სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, მოსწავლეებს ვაგრძნობინო, რომ ყველაზე მთავარი ჩვენს ურთიერთობაში სიყვარულია“ - ნინო ებრალიძე, ლანჩხუთის N1 სკოლის პედაგოგი
04-03-2021
-
+


ამბობს, რომ პროფესიაში გაუმართლა და არჩევანის გაკეთება ხელახლა რომ მოუწიოს, ისევ მასწავლებლობას აირჩევდა.

„სამშობლოს ისტორიის“ სწავლებას ყველაზე დიდ პასუხისმგებლობად მიიჩნევს და უხარია, როდესაც მოსწავლეს, საკლასო ოთახიდან გაუსვლელად, „დროსა და სივრცეში ამოგზაურებს".


ფიქრობს, რომ მოსწავლეების მომავლის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და აბედნიერებს თავისი აღზრდილების გულთბილი სიტყვები: „ნინო მასწავლებელო, თქვენ ჩვენი ცხოვრება შეცვალეთ“.

etaloni.ge წარმოგიდგენთ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ნინო ებრალიძის წერილს, რომელშიც თითქმის 35-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი არაერთ გამოწვევაზე, დაძლეულ სირთულესა და მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.

„როგორც იქნა, დავბრუნდით სკოლებში და მონატრებულ მოსწავლეებთან, კოლეგებთან ერთად, შევუდექით ცოცხალ გაკვეთილებს სასკოლო სივრცეში. პანდემიის მიუხედავად, ვფიქრობ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, ჩვენ კვლავ ერთად ვართ და ერთად კი, ყველაფერს შევძლებთ.

რთულია, იყო მასწავლებელი, იყო პროფესიონალი, გქონდეს ურთიერთობა უამრავ სხვადასხვა ადამიანთან, რაც მთავარია, ბავშვთან, მოსწავლესთან, პიროვნებასთან, რომელიც შენგან გაოცებას, დარწმუნებას, მისაბაძს, რაღაც არაჩვეულებრივს ელის ყოველდღიურად და თან ითხოვს უდიდეს სიყვარულს, სწორედაც სიყვარულს, თუ ეს სიყვარული არ არის, კომუნიკაცია უბრალოდ ვერ კი არა და არ შედგება.

გასული სასწავლო წელი ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი სკოლის პედაგოგების თვის. მათგან ათი წამყვანი მასწავლებლის სტატუსით მოგვევლინა, მათ შორის მეც.

რა თქმა უნდა, რთული გზა გავიარეთ, თუმცა არა შეუძლებელი. ამავდროულად, ვიყავი ფასილიტატორი, ჯგუფში 32 პედაგოგი მყავდა, რომლებსაც უნდა დავხმარებოდი სტატუსის ამაღლებაში. კარიერული წინსვლის სქემაში ჩაბმული მასწავლებლები ესწრებოდნენ ტრენინგებს, სკოლაში კი, ვაწყობდით შეხვედრებს მე და მეორე ფასილიტატორი მაიკო მშვიდობაძე, რომლის ჯგუფში ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები იყვნენ. იყო პირადი საუბრები, კონსულტაციები, კათედრის სხდომები, ურთიერთდასწრებები გაკვეთილებზე. მოკლედ, ვიყავით ერთმანეთის კრიტიკული მეგობრები, რათა დავხმარებოდით მიზნის მიღწევაში.  

პარალელურად კი, სკოლა, გაკვეთილები, ოჯახი, შვილები, შვილიშვილები... მაგრამ მიუღწეველი არაფერია, როცა შენს გვერდით კოლეგები, მეგობრები, თანამოაზრეები არიან. ყველანი მხარში ვედექით ერთმანეთს. ჩვენთან იყო და მხარს გვიჭერდა სკოლის დირექცია, თამაზ კილაძის ხელმძღვანელობით - ეს ყველაფერი დაუვიწყარია და შეუფასებელი.

დიდი სიამოვნებით მინდა გაგაცნოთ ეს ქალბატონები, თუმცა აღვნიშნავ, რომ დაწყებითი სკოლის პედაგოგი   დარეჯან ჭირაქაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მაიკო მშვიდობაძე გასულ სასწავლო წელს გახდნენ ამ სტატუსის მფლობელები, ხოლო წელს მათ რიცხვს დაემატნენ: ასევე დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ქეთევან კვიტაიშვილი, ლელა ჩხაიძე, მაკა ჩხაიძე, მარიკა იმნაძე, მათემატიკის მასწავლებელი ჯულიეტა ჩხაიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამთა კილაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ქეთო მახარაძე და მე თქვენი მონა-მორჩილი.

ზუსტად ერთი წლის წინ, სრულიად მოულოდნელად, პანდემია და ონლაინ სწავლება შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა; დაგვაყენა ახალი გამოწვევების წინაშე, თუმცა ბევრი სიახლეც შემოგვთავაზა; დაგვანახა, რომ მზად უნდა იყო წინააღმდეგობების დასაძლევად; არ უნდა დანებდე; არ უნდა გაჩერდე... ეს ყველაფერი ჩვენი დიდი გამოცდაა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. მინდა გითხრათ, რომ პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ის ბრწყინვალედ ჩააბარა.

ჯერ ის რად ღირდა, როცა „მესენჯერში“ ერთი და იგივე გაკვეთილს კლასის 4 სხვადასხვა ჯგუფთან ოთხჯერ ვატარებდით, რადგან ერთდროულად მხოლოდ 6 ან 7 მოსწავლეს „უშვებდა“. შვება ვიგრძენით „თიმსის“ პლატფორმის გამოჩენისთანავე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „თიმსი“ და ჩვენ ერთდროულად ვმოქმედებდით - ის ახალ-ახალ შესაძლებლობებს გვაძლევდა, ჩვენ კი, სწრაფად უნდა აგვეთვისებინა ყოველივე. ამ ყველაფერს, ჩემს კოლეგებთან ერთად, სრულიად ბნელ ოთახში ხელის ფათურით სინათლის ჩამრთველის ძებნას ვუწოდებდი... ესეც დავძლიეთ და დავძლიეთ წარმატებით გასულ წელსვე.

ახალ სასწავლო წელს კი, „თიმსმა“ ახალი შესაძლებლობები შემოგვთავაზა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ გამოწვევებს, თუმცა არის მეორე მხარეც, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ტექნოლოგიური აღჭურვილობა, ინტერნეტი, მატერიალური სიძნელეები, მოსწავლეთა ერთი ნაწილის განწყობა, როცა სახლში ხარ და შეგიძლია, მასწავლებლის მოთხოვნების შესრულება აიცილო თავიდან, ეს ყველას არ შეეხება, რა თქმა უნდა, მონდომებული, მოტივირებული მოსწავლე ონლაინ სწავლასაც შესანიშნავად ახერხებდა.

ასევე, დავამატებდი იმასაც, რომ ონლაინ სწავლებისას ათმაგად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა. როცა აქტუალური იყო მოწოდება „დარჩი სახლში“, მშობლები უნებლიე დამსწრეები გვყავდა, ვიჭრებოდით ოჯახურ სივრცეში, ეს განსაკუთრებით დაბალ კლასებში იგრძნობოდა. აღნიშნული კიდევ უფრო მეტს გვავალებდა.

ამავდროულად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა, დადებითი განწყობა, უშუალო გააქტიურება და დაკავება შვილის საჭიროებებით. ეს კი, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან გვაკლდა პირისპირ სწავლებისას. ონლაინ სწავლების ყველაზე დიდი „პლუსი“ სწორედაც მშობლების შვილების საჭიროებებით დაკავება და მასწავლებელთან დაახლოებაა.

თიმსში“ მუშაობით ძალიან გაგვიადვილდა მოსწავლეთათვის უამრავი რესურსის მოძიება და მიწოდება, ახალი და ახალი პლატფორმების, მათ შორის Minecraft -ის „ვსწავლობ თამაშით“დახმარებით მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი იზრდებოდა, შესაძლებლობები მრავალფეროვანი და მიმზიდველი ხდებოდა. ამან ბევრი რამ შეგვძინა.

ვაგრძელებთ სწავლას, ჩაბმულნი ვართ რა „ახალი სკოლის მოდელის“ პროგრამაში და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი „კომპლექსური დავალებების“ შესრულებას, ვფიქრობ, კიდევ მეტს შევძლებთ.

პროფესიაში ნამდვილად ძალიან გამიმართლა, ვამბობ დღეს. თითქმის, 35 წელია სკოლაში ვმუშაობ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში (ადრე საშუალო სკოლად მოიხსენიებდნენ). არჩევანი რომ განმეორდეს, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. ისტორიის სწავლება კი, ყველაფრისგან განსხვავებულია, მოგზაურობა დროსა და სივრცეში საკლასო ოთახიდან გაუსვლელად, დამეთანხმებით, რომ ფრიად არაჩვეულებრივი რამ არის.

ისტორია აღსავსეა ემოციებით, მოსწავლეში ინტერესს აღვიძებს და თუ მასწავლებელიც მოახერხებს მათ „ჩათრევას“ ამ ინტერესში, ის დიდ სიყვარულში გადაიზრდება. ეს კი სამუდამოა, დამერწმუნეთ.

ვამაყობ იმით, რომ ეს სიყვარული ბევრ ჩემს მოსწავლეს გავუჩინე და პროფესიაშიც რომ გააგრძელეს ეს საქმიანობა, ასეთებიც ბევრნი არიან, თვალს ვადევნებ მათ წარმატებებს და უსაზღვროდ ამაყი ვარ.

დამეთანხმებით ალბათ, რომ პედაგოგისთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ყველა ჯილდოსა თუ აღიარებას აღემატება. სიხარულით შევდივარ ყველა კლასში გაკვეთილზე. ვცდილობ, მოსწავლეებს ვაგრძნობინო, რომ ყველაზე მთავარი ჩვენს ურთიერთობაში - სიყვარულია. მინდა იპოვნონ საკუთარი თავი, მოწოდება. გაერკვნენ, რისკენ მიისწრაფვიან, რა უნდათ, რითი იქნებიან ბედნიერნი, რაში იქნებიან წარმატებულნი... და თუ კი ყველა ამ კითხვაზე მოძებნიან პასუხს, ჩემი მისია შესრულებული იქნება...

სამშობლოს ისტორიის სწავლების პროცესი უაღრესად საპასუხისმგებლოა. აღზარდო სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული, ერთგული თაობა, რომელმაც უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, თანამედროვეობის გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება, იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე -  რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ისტორიასთან ერთად, სამოქალაქო განათლებასაც ვასწავლი. ეს შედარებით ახალი საგანია, თუმცა თავისი მნიშვნელობით უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი სავალდებულოდ შესასწავლ საგანთა შორის. ამ საგანს იმ დროიდან ვასწავლი, როცა ის სასწავლო პროგრამაში შემოვიდა. ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა, გავიარე მნიშვნელოვანი ტრენინგები, რამაც საშუალება მომცა, გაკვეთილი მოსწავლეთათვის მისაღები, საინტერესო და მოთხოვნადი გამეხადა. ამაში დამეხმარა არაფორმალური სწავლების მეთოდები - ძირითადად პროექტული სწავლების აქტიური გამოყენება, დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვებით, კიდევ უფრო მეტი შევძელით, როცა განვახორციელეთ სკოლის საჭიროებებისთვის აუცილებელი სიცოცხლისუნარიანი პროექტები, საქველმოქმედო, სპორტული, შემოქმედებითი და სხვა მიმართულებებით. ეს ყველაფერი კი, ერთდროულად მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, მონაწილეობის, ქველმოქმედების და რაც მთავარია, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ ასეთი ურთიერთობები, ასეთი დამოკიდებულებები, რაც მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების აუცილებელი პირობაა.

მიხარია, რომ ვიღებ ამაში მონაწილეობას, რომ ჩემი წვლილიც არის მათი მომავლის განსაზღვრაში. როცა მოსწავლე სკოლის დამთავრებისას, „ბოლო ზარის“ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, საჯაროდ გეტყვის - „ნინო მასწავლებელო, თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ!“ - ვფიქრობ, აქ ყველაფერი უკვე ნათქვამია, მადლობა მათ ამისთვის.

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა, უძველესი სკოლაა ჩვენს პატარა ქალაქში. პანდემიას რომ ხელი არ შეეშალა, ვემზადებოდით მისი 145 წლის იუბილის ღირსეულად აღნიშვნისთვის. იმედია, მოგვიანებით მაინც აღვნიშნავთ და ჩვენი სკოლა ჩვეულ ამპლუაში წარსდგება ქალაქის საზოგადოების წინაშე.

სკოლა სასწავლო დაწესებულებაა, ის არსებობს მოსწავლისთვის. მოსწავლე, მისი ინტერესები, მოთხოვნილებები, მისწრაფებები, საჭიროებები არის ამოსავალი წერტილი, უპირველესი საფიქრალი და საზრუნავი სკოლის დირექციის, პედაგოგების, ყველა იმ ადამიანისთვის, ყოველდღიურად რომ შემოდის ამ კედლებში, ზღურბლზე რომ ტოვებს და ივიწყებს ყველაფერს პირადულს და მთელი გულითა და სულით ემსახურება ამ საშვილიშვილო საქმეს - მოსწავლის სწავლებისა და აღზრდის საქმეს.

ახალგაზრდები კი, ნამდვილად განსაკუთრებულნი გვყავს - ნიჭიერები, მიზანდასახულები, თავისუფალი აზროვნების, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი, ოპტიმისტები, ცოტა უცნაურებიც, ცოტა ზარმაცუნებიც, ცოტა ცელქებიც - აბა, ისე როგორ იქნება, ისინი ხომ ბავშვები არიან - ჩვენი სიმდიდრე და მომავალი. ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ მათ, ისინი ჩვენგან დიდ სიყვარულს, მოფერებას, ზომიერ სიმკაცრესა და სამართლიან მოპყრობას ითხოვენ და იმსახურებენ.

ბოლოს, ნება მომეცით, მივულოცო ჩვენს ქალაქს, სამშობლოს, მსოფლიოს გაზაფხულის მოსვლა. ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, პანდემიის მალე  დასრულება და წარმატებები უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნულია ნინო ებრალიძის წერილში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება