სიახლეები
ინტერვიუ

„მასწავლებლები ძალიან დატვირთულები არიან და დაუფასებელია მათი შრომა“ - თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ღუდუშაური 
14-09-2021
-
+


პროფესიით ფინანსისტია, თუმცა მენეჯერული თვისებები დაეხმარა, რომ სკოლა წარმატებით ემართა. 10 წლის წინ 800 კონტინგენტიანი სკოლა ჩაიბარა, თუმცა ამჟამად მოსწავლეთა გაორმაგებული რაოდენობა ჰყავს. საუბარია თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორზე, შორენა ღუდუშაურზე, რომელიც etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო თემაზე ესაუბრა.  

შორენა ღუდუშაური: სწავლას დისტანციურად ვიწყებთ და ამისთვის ყველანაირი მზაობა გვაქვს, განსაკუთრებით იმ სკოლებს, რომლებიც „ახალი სკოლის მოდელში“ ვართ ჩართულები. ონლაინ-სწავლება, უკვე დიდი ხანია ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა სწავლა სასკოლო გარემოში განახლებულიყო. პირველი კლასი, რომ პირისპირ იწყებს სწავლას, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სასკოლო გარემო. ის პირველი შთაბეჭდილება სულ სხვა ემოციას იწვევს მათში. მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვს ჰკითხეს, რომელ კლასში იყო და უპასუხა, ჯერ სკოლაში არ შესულა - ამ დროს მეორე კლასელია. პატარები დისტანციურად ვერ აღიქვამენ სკოლას და სასწავლო პროცესს.

- პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და „ბუკები“ უკვე გადაეცათ?

- პირველკლასელებთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს და შემდეგი კვირიდან დავიწყეთ ამ პროცესს, დანარჩენ მოსწავლეებს ყველას გადაეცათ სახელმძღვანელოები.

- როგორ აპირებთ პირველკლასელების დახვედრას შეზღუდვებიდან გამომდინარე?

- განსაკუთრებულ დახვედრას მოვუწყობთ, რადგან ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამის საჭიროება დისტანციურმა სწავლებამ კიდევ უფრო დაგვანახა. წელს მეტად მოვინდომებთ, რომ გავახაროთ პატარები და შევაყვაროთ სკოლა, იგივე მეორე ოჯახი. 

- რამდენად რთული იქნება დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურისთვის?

- ვფიქრობ, ჩვენი სკოლისთვის წელს სირთულე აღარ იქნება, რადგან უკვე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ მიმართულებით. ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, მანამდე ჩავერთეთ „ახალი სკოლის მოდელში“ და შესაბამისად, კომპიუტერთან მუშაობა სიახლე არ ყოფილა მასწავლებლებისთვის, ისევე, როგორც მოსწავლეებისთვის. ამ მოდელის ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიები უფრო მეტადაა ჩართული სასწავლო პროცესში, შესაბამისად ონლაინ-სწავლების მზაობა ნამდვილად გვაქვს. შარშან ვისაც კომპიუტერის და ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა, სკოლის ბაზაზე დაყრდნობით შევძელით მათი დახმარება - კომპიუტერები გადავეცით და წელს მგონია, ამ მხრივაც არ იქნება პრობლემა.

ზოგადად დაწყებით საფეხურზე რთულია დისტანციური სწავლება და ამ პროცესში აუცილებლად სჭირდება მშობლის ჩართულობა. მასწავლებლები, როგორც არ უნდა იყვნენ დატრენინგებული, ეს საფეხური მაინც რთულია, რადგან პატარები არიან. აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ მშობლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები გასულ სასწავლო წელს და ახლაც დიდი მოლოდინი გვაქვს. მათ დაინახეს მასწავლებლის შრომა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

- როგორ მოემზადნენ მასწავლებლები ონლაინ-სწავლებისთვის?

- პირველი დღე ყველას დაგეგმილი აქვს ინდივიდუალურად. რა თქმა უნდა, პირველები დამრიგებლები შეხვდებიან მოსწავლეებს. თუმცა, მანამდეც ჰქონდათ შეხვედრის შესაძლებლობა, როცა კუთვნილი სახელმძღვანელოები წაიღეს. იმედია, ონლაინ-სწავლება დიდხანს არ გაგრძელდება და ოთხ ოქტომბერს სასკოლო გარემოში შევხვდებით ერთმანეთს.

- რამდენად დააკმაყოფილებს თქვენი სკოლა არსებულ მოთხოვნებს სწავლა, რომ 4 ოქტომბერს პირისპირ რეჟიმში გააგრძელოთ?

- ჩვენ შარშან დიდი გამოცდილება მივიღეთ და მაქსიმალურად უზრუნველვყოფდით უსაფრთხოებას. სკოლებს ჯანდაცვის სამინისტროც ამოწმებდა და შრომის უსაფრთხოების სამსახურიც, არც ერთი მათგანისგან შენიშვნა არ მიგვიღია. შესაბამისად, მზად ვართ 4 ოქტომბერს პირისპირ დავიწყოთ სწავლება.

- უნდა ჰქონდეს თუ არა სკოლას შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტოს სწავლების, როგორი ფორმა აირჩიოს?

- სკოლას თუ ექნება ამის შესაძლებლობა, ცუდი არ იქნება, მაგრამ ამ დროს სამინისტროსა და სკოლას შორის კომუნიკაცია აუცილებელია. ვფიქრობ, მარტო სკოლის გადაწყვეტილებას მიენდო, არაა სწორი, რადგან, მე შეიძლება მეგონოს ყველაფერი რიგზეა, თუმცა რეალურად ასე არ იყოს. შესაბამისად, ზემდგომ პირთან კონსულტაცია კარგი იქნება. იმ სკოლებს ვისაც პირისპირ სწავლების შესაძლებლობა აქვს, ყველანაირი რეგულაციების დაცვით, შესაძლებელია არჩევანის უფლება მიენიჭოს. ჩვენს შემთხვევაში, ახალი სკოლის შენობა გვაქვს, სადაც დიდი ფართია და კარგი იქნებოდა, შეთანხმების საფუძვლზე, თავად მიგვეღო ეს გადაწყვეტილება.

- საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართული ხართ?

- დიახ, ჩართულები ვართ და ჩვენთან მასწავლებლების 80 პროცენტი აცრილია, მხოლოდ მას არ გაუკეთებია ვაქცინა, ვისაც მოკლე პერიოდში აქვს ვირუსი გადატანილი.

- როგორ ფიქრობთ, საკმარისია მხოლოდ, მასწავლებლის აცრა, რომ სწავლა პირისპირ რეჟიმში განახლდეს?

- არა, არ არის საკმარის. მშობლებიც უნდა იყვნენ აცრილი და ზოგადად, საზოგადოება უნდა აიცრას. მარტო პედაგოგების აცრა ვერ წარმართავს ამ პროცესს ხარისხიანად.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ მასწავლებლებისთვის სავალდებულო, რომ გახდეს აცრა?

- ვფიქრობ, ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია. არც ვფიქრობ, რომ სავალდებულო გახდება, თუმცა ეს საკითხი ამ დარგში მოღვაწე კომპეტენტური ადამიანების გადასაწყვეტია. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ პიროვნულად გადაწყვიტოს ყველამ გაიკეთებს თუ არა აცრას.

- გასულ სასწავლო წელს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად რთული იქნება ეს ახალი სასწავლო წელი პედაგოგებისთვის?

- წელს ბევრად მარტივი იქნება, რადგან „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, არაერთი ტრენინგი გაიარეს. ვფიქრობ, სირთულეზე საუბარი არც უნდა იყოს - გამოცდილებაც აქვთ ამ ფორმით სწავლების. მესამე თაობის ახალი სასწავლო ეროვნული გეგმის ფარგლებში, ორი ძირითადი მიზანი იკვეთება: სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და ისეთ საკითხებზე ზრუნვა, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოსწავლის პიროვნული ჩამოყალიბება... ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ პროექტი: გარემოს დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ჩართული იყო 1 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.  წელს კვლავ ვაგრძელებთ ამ პროექტს. 

- რამდენად არის შესაძლებელი დისტანციურად „ახალი სკოლის მოდელით“  გაკვეთილის ჩატარება?

- ჩვენ ამ რეფორმის მიხდვით ვატარებთ ისედაც გაკვეთილებს. ტრენინგების პარალელურად, შეიქმნა მატრიცები, რომლებიც უკვე მზა სახითაა. ეს პედაგოგებს გაუმარტივებთ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას. არაერთი რესურსია შექმნილი იმისთვის, რომ მასწავლებელმა ამ მოდელით ჩაატაროს დისტანციურად გაკვეთილი.

- მასწავლებელთა ტრენინგები და გამოცდები, რამდენად სასარგებლოა მათთვის?

- ტრენინგი ყოველთვის სასარგებლოა, მარგამ იქედან გამომდინარე, რომ მასწავლებლები რამდენიმე ცვლაში მუშაობენ, ეს რეჟიმია რთული. რაც შეეხება გამოცდებს, ჩვენ მხოლოდ ერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს, რომლესაც კიდევ აქვს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა

- პრაქტიკოსების დაუსრულებელ გამოცდებზე რას ფიქრობთ?

- პრაქტიკოსს ერთი კრედიტი სჭირდება, რომ კომპეტენცია დაადასტუროს და ვფიქრობ, არ უნდა წარმოადგენდეს ეს მისთვის სირთულეს, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მაძიებელს გამოცდაზე 10 კრედიტის აღება მოეთხოვება. მგონი, არათანაბარი პირობებით უწევთ გამოცდის ჩაბარება. პრაქტიკოსმა ისედაც  მარტივად უნდა შეძლოს კომპეტენციის დადასტურება. მათთან უფრო მეტის მოთხოვნაცაა საჭირო, რადგან დიდი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება მაძიებელს, მათთვის 10 კრედიტი ძალიან ბევრია. მქონდა შემთხვევა, მყავდა ძალიან კარგი პედაგოგი, მოთხოვნადი, აქტიური, მაგრამ იმის გამო, რომ 10 კრედიტი ვერ აიღო გამოცდაზე, იძულებული გავხდი გამეშვა.

- რამდენად ადასტურებს რეალურად ეს გამოცდები მასწავლებლის კომპეტენციას?

- არის შემთხვევა, როცა თამამად ვიტყვი, არ ადასტურებს. გამოცდა საჭიროა განვითარებისთვის, მაგრამ 100 პროცენტით ვერ ვიტყვი, რომ ამით მასწავლებლის კომპეტენცია განისაზღვრება. ვიცი მასწავლებელი, რომელსაც დადასტურებული აქვს კომპეტენცია, თუმცა რეალობაა სულ სხვაა და ის ნაკლებად კომპეტენტურია, ასევეა პირიქითაც - მიუხედავად იმისა, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა ძალიან კარგი პედაგოგია. კარგი იქნება თუ სკოლებს მიეცემა ამ ყოველივეს განსაზღვრის შესაძლებლობა.  

- მაძიებლებს ხომ არ აშინებთ აღნიშნული მიდგომები?

- კი, ალბათ აშინებთ. რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეთ და მივცეთ მათ განვითარების, გამოცდილების მიღების შანსი.

- ელექტრონული ჟურნალთან დაკავშირებით წინა წელს გარკვეული პრობლემები იყო, წელს გასწორდა სისტემა?

- ამ მხრივ, ჩვენ საპილოტე სკოლებში ვიყავით ჯერ კიდევ 5 წლის წინ. შესაბამისად, არც წინა წელს გვქონია შეფერხება. დიდი გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობ, ელექტრონული ჟურნალი ძალიან მოსახერხებელია მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

- ელექტრონული ჟურნალის და „ახალი სკოლის მოდელის“ გათვალისწინებით, საკმარისი ტექნიკა აქვს სკოლას?

- კი, რა თქმა უნდა, გვაქვს საკმარისი ტექნიკა. ყოველ წელს სამინისტროდან ატარებდნენ კვლევას, თუ რამდენი კომპიუტერი გვჭირდებოდა და ამის საფუძველზე შემოჰქონდათ ტექნიკა. არასოდეს უთქვამს სამინისტროს ამ მხრივ დახმარებაზეც უარი. რაც „ახალი სკოლის მოდელში“ ჩავერთეთ დამატებით მოგვაწოდეს ტექნიკა და ყველა მასწავლებელს, რომელიც ამ რეფორმის ფარგლებში მუშაობს, ინდივიდუალური კომპიუტერი აქვს. 

- ქალბატონო შორენა, როგორია თქვენი გზა დირექტორობამდე?

- პროფესიით ფინანსისტი ვარ, ეს არ იყო ჩემი სფერო, მაგრამ მენეჯერული კუთხით თუ განვიხილავთ, გამომადგა კიდეც - სკოლის მართვას თავისი კრიტერიუმები სჭირდება. 10 წელია ამ სკოლაში ვარ, გვაქვს წინსვლა და მიღწევები, წელს რეიტინგულ სკოლებშიც შევედით. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად ვართმევ თავს დაკისრებულ ვალდებულებას. 800 მოსწავლე იყო თავდაპირველად, როცა სკოლაში მოვედი, ახლა გაორმაგებულია. თავიდან ვიყავი არჩეული დირექტორი, ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შემსრულებელი გავხდი, რადგან სამეურვეო არჩევნები გადაავადეს.

- ის, რომ სამეურვეო არჩევნები გადავადდა, ხომ არ აფერხებს თქვენს წარმატებას?

- არა, რა თქმა უნდა, მივყვებით დინებას და ისიც გასაგებია, თუ რატომ არ არის შესაძლებლობა ამ არჩევნების დანიშვნის. ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყანაში გადასაჭრელი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ის ფაქტი, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ, ჩემთვის არ წარმოადგენს დისკომფორტს.

- განათლების მინისტრი, რომ იყოთ რას შეცვლიდით?

- ბევრ რამეს. პირდაპირ ვიტყვი, მასწავლებლები ძალიან დატვირთულები არიან და დაუფასებელია მათი შრომა. ალბათ, ჩვენი მინისტრი ამაზე ნამდვილად ფიქრობს და ისიც გასაგებია, რომ მარტივი არაა ყველა პრობლემის ერთიანად მოგვარება. პედაგოგებს რამდენიმე სკოლაში უწევთ შეთავსებით მუშაობა, რომ დანამატი აიღონ, ეს ძალიან რთულია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე ადმინისტრაციისთვის - საათობრივ ბადეს ვარგებთ ინდივიდუალურად თითოეულ მათგანს. შესაძლებლობა, რომ მქონდეს გავზრდიდი მასწავლებლის ანაზღაურებას, რათა მას საშუალება ჰქონოდა ერთ სკოლაში ემუშავა. ასეთ რამეებზე ვოცნებობ ხოლმე...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება