სიახლეები
პიროვნება

„ჩვენი შვილების თაობა ყველანაირი სტერეოტიპებისა და სტიგმის გარეშე მიიღებს ადამიანებს“ - თეონა ყაჭეიშვილი, N198 საჯარო სკოლის დირექტორი
01-03-2021
-
+


წლებია თეონა ყაჭეიშვილი N198 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და ეს სკოლა უდავოდ გამორჩეულია, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე 208 ბავშვს აერთიანებს. ქალბატონი თეონა კი თავდაუზოგავად იღვწის თავისი საყვარელი მოსწავლეების კეთილდღეობისთვის, იცავს მათ უფლებებს და ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავად, სსსმ ბავშვის მშობელს უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა. მაშინ საზოგადოებრივი აზრიც სხვანაირი იყო, სტიგმაც არსებობდა და სხვა გზა არ იყოს, ადვოკატიც უნდა ყოფილიყო, უფლებადამცველიც... შემდეგ დირექტორობის მსურველთა გამოცდები ჩააბარა და მოითხოვა, N198 სკოლის ხელმძღვანელი ყოფილიყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ქალბატონი თეონას ძალისხმევით სკოლა საკმაოდ წარმატებული გახდა და 2019 წელს საუკეთესო დირექტორის ტიტულიც მოიპოვა.

რა ხდება დღეს თბილისის N198 საჯარო სკოლაში და როგორ უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს? - Etaloni.ge- თეონა ყაჭეიშვილი ესაუბრება.

- ქალბატონო თეონა, გილოცავთ საკლასო ოთახებში დაბრუნებას, როგორი განწყობა აქვთ ბავშვებს?

- სკოლაში პოზიტიური განწყობითა და ერთმანეთის დიდი მონატრებით დავბრუნდით. ზოგადად, რთული იყო ჩვენი მოსწავლეების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მოგეხსენებათ, ჩვენთან განსაკუთრებული საჭიროების მქონე 208 ბავშვია; მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ რესურსს ვიყენებდით სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, ზოგ მოსწავლეს ძალიან უჭირდა კომპიუტერთან ჯდომა, ამიტომ დამატებითი სერვისები გამოვიყენეთ... მარტივი ნამდვილად არ იყო და რა თქმა უნდა, ბევრად ეფექტურია საკლასო ოთახებში სწავლება.

- არ არის მარტივი, სსსმ ბავშვები კომპიუტერს მიაჯაჭვო; როგორ არეგულირებდით ამ საკითხს და, თუ კვლავ მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რა შედეგებზე გავა სკოლა?

- ამ მხრივ გაგვიმართლა, რადგან მოსწავლეების ნაწილი შინ სწავლების ფორმაზეა - თავიანთი ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო, სკოლაში სიარული არ შეუძლიათ და სწორედ ამიტომ, დიდი ხანია დისტანციური სწავლების ფორმატს ვიყენებთ. შესაბამისად, ელექტრონული რესურსების ბაზა სკოლას ნამდვილად გააჩნდა, თუმცა ვაღიარებ - დისტანციური სწავლება ძალიან რთული იყო სკოლის ადმინისტრაციისთვის.

- ადმინისტრაციისთვის, რატომ?

-ჩვენი ბავშვების ჩართულობას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება - შეიძლება, ერთ კვირას დაესწროს ონლაინ-გაკვეთილებს და მეორე კვირას, ეს ვერ მოახერხოს, მიზეზი კი აუცილებლად გასარკვევია; ახლაც, 50 ბავშვი  სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა - რისკ-ჯგუფში არიან და მშობლების შიში თუ სიფრთხილე ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია.

- ვინც სკოლას დაუბრუნდა, მათთან როგორ მუშაობთ?

- უდავოა - სკოლაში სიარული ძალიან ეფექტურია; გაკვეთილების გარდა, ბავშვები სხვადასხვა ინდივიდუალური სერვისით სარგებლობენ, როგორიცაა მეტყველების თერაპია, ფსიქოლოგის კონსულტაცია, სამკურნალო ფიზკულტურა, შრომითი თერაპია... რაც განვითარებასა და ფსიქოემოციური პრობლემების დაძლევაში ეხმარება.

- ქალბატონი თეონა, რთულია, მართო სკოლა, სადაც სსსმ ბავშვები სწავლობენ?

- სამწუხაროდ, კოლეგებისგან ხშირად მსმენია, რომ რადგან სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მისი მართვა იოლია, არადა მერწმუნეთ - ასე არ არის; გარდა იმისა, რომ სწავლა-სწავლების ვალდებულება გვაქვს, ყველა ბავშვს თავისებური მიდგომა სჭირდება - შესადგენია ინდივიდუალური გეგმა, გვაქვს დამატებითი სერვისები, ასევე სკოლა ჩართულია ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში, გვაქვს ჯანსაღი კვების სასადილო... ამ ყველაფერს კი სჭირდება მონიტორინგი, რაც დირექტორისა და ადმინისტრაციის ვალდებულებაა.

- პირბადე ბავშვებს არ უკეთიათ, ხომ?

- არა, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება ან ისეთი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომ პირბადეს ვერ იკეთებს, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება.

- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს თქვენი სკოლა?

- უმთავრესი საკითხი, რომელიც გვაწუხებს - ძალიან გვტკივა გული, ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში მიდიან და წარმატებით ამთავრებენ, არსად საქმდებიან. მათ არ აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, სკოლის დასრულების შემდეგ.

- თუმცა სანამ სკოლაში სწავლობენ, ალბათ განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ, როგორც დირექტორი, მკაცრი ვერ იქნებით, ასეა?

- ჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს, არც ზედმეტად მკაცრი ვარ, უფრო მეგობრული და ზოგადად, ჩვენს სკოლაში არის თბილი, მშვიდი და კეთილმოსურნე გარემო. პატარა სკოლაა, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ერთი გამოხედვითაც ვხვდებით, თუ რამე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა.

- თქვენი აზრით, სპეცმასწავლებლების საჭირო რაოდენობა გვყავს, ქალბატონო თეონა?

- ზოგადად, სპეცმასწავლებლების დიდი დეფიციტია... იცით, ჩვენი სკოლა გახდა ფაქტობრივად, კადრების გამზრდელი. ასისტენტებად მოდიან და შემდეგ იმხელა გამოცდილებას იძენენ, სხვაგან გადადიან... ეს ძალიან გვახარებს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ კადრის გადინება ხდება, როგორც სპეცმასწავლებლების, ისე ფსიქოლოგების.

- თავად როგორ აღმოჩნდით N198 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე?

- ჩემი შვილი სსმ პირია... 15 წლის წინ, ინკლუზიური განათლება სიახლე იყო საქართველოსთვის და არ ვიყავი კმაყოფილი მიდგომებით. შემდეგ ჩავაბარე დირექტორობის გამოცდა, მოვხვდი 20 პროცენტში, სკოლა კი საკუთარი სურვილით ავირჩიე.

- მას შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა?

- მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მუშაობის გაწევა მოგვიწევს; სამწუხაროდ, ვაწყდებით დამოკიდებულებაში პოსტსაბჭოთა ტენდენციების გადმონაშთს, არა მხოლოდ ინკლუზიური განათლების კუთხით და უნდა ვაღიაროთ, ხშირად, მოჩვენებითია ამ კატეგორიის მიმღებლობა. საზოგადოებამ ამ მიმართულებით ბევრი უნდა იმუშაოს და ჩვენი შვილების თაობა იქნება ის, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი სტერეოტიპისა და სტიგმის გარეშე მიიღებს ადამიანებს.

- ანუ ბრძოლას აზრი აქვს და შედეგიც?

- სულ ბრძოლაში ვართ, რევოლუციებში... სხვაგვარად არაფერი გამოდის. უნდა იბრძოლო, პრობლემები, რაც აქვთ ამ ბავშვებს, სააშკარაოზე უნდა გამოიტანო; უნდა იყო ადვოკატიც, უფლებადამცველიც... და თუ გიყვარს საქმე, ძალა გეძლევა - მიზანს აღწევ! მასმედიას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ბავშვები საცოდავები ნამდვილად არ არიან - თითოეულ მათგანში არის ისეთი შესაძლებლობა, რაც გარშემომყოფებს გააოცებს; სახელმწიფომ კი უნდა დანერგოს ისეთი სისტემა, დასაქმდნენ; ასევე უნდა შეიქმნას გარკვეული ბაზა, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ტიპის სკოლებსა და ზოგადად, ინკლუზიურ განათლებას.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

პედაგოგები და აღმზრდელ-მასწავლებლები ფულად ჯილდოს მიიღებენ - მუნიციალური ბიუჯეტი

ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა გაიზარდა - ცვლილებები კანონში 

ცნობილია საბავშვო წიგნების სია, რომელებიც ბაღებს დაურიგდება

2026 წელს ეროვნული გამოცდები ჩატარდება - ცნობილია ჩასაბარებელი საგნები და პროგრამები

ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი განათლების სამინისტროს ემატება - პრემიერის ბრძანება

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ალერტკარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით გაჯერებულ სასწავლო წელს ჰპირდებიან
 

„ლამაზი ღონისძიებით მოვიკითხეთ და მოვეფერეთ ერთმანეთს“

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება