სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩემი სკოლითა და მასწავლებლებით ვამაყობ“- ლალაზარ აროიანი, ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
16-02-2023
-
+


ლალაზარ აროიანი 16 წელია, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორია. ამ ხნის განმავლობაში არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა და მოსწავლეთა განათლებაზე დღესაც აქტიურად ზრუნავს. ის დირექტორობის პარალელურად, ისტორიასაც ასწავლის. ამბობს, რომ მოსწავლეები ძალიან აქტიურები, ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულები და მოტივირებულები არიან, რაც მასწავლებლების პირდაპირი დამსახურებაა.

განსაკუთრებით შესამჩნევია მისი საქმისადმი სიყვარული. ამბობს, რომ ადამიანი მასწავლებლად უნდა დაიბადოს და მოწოდებას მიჰყვეს - წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა.

ლალაზარ აროიანი არაქართულენოვანი სკოლის დირექტორია, სადაც ქართული სექტორი არსებობს. მისი თქმით, მოსწავლეები სახელმწიფო ენას სულ უფრო და უფრო დიდი მონდომებით სწავლობენ, ისინი ქართული ენის აუცილებლობას კარად იაზრებენ. გასულ სასწავლო წელს სკოლას 5 მედალოსანი ჰყავდა - 4-მა კურსდამთავრებულმა ოქროს, ხოლო 1-მა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ისინი დღეს სწავლას უნივერსიტეტებში აგრძელებენ. სწორედ მოსწავლეებისა და პედაგოგები წარმატებაა ის, რითაც ლალაზარ აროიანი ამაყობს.

ის სკოლის, მოსწავლეების, არსებული გამოწვევებისა და საკუთარი თავის შესახებ გვესაუბრა.

- თქვენთვის, როგორც დირექტორისა და მასწავლებლისთვის, მოსწავლეებთან ურთიერთობა რამდენად მნიშვნელოვანია?

-16 წელია სკოლის დირექტორი ვარ, პარალელურად, ისტორიას ვასწავლი. რასაკვირველია, მოსწავლეებთან ურთიერთობა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. აუცილებელია, რომ დირექტორმა მათი საჭიროებებისა და ინტერესების შესახებ იცოდეს. მე, რადგან ისტორიასაც ვასწავლი, მოსწავლეებთან ყოველდღიური მჭიდრო კავშირი მაქვს.

- რა დამატებითი პასუხისმგებლობები ახლავს დირექტორობას?

- ეს, რა თქმა უნდა, მომავალი თაობისა და მასწავლებლების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობაა. დირექტორი მათ განვითარებაზე განუწყვეტლივ უნდა ზრუნავდეს. ეს მისი მთავარი საფიქრალია.

- მინდა პროფესიისადმი დამოკიდებულებაზე გკითხოთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ მასწავლებლობა გიყვართ?

- მიმაჩნია, რომ ადამიანი მასწავლებლად უნდა დაიბადოს. ის სხვანაირად პედაგოგი ვერ გახდება. აუცილებელია, მოწოდება გქონდეს. მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან მომწონდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ, თავის დროზე, ასეთი კარგი არჩევანი გავაკეთე.

- თქვენი სკოლა არაქართულენოვანია, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა სახელმწიფო ენა სრულფასოვნად ისწავლონ?

- რასაკვირველია, განვითარების გზაზე სახელმწიფო ენის ცოდნა უმნიშვნელოვანესია. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, გვაქვს ქართული ენის წრე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები ძალიან მონდომებულები არიან. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ, ჩვენი კურსდამთავრებულები უმაღლეს განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. მანამდე 4+1 პროგრამას გადიან, რომელიც ძალიან ეფექტურია და მოგვწონს. მე ჩემი სკოლითა და მასწავლებლებით ვამაყობ.

- ამბობთ, რომ ბოლო წლებში ქართული ენის ცოდნისადმი ინტერესი უფრო გაიზარდა?

- დიახ, სწორედ ასეა. ის კურსდამთავრებულები, ვინც განათლებას უნივერსიტეტებში იღებენ, მოსწავლეებისთვის მაგალითი არიან. მათაც უნდათ, რომ შესაბამისი განათლება მიიღონ და განვითარდნენ. ამიტომაც ქართულ ენას კიდევ უფრო დიდი მონდომებით სწავლობენ. ამ მხრივ, მასწავლებლები აქტიურად მუშაობენ.

- სწორედ პედაგოგებზე უნდა გკითხოთ, რამდენი მასწავლებელი გყავთ და არიან თუ არა ისინი სერტიფიცირებული?

- სკოლაში 150 მოსწავლე და 28 მასწავლებელია. პედაგოგების უდიდესმა ნაწილმა გამოცდა ჩააბარა. 2-3 პედაგოგია ისეთი, ვინც სერტიფიცირებული არ არის.

- როგორია თქვენი აზრი მასწავლებლებისა და დირექტორების გამოცდებზე?

- სერტიფიცირება მასწავლებლებისთვის უდიდესი წარმატებაა, ეს კარიერული წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. გამოცდები ძალიან მომწონს და ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს დირექტორის გამოცდებთან დაკავშირებით.

- როგორი იყო თქვენი სკოლისთვის 2022 წელი?

- ძალიან აქტიური, წარმატებული, დატვირთული და შემოქმედებითი წელი იყო. ვცდილობთ, რომ ბევრ პროექტში ვიყოთ ჩართული. გვაქვს ეკოკლუბი, რომლის განხორციელებული აქტივობების ინიციატორები თავად მოსწავლეები არიან. ამ მხრივ, გამონაკლისი არც 2022 წელი იყო.

- კონკრეტულად რა პროექტები ხორციელდება სკოლაში?

- ჩართული ვართ ბილინგვური განათლების პროექტში, ყურადღებას ვაქცევთ არაფორმალურ განათლებას. ასევე, მომავლის თაობისა და სამართლებრივი კულტურის პროექტებშიც ვმონაწილეობდით. მივიღეთ გრანტი, რითაც ბიბლიოთეკა გავარემონტეთ და წიგნები ვიყიდეთ. ძალიან აქტიურია ეკოკლუბი, ისინი უდიდესი მონდომებით მუშაობენ. ასევე, STEM მიმართულებით საინტერესო გაკვეთილები ტარდება. მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებსაც ასრულებენ.

- თქვენი აზრი სწორედ კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით მაინტერესებდა, რამდენად ეფექტურია ისინი?

- კომპლექსურ დავალებებს მოსწავლეები ხშირად და მონდომებით ასრულებენ. მათთვის ეს საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენ - როგორც მე, ისე მასწავლებლებსაც, ძალიან მოგვწონს. მიმაჩნია, რომ მოსწავლეები კონკრეტულ საკითხს კომპლექსური დავალებებით უფრო სიღრმისეულად სწავლობენ. ამიტომაც ისინი ძალიან ეფექტურია. ამ მხრივ, რაიმე სახის პრეტენზია მშობლების მხრიდან არ ყოფილა.

- როგორ ფიქრობთ, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია?

- სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელიც კი არის. ვფიქრობ, რომ მათ და მასწავლებლებს აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ. ასე მშობლებს შვილების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ექნებათ და თუ საჭირო იქნება, გამოსწორებაშიც დაეხმარებიან. ზოგადად, თანამშრომლობა აუცილებელია.

- ბოლოს, რა რჩევას მისცემდით მასწავლებლებს, როგორ გაზარდონ მოსწავლეთა მოტივაცია?

- მოტივაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პირადად მე, მოსწავლეების ჩართულობა რომ გავზარდო სხვადასხვა აქტივობას ვმართავ. ვაწყობთ დისკუსიებს და შესაბამის დავალებებს ვაძლევ. ყველაზე მთავარი კი მაინც მასწავლებლის დამოკიდებულებაა, მას საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს. ეს მოსწავლეების მოტივაციაზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, სწავლებისას თანამედროვე მეთოდები გამოიყენონ.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება