სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

როგორ აღნიშნავენ ქალთა დღესასწაულებს ცნობილი მანდილოსნები - მოგონებები და დღევანდელობა
03-03-2023
-
+


გაზაფხულის პირველ თვეს, მარტში, ჩვენს ქვეყანაში ქალების დღესასწაულებს აღნიშნავენ - 3 მარტი დედების დღეა, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გასული საუკუნის დასაწყისიდან მიიჩნევა, თუმცა საქართველოში მისი აღნიშვნა სსრკ-ს პერიოდში, 1965 წლიდან დაიწყო. ამ დღის დაარსება გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ დამაარსებელს, ქალთა უფლებების აქტივისტს, კლარა ცეტკინს უკავშირდება, რის გამოც ერთი პერიოდი 8 მარტის აღნიშნვას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა.

3 მარტი შედარებით ახალი დღესასწაულია. ეს თარიღი 1991 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიმბოლურად დააწესა. მისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ასე არ მოხდა და ახლა ორივე დღე იმის მიხედვით აღინიშნება, ვისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია.

Etaloni.ge ცნობილ ქართველ ქალებს ესაუბრა, რომელი თარიღი უფრო იმსახურებს მათ ყურადღებას და როგორ აღნიშნავენ ამ დღესასწაულებს.

„სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა, 8 მარტს ყვავილებში მაბანავებდა, ახლა აღარავის ვახსოვარ“

მედეა ლორთქიფანიძე - მსახიობი: 8 მარტი მიყვარდა და მიყვარს. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ძალიან ლამაზი დღეც იყო - უამრავ ყვავილს მჩუქნიდნენ. ახლა კი, 8 მარტს, ჩემი შვილი, სიძე და შვილიშვილები თუ მომილოცავენ, სხვას აღარავის ვახსოვარ, რაც „ჩემი ცოლის დაქალები“ აღარ გადის ეკრანზე. ერთი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი მყავს. ვნახოთ, 8 მარტი რომ მოვა, ვის გავახსენდები. 1-ელ თებერვალს 85 წლის გავხდი და, სხვათა შორის, ბევრმა გამიხსენა და მომილოცა. იმდენი სტუმარი მომივიდა, გამაღარიბეს...

- ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებით!..

- იცით, გული რა ახალგაზრდა მაქვს?! ლამაზ ბიჭს რომ დავინახავ, თვალს გავაყოლებ ხოლმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გული ცოცხალი და ახალგაზრდა მაქვს!

სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა, 8 მარტს ყვავილებში მაბანავებდა, იმდენი მოჰქონდა. ისეთი ქმარი მყავდა, ზღაპარი! მხოლოდ ყვავილებს მჩუქნიდა, - სხვა არ ვიცი, რაც გინდა, ის იყიდეო, მეუბნებოდა და ფულს მაძლევდა.

- 3 მარტს, დედის დღეს არ აღნიშნავთ?

- არ მახსოვს, 3 მარტს თუ მილოცავენ. არც ვიცი, ამ დღეს თუ რამეს აღნიშნავენ. ისეთ დღეს დავაყრი ჩემს შვილს!.. 8 მარტს კი აუცილებლად მილოცავენ. ჩემი ქუთაისელი, ქობულეთელი მეგობრებიც აუცილებლად მომილოცავენ 8 მარტს... ჩემი შვილის და შვილიშვილების გარდა, მოსვლით რომ ვინმე მოვიდეს, არ მგონია. ერთ კორპუსში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი - ისინი მე-5 სართულზე ცხოვრობენ, მე - მე-7-ზე. ზემოდან დავყურებ. ადრე, 8 მარტს, ხან კაფეში მივდიოდით, ხან ოჯახში ვშლიდით სუფრას. ახლა, ამ პენსიით რა უნდა გააკეთო?

ყვავილის მეტი არაფერი მიყვარს, სხვა არც არაფერი მინდა. იცით, რამდენი მცენარე მაქვს სახლში? იები მაქვს, კაქტუსები, ლერწამიც, ლიმონიც... ჩემს ქალიშვილსაც უყვარს - ბაღნარი აქვს სახლში. რომ გაზაფხულდება, კიდევ უნდა მოვიტანო სხვა მცენარეები.

...

„ჩემი შვილის დაბადებამ სხვა დატვირთვა შესძინა 3 მარტს“

სალომე ბაკურაძე - მომღერალი: ყველა დღესასწაულს აღვნიშნავ, არაფერს ვკრძალავ. ისედაც შეგვიძლია, ყოველი დღე ვიზეიმოთ, მაგრამ თუ რომელიმე დღეს ვინმე განსაკუთრებულ თარიღად მიიჩნევს, რატომ არ უნდა აღვნიშნოთ?! მით უმეტეს, დედების დღე ძალიან ძვირფასია ჩემთვის უკვე 6 წელია, მას შემდეგ, რაც სანდრიკა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მისი დაბადების შემდეგ სხვა დატვირთვა მიიღო ამ დღემ. არც კი მახსოვს, როდის არ არსებობდა 3 მარტი. ჩემს ცნობიერებაში ეს დღე დიდი ხანია, სულ არის და ძალიანაც მიყვარს.

რაც შეეხება 8 მარტს, ეს დღესასწაულიც ძალიან მიყვარს. ჩემს მეგობარ ქალბატონებსაც

 ვულოცავ და მეც ვიღებ საჩუქრებს. ამ დღესაც ველოდები მთელი გულით. ზოგადად, გაზაფხული ძალიან მიყვარს და სწორედ გაზაფხულზე, დასაწყისშივე იყრის ეს დღესასწაულები თავს.

- როგორი საჩუქრების გაცემა და მიღება გიყვართ ამ დღეებში?

- სხვადასხვა საჩუქარს გავცემ და ვიღებ. ჩემს მეუღლეს ისედაც, არასადღესასწაულო დღეებშიც უყვარს ყვავილების მორთმევა და დღეების გაფერადება-გახალისება და, რა თქმა უნდა, არც ეს სადღესასწაულო დღეებია გამონაკლისი და მისგან ვიღებ როგორც ყვავილებს, ისე სხვა საჩუქრებს.

...

„თვეში ერთ დღეს გამოვყოფდი, რომელიც ჩვენი, ქალების იქნებოდა“

ირმა სოხაძე - მომღერალი: საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამ ორი დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ვისი მოგონილიც უნდა იყოს 8 მარტი, ეს დღესასწაული ჩემი ბავშვობიდან სულ სასიამოვნო მოგონებებთან არის დაკავშირებული - ბაბუა ბებიას ულოცავდა, მამა - დედას. მეც მოლოდინში ვიყავი, რომ ვინმე მომილოცავდა... ქალიშვილობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე, როგორც განსაკუთრებული და ლამაზი თარიღი.

მერე კი, 8 მარტს დაემატა 3 მარტი, როგორც დედის დღე. ამ დღეს სულ სხვა დატვირთვა აქვს. კონკრეტულად დედებს ვულოცავთ. ყველა ქალი დედა არ არის - ზოგს არ უნდოდა, ზოგს არ გამოუვიდა და თუ 8 მარტს გავაუქმებთ, გამოვა, რომ იმ ქალების დღე არ გვექნება, ვინც დედა არ არის? რატომ უნდა გავაუქმოთ? რაც მეტი იქნება ქალთა დღე, მით უკეთესი! უფრო მეტიც, თვეში ერთ დღეს გამოვყოფდი, რომელიც ჩვენი, ქალების დღე იქნებოდა ოფიციალურად. კაცები გვატყუებენ, თქვენ რად გინდათ ცალკე დღე, ისედაც ყველა დღე თქვენიაო. არადა, ასე არ არის და სიამოვნებით დავამატებდი თვეში ერთ დღეს.

- როგორ აღნიშნავთ 3 და 8 მარტს?

- განსაკუთრებულად არ აღვნიშნავ. 8 მარტი ადრე უფრო განსაკუთრებული იყო და ამ დღეს ქმრები ცოლებს სუნამოს ჩუქნიდნენ. მაშინ იყო „8 მარტი“, „წითელი მოსკოვი“ და პოლონური სუნამო „ბიტ მოჟეტ“. ეს პოლონური სუნამო რომ შემოვიდა, გადარეულები ვიყავით... „წითელი მოსკოვის“ სუნი ისე მახსოვს და ისე მიყვარდა... ბებიაჩემს უყვარდა და სულ ჰქონდა. სულ არ ვაკავშირებ ერთმანეთთან ამ სუნამოსა და რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამბავს.

- მეუღლე ისევ გჩუქნით სუნამოს?

- არაფერსაც აღარ მჩუქნის. მეტსაც გეტყვით, 3 მარტმა ამ მხრივ გააფუჭა საქმე - 3 მარტს მეუბნება, 8 მარტს ვიზეიმოთო და 8 მარტს მეუბნება, ახლა არ იყო 3 მარტი, ყოველდღე ქალების დღე ხომ არ იქნებაო და საბოლოოდ უსაჩუქროდ ვრჩები, მაგრამ მაინც მიხარია, ამ დღეს ქალბატონებს რომ გვაქვს იმის უნარი და საშუალება, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს მაინც მივულოცოთ, რაღაც ვაჩუქოთ. ჩვენ, ქალებმა უფრო არ ვიცით, რა მოგვწონს, ვიდრე ჩვენმა მეუღლეებმა? მე ძალიან მიყვარს, როდესაც ამ ლამაზ დღეებში თანამშრომლებს ტკბილეულით ვუმასპინძლდები და საჩუქრებს ვჩუქნი. რატომაც არა, ერთმანეთი გავახაროთ!

3 მარტს ჩემი შვილები იჩენენ ყურადღებას. სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო, მეც სულ რაღაცას ვჩუქნიდი... დედას ძალიან უყვარდა სუნამოები და მეც ვჩუქნიდი. უკვე ღრმად მოხუცი სულ სახლში იყო, არსად გადიოდა, მაგრამ სუნამო მაინც უნდა ეპკურა. ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და მეც მინდოდა, გამეხარებინა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება