| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სკოლებში დისციპლინა ისეთივე მნიშვნელობას იძენს, როგორც მათემატიკა ან ლიტერატურა. დღეს უკვე, პოლონეთი, იტალია, საფრანგეთიც კი სხვადასხვა ფორმით აფასებენ მოსწავლის ყოფაქცევასა და ეთიკას.
ზოგ ქვეყანაში ყოფა-ქცევაში დაწერილი ნიშანი გავლენას ახდენს მოსწავლის საერთო ქულაზე, ზოგან კი - მხოლოდ დისციპლინური და მოტივაციური მიზნებისთვის გამოიყენება.
იტალია
2024 წლის ოქტომბერში იტალიის სკოლებში ყოფაქცევისთვის ნიშნების წერა კვლავ დაიწყეს. პრაქტიკა თავდაპირველად 1924 წელს შემოიღეს, 2000 წელს კი გააუქმეს. ცვლილება განპირობებულია მასწავლებელთა მიმართ მოსწავლეთა აგრესიული ქცევის შემთხვევათა ზრდით - 2024 წელს დაახლოებით 40 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
შკალა 1-დან 10-მდეა. თუ ქულა ექვსია, მოსწავლემ სამოქალაქო განათლების ტესტი უნდა ჩააბაროს; თუ ქულა ხუთი ან ნაკლებია, ის ერთი წლით კლასში ჩარჩება, მაშინაც კი, თუ კარგი აკადემიური მოსწრება აქვს. ამასთან, ყოფაქცევაში დაწერილი ნიშანი გავლენას ახდენს მოსწავლის საერთო შეფასებასა და საშუალო ქულაზე.
პოლონეთი
პოლონეთში ყოფაქცევაში ნიშნები მე-4 კლასიდან იწერება. მასწავლებლები შეფასებისას ითვალისწინებენ იცავს თუ არა მოსწავლე დისციპლინას, სასკოლო წესებს, ასრულებს თუ არა საშინაო დავალებებს, გამოხატავს თუ არა თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ პატივისცემას. ქცევა ფასდება, როგორც სამარცხვინო, შეუფერებელი, სწორი, კარგი, ძალიან კარგი და სამაგალითო.
საფრანგეთი
საფრანგეთის სკოლებში მოსწავლის ყოფაქცევის შეფასება სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ოფიციალურად აისახება მოსწავლის ნიშნების ტაბელშიც, რომელიც ზოგჯერ გავლენას ახდენს საერთო შეფასებაზე.
ზოგ სკოლაში ქცევა წერილობითი კომენტარით ფასდება. მაგალითად - „ძალიან კარგი“, „საჭიროა მეტი მონდომება“, „ხანდახან არღვევს დისციპლინას“.
საფრანგეთის განათლების სამინისტრო ქცევის შეფასებას განიხილავს როგორც მოქალაქეობრივი განათლების ნაწილს, რომლის მიზანია არა დასჯა, არამედ ბავშვისთვის ქცევის კულტურის, თანამშრომლობისა და პასუხიმგებლობის სწავლება.
ნორვეგია
ამ ქვეყანაში მოსწავლეთა ქცევის შეფასების სისტემა 1939 წლიდან მოქმედებს. შეფასებები წელიწადში ორჯერ კეთდება, მე-8 კლასამდე მასწავლებლის კომენტარების ფორმატით, მოგვიანებით კი ქულებით. შეფასებაზე გავლენას ახდენს პირადი დისციპლინა, გარშემომყოფენთან ურთიერთობა, ასევე სკოლის წესების დაცვა.
ჩინეთი
ქვეყანაში არსებობს სისტემა, რომელიც აფასებს ყველა მოსწავლის მიღებული განათლების საერთო ხარისხსა და შესაძლებლობებს. ამ სისტემის ფარგლებში, რომელსაც „თვისებების კომპლექსური შეფასება“ ეწოდება, მოსწავლეები ყოველი სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს ფასდებიან შვიდი მიმართულებით, რაც კლასიკური აკადემიური მოსწრების გარდა მოიცავს „მორალური თვისებების“ შეფასებასაც, ასევე კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს.
აღსანიშნავია, რომ „თვისებების კომპლექსური შეფასება“ შედის სტუდენტის პირად საქმეში და გათვალისწინებულია საშუალო სკოლაში გადასვლისას, კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩარიცხვისას.
აშშ
აშშ-იც არსებობს მოსწავლეთა ყოფაქცევის შეფასების პრაქტიკა, მაგრამ ფორმა დამოკიდებულია შტატზე. თითოეული შტატის განათლების დეპარტამენტი ადგენს შკალასა და კრიტერიუმებს. ყოფაქცევის გაუარესების შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლეს ქულის შემცირების შესახებ წინასწარ ატყობინებს.
ყველაზე რთული მოსწავლეებისთვის, რომლებიც დესტრუქციულად იქცევიან და ხელს უშლიან საგანმანათლებლო პროცესს, შემუშავებულია ქცევის კორექტირების ინდივიდუალური გეგმა (Behavior Intervention Plans).
თურქეთი
თურქეთის დაწყებით და საშუალო სკოლებში ასევე გავრცელებულია ყოფაქცევის შეფასება. ის ეხმარება სკოლას არა მხოლოდ მოსწავლის აკადემიური მიღწევების, არამედ მისი განვითარების სრული სურათის ასახვაში.
ყოფა-ქცევაში დაწერილ ნიშანს შეუძლია გავლენა მოახდინოს მასწავლებლის გადაწყვეტილებაზე საგნობრივი ცოდნისთვის წლიური შეფასების მინიჭებისას.
იხილეთ თუ რას ფიქრობენ საქართველოს სკოლების დირექტორები საკითხზე - უნდა იწერებოდეს თუ არა ყოფაქცევაში ნიშანი?
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის