სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ხელმძღვანელი თუ მასწავლებელს პირად მაგალითს არ აძლევ, ყველაფერი ცარიელი სიტყვებია“- ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
16-06-2022
-
+


ბათუმის N9 საჯარო სკოლას ნუგზარ სურმანიძე თხუთმეტი წელია, რაც ერთგულად და დიდი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს. საკუთარი პროფესიის არჩევა არასოდეს უნანია და თითოეულ პროფესიულ გამოწვევას, ყოველთვის  ღირსეულად უმკლავდება.

ნუგზარ სურმანიძის კარიერა უკვე 42 წელს ითვლის და მის მიერ დაგროვებული გამოცდილების წყალობით ბათუმის N9 საჯარო სკოლის მრავალრიცხოვან გუნდს ღირსეულად უძღვება.

დირექტორობასთან ერთად ნუგზარ სურმანიძე მათემატიკის წამყვანი მასწავლებელია და მოსწავლეებს საგანს დღემდე ასწავლის. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე, ფიზიკაშიც წამყვანი პედაგოგის სტატუსს ფლობს.

საკუთარი მასწავლებლებისთვის სამაგალითო დირექტორმა სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლა პირველივე წელს გადაწყვიტა და ამით, კოლეგებს უდიდესი მოტივაცია მისცა.

Etaloni.ge-სთან ნუგზარ სურმანიძემ საკუთარ განვლილ გზაზე, სკოლისა და განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საინტერესოდ ისაუბრა:

- ბათუმის N9 საჯარო სკოლაში 15 წელია რაც ვარ, თუმცა ჩემი კარიერა 1980 წლიდან დაიწყო და თითქმის 42 წელია საყვარელ საქმეს ვემსახურები. 90-იან წლებში, როდესაც ძალიან რთული პერიოდი იყო, მასწავლებელ მამაკაცთა უმრავლესობამ სკოლა დატოვა, თუმცა მე დავრჩი. 90-იანი წლებიდან დღემდე განათლების სისტემამ რა თქმა უნდა უდიდესი ცვლილებები განიცადა, თუნდაც ანაზღაურების მხრივ. მაშინ, ხელფასები მიზერული იყო და ახლა, როდესაც მასწავლებლებს საშუალება აქვთ პროფესიულად ამაღლდნენ და ამით, ხელფასიც გაეზარდოთ ეს დიდი მოტივაციაა. ახლა, სკოლაში ახალ კადრებზე, როდესაც ვაკანსიებს ვაცხადებთ მსურველების სიმრავლეა, რაც ამ პროფესიის პოპულარობის გაზრდაზე მოწმობს.

- ბატონო ნუგზარ, როგორ ფიქრობთ, იმისთვის, რომ დირექტორმა სკოლას უხელმძღვანელოს ამისთვის მასწავლებლობის გამოცდილება აუცილებელია?

- ადამიანი, რომელის სკოლაში დირექტორად მიდის, მას ყველა საფეხური გავლილი უნდა ჰქონდეს. ეს ის სფეროა, რომელსაც პრაქტიკის გარეშე ვერ ისწავლი. დირექტორი პირველ რიგში სწავლების პროცესს ხელმძღვანელობს და ამიტომ, მას პედაგოგიური გამოცდილება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. აქ ასევე სხვა საკითხიც არის... თუ შენ სკოლის დირექტორი ხარ მასწავლებელს პროფესიულ განვითარებას, გამოცდების ჩაბარებას სთხოვ და პირად მაგალითს არ აძლევ, ყველაფერი ცარიელი სიტყვებია. მასწავლებელმა მაგალითი ლიდერისგან უნდა აიღოს. ამიტომაც, როდესაც გამოცდები დაიწყო პირველივე წელს გავედი, რომ კოლეგებისთვის მოტივაცია მიმეცა.

- ახალი კადრებიც ახსენეთ საუბარში. ანუ სკოლაში დასაქმების მსურველებს არ უჩივით?


- ახლა სკოლაში ასზე მეტი მასწავლებელი გვყავს. ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეს ზრდა სოფლის ხარჯზე ხდება... რაც შეეხება კადრებს, დიახ, რამოდენიმე დღეში 4-5 ვაკანსიას გამოვაცხადებთ. ვცდილობთ, სკოლაში უფრო ახალგაზრდები შემოვიყვანოთ. მათ მეტი მოტივაცია, ინოვაციური ხედვა აქვთ ბრჭყალებში რომ ვთქვათ - „ახალი სისხლი უკეთესია“. თაობათა ცვლაზე ჩვენს დროს კი არა, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ თუ გვინდა განვვითარდეთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. ხშირად ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებულ პირთა საშუალო ასაკი 45 წლამდე უნდა იყოს, თუმცა დღეს ვამჩნევ, რომ ასეთი ადამიანების წლოვანება ჩემს მიერ დასახელებულ ციფრზე გაცილებით მაღალია.

- დასაქმებაზე ვსაუბრობთ და პედაგოგების დასაქმების წესთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებებია. გასაუბრებას სამინისტროს, პროფკავშირების, რესურსცენტრისა და მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი უნდა დაესწროს. როგორ ფიქრობთ ეს სიახლე, სკოლების დამოუკიდებლობაზე როგორ აისახება?

- ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ობიექტურობას უფრო მეტად გაზრდის. კონკურსი მეტად ღია იქნება და კითხვის ნიშნები აღარ დაისმება, რასაც პირადად მე მივესალმები. რა თქმა უნდა მასწავლებლის პროფესიონალიზმი იქნება თუ გამოცდილება, ამას უდიდესი გავლენა აქვს და დიდ ყურადღებას მივაქცევთ; გასაუბრებაზე დამსწრე პირები კომპეტენტურები იქნებიან, რასაც პირადად მე მივესალმები.

 - როგორც ცნობილია, მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამა ბაკალავრიატში ინტეგრირდება. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად გაზრდის სკოლაში მომსვლელ პროფესიონალ კადრებს?

- ჩემი სუბიექტური აზრით, ესეც გაზრდის, მაგრამ უკეთესი იქნება სტუდენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, სასწავლებელმა შეძლოს პროფესიონალ მასწავლებლად მოამზადოს. ამისთვის საგნობრივი გამოცდა ბარიერი არ უნდა იყოს და უკეთესი იქნება, 60-კრედიტიან ქულების სისტემაში სტუდენტობის პერიოდში სკოლაში პრაქტიკის გავლა შევიდეს. ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის.

- ბატონო ნუგზარ, I კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგანი ხდება. თქვენს სკოლას თუ აქვს ამ სიახლის დანერგვის რესურსი?

- ჭადრაკის მოყვარული და მცოდნე ხალხი სკოლაში გვყავს ამიტომ, კადრების მხრივ არ გაგვიჭირდება. ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის, ის ბავშვის აზროვნებას ავითარებს.

- დიაგნოსტიკური ტესტირება, რომლებიც სკოლაში უნდა ჩატარებულიყო გადაიდო. როგორ შეაფასებთ ამას და თქვენ, რა მოლოდინი გაქვთ ჩატარების შემთხვევაში, როგორ შედეგს ელოდებით?

- საკმაოდ დამაფიქრებელი საკითხია. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა საშუალო სურათს ველოდები... სადიაგნოსტიკო ტესტირებას კი ზოგადად მივესალმები. მართალია, სკოლაში ტესტიც, შემაჯამებელი და კომპლექსურიც ტარდება, თუმცა თავად ეს სადიაგნოსტიკო ტესტირება ბავშვებს ტესტებთან მუშაობის უნარებს უფრო მეტად განუვითარებს. რაც შეეხება გადადებას, ამას მივესალმები, რადგან ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი დიაგნოსტიკური ტესტირების ჩასატარებლად.

- ასევე, გადაიდო ექსტერნატის გამოცდებიც და მის ნაცვლად შემაჯამებელი კომპლექსური ტარდება. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- კომპლექსური დავალებაც იგივე გამოცდაა. ეს კომპლექსური დავალება თუ ვერ მოამზადა მოსწავლემ, რა თქმა უნდა გამოცდასაც ვერ ჩააბარებს. ზოგადად, კომპლექსური დავალების მიცემა კარგია და იმასაც მივესალმები, რომ დრო აქვს მასწავლებლის დახმარებით მოამზადოს. ჩვენი მიზანია ბავშვს ცოდნა გაუღრმავდეს და მეთოდი შეიძლება სხვადასხვა იყოს...

- მასწავლებლების გამოცდასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? თქვენი პედაგოგები თუ ემზადებიან გამოცდაზე გასასვლელად?

- ჩვენი მასწავლებლებიდან, რომლებიც წელს გამოცდებზე გადიან დაახლოებით 90% წამყვანობისა და მენტორობის მსურველები არიან. ვფიქრობ, მასწავლებლების გამოცდები უნდა იყოს. შესაძლოა ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ როგორც უბრალოდ მასწავლებელი ვფიქრობ, პიროვნება, რომელიც ბავშვებს ასწავლის მან აკადემიური დონე უნდა აიმაღლოს. გამოცდებთან დაკავშირებით მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მეც პირადად, როგორც კი გამოცდები გამოცხდადდა პირველივე წელს გავედი სტატუსის ასამაღლებლად. ამჟამად მათემატიკისა და ფიზიკის წამყვანის სტატუსი მაქვს. წელს არა, თუმცა სტატუსის ასამაღლებლად გამოცდებზე კვლავ გასვლას აუცილებლად ვაპირებ.

- და ბოლოს, 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა. როგორ შეაფასებდით?

- პირველ რიგში ვიტყოდი, რომ სასწავლო წელი, სკოლაში დავასრულეთ. შეჯამებას თუ ვიტყვი, ამ სასწავლო წლით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, წელს რა მიზანიც გვქონდა მივაღწიეთ. ამასთანავე, იმედი მაქვს ჩვენი კურსდამთავრებულები გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ, ამის მოლოდინს კი მათი მაღალი აკადემიური მოსწრება მაძლევს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება