სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ, აირჩიონ მოთხოვნადი პროფესია“ - ნინო გარსევანიშვილი, შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი
18-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო გარსევანიშვილს ესაუბრა: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვფიქრობ, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, შეიძლება იყოს გათვალისწინებული სკოლის საშუალო ნიშანი, ასევე კლასგარეშე მუშაობა. რაც შეეხება რეკომენდაციებს მასწავლებლებისგან, მგონია, რომ უფრო ფორმლური სახე ექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  მნიშვნელოვანად მიმაჩნია სავალდებულო საგამოცდო საგანთა შორის შეტანილ იქნას საგნები უნივერსიტეტის/ფაკულტეტის პროფილის შესაბამისად.  

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- რამდენადაც განათლების მიღების უმთავრესი მიზანი ღირსეული დასაქმებაა, მომავალი პროფესიის არჩევისას  აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რა მოთხოვნა არსებობს შრომის ბაზარზე. ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ამის ერთერთი მიზეზი არის შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჭარბობს ისეთი სპეციალობის კადრების მიწოდება, რომელზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე საკმაოდ ნაკლებია. საქართველოს მთავრობის მიერ ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ადგილობრივ სამუშაო ძალას არ გააჩნია შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილი უნარები. აბიტურიენტები ორიენტირებული უნდა იყვნენ აირჩიონ მოთხოვნადი პროფესია და დაეუფლონ მას მაღალ დონეზე. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ ?

- 2019 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა ცვლილება გრიფირების წესში, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგების და სამართლის სპეციალისტების გარდა, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ყველაზე დაინტერესებულ წარმომადგენელს - მშობელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა. მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი აქტორია და ვფიქრობ მნიშვნელოვანია მას  ჰქონდეს შესაძლებლობა,  მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში ?

- ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სკოლას გაუმარტივოს მოსწავლის დასწრების და შეფასების წარმოება, ხოლო მშობლისთვის მყისიერად ინფორმაციის მიწოდებით გაზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. ელექტრონული ჟურნალის დანერგვა საპილოტე რეჟიმში დაიწყო და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო  გარკვეული ხარვეზები. მასწვლებლებს ზოგადად აქვთ ციფრული ტექნოლოგიების ფლობის განსხვავებული უნარები და შესაბამისად, ელექტრონული ჟურნალის წარმოებისას ასევე სხვადსხვა საჭიროებები გამოიკვეთა, თუმცა ერთმანეთის დახმარებით და თანამშრომლობით ყველა მასწავლებელმა წარმატებით გაართვა თავი ამ  სიახლეს და რაიმე სკოლას პრობლემა არ ჰქონია.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- მსოფლიო პანდემიამ განათლების სფეროს ფუნქციონირების მოდელი მთელ მსოფლიოში ახალ ჩარჩოში გადაიყვანა – დისტანციური სწავლება ზოგადად სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ამ მიმართულებით ყველგან გააქტიურდა მუშაობა  და მეტი სამუშაო გაჩნდა საკუთრივ სკოლებშიც. ზოგადად ახალ რუტინაზე გადასვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. იმისთვის, რომ პროდუქტიულობა შევინარჩუნოთ  და სწავლა-სწავლების პროცესს ინტერესი არ მოაკლდეს აქტორების მხრიდან, ვფიქრობ მაქსიმალურად ეფეტიანად უნდა გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობის პროცესს მასწვლებლებს შორის. ასევე უნდა შევძლოთ გავზარდოთ მშობლის როლი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება