სიახლეები
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, როგორ ავუციმციმო მოსწავლეებს თვალები, ვასწავლო მთავარი - ადამიანად ყოფნა“-თბილისის N108 სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე
17-03-2021
-
+


უხარია, როდესაც ცელქი მოსწავლეების ოინებზე სიყვარულით მოსაუბრე, დაუღალავად მოფუსფუსე და ბავშვების წარმატებებით გაცისკროვნებულ მასწავლებელს ხედავს. 

ყველაზე ხშირად ფიქრობს, თუ როგორ ასწავლოს მთავარი - ადამიანად ყოფნა და როგორ შეძლოს ახალგაზრდა თაობის სწორ გზაზე დაყენება.

რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ და როგორ აფასებს 2020 წელს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექტორის, მაია მღვდელაძის ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რა არის ადამიანის დანიშნულება; რამდენად „მცირე“ ყოფილა ეს უზარმაზარი, მრავალფეროვანი სამყარო, „მკრთალი ლურჯი წერტილი“ - ჩვენი საერთო სახლი დედამიწა; დაგვანახა ჩვენი სიხარულისა და ტანჯვის ერთობლიობა, რომ „სხვისი ჭირი, ღობეს - ჩხირი“არ არის; უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან; გვასწავლა გლობალურად აზროვნება და ლოკალურად მოქმედება; მეტად ჩაგვაფიქრა აფორიზმზე - „ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვითკირსა“ და რომ ადამიანებმა ერთმანეთს „გული მისცენ გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად“.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ემპათია, პრობლემებისა და გამოწვევების თანადგომით დაძლევა; ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა, ნებისყოფა, ერთმანეთის დაფასება, მეტი სიყვარული, პასუხისმგებლობა, გუნდურად მუშაობა, ინოვაციების გაზიარება; სწრაფად დაგვამეგობრა ტექნოლოგიებთან; მეტად დაფასდა გამონათქვამი: „ერთი ყველასთვის და ყველა - ერთისთვის“ ან „ძალა ერთობაშია“; გვასწავლა თავიდან მივბრუნებოდით დავიწყებულ ძველს - მოსწავლეებთან ერთად გაგვეხსენებინა ძველი, კეთილი ფილმები თუ მულტფილმები; „ქვაზე დადებული მადლის“ ძალა და კიდევ სხვა უამრავი საინტერესო რამე.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ტკბილ-მწარეს (სწავლასავით ან სოუსივით), უმძიმესს, მუქი შუქ-ჩრდილებით დაფერილს, შრომატევადს, ტკივილიანს (თითქმის ყველამ დაკარგა ახლობელი), როგორც დიდი ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა - „დიდი გოდების მცირე ნაკადს“.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როცა ვხედავ თავისი მოსწავლეების წარმატებით გაცისკროვნებული სახეს; სიყვარულით მოსაუბრეს ცელქი მოსწავლეების ოინებზე; ზრუნვას მათზე; მოსწავლეების ნამუშევრებში თავჩარგულსა და მოფიქრალს, იქნებ როგორმე მოძებნოს ხელჩასაჭიდი, რომ ცუდი ნიშანი არ დავუწეროო; კოლეგასთან მოსაუბრეს ახალ მიგნებებსა და სიახლეების გაზიარებაზე; მოსწავლის კეთილშობილ პიროვნებად ჩამოყალიბების სხვადასხვა გზების მძებნელს, მოსწავლეებით გარშემორტყმულსა და მათთან ერთად დაუღალავად მოფუსფუსეს.   

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მათი უსაზღვრო შესაძლებლობები, არაპროგნოზირებადი ქცევა (კარგი გაგებით), ამოუწურავი ენერგია, საოცარი სიყვარული და ამავე დროს დაუნდობლობაც (სამწუხაროდ იშვიათი არ არის), მუდმივი ცნობისმოყვარეობა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებს; აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ღონისძიებებში; ითანამშრომლონ დამრიგებელთან მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; პატივი სცენ შვილის ინტერესებსა და გახდნენ შვილების საიმედო მეგობრები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რატომ დავკარგეთ სიყვარულის, თანაზიარობისა და თანაგანცდის უნარი; რატომ გაგვიუხეშდა სული; საიდან ამდენი აგრესია; სად არის „გონიერი გული“ (რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებას არ ვგულისხმობ); როგორ დავიცვა ჩემი მოსწავლეები აგრესიის, გაჭირვებისა და უსულგულობისგან და როგორ შევძლო მათი სწორ გზაზე დაყენება; როგორ ავუციმციმო სევდიანი თვალები (არც ისე იშვიათობაა); შევმატო თავდაჯერებულობა; შევუქმნა უსაფრთხო, უზრუნველი, ბედნიერი და წარმატებული სასკოლო გარემო; როგორ ვასწავლო მთავარი - ადამიანად ყოფნა.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო იმსჯელებს ცნობილია

- ახალმთვარეობა - ახალი მთვარის ენერგია ითვლება ახალი დასაწყისისა და სურვილების ჩასაფიქრებლად ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელად.

გადაამზადებენ თუ არა ლექტორებს? - მინისტრის მოადგილის პასუხი კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება