგადად სასწავლო პროცესი. მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ასევე ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაში. პირველ რიგში, პედაგოგს უნდა შეეძლოს მოსწავლის ყურადღება მიიქციოს, უნდა ჰყავდეს ჩართული სხვადასხვა აქტივობაში და მთლიანად საგაკვეთილო პროცესში. ამისთვის, რა თქმა უნდა, თავადაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და უნარები. თუ ის არ იქნება საგნით დაინტერესებული, რომელსაც ასწავლის, მაშინ ბავშვსაც ვერ შეაყვარებს. უნდა შეეძლოს ბავშვის ნიჭის დანახვა და შემდეგ მისი განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოს მშობლებთან და სასკოლო თემში ჩართულობას.

- მასწავლებლის გამოცდებზე რას ფიქრობთ, ემხრობით მას?

- რა თქმა უნდა, ის გამოცდები, რომლებიც მასწავლებლებისთვის ინიშნება მნიშვნელოვანია. გასულ წელს ჩვენმა მასწავლებლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია. ვემხრობი ამ გამოცდებს, რადგან მასწავლებლები მეტად ვითარდებიან, ცოდნას იძენენ და განათლების რეფორმაში მიმდინარე ცვლილებებს ეცნობიან. აჩვენებენ პრეზენტაციებს, საგაკვეთილო მოდულებს, რომლებითაც ჩანს მათი მუშაობა და დატვირთულობა. თავად პედაგოგებიც აღნიშნავენ, რომ კარგია თუნდაც ტრენინგებზე დასწრება. ისინი ასე სხვადასხვა სტილით მუშაობას ეცნობიან. არ მეგულება ისეთი რეფორმა, სადაც ადამიანმა თავისი კვალიფიკაცია მეტად ვერ აიმაღლოს და არ იყოს ეს მისთვის კარგი. სიახლეები ყოველთვის კარგია, რადგან მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

- ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე რას ფიქრობთ? გეცოდინებათ, რომ განახლებული დოკუმენტი სკოლებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას გულისხმობს - სავალდებულო აღარაა - შემაჯამებელი, საშინაო, საკლასო დავალებები...                        

- მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია, როდესაც ბავშვს ცოდნას უმოწმებ. სადაც 30 ბავშვია შეიძლება განახლებული რეფორმით ისარგებლო, მაგრამ მცირეკონტინგენტიან სკოლაში ნიშნით შეფასება კარგია. მოსწავლე უფრო თვალნათლივ ხედავს თავის სუსტ, თუ ძლიერ მხარეებს. თავისთავად ამან სამომავლოდ შესაძლოა უფრო მეტი შედეგიც მოგვცეს. მე ვისურვებდი, რომ ნიშნით შეფასება დარჩეს. ასევე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია საშინაო დავალებები, რომლის მეშვეობითაც ბავშვი დამოუკიდებელ მუშაობას ეჩვევა.

- ბავშვებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ? წესით, მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეები მეტი სიახლოვითა და მეგობრულობით უნდა გამოირჩეოდნენ...

- ჩვენს მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, ძალიან მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ასევე აქტიურად არიან მათი მშობლები, ბებია-ბაბუები სასწავლო პროცესში ჩართულნი. პატარა სოფელია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ.

ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ბავშვებთან დიდი დრო გავატაროთ. უფრო მარტივია ვთქვათ, 10 ბავშვთან მუშაობა, ვიდრე 20-თან. ბავშვებს მეტი შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ თავი. თუმცა, ამ ყველაფერს ერთი მინუსი აქვს - კლასში, გუნდურ თამაშებს ვერ ვატარებთ, რადგან მოსწავლეთა რაოდენობა არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამის მიუხედავად, გვაქვს სხვა რესურსები. მაგალითად, ბიბლიოთეკა განვაახლეთ, წიგნადი ფონდი შევიძინეთ - წიგნები საჩუქრად გადმოგვეცა. ასევე სკოლაში სხვადასხვა წრე - „ისტორიის“, „მე და საზოგადოების“ ფუნქციონირებს. კარგი იქნებოდა ლაბორატორიაც რომ გქონდეს. მაგალითად, ქიმიის, ფიზიკის ოთახი ცალკე რომ იყოს, სადაც ბავშვებს მუშაობა შეეძლებათ. იმედია, განათლების სამინისტრო ამაზეც იზრუნებს, რომ ყველას სკოლას ჰქონდეს ლაბორატორიები.

- დაბოლოს, ახალი, 2024 წლიდან რა გეგმები გაქვთ?

- უფრო ხშირი ჩართულობა მშობლების, თემის. აქტუალური, სხვადასხვა შემეცნებითი წრეების გააქტიურება. მინდა სკოლა შევავსო ისეთი კადრებით, რომლებიც არ მყავს. ჩვენი სკოლა ყოველთვის მზადაა სიახლეები დანერგვისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

შეზღუდვა, რომელიც ყველა მე-12 კლასელს მეორე სემესტრიდან შეეხება - დეტალები ესგ-დან

ტერმინები, რომელიც ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში

საინტერესო

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“
სიახლეები
საზოგადოება