სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„მშობელსა და სკოლას შორის თანამშრომლობითი კულტურა უნდა გავაღრმაოთ“ - დირექტორები მშობლის და მასწავლებლის ურთიერთობის შესახებ საუბრობენ
11-03-2022
-
+


სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. არის, შემთხვევები, როდესაც ამ ორ რგოლს შორის ურთიერთობაში დირექტორისა თუ დირექციის ჩართულობა ხდება საჭირო, რათა არსებული კონტაქტი უფრო გაღრმავდეს, რაიმე უთანხმოების შემთხვევაში კი სიტუაცია დარეგულირდეს.

Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ შეუძლია დირექტორს მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობა დაარეგულიროს და ამის გასარკვევად საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:

ირმა უზნაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი მსგავსი სიტუაციები, როგორ მომიგვარებია. პირველ რიგში სკოლას ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, მოსწავლისთვისაც და მშობლისთვისაც, როდესაც მშობელი მასწავლებლისგან მათდამი ობიექტურ დამოკიდებულებას ხედავს, ამ დროს უთანხმოების ალბათობა მცირეა. ნებისმიერი პრობლემა აქტიური კომუნიკაციით მოგვარებადია. მქონია სიტუაცია, როდესაც მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობა ვერ მოგვარებულა და ამ დროს დირექცია ჩართულა. პირველ რიგში ორივე მხარის პოზიციას ვისმენ და საჭიროებისამებრ შესაბამის კანონს მოვიშველიებ. ვცდილობ, შეთანხმებას ისე მივაღწიო რომ არც ერთი მხარე დაზარალდეს, მით უფრო მოსწავლე. არ მქონია პრობლემა, რომელიც ვერ მომიგვარებია. ძალიან განერვიულებული მშობელი დამიწყნარებია და მადლობით, დამშვიდებული გამიშვია. დირექტორს გარდა განათლებისა და ლიდერობისა, დიპლომატიის უნარ-ჩვევებიც უნდა ჰქონდეს. ჩემი დირექტორობის 12 წლიანმა სტაჟმა ასეთი გამოცდილება მომცა.

მაია სიდამონიძე-გამყრელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორი მასწავლებელსა და მშობელს შორის კლასის დამრიგებელთან ერთად მედიატორის როლს ასრულებს. არის შემთხვევები, როდესაც კლასის დამრიგებლის მედიაცია საკმარისი არ არის, ასეთ შემთხვევაში კი შედეგს მშობელთან პოზიტიური დამოკიდებულებით ვაღწევთ, ისე რომ უთანხმოება არ გაღრმავდეს. მშობელი და პედაგოგი გადაწყვეტილებამდე ერთად მიდიან. ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსწავლის სასიკეთოდ, მასზე ორიენტირებული და მის განვითარებაზე დამოკიდებული უნდა იყოს. პოზიტიური კომუნიკაცია აუცილებელია. მშობელს უნდა აჩვენო მზაობა იმისა, რომ მოსწავლის წარმატებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხარ; ყველაფრის თავიდათავი მოსწავლეა - მის გარშემოა სკოლა, პედაგოგი, ადმინისტრაცია და თავისთავად დირექციაც.

მინდა ვთქვა, რომ კოვიდიდან გამომდინარე მშობლის სასკოლო ცხოვრებაში პოზიტიური ჩართულობა შეზღუდულია, თუმცა მშობლის მხრიდან მისი როლი და პასუხისმგებლობა, ის რაც სკოლასა და მშობელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშია და პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციებით ევალება მზაობა უნდა იყოს. განვმეორდები, მშობლის მხრიდან მზაობა უნდა იყოს ამ ყველაფრის; რატომღაც სკოლას დიდ როლს აკისრებენ და ჩვენგან ითხოვენ მეტ პასუხისმგებლობას თუმცაღა, ვფიქრობ მშობელსა და სკოლას შორის თანამშრომლობითი კულტურა უნდა გავაღრმაოთ - რაც არის ჩვენი სისტემის წარუმატებლობის თავიდათავი; რადგან სკოლა არის „დამოუკიდებელი კუნძული“, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს, თუმცა თუ მშობელი არ იქნება თანამშრომლობით მდგომარეობაში და მისი შვილის განათლების საკითხს შესაბამისად არ მიუდგება ეს პრობლემა გახდება. დადებითი კომუნიკაციის მისაღწევად დიდი ძალისხმევა გვჭირდება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამას მაინც ვაღწევთ.

ვარლამ თაგოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მასწავლებელსა და მშობელს შორის კომუნიკაციაში დირექტორს, დირექციას, რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს. დირექტორი მშობელსაც უნდა გაესაუბროს და პედაგოგსაც, ორივე მხარეს მისცეს სათანადო რჩევები. დირექტორმა უნდა გამოკვეთოს, გამოარკვიოს რა საჭიროება დგას და რაზეა აზრთა სხვადასხვაობა. შემდეგ კი ყველანაირად შეეცადოს მასწავლებელსა და მშობელს შორის შედგეს შეთანხმება და სიტუაცია დაარეგულიროს.

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ საკითხთან დაკავშირებით რამოდენიმე ხნის წინ მშობლებთან გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე და ბავშვების სკოლაში გამოცხადებასთან დაკავშირებულ თემებზე. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმაზე რომ მშობლები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები, მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვებს... ჩვენი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ სკოლაში მშობლებთან ხშირად ვაწყობთ შეხვედრებს. ასევე, კლასის დამრიგებლები მუდმივად კონტაქტზე არიან ტელეფონისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. პატარა სკოლა გვაქვს და ერთობლივად ვმუშაობთ ყველა.

ლია შატაკიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ საკითხზე ძალიან ბევრი მიფიქრია. დარეგულირებით, ძირითადად დამრიგებლის მიერ რეგულირდება, რადგან კლასის ხელმძღვანელმა უნდა ადევნოს თვალი მასწავლებელსა და მოსწავლეს. ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ მასწავლებლები როდესაც კლასიდან გამოდიან კლასის ხელმძღვანელებს ეუბნებიან: როგორი დასწრება ჰქონდათ, ბავშვს რა უჭირს და შემდეგ უკვე დამრიგებლებს უნდა ჰქონდეთ მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტი. აღნიშნულ საკითხში კი დირექტორის როლი ის უნდა იყოს, რომ კლასის ხელმძღვანელს მოსთხოვოს თუ რამდენად ეფექტური კომუნიკაცია აქვს მშობელთან; ზოგ შემთხვევაში მიუთითოს კიდეც, რომ უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეს მათთან და გადაამოწმოს... ალბათ ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ დირექტორები უკვე დგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ მასწავლებლები უნდა გადაამოწმონ. ამისთვის კი შემდეგი ბერკეტი არსებობს, მაგალითად, თავად დირექტორსაც შეუძლია მშობელს დაეკონტაქტოს და მისი შვილის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ესაუბროს. მხოლოდ დამრიგებლის ვალდებულება ხომ არ არის ეს?! - ეს ისე კი არ უნდა გააკეთოს, რომ თანამშრომლის ღირსება შელახოს, უბრალოდ საუბარშე  ტაქტიკურად შეუძლია ჰკითხოს მშობელს: კლასის ხელმძღვანელი ხომ ესაუბრა ამ საკითხზე, თავად მშობელმა რა ღონისძიება გაატარა, ჰკითხა თუ არა შვილს რატომ აქვს ჩამორჩენა ან არდასწრება... ამ საუბრიდან უკვე დირექტორი მარტივად მიხვდება ჰქონდა თუ არა კლასის ხელმძღვანელს კონტაქტი მშობელთან.

ნაზო ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, უმთავრესად ჯერ კლასის დამრიგებლის მონაწილეობით ხდება, თუმცა, დირექტორი ყოველთვის უნდა იყოს საქმის კურსში. კლასის ხელმძღვანელი ყოველთვის აწვდის მას ბავშვზე ინფორმაციასა და მშობელთან ურთიერთობის შესახებ. ასე რეგულირდება ჩემს სკოლაში მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობა. დირექტორს ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ამ ორ რგოლს შორის ურთიერთობაში.

ურთიერთობის უპირველესი საწყისი მასწავლებელსა და მშობელს შორის არის ნდობა... ნდობა კი იქიდან მოდის, რომ პედაგოგი მშობელთან სისტემატურად უნდა ურთიერთობდეს, აწვდიდეს ბავშვის შესახებ ინფრომაციას - რაშია პერსპექტიული ან რა სირთულეების წინაშე დგას. მშობელი, როდესაც ხედავს, რომ დირექცია საკითხს ძალიან კეთილსინდისიერად, ობიექტურად უდგება და ზოგადად, სკოლის კულტურა სამართლიანობაზე, მოსწავლის პროგრესზე, მის პასუხისმგებლიან ადამიანად აღზრდაზეა აგებული, მაშინ დადებითი შედეგი მარტივად დგება.

ლელა ჩერქეზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელსა და მშობელს შორის ურთიერთობის დარეგულირება სიტუაციაზეა დამოკიდებული. საინფორმაციო შეხვედრები შეიძლება შედგეს, ონლაინ შეხვედრაც კარგია, ონლაინ გაკვეთილებისგან განსხვავებით. ჩემი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ ურთიერთობისთვის ძალიან კარგი შეიძლება იყოს ინდივიდუალური წერილი მშობლისადმი, სადაც ძალიან კონკრეტულად არის ბავშვის კარგი მხარეები აღწერილი და რეკომენდაციები. პირადი შეხვედრებიც შეიძლება, რომ იყოს. თუ საორგანიზაციო საკითხს ეხება მაგალითად, რაიმე ღონისძიებას, რომელსაც ახლა პანდემიიდან გამომდინარე მოკლებულნი ვართ კარგია მშობლების საერთო შეხვედრა. ადრე იყო მშობელთა კრებები, რომელსაც ფორმატი ცოტა დარღვეული ჰქონდა, ხანდახან იყო შემთხვევა ბავშვის აკადემიური მოსწრებაც იხილებოდა. თუ ეს შეხვედრები იქნება საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, მაშინ მსგავსი ფორმატი ცუდი არ არის. უმჯობესია, მშობელს ინდივიდუალური წერილი მისწერო და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილოთ; როდესაც პირად საკითხებს ეხება ბარათები ძალიან კარგია და ამას პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებთ. წერილის მიწერის დროსაც სასურველია, მასწავლებელი ეთიკის ჩარჩოში ჩაჯდეს, რადგან ყველა დედისთვის შვილი მნიშვნელოვანია, ამიტომ ნორმების დაცვა და სიფრთხილე აუცილებელია.

მზია ფატარიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ ეტაპზე მშობელსა და მასწავლებელს კომუნიკაციის შესაძლებლობა უფრო მეტად აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური ქსელი ყველასთვის ხელმისაწვდომია. პანდემიის პერიოდში პირისპირ შეხვედრები შეზღუდული იყო და პედაგოგები მშობლებთან ურთიერთობისთვის სოციალურ ქსელებს აქტიურად გამოიყენებდნენ, იგივე მდგომარეობაა მშობლებშიც; შვილის აკადემიური მოსწრების შემოწმების მიზნით მათ „თიმსის“ პლატფორმაზე აქვთ წვდომა და მარტივად შეუძლიათ შვილის შესახებ ინფორმაცია მიიღონ, დაამყარონ კომუნიკაცია დამრიგებელთან ან საგნის მასწავლებელთან. რაც შეეხება დირექტორს, თავის მხრივ შეუძლია ყველა პედაგოგს დახმარება გაუწიოს იმ კუთხით, რომ ყველას მარტივად შეეძლოს ელექტრონულ პლატფორმებთან წვდომა. რა თქმა უნდა, დირექტორს არ შუძლია ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობა შეუძინოს, მაგრამ შესაძლებელია, სკოლაში შექმნას ისეთი გარემო რომ არსებული ტექნიკა მასწავლებლებმა სრულფასოვნად გამოიყენონ. რა თქმა უნდა, დირექტორს მასწავლებელსა და მშობლის ურთიერთობაში დიდი როლი აქვს, რადგან მას შეუძლია ამ ორ შტოს ხელი შეუწყოს. სკოლის დირექციას შეუძლია შესთავაზოს კომპიუტერები, არ იყოს არანაირი შეზღუდვა, პირიქით - ყველანაირად დაუდგეს გვერდში.

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია რადგან მშობელს გააჩნია. თუ მშობელი აქტიურია, მაშინ მასთან ურთიერთობა არ არის ძნელი. არის ისეთი კატეგორიაც, რომელსაც ბავშვების სწავლა - განათლების საკითხი არ აინტერესბეთ, მყავს ასეთებიც. ასეთ შემთხვევაში მათთან ვურთიერთობთ, ვიბარებთ სკოლაში. მოგეხსენებათ, სოფლის სკოლა ვართ და აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ურთიერთკონტაქტი რთული არ არის. დირექტორის როლი და ფუნქცია მასწავლებელსა და მშობლის ურთიერთობაში კი მომრიგებლის ფორმატში მდგომარეობს. დირექტორმა უნდა შეუწყოს ხელი, რათა უფრო უფრო მჭიდრო კონტაქტი შექმნას.

ჯონდო ბოჭორიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველესად ვიტყვი, რომ უკვე მეორე წელია რაც დირექტორი ვარ და ჩემი პედაგოგები მშობლებთან ურთიერთობას თავად არეგულირებენ, რასაც მივესალმები. ჩვენს სკოლაში ჰარმონიული სიტუაციაა და ჩემს დახმარებას ამ საკითხში არ საჭიროებენ. სკოლაში მშობლებთან შეხვედრები ხშირად ტარდება, თუმცა კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ეს ცოტა შეფერხდა. ძირითადად მასწავლებლები მშობლებთან ურთიერთობას ტელეფონითა და ინტერნეტით ახერხებენ. მშობელსა და მასწავლებლის ურთიერთობის ამოსავალი წერტილი შეხვედრებია - გასაუბრება და საკითხების დეტალური გარჩევა.

ლეილა ჩიტაური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში დამრიგებლის ჩართულობით ხორციელდება მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა, იგი ასე ვთქვათ შუამავლის როლს ასრულებს. ადმინისტრაციას თუ დირექტორს ძალიან დიდი როლი აქვს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საკითხთან დაკავშირებით გახდა მათი ჩართულობა საჭირო. ამ შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელი დამრიგებლებთან მუშაობს, კლასის ხელმძღვანელები კი ასე ვთქვათ, მასწავლებლებთან და მშობლებთან.

ლეილა თეთრუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირად მაგალითზე ვიტყვი, რომ მშობელს და მასწავლებელს ცალ-ცალკე ვხვდები ხოლმე; თუ რაიმე საკითხი გამოიკვეთა მათ შორის შუამავალი ვარ. დირექტორისა და დირექციის როლი ძალიან საპასუხისმგებლოა. შესაძლებელია მასწავლებელსა და მშობელს შორის, ბავშვიდან გამომდინარე რაღაც აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდეს, არის შემთხვევა, როდესაც მშობელი მასწავლებლის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ან პირიქით. ამიტომაც საჭიროა, ორივე მხარის აზრი გაიგო და მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის დირექტორი საჭირო, სამართლიან სიტყვას.

ნინო მეხრიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ სკოლის დირექტორს უსაფრთხო, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო თუ სამუშაო გარემოს შექმნა ევალება. დირექტორი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად ასრულებს სკოლის წარმატების გარანტია. უპირველეს ყოვლისა დირექტორი უნდა იყოს საქმისადმი პროფესიონალი, უყვარდეს ბავშვები და მოსწავლეებთან ურთიერთობა დაბალანსებული იყოს. დირექტორის მხარდაჭერა ინოვაციების დანერგვის კუთხით კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ჩემი დირექტორობიდან სულ მესამე თვე გავიდა და მე პირადად, ჩემი პედაგოგებისა და მოსწავლეების წინსვლისთვის ვარ მოტივირებული. წამყვანი მასწავლებელი გახლავართ და მინდა ჩვენი სკოლის დევიზი - „ჩვენ, ყველა ერთად, წინ წარმატებისკენ!“ იყოს. დირექტორი უნდა იყოს პოზიტიური და ენთუზიაზმით აღსავსე; თუ კოლეგები და ბავშვები არ ეყვარება ვერც წარმატებას, ვერც ჯანსაღ ურთიერთობას მიაღწევს. მშობელსა და მასწავლებლის ურთიერთობაში დირექტორს დიდი როლი აკისრია და სკოლის ჯანსაღი გარემო ამ ურთიერთობების წარმატებით დაგვირგვინების საფუძველია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება